„თუ სიტუაცია არ განიმუხტა, ამ 6 ევროპარლამენტარს სხვებიც დაემატებიან და პროცესები კიდევ უფრო შორს წავა“

„თუ სიტუაცია არ განიმუხტა, ამ 6 ევროპარლამენტარს სხვებიც დაემატებიან და პროცესები კიდევ უფრო შორს წავა“

ორჯერ ჩაშლილი მედიაციის შემდეგ, ევროკავშირიდან რეაქციამ არ დააყოვნა და ევროპარლამენტარები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. 6 ევროპარლამენტარი, რომლებიც საქართველოს მხადაჭერით არიან გამორჩეულები, კრისტიან დენიელსონთან შეხვედრის შემდეგ მწვავე შეფასებებს აკეთებენ. ისინი ჩვენი ქვეყნისთვის ფინანსური სანქციების დაწესებასაც არ ერიდებიან. მწუხარებას გამოხატავენ იმის გამო, რომ ქართველი პოლიტიკური ლიდერები ევროკავშირის მედიატორის, კრისტიან დენიელსონის წინადადებას არ დათანხმდნენ და ამბობენ, რომ ეს გავლენას მოახდენს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე.

დეპუტატებმა შეხვედრა გამართეს ევროპის საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელთან საქართველოში, კრისტიან დენიელსონთან და ერთობლივი განცხადებაც ამის შემდეგ გაავრცელეს :

„ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, რომ ევროკავშირის მცდელობის მიუხედავად, საქართველოში პოლიტიკურმა ლიდერებმა ვერ შეძლეს შეთანხმების მიღწევა და პოლიტიკური კრიზისის დასრულება. ამ შედეგზე პასუხისმგებლობა ეკისრება მოლაპარაკებაში მონაწილე ორივე მხარეს - როგორც მმართველ, ასევე ოპოზიციურ პარტიებს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა კი მმართველ პარტიას ეკისრება“, - წერია განცხადებაში.

ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ პოლიტიკური პარტიებისგან კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს ლიდერები არ უნდა ელოდონ ევროკავშირისგან საქმიანობასთან ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას. კერძოდ, ევროპარლამენტი მოითხოვს დადგეს საპასუხო შედეგები ევროკავშირის ფინანსური დახმარების თვალსაზრისით, მათ შორის - შემდგომი თანხების შეჩერება და პირობითობის ზრდისა, რაც დაკავშირებულია ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარებისა და ბიუჯეტის მხარდაჭერის პროგრამებთან.

„ჩვენ მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, უზრუნველყოს რეალურად ინკლუზიური პროცესი, რათა თავიდან აიცილოს როგორც მომავალი არჩევნების და სასამართლო სისტემის შემდგომი შელახვა, ასევე, არ მოხდეს მომავალში შესაძლო შეთანხმებისთვის კარის დახურვა. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები. ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობის მომავალს საფრთხე ემუქრება“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

დევიდ მაკალისტერი (გერმანია), საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და დემოკრატიის მხარდაჭერისა და საარჩევნო კოორდინაციის ჯგუფის თანათავმჯდომარე;

მარინა კალიურანდი (ესტონეთი), დელეგაციის თავმჯდომარე სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობებში;

ანდრიუს კუბილიუსი (ლიტვა), ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარე;

ვიოლა ფონ კრამონი (გერმანია), დემოკრატიის მხარდაჭერისა და საარჩევნო კოორდინაციის ჯგუფის მთავარი წევრი საქართველოში;

სვენ მიკსერი (ესტონეთი), ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი საქართველოს შესახებ;

მაიკლ გალერი (გერმანია), ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი უკრაინის საკითხებზე;

პეტრას აუშტრიავიჩიუსი (ლიტვა), ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი ბელორუსის შესახებ.

ევროკავშირის ელჩის საქართველოში, კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროპარლამენტარების გზავნილები სერიოზულად უნდა იყოს აღქმული.

ჰარცელმა აღნიშნა, რომ განცხადების ხელმომწერები წამყვანი ევროპარლამენტარები არიან, რომლებსაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში განსხვავებული როლი აკისრიათ.

„მე არ შემიძლია ვისაუბრო ევროპარლამენტის ან მისი კონკრეტული წევრების სახელით. უბრალოდ ვიტყვი, რომ, რა თქმა უნდა, მოდის კონკრეტული ძალიან ცხადი გზავნილები და აღსანიშნავია, რომ ამ განცხადების ხელმომწერები არიან წამყვანი ევროპარლამენტარები, რომლებსაც აქვთ განსხვავებული როლი, როდესაც საქმე ეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას. ასე რომ, ევროპარლამენტარების მხრიდან გზავნილები სერიოზულად უნდა იქნეს აღქმული“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

„ქართული ოცნების“ წევრი გივი მიქანაძე კი აცხადებს, რომ იმ ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებით, რაზეც შვიდი ევროპარლამენტარის განცხადებაში იყო საუბარი, გადაწყვეტილებას არა ევროპარლამენტი, არამედ ევროკომისია იღებს. ამასთან, მიქანაძემ ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ გავრცელებულ განცხადებაში მხოლოდ რამდენიმე ევროპარლამენტარის პოზიციაა დაფიქსირებული და არა მთლიანად ევროპარლამენტის.

„ეს არის 6 ევროპარალმენტარის მიერ გაკეთებული განცხადება, ეს არ არის ევროპარლამენტის მთლიანი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. აღსანიშნავია გარემოება, რომ ფინანსურ სანქციებს, რასაც თქვენ ხაზს უსვამთ, ევროპარლამენტი არ აწესებს, ამაზე გადაწყვეტილებას იღებს ევროკომისია.

ძალიან სამწუხაროა, რომ ამ განცხადებას რადიკალური ოპოზიცია სიხარულით შეეგება, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ მათი დღის წესრიგი მოლაპარაკებების ჩაშლაა და ფიქრობენ, რომ გარკვეული საერთაშორისო ინტერვენციებით იმ რევოლუციურ სცენარს შეუწყობენ ხელს, რომელიც ქვეყანაში მათი მხრიდან მიმდინარეობს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ეს სცენარი წარუმატებელი იქნება“, - აცხადებს მიქანაძე.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის შეფასებით, ევროპარლამენტარების ერთობლივი განცხადება, სადაც სანქციების შესაძლო დაწესებაზეა საუბარი, ცხადყოფს, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რეალური საფრთხე დაემუქრა. ხატია დეკანოიძე ყურადღებას ამახვილებს ერთ ფრაზაზე, სადაც წერია, რომ საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობები სასწორზე დევს.

„პირველად საქართველოს ისტორიაში, რეალური საფრთხე დაემუქრა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. ამ განცხადებაში ერთი ძალიან საფრთხილო და მნიშვნელოვანი ფრაზაა ჩადებული, სადაც წერია, რომ საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობები სასწორზე დევს. დემოკრატიულ ოპოზიციაში არასდროს გვითქვამს, რომ პასუხისმგებლობას გავურბივართ.

ძალიან კარგად მახსოვს, მათ შორის უკრაინასა და მოლდოვაში განვითარებული მოვლენები, რომელიც, პრაქტიკულად, ასე დაიწყო. ძალიან კარგად მახსოვს სრული პასუხისმგებლობა, რომელსაც აკისრებდნენ ხელისუფლებას და ეს პასუხისმგებლობა როგორ დასრულდა, ყველას კარგად გვახსოვს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ იანუკოვიჩის რეჟიმის დასასრულის გამეორება საქართველოში არ გვსურს“, - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ ამ ეტაპზე რაიმე ფინანსური დახმარების შეწყვეტა ევროკავშირიდან არ იქნება, თუმცა რადგანაც ამ იდეამ ევროპარლამენტარების მხრიდან გაიჟღერა, კარგს არაფერს ნიშნავს. ძაბირაძე ამბობს, რომ იდეის გამხმოვანებელი 6 პარლამენტარი იქნება თუ უფრო მეტი დიდი მნიშვნელობა არა აქვს, რადგანაც ეს ადამიანები ერთმანეთს პატივს სცემენ და ანგარიშს უწევენ. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ევროპელები დენიელსონის მეორე ვიზიტმა უკვე დაარწმუნა იმაში, ქართველებს არაფერი არ შველის და მედიაციაც შედეგიანი არ გამოდგა. ამიტომ არაა გამორიცხული, რომ ევროპიდან ტონი კიდევ უფრო გამკაცრდეს.

„ეს ორი ძალა ჩვენ კარგად ვიცით, რომ ერთმანეთს ვერ იტანს, ამიტომაც ქვეყნის ინტერესები მათ ამბიციებს რომ არ შეეწიროს, ევროპიდან უფრო მკაცრი ტონია საჭირო. მე მას ჯერ კიდევ დენიელსონის მეორედ ჩამოსვლამდე ვამბობდი. თავიდან ევროპელებს უჭირდათ იმის გააზრება, რომ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა შეიძლება ვიღაცამ პირადი და პარტიული ინტერესები დააყენოს, მაგრამ, როგორც ჩანს, დენიელსონმა მეორედ ჩამოსვლის შემდეგ ევროპარლამენტარებს მოახსენა ის რეალური სურათი, რაც ჩვენს ქვეყანაში არის.

ამიტომ კარგია, რომ ეს მოთხოვნები მათი მხრიდან გაჩნდა. თუმცა, მხოლოდ ასეთი განცხადებები საკმარისი არ არის, თუ ევროპარლამენტარები იმასაც დაამატებენ, რომ დენიელსონის დოკუმენტი მათთვისაც მისაღებია და მკაფიო პოზიციას დააფიქსირებენ, მით უფრო უკეთესია. იძულებეული გახდება ყველა, რომ მას ხელი მაოწერონ. უნდა თუ არა ეს ოპოზიციას, სხვაგვარად ქვეყანაში სიტუაცია არ დასტაბილურდება. ასეთ შემთხვევაში ჩვენ უკვე გვეცოდინება, ვინ რაზე წავიდა და ვინ რაზე არა. დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა, მაგრამ ლაპარაკია იმაზე, რომ გარკვეული დარღვევები იყო“,-ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ ახლა ძალიან კარგი შანსი აქვს იმისთვის, რომ ოპოზიცია საერთოდ თამაშგარეთ დატოვოს. ძაბირაძეს მიაჩნია, რომ „ოცნებამ“ დოკუმენტში მოცემული ის სამი პუნქტი უნდა შეასრულოს, რაზეც ოპოზიციაც დაეთანხმა. ამასთანავე ყოველგვარი პირობების გარეშე ამინისტია უნდა გამოაცხადოს და რურუა პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს. ამით ევროპაშიც და ამერიკაშიც ეს თემა დაიხურება და ოპოზიცია საკუთარი თავის ამარა დარჩება.

„თუ ხელისუფლებას უნდა ევროპარლამენტარებმა ფინანსური სანქციების თემა შეაჩეროს, მაშინ ასე უნდა მოიქცეს. ოპოზიციას ამით პროცესების გაღრმავების და სიტუაციის ჩიხში შეყვანის ბერკეტს წაართმევს. მათგან კი აუცილებლად მოითხოვოს, რომ პარლამენტში შევიდნენ. ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც გარანტიას ვაძლევ, რომ თუ სიტუაცია არ განიმუხტა, მაშინ ამ 6 ევროპარლამენტარს სხვებიც დაემატებიან და პროცესები კიდევ უფრო შორს წავა“, - ამბობს for.ge-სთან ძაბირაძე.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი კი For.ge-სთან ამბობს, რომ მსგავსი მწვავე განცხადება საქართველოს მისამართით ევროპარლამენტარების მხრიდან არ ყოფილა. ზაქარეიშვილის თქმით, მათ პირდაპირ განგვიცხადეს, რომ ევროპას ვცილდებით და 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანება კიარა, შესაძლოა, ჩვენი მხადაჭერა საერთოდ დაკარგოთო. ეს არის გამწარებული ხალხის გაფრთხილება, რომლებსაც ქართველების იმედი უკვე დაკარგული აქვთ. ისინი ამ უშედეგო მოლაპარაკებებით გაოგნებულები არიან და პასუხისმგებლობას ორივე მხარეს აკისრებენ.

„როგორი დამნაშავეც არ უნდა იყოს ოპოზიცია, მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზე გადადის, რადგანაც ამ პრობლემების მოგვარების ბერკეტი ხელთ მას უპყრია. ხელისუფლება ახლა დაიწყებს დენიელსონის დოკუმენტში იმ 3 პუნქტზე მუშაობას, რომელზეც ოპოზიციასთან შეთანხმდა. გარდა რურუასი და ნიკა მელიას გათავისუფლებისა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებისა. შემდეგ იტყვის, რომ პარლამენტში ხალხი არა მყავს და რა ვქნა ახლა, კონსტიტუცია როგორ შევცვალო კენჭისყრა ხომ მინდაო.

სადაც საკონსტიტუციო ცვლილება იქნება საჭირო, იტყვიან 3%-ზე შევთანხმდით, მაგრამ ოპოზიცია არ შემოდის და ისევ 5%-ზე დავბრუნდით. იქ არის საკითხები, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება, სასამართლო რეფორმა, საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელსაც საკონსტიტუციო უმრავლესობა არ სჭირდება. ამიტომ ამ რეფორმების განხორციელება თავისუფლად შეუძლიათ. თუ ამ ყველაფერს გააკეთებენ, ისინი ევროპის და ამერიკის წინაშე რეპუტაციას დაიბრუნებენ და ოპოზიციას რაიმეზე ლაპარაკის ბერკეტს წაართმევენ. იტყვიან, რომ ეს დოყლაპია ოპოზიცია გარეთ არის, მართალია, ხელი არაფერზე მომიწერია, მაგრამ დოკუმენტში მოცემულ საკითხებს ვაკეთებო“,-ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, ამასობაში თვითმმართველობის არჩევნებიც მოვა და „ოცნება“ისევ გაიმარჯვებს. მერე ოპოზიცას სალაპარაკო ნაკლები ექნება და ნაწილი მაინც იძულებული გახდება პარლამენტში შევიდეს. ზაქარეიშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, დენიელსონის დოკუმენტს ხელი მოაწერონ, წარმოადგინონ გეგმა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას როგორ იღებენ, ამერიკის და ევროპის ჩართულობით „ოცნებას“ საარჩევნო რეფორმა დაათმობინონ და აჩვენონ ყველას როგორი „ვაჟკაცები“ არიან, რეალურად რისი თავი აქვთ და შეუძლიათ თუ არა გამარჯვება. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი მდგოამრეობა ძალიან დამძიმდება.

Maverick ასე იცის უფასო სათაგუში საკუთარი წვერებიანი, ცრუ ამბიციების და კონსტუტუციის ყველა არაეროვნული პარტიის სარგებელზე მორგებამ და კორუფციული საარეჩვნო კანონების მიღებამ; რის გამო ამომრჩეველები ვისჯებით და არა ყველა პარტია ერთად აღებული.

საერთოდ არსებული წესი უნდა გაუქმდეს და სრულ მაჟორიტარული წესით არჩევნეზე უნდა გადავიდეთ!

ჩაატარეთ რეფერენდუმი საარჩევნო წესის შესახებ, რისიც დაპირისპირებულ მმართველსაც და ოპოზიციას პრ..ის კანკალით გეშინიათ!

მოგვეცით ერს არჩევანის უფლება და რითვისაც ქოცნებავ მოგიყვანეთ ხელისუფლებაში შეგასრულებინოთ პოლიტრიკოსებო!
3 წლის უკან