„2004 წლის 24 ნოემბერს (ბუტა რობაქიძის მკვლელობის ღამეს) ღამის 2-დან 3 საათამდე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოდან იარაღები საპატრულო პოლიციის მაშინდელმა უფროსმა, ზურაბ მიქაძემ გაიტანა“- განცხადება დღეს for.ge-ს პრეს-კლუბში ყოფილმა პოლიციელმა, გიორგი სარიშვილმა გააკეთა. იგი მაშინ ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციაში, დაცვის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობდა, რომელიც ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის სამმართველოს შენობაში იყო განთავსებული.
გიორგი სარიშვილის განცხადებით, 2004 წლის 23 ნოემბერს იგი მორიგე იყო. ვინაიდან, იმ დღეს გიორგობა იყო, მთელი პოლიცია საგანგებო რეჟიმზე იყო გადასული.
„23 რიცხვს უკვე გადაცილებული იყო, ანუ 24 ნოემბერს, დაახლოებით ღამის 2 საათიდან სამის ნახევრამდე, მე და რამდენიმე თანამშრომელი ვიყავით სამმართველოს ეზოში. ამ დროს სამმართველოს ეზოში შემოვიდა ორი საპატრულო ეკიპაჟი და ამ ორი მანქანიდან, ოთხ საპატრულო პოლიციელთან ერთად, გადმოვიდა ზურაბ მიქაძე, რომელიც იმ პერიოდში ქალაქ თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსად მუშაობდა. მეც და იქ მყოფი პირებიც მას ვიცნობდით, რადგან სანამ იგი საპატრულო პოლიციაში გადავიდოდა, მანამდე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში უფროსის მოადგილედ მუშაობდა და ადმინისტრაციულ პოლიციას კურირებდა“, - აცხადებს გიორგი სარიშვილი.
მისი თქმით, მანქანიდან გადმოსული ზურაბ მიქაძე მასა და მის თანამშრომლებს მიესალმა და საპატრულო პოლიციის თანმაშრომლებთან ერთად სამმართველოს შენობაში შევიდა. დაახლოებით ხუთ წუთში პოლიციელები გამოვიდნენ, საპატრულო პოლიციის მანქანის საბარგულში იარაღები ჩააწყვეს და მანქანებში ჩასხდნენ. გიორგი სარიშვილის თქმით, რამდენიმე წამში ზურაბ მიქაძეც გამოვიდა, ჩაჯდა ერთ-ერთ მანქანაში და ორივე საპატრულო ეკიპაჟმა იქაურობა დატოვა. ყოფილი პოლიციელი იხსენებს, რომ მაშინ ამ ფაქტისთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევია.
მოგვიანებით, დაახლოებით 40 წუთის შემდეგ, გიორგი სარიშვილს დაურეკა მისმა მამამ, უთხრა, რომ დედამისი ძალიან ცუდად იყო და სთხოვა მშობლებთან მისულიყო. გიორგი სარიშვილი განმარტავს, რომ იმ პერიოდში ყველა მისმა თანამშრომელმა იცოდა, რომ მისი დედა მძიმედ ავადმყოფობდა და ამიტომ, როდესაც მან თავის უფროსს სთხოვა, დედამისთან გაეშვა, უფროსმა სარიშვილს დედის მოსანახულებლად ერთი საათი მისცა.
გიორგი სარიშვილი განმარტავს, რომ მისი მშობლები წერეთლის გამზირის N76-ში ცხოვრობდნენ და მათი კორპუსი წერეთლის გამზირისა და ვანის ქუჩის გადაკვეთაზე მდებარეობდა.
„გმირთა მოედნის მხრიდან წავედი ჩემი მშობლების სახლისკენ. როდესაც დიდუბის ეკლესიას მივუახლოვდი, შორიდანვე შევამჩნიე საპატრულო პოლიციის მანქანების ციმციმები. ისეთი პერიოდი იყო, როდესაც უკვე პოლიციის ზონრები იყო გაბმული და ქუჩას კეტავდნენ. იქ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც იყვნენ და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებიც. დაახლოებით რამდენიმე წამით გავჩერდი. საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ავუხსენი ჩემი მდგომარეობა, რომ დედა მყავდა ძალიან ცუდად, მეც პოლიციის თანამშრომელი ვიყავი, უფროსმა დედის სანახავად გამანთავისუფლა სამსახურიდან და ვთხოვე, რომ გავეტარებინე. მართლაც, მათ გამატარეს. სხვათაშორის, მაშინ ჩემი პრობლემით იმდენად ვიყავი დაკავებული, რომ მათთვის არც მიკითხავს რა ხდებოდა, მაგრამ როგორც მივხვდი, რაღაც სერიოზული ხდებოდა, რადგან ადგილზე უამრავი პოლიციელი იმყოფებოდა და როგორც მოგახსენეთ, ქუჩაც გადაკეტილი ჰქონდათ“, - ამბობს გიორგი სარიშვილი.
მისი თქმით, დედის მონახულების შემდეგ სამსახურში დაბრუნდა, მაგრამ იქ წასვლა ელიავას ბაზრობის მხრიდან ამჯობინა, რადგან იცოდა, რომ წერეთლის გამზირი გადაკეტილი იყო და იქ ვერ გაივლიდა. გიორგი სარიშვილი განმარტავს, რომ სამსახურში მისვლის შემდეგ დაფიქრდა მომხდარზე და რაღაცნაირად დაეჭვდა, რომ ადამიანები, რომლებმაც ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოდან იარაღები წაიღეს, დაახლოებით 40 წუთის შემდეგ წერეთლის გამზირზე შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ, მაგრამ მაშინ მას ამის შესახებ არავისთვის არაფერი უთქვამს. მისი თქმით, მეორე დღეს, გადაცემა „პატრულში“ ნახა სიუჟეტი, რომელიც სწორედ წერეთლის გამზირზე მომხდარს ეხებოდა და ზურაბ მიქაძე ამ სიუჟეტში ამბობდა, რომ დაკავებული იქნა შეიარაღებულ დამნაშავეთა ჯგუფი და დაკავებისას ერთ-ერთი მათგანის ლიკვიდაციაც მოხდა. გიორგი სარიშვილი ამბობს, რომ ამ სიუჟეტმაც გარკვეული ეჭვები გაუჩინა და მისი ეჭვები მაშინ უფრო გამძაფრდა, როდესაც რამდენიმე თვის შემდეგ საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ბაშალეიშვილმა განაცხადა, რომ ბუტა რობაქიძეს იარაღი არ ჰქონია. სარიშვილი ამბობს, რომ ამის შემდეგ, საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ეს ყველაფერი დადგმული იყო.
გიორგი სარიშვილმა 2010 წლის მარტში ჟურნალისტ ნანა ლეჟავას გადაცემა „კვირის რეპორტაჟისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე იმ ღამეს პოლიციის ორი მაღალჩინოსანი, ზურაბ მიქაძე და შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მაშინდელი უფროსი, გურამ დონაძე ნახა. სარიშვილი გაოცებულია იმ ფაქტით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი ასეთი მაღალი რანგის ჩინოვნიკის დასახელების შემდეგ არც პროკურატურა და არც შსს მისი ჩვენებით არ დაინტერესებულა და არც ერთს იგი არც კი დაუკითხავთ. გიორგი სარიშვილი მხოლოდ მას შემდეგ დაიკითხა, რაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა და ბუტა რობაქიძის საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო.
აქვე სარიშვილი არ გამორიცხავს, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა მასზე თქვან, რომ იგი განაწყენებული პოლიციელია და ამიტომ იძლევა ასეთ ჩვენებას, მაგრამ იგი განმარტავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2006 წლის 1 აგვისტოს საკუთარი ნებით წამოვიდა. გიორგი სარიშვილი ასევე ამბობს, რომ ამ საქმის დეტალების გახმაურება მის მიერ სრულიად უანგაროდ მოხდა, რასაც მისი თქმით, ბუტა რობაქიძის მშობლებიც დაადასტურებენ.
„შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ბუტა რობაქიძის საქმით ცხოვრება მოვიწყე, მაგრამ სინამდვილეში რობაქიძის საქმე არასდროს არაფერში დამხმარებია და არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ მე რაიმე დაინტერესება მქონდა. პირიქით, ეს საქმე ყოველთვის დაბრკოლებებს მიქმნიდა. იმ ხელისუფლების პირობებში სამსახურში არავინ მიმიღო, რადგან, ასე თუ ისე, ყველა მცნობდა. პრინციპში, ვერც ვერავის გავამტყუნებ, რადგან მაშინ ვინმეს სამსახურში რომ ავეყვანე, მასზე სერიოზული ზეწოლა წამოვიდოდა ხელისუფლებიდან.
დღევანდელ ვითარებასთან დაკავშირებითაც მოგახსენებთ. 2012 წლის 19 დეკემბერს შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს მივმართე განცხადებით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში სამსახურში აღვედგინე, მაგრამ უარი მივიღე. მესმის, რომ მინისტრის სახელზე ათიათასობით განცხადება შედის და, რა თქმა უნდა, ის ყველა განცხადებას ვერ განიხილავს, ამის ვალდებულებაც არ აკისრია მას. ამას სპეციალური სამსახურები აკეთებენ. ჩემს თხოვნაზე უარს კი მე იმით ვხსნი, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის შემდეგ ზურაბ მიქაძე კი არ გაანთავისუფლეს სამსახურიდან, არამედ პირიქით, დააწინაურეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების სამმართველოს უფროსად დანიშნეს. დარწმუნებული ვარ, რომ დღესაც შინაგან საქმეთა სამინისტროში მიქაძის კადრები არიან შემორჩენილები. ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩემი მხრიდან ერთი შეცდომა იყო დაშვებული. კერძოდ, ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე დაწერილ განცხადებაში მე მითითებული მაქვს, რომ მე ის პოლიციელი ვარ, რომელიც ბუტა რობაქიძის საქმეზე საუბრობდა“, - აცხადებს გიორგი სარიშვილი.
იგი მიიჩნევს, რომ სწორედ ამიტომ დაიბლოკა მისი კანდიდატურა.
ბატონო გიორგი, რაზე დაყრდნობით ამბობთ, რომ ზურაბ მიქაძის მიერ წაღებული იარაღები ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე მიიტანეს?
- მე ვერაფერს დავამტკიცებ, ამისთვის გამოძიებაა საჭირო და ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ეს არის ჩემი მოსაზრება, რადგან შეუძლებელია ასეთი დამთხვევა. მაშინ, როდესაც პოლიციის სამმართველოდან იარაღები გამოიტანეს და მანქანაში ჩააწყვეს, მე ამ მანქანიდან დაახლოებით 15 მეტრის მოშორებით ვიდექი. ასევე, დაახლოებით 40 წუთის შემდეგ ის ადამიანები, ვინც ეს იარაღები ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის სამმართველოდან წაიღო, წერეთლის გამზირზე, შემთხვევის ადგილზე ვნახე.
თქვენ დაასახელეთ ზურაბ მიქაძე და გურამ დონაძე. დონაძეც იყო იარაღების წასაღებად მოსული?
- არა, მაგრამ მე ის შემთხვევის ადგილზე, წერეთლის გამზირზე ვნახე, როდესაც მანქანით რამდენიმე წამით მომიწია იქ გაჩერება, სანამ ჩემი მშობლების სახლში მივიდოდი. აქვე გეტყვით, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით დასახელებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხი მაღალჩინოსანი - იაშვილი, ბაქრაძე, გვაზავა და ფირცხალავა. შემიძლია გითხრათ, რომ იაშვილი და ბაქრაძე (რომლებსაც პირადად ვიცნობ) წერეთელზე ჩემი გავლის დროს, მე შემთხვევის ადგილზე არ მინახავს. რაც შეეხება გვაზავას და ფირცხალავას, მათ საერთოდ არ ვიცნობდი და დღესაც არ ვიცნობ. ამიტომ მათთან დაკავშირებით ვერაფერს ვიტყვი. რაც შეეხება იარაღის სამმართველოდან გატანას, წლების განმავლობაში პოლიციაში ვმუშაობდი და სამორიგეო ნაწილშიც მიმუშავია. ამიტომ რაღაცეები მესმის და შემიძლია ვთქვა, რომ საპატრულო პოლიციის მიერ ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის სამმართველოდან იარაღის გატანას სამმართველოს ხელმძღვანელობა თავის თავზე ვერ აიღებდა. მართალია პოლიციის სამმართველოც და საპატრულო პოლიციაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებია, მაგრამ აბსოლუტურად სხვადასხვა დანაყოფებია.
თქვენი აზრით, ვისგან მოდიოდა ეს ბრძანება?
- მე არაფერს ვამტკიცებ, ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდებია, მაგრამ ჩემი აზრით, ეს გადაწყდა, ან თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს, ან უშუალოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის დონეზე. ამასთანავე, ჩნდება კითხვა, რატომ მოვიდა ზურაბ მიქაძე მაინცდამაინც ვაკის რაიონში, როდესაც შემთხვევის ადგილიდან ვაკის პოლიციის სამმართველომდე რამდენიმე რაიონის სამმართველო უნდა გაევლო. ჩემი ვარაუდით, მიქაძე იქ იმიტომ მოვიდა, რომ როგორც მოგახსენეთ, სანამ საპატრულო პოლიციის უფროსად დაინიშნებოდა, ვაკე-საბურთლოს რაიონის პოლიციაში მუშაობდა და ამიტომაც მას იქიდან იარაღის წამოღებაზე პრობლემები არ შეექმნებოდა.
2004 წელს პატრულის მიერ გადაღებული კადრებში ჩანს, რომ შემთხვევის ადგილზე არის ნაგანი, ხელყუმბარა, ტყვიები და ორი ავტომატი. მოგეხსენებათ, ეს ყველაფერი ნოემბერში ხდება და ძალიან ადვილია ნაგანის, ტყვიების და ხელყუმბარის ქურთუკის ჯიბეში ჩადება, მაგრამ ავტომატს, მისი ზომებიდან გამომდინარე, უბრალოდ ვერ დამალავდნენ.
გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები იარაღები თუ ემთხვევა იმას, რაც თქვენი თქმით ზურაბ მიქაძემ ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციიდან წაიღო?
- გიდასტურებთ, რომ ორი ავტომატი, რომელიც პოლიციის სამმართველოდან გამოიტანეს, ემთხვევა იმას, რაც კადრებში ჩანს. დანარჩენს რაც შეეხება, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ნაგანს, ტყვიებს და ხელყუმბარებს ისინი ხელში არც დაიჭერდნენ და სავარაუდოდ, ქურთუკის ჯიბეებში ჰქონდათ ჩადებული. ავტომატებს კი უბრალოდ ვერ დამალავდნენ და მე დავინაე ეს ორი ავტომატი.
იმ კადრების გამავრცელებელი, რომლებიც სულ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, ამბობს, რომ მას ეს ჩანაწერი გასული წლის ზაფხულში ჩაუვარდა ხელში. მაშინ ისმის კითხვა, ამ რამდენიმე თვის განმავლობაში რატომ არ გამოაჩინა მან ეს ჩანაწერი? ამასთანავე, ამ კადრებში არც ტყვიები ჩანს, არც ხელყუმბარა და მხოლოდ ერთი ავომატი ჩანს. გარდა ამისა, გამოძიებით დადგენილია, რომ საპატრულო ეკიპაჟმა გააჩერა ავტომანქანა, რომელშიც ექვსი ახალგაზრდა იჯდა და სვა ეკიპაჯებიც გამოიძახა. ამის შემდეგ ადგილზე მივიდა კიდევ ერთი საპატრულო ეკიპაჟი (ლობჟანიძე და ბაშალეიშვილი) და სწორედ ბაშალეიშვილის მიერ მოხდა ეს საბედისწერო გასროლა. ამდენად, გამოძიების ვერსიით, გასროლა მოხდა იმ დროს, როდესაც ადგილზე სულ ოთხი საპატრულო პოლიციელი იყო. ამ ახალ კადრებში კი ჩანს, რომ გასროლა როდესაც მოხდა, იქ უამრავი პოლიციელი და რამდენიმე მანქანაა.
ყურადსაღებია ისიც, რომ როდესაც გასროლა ხდება, ადამიანი უნებურად, ან იქით იხედება, ან თადაცვის მიზნით ინსტიქტურად თავს ჩაღუნავს, მაგრამ ამ კადრებში მსგავსი არაფერი ჩანს.
თქვენ ფიქრობთ, რომ გასროლის ხმა ვიდეოჩანაწერში ჩამონტაჟებულია?
- რა თქმა უნდა. აქვე ხაზს გავუსვამ იმას, რომ ერთ-ერთი მოწმე პოლიციელი ამბობს, რომ ამ ახალი კადრების ნახვის შემდეგ (ანუ 9 წლის შემდეგ) უფრო კარგად აღიდგინა მომხდარი მოვლენები, რაც აბსოლუტურად გამორიცხულია. 9 წლის წინ კი ის ამბობდა, რომ ადგილზე იარაღი არ ყოფილა. კიდევ ერთი პოლიციელი ამბობს, რომ გამომძიებელმა მასზე ზეწოლა მოახდინა და ამიტომ არასწორი ჩვენება მისცა, მაგრამ საყოველთაოდ ცნობილია, რომ გამომძიებელი ჩვენებას მოწმის კარნახის საფუძველზე წერს. დაკითხვის ბოლოს კი მოწმე კითხულობს მის მიერ მიცემულ ჩვენებას და შემდეგ აკეთებს მინაწერს, რომ ჩვენება სწორია და ამას ხელმოწერით ადასტურებს. ამ მოწმეს ჩვენების ბოლოს რომ დაეწერა, რომ არასწორი ჩვენება გამომძიებლის ზეწოლის შედეგად მისცა და ამ ჩვენების ნამდვილობა ხელმოწერით არ დაედასტურებინა, მაშინ ახლა მის სიტყვებს მეტი წონა და დამაჯერებლობა ექნებოდა. მაგრამ ამ ადამიანბამ ჩვეულებრივად დაადასტურა ამ ჩვენების სისწორე საკუთარი ხელმოწერით და მაშინ არ გასჩენია არანაირი პრეტენზია. ამიტომ, ახლა მის მიერ ზეწოლასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება უბრალოდ ტყუილია.