სააკაშვილი შეთქმულებაშია საქართველოს მოსახლეობასთან

სააკაშვილი შეთქმულებაშია საქართველოს მოსახლეობასთან

ბოლო დროს სააკაშვილი ახალი ხელისუფლების მიერ დაწყებული თითქმის ყველა პროცესის ხელის შემშლელი გახდა. ამ მხრივ არც მეღვინეობის სფერო გახლავთ გამონაკლისი.

მას შემდეგ, რაც საქართველოში რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის გენადი ონიშენკოს წარმოგზავნილი ექვსკაციანი სპეციალური ჯგუფი ჩამოვიდა, რომლებიც გეგმურ ინსპექტირებას უწევენ ღვინის ქარხნებსა და მინერალური წყლის საწარმოებს, სააკაშვილის რიტორიკა კიდევ უფრო აგრესიული გახდა და ერთი შეხედვითაც აშკარაა, რომ ამ პროცესის ჩაშლას ქართველებისთვის შეურაცმხყოფელი მეთოდით შეეცადა.

კერძოდ, პრეზიდენტმა ქართველი ჩინოვნიკები რუსეთის მთავარი სანიტარული უწყების ექსპერტების ჩამოსვლის გამო „უკანა თათებზე დამდგარი“ დახვედრის გამო გააკრიტიკა.

„ჩვენი ჩინოვნიკები უკანა ფეხებზე დგანან, ღვინის საწარმოების წარმომადგენლები ხელის კანკალით უსხამენ მათ ღვინოს, უყურებენ მათ რეაქციას - მოსწონთ თუ არა. ჩვენთან მოდის რევიზორი. რა სურს რუს ჩინოვნიკს, ყველამ იცის. ჩაუდე ჯიბეში ორი კაპიკი და წავლენ ბედნიერები. თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ ისინი შესამოწმებლად ჩამოვიდნენ?!“ - აღნიშნა სააკაშვილმა და დასძინა, რომ თავად ონიშენკომ საქართველოს არ დასდო ჩამოსვლის პატივი, რადგან ქართველები მუქთახორებად და უსაქმურებად მიაჩნია, მაგრამ მოავლინა დელეგაცია.

პრეზიდენტს კონკრეტული კითხვა აწუხებს – „რატომ ვერ გადავლახეთ რუსების სიამოვნების სურვილი?!“ თუმცა, სააკაშვილს ის დაავიწყდა, თავის დროზე როგორ ჩახედა პუტინს თვალებში და „პატიოსანი ადამიანის თვალები“ დაინახა. ახლა კი სააკაშვილი ბავარიის მაგალითს იშველიებს.

„რუსეთში, სიტყვაზე, ბავარიული ძეხვი შედის შემოწმების გარეშე, ჩვენ რა, ისევ საბჭოთა კავშირში ვართ, როცა რუსეთიდან ჩამოდიოდნენ და დაოთხილები დავრბოდით, რათა მუცელი გვეფხანა მათთვის?! რით ვერ გამოვედით იმ ეპოქიდან, რით ვერ გადავლახეთ ეს კომპლექსი, რაღაც მონური სურვილი, რომ მათ ვასიამოვნოთ? ეს არ არის აბსტრაქტული კითხვა, ესაა კონკრეტული კითხვა, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა არაფერს კონკრეტულს არ გვპირდებიან“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

სააკაშვილის ხისტ ტონს უმალვე მოჰყვა რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის, გენადი ონიშენკოს განცხადება. მან არ გამორიცხა, რომ  რუსი ექსპერტები, რომლებიც საქართველოში ღვინის მწარმოებელი საწარმოების ინსპექტირებას აწარმოებენ, შესაძლოა, მოსკოვში გაიწვიონ. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პრეზიდენტ სააკაშვილის მხრიდან რუსი ექსპერტების მისამართით გამოთქმული შეურაცხყოფა არ შეწყდება და მათ მუშაობისათვის ნორმალური პირობები არ ექნებათ.

მოგვიანებით გენადი ონიშენკოს ტონი უფრო შერბილებული გახდა, რადგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ რუსეთის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები საპატრიარქო რეზიდენციაში მიიღო. ამის შემდეგ ონიშენკომ თქვა, რომ „პატრიარქის ასეთი ჟესტით გამოჩნდა, რომ არსებობენ ძალები, რომლებსაც ამ ემოციური მოვლენის შეჩერება შეუძლიათ, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის განცხადება იმ ადამიანების მიმართ, ვინც მეღვინეობის საუკუნოვან კულტურას ემსახურება, უხერხულია“. თუმცა ონიშენკომ ისიც აღნიშნა, რომ სააკაშვილი პრეზიდენტია, რომელსაც ძალისმიერი ზემოქმედების უფლება აქვს და ახალ ხელისუფლებას ისიც აწუხებს, რომ მას შეუძლია მთავრობის დათხოვნაც. 

საქართველოს სოფლის მეურენობის მინისტრი დავით კირვალიძე პრეზიდენტის  განცხადებას აბსოლუტურად უპასუხისმგებლოს უწოდებს, რამაც შეიძლება, საფრთხის ქვეშ დააყენოს ასი ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქის კეთილდღეობა.

მისი თქმით, უკვე ორი დღეა, რაც საქართველოში იმყოფება 6-კაციანი სპეციალური ჯგუფი. მეტიც, საჭიროების შემთხვევაში, ანალოგიურ ინსპექტირებას ეწევა ქართული მხარე სხვა ქვეყნებში და ამაში გასაკვირი და გასაოცარი არაფერია.

დავით კირვალიძის თქმით, 80-ზე მეტ ღვინის კომპანიას და რამდენიმე წყლის მწარმოებელ კომპანიას აქვს დაფიქსირებული სურვილი, დაბრუნდეს რუსულ ბაზარზე და ახალი ხელისუფლება მათთვის ხელშემწყობის როლში გამოდის, რომ მოახდინონ თავიანთი პროდუქციის ინსპექტირება და შემდეგ გააფართოვონ თავიანთი საწარმოო არეალი, რათა კიდევ ერთი დამატებითი მიმზიდველი ბაზარი დაიბრუნონ, რასაც უახლოეს მომავალში უნდა მოჰყვეს ხილისა და სხვა პროდუქციის დაბრუნება ამავე ბაზარზე.

„სამწუხაროა, რომ ამ პროცესში ხდება შეურაცხყოფის მიყენება ინსპექტირების ჯგუფის წევრებისთვის. ის ადამიანები, რომელთა რიტორიკის გამო ჩვენთვის თავის დროზე ეს ბაზარი დაიხურა, დღეს იმავე სტილით განაგრძობენ საუბარს. მაშინ, როდესაც სოფლის მეურნეობა პრიორიტეტად მხოლოდ ქაღალდზე რჩებოდა, ხოლო დღეს რეალურად ეს დარგი ხელისუფლების პრიორიტეტების სიის სათავეშია, ასეთი განცხადებები არ არის ხელშემწყობი“, - აცხადებს დავით კირვალიძე და კიდევ ერთხელ მიმართავს ყველას, ხელოვნული ბარიერების შექმნისგან თავი შეიკავონ, რადგან ეს შეიძლება ჩათვლილი იყოს, როგორც მოლაპარაკების ჩაშლის მცდელობა, ან საბოტაჟის მოწყობა ამ პროცესისთვის.

მისივე თქმით, „როსპოტრებნადზორის“ დელეგაცია საქართველოს პარასკევს ტოვებს და იმედს გამოთქვამს, რომ გადაწყვეტილება პოზიტიური იქნება.

რისი დემონსტრირება სურდა სააკაშვილს ონიშენკოს ექსპერტების ჩამოსვლის შეფასებისას და რას უკავშირდება მისი არაადექვატურობა და მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობის სურვილი, ამის შესახებ For.ge ამ სფეროს ექსპერტებს ესაუბრა.

პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე, დეპუტატი ზურაბ ტყემალაძე აცხადებს, რომ ძალზე არაკორექტული განცხადება გააკეთა სააკაშვილმა, როგორც ექსპერტების, ასევე, ქართველი სპეციალისტების მიმართ.

„ეს შეურაცმხყოფელია და ხელს არ შეუწყობს პროცესის განვითარებას, პირიქით, შეაფერხებს ამ პროცესს, რამაც არ დააყოვნა და ონიშენკომაც, გამოთქმის არ იყოს, მიზეზ-მიზეზ დოს მარილი აკლიაო, გააკეთა განცხადება, თუ ასეთი რამ გაგრძელდება, გავიწვევ ექსპერტებსო. საბოლოოდ გადაიფიქრა თუ არა ონიშენკომ, არავინ იცის, მიუხედავად იმისა, რომ ონიშენკომ დადებითად შეაფასა საპატრიარქოში ექსპერტების ვიზიტი. ონიშჩენკომ თქვა, თუ ასე გაგრძელდებაო... ამდენად, არავინ იცის, რა მოხდება. კიდევ თუ გამოვა პრეზიდენტი, ან სხვა ვინმე მაღალჩინოსანი და ანალოგიურ განცხადებას გააკეთებს, ეს შეიძლება, გახდეს ამ პროცესის შენელების საბაბი“, - აღნიშნა ზურაბ ტყემალაძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ჩვენი პატრიარქის ფაქტორმა გადაწონა პრეზიდენტის სიტყვები. თუმცა ზურაბ ტყემალაძე შორს არის იმ აზრისგან, რომ ონიშენკოს დამოუკიდებლად შეუძლია გადაწყვიტოს, ქართული ღვინო შევიდეს თუ არა რუსეთის ბაზარზე. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ამ გადაწყვეტილებას ან მიიღებს რუსეთის პრეზიდენტი, ან არ მიიღებს. 

სოფლის მეურნეობის ექსპერტი პაატა კოღუაშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილი შეთქმულებაშია საქართველოს მოსახლეობასთან და მთელი მისი საქციელი მიმართულია საბოტაჟისა და ხელის შეშლისკენ.

„გუშინდელი გამოსვლის შემდეგ აშკარად ჩანდა, რომ პრეზიდენტი ჯანმრთელი არ არის და სერიოზულად სამკურნალოა. ამიტომ For.ge-ს მეშვეობით მინდა, მივმართო საქართველოს პარლამენტს, როდესაც პრეზიდენტის არჩევნების საკითხი დადგება, კანონში შევიტანოთ ცვლილება პრეზიდენტობის კანდიდატების ფსიქიატრიული შემოწმებისა და დიაგნოზის დადგენის შესახებ, რაც მთელ მსოფლიოში ასეთნაირად ხდება. მთელ ერს მოვუწოდებ, რადგან ეს ერის გადასაწყვეტი საკითხია, ნაცმოძრაობის წინააღმდეგ უნდა შეიქმნას ერთიანი ფრონტი და ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ ეს ყველაფერი. რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩავატაროთ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები“, - აცხადებს პაატა კოღუაშვილი.

მისი თქმით, ონიშენკოს მიერ სპეციალისტების გამოგზავნით ჩვენი ქვეყნის აშენება ვერ  მოხდება. ეს უბრალო აჟიოტაჟია და ჩვენ თუ გვინდა, საკითხი დავარეგულიროთ, აქეთ-იქით კი არ უნდა ვირბინოთ, არამედ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას უნდა მივმართოთ, რომლის წევრიც რუსეთიცაა და მათი შუამდგომლობით უნდა გადაწყდეს ეს საკითხი.

უფრო მეტიც, ექსპერტის თქმით, ბენდუქიძის მიერ ჩადენილი ბოროტება უნდა გაუქმდეს და ჩვენს ქვეყანაში უნდა აღდგეს ყველა მაკონტროლებელი სტრუქტურა, რომელიც სურსათის უვნებლობას არეგულირებს.

პაატა კოღუაშვილი ანტიკური რომის მაგალითსაც იშველიებს, სადაც არსებობდა მაკონტროლებელი ორგანოები, რომლებიც ამოწმებდნენ პურისა და სურსათის ხარისხს, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში, სასადილოებში.

„ამათ ეს შეგნებულად გააუქმეს, როცა 2005 წელს გაანადგურეს ეს სისტემა. ამის შესახებ არსებობს ევროკავშირის სოციალური დირექტივა, თუ როგორი უნდა  იყოს ეს სისტემა. ჩვენ ევროკავშირთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გვაქვს და ეს უნდა განვახორციელოთ“.