ცოლის დაცვის ამარა დარჩენილი პრეზიდენტი

ცოლის დაცვის ამარა დარჩენილი პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა პირად დაცვაზე უარი თქვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსად ანზორ ჩუბინიძე დაინიშნა. პრეზიდენტის პრეს-სპიკერის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა ერთპიროვნულად გაათავისუფლა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი თემურ ჯანაშია. დაცვის სამსახურზე უარის თქმასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა 26 თებერვალს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განმარტება გააკეთა.

„მე, როგორც ყველა თავისუფლებისმოყვარე ადამიანს, მაღიზიანებს დაცვა. ძალინა ცუდად მახსოვს, გორში მაშინ როგორ გამაგდეს მიწაზე, მათრიეს ისე, გეგონება... კი გვბომბავდნენ მაშინ, მაგრამ ბომბს რას უშველიდნენ, თავზე 30 კაცი რომ დამახტებოდა. როცა გაკავებენ, მიგათრევენ და რაღაც, ეს ცუდია. მირჩევნია, მე თვითონ მივიღო ამ დროს გადაწყვეტილება, ეს არის და ეს. უნდა იცოდეს ვლადიმერ პუტინმა, რომელსაც რაღაც გეგმები აქვს ჩემთან დაკავშირებით და იმ ადამიანებმაც, ვისაც ხალხისთვის მიმართვა მხოლოდ შუშის იქიდან შეუძლია, მთელი ეს პერიოდი მე დავდიოდი, ვაპირებ სიარულს, ამ შენობაშიც ვერავინ გამომკეტავს. ეს არ არის ის მეთოდი, რომლითაც ჩემი შანტაჟი შეიძლება. არანაირი პრობლემა არ არის. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი იქნება კარგად“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

თავად იმ ფაქტზე საუბარი, რომ თურმე 2008 წლის აგვისტოში გორში მიხეილ სააკაშვილი დაცვამ მიწაზე დააგდო და ეს მას არ მოეწონა, მისგან რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია, რადგან მაშინ არა მხოლოდ საქართველომ, არამედ მთელმა მსოფლიომ ნახა როგორ გაექცა მიხეილ სააკაშვილი მასთან ერთად ქალაქ გორის ქუჩაში მდგომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბერნარ კუშნერს, როცა თვითმფრინავის ხმა გაიგო. სააკაშვილი მაშინ ისე მირბოდა, რომ მისი პირადი დაცვა ძლივს დაეწია და მხოლოდ ამის შემდეგ დააგდეს იგი დაცვის წევრებმა მიწაზე, საკუთარი სხეულებით გადაეფარნენ მას და ამშვიდებდნენ. დაცვის წევრების სიტყვებიც „დამშვიდდი, დამშვიდდი“ მშვენივრად ისმის კადრებში. ამიტომ, პრეზიდენტის ნათქვამი, თითქოს, დაცვამ იგი უმიზეზოდ დააგდო მიწაზე და ზედ დაახტა, სრული აბსურდია.

იმის საილუსტრაციოდ კი, რომ პირად დაცვაზე უარს ამბობს, 27 თებერვალს პრეზიდენტი სააკაშვილი პირველ ლედი სანდრა რულოვსთან ერთად „ნისანის“ მარკის ელექტრომობილით გაემგზავრა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საიდანაც იგი აზერბაიჯანში ვიზიტად გაფრინდა. აღსანიშნავია, რომ აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე მას ტელეკამერები მიჰყვებოდნენ და პრეზიდენტს მანქანის მინები ჩაწეული ჰქონდა, რათა კარგად გამოჩენილიყო, რომ მანქანაში მართლაც მხოლოდ ის და მისი მეუღლე ისხდნენ. თუმცა, ამავე კადრებში კარგად ჩანს, რომ მისი მანქანის შორიახლოს რამდენიმე საპატრულო მანქანა მოძრაობს, მათ შორის - შავი ფერის ჯიპი, რომლის მსგავსიც არაერთია პრეზიდენტის ესკორტის შემადგენლობაში. ამიტომ, დაცვის გარეშე იმგზავრა თუ არა პრეზიდენტმა, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გარკვეული ეჭვები გაჩნდა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტის მიერ დაცვაზე უარის თქმასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტი დაცული იქნება, რაც სახელმწიფოებრივი ამოცანაა.

„დაცვის სამსახური გაიყო და თავად მიხეილ სააკაშვილისა და მის ოჯახის დაცვის სამსახური დაექვემდებარა უშუალოდ მიხეილ სააკაშვილს და მის ადმინისტრაციას. შეუთანხმებლობა არის იმაში, რომ უშუალოდ პრეზიდენტის დაცვას უნდა ემსახურებოდეს 400 თუ 1800 კაცი. შექმნილი იყო სპეციალური კომისია, რომელშიც შესული იყვნენ როგორც დაცვის ექსპერტები, ასევე იურისტები და პოლიტიკოსები. ერთკვირიანი მუშაობის შემდეგ ვერ მოხდა შეთანხმება, რადგან ის შეთავაზება, რომელიც მთავრობას ჰქონდა, სააკაშვილისთვის იყო მიუღებელი. მან ჩათვალა, რომ 400 კაცი დაცვისთვის არ იყო საკმარისი. თუ შექმნილ ვითარებაში პრეზიდენტი წავა იმაზე, რომ მას არ უნდა დაცვა და დაუცველი ივლის, ამას ცოტა სხვა რამე დაერქმევა. პრეზიდენტები აღარ ეკუთვნიან საკუთარ თავს და მათი დაცვა აუცილებელია“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

For.ge-მ ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ დაწერა, რომ სინამდვილეში, პრეზიდენტს საკუთარი დაცვის წევრები გაექცნენ და სხვათა შორის, ექსპერტმა გია ხუხაშვილმაც რადიო „პალიტრის“ გადაცემა „აქ და ახლას“ ეთერში განაცხადა, რომ დაცვის სამსახურის გაყოფის შემდეგ პრეზიდენტთან დარჩენა არავინ ისურვა და სწორედ ამაზე იყო სააკაშვილი გაბრაზებული.

„მასთან დარჩენა არავის უნდოდა იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი და სხვა ადამიანები ადამიანური ცხოვრების წესით ცხოვრობენ - დილით იღვიძებენ, საღამოს იძინებენ“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.

მთელს ამ ისტორიაში მთავარი ის არის, რომ როგორც კანონმდებლები განმარტავენ, პრეზიდენტს პირად დაცვაზე უარის თქმის უფლება არ აქვს.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ეს საკითხი სახელმწიფო დაცვის შესახებ კანონითა და რამდენიმე საკანონმდებლო აქტით, ასევე შინაგანაწესით რეგულირდება. სესიაშვილი განმარტავს, რომ პრეზიდენტი არ არის კერძო პირი და მისი უსაფრთხოება სახელმწიფო ინტერესის შემადგენელი ნაწილია. ამიტომ პრეზიდენტის სურვილები ქვეყნის უსაფრთხოებასთან თავსებადი უნდა იყოს. ირაკლი სესიაშვილი ცალსახად ამბობს, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლება, უარი თქვას დაცვაზე, რადგან მისი უსაფრთხოების დაცვის ვალდებულება სახელმწიფოს ეკისრება. ამიტომ, დეპუტატი პრეზიდენტის ქმედებას უპასუხისმგებლოს უწოდებს და ამბობს, რომ ეს ქმედება საბოტაჟის ნიშნებსაც შეიცავს.

„მე შემიძლია საბოტაჟის მუხლი წაგიკითხოთ. საბოტაჟი გულისხმობს „საქართველოს დასუსტების მიზნით, სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლას“. კერძოდ, მისმა პირადმა დაცვამ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური სააკაშვილის გადაადგილების შესახებ არ გააფრთხილა. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს პრეზიდენტის უსაფრთხოება უნდა უზრუნველეყო. ამ ქმედებით კი სააკაშვილმა რისკის ქვეშ დააყენა საკუთარი თავიც და მასთან კავშირში მყოფი პირებიც. დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ ეს ნორმები არ იყო დაცული“, - ამბობს სესიაშვილი.

მისი თქმით, სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა დაიწყო მოკვლევა და გენინსპექციას ამ საკითხის შესწავლა აქვს დავალებული. ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის ეს ქმედება იმ პოლიტიკური საბოტაჟის გაგრძელებაა, რაც დაცვის სამსახურთან დაკავშირებით ვაჭრობას უკავშირდება. დეპუტატის განმარტებით, მმართველმა გუნდმა სააკაშვილს დაცვის ადეკვატური რაოდენობა - 350 კაცი შესთავაზა. აქვე სესიაშვილი ამბობს, რომ არც ერთი დემოკრატიული ქვეყნის ლიდერს 150 კაცზე მეტი არ ჰყავს დაცვაში. ამასთანავე, სესიაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს გადაადგილებისას დაახლოებით 120 მანქანა ახლდა თან და ამ მანქანებით კვების ოთხი სპეციალისტი, ოთხი ექიმი-რეანიმატოლოგი და კიდევ რამდენიმე ისეთი სპეციალობის ადამიანი მოძრაობდა, რომელთა პრეზიდენტის ესკორტით გადაადგილება დეპუტატის შეფასებით, უბრალოდ არასერიოზულია.

„ეს ხდება მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრი 3-4 მანქანით მოძრაობს და მისი ესკორტი საგზაო წესებსაც იცავს. პრემიერის გადაადგილებისას გზის გადაკეტვაც კი არ ხდება. ამ დროს კი პრეზიდენტის დაცვაზე კოლოსალურ თანხებს ვხარჯავდით. ეს ვითარება გამოწვეულია არა იმით, რომ პრეზიდენტს საკუთარ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აქვს პრობლემები. არამედ მას სურს შექმნას გარკვეული ფონი, თითქოს, ახალი ხელისუფლება ეწინააღმდეგება კოჰაბიტაციის პრინციპებს, მის უსაფრთხოებას არ უზრუნველჰყოფს და რისკის ქვეშ აყენებს მას. ამ დროს კი სწორედ პრეზიდენტი ახდენს ამ კრიზისული ვითარების ინსპირირებას. ამასთანავე, იგი დარტყმის ქვეშ აყენებს მისი დაცვის ხელმძღვანელობას, რამდენადაც მათ შიდაგანაწესი დაარღვიეს“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ვახტანგ ხმალაძე განმარტავს, რომ ქართული კანონმდებლობით განსაზღვრულია რამდენიმე თანამდებობის პირი, რომელთა დაცვის ვალდებულება სახელმწიფოს ეკისრება და ეს საკითხი ამ პირების სურვილზე არ არის დამოკიდებული.

„ეს არის არა პიროვნების, არამედ თანამდებობის დაცვა. ამ პირს არ აქვს უფლება თქვას - ეს არ მინდა, ის არ მინდა, ასეთი დაცვა არ მინდა და ა.შ. იგი უნდა დაემორჩილოს დაცვის სამსახურის მოთხოვნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი სათანადო დონის დაცვა ვერ იქნება უზრუნველყოფილი. ასეთია კანონის მოთხოვნა ყველა ქვეყანაში“, - განმარტავს ხმალაძე.

მისი თქმით, ორიოდე დღის წინ პრეზიდენტმა დაცვის სამსახური გააძევა როგორც პრეზიდენტის სასახლიდან, ასევე იმ საცხოვრებელი სახლიდან, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს, თუმცა ერთი დღის შემდეგ ამ სახლში დაცვა დააბრუნა. პრეზიდენტის სასახლეში კი დაცვის სამსახური არ დაუბრუნებია. დეპუტატი ამბობს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტის უსაფრთხოებას მისი რეზიდენციის გარე-პერიმეტრზე შინაგან საქმეთა სამინისტრო იცავს. ვახტანგ ხმალაძის განმარტებით, პრეზიდენტს ასე მოქცევის უფლება არ აქვს, თუმცა მას ამისთვის ვერც ვერავინ დასჯის, რადგან პრეზიდენტია და იმუნიტეტი იცავს.

შესაბამისად, გამოდის, რომ პრეზიდენტმა კანონმდებლობა დაარღვია, მაგრამ მას ამისთვის ვერავინ დასჯის. თუმცა თუ ირაკლი სესიაშვილის მიერ მოკვლევის დაწყების შესახებ გაკეთებულ განცხადებას გავითვალისწინებთ, სავარაუდოა, რომ პრეზიდენტის პირად დაცვას მოუწიოს იმაზე პასუხისგება, რის გამოც პრეზიდენტს ვერავინ დასჯის. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილმა ამ უპასუხისმგებლო ნაბიჯით საკუთარი დაცვის წევრები დააყენა დარტყმის ქვეშ.