საყოველთაო დაზღვევა 28 თებერვლიდან იწყება და 1-ელ ივლისამდე მოსახლეობა შეზღუდული პაკეტით ისარგებლებს, ხოლო შემდეგ - გეგმიური სამეცინო მომსახურებითაც. კერძო მზღვეველები ოდენ წლის ბოლომდე დარჩებიან სახელმწიფო პროგრამაში, შემდეგ კი მათთვის ვითარება დამძიმდება.
საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. მათ იმსჯელეს, თუ როგორი იქნება სახელმწიფოსა და კერძო სადაზღვევო სექტორს შორის ურთიერთობა ახალი ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის ამოქმედების შემთხვევაში. მინისტრის თქმით, სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებში მონაწილე სადაზღვევო კომპანიები პროგრამების განხორციელებას 2013 წლის ბოლომდე გააგრძელებენ.
რაც შეეხება დაზღვეულ 2,3 მლნ მოქალაქეს, მათთვის 28 თებერვლიდან 1-ელ ივლისამდე პირველადი ჯანდაცვა ხელმისაწვდომი გახდება. 1-ლი ივლისის შემდეგ კი ამ სადაზღვევო პროგრამებს გეგმური სამედიცინო მომსახურებაც დაემატება.
„პირველ ეტაპზე, 28 თებერვლიდან ძალაში შედის დაუზღვეველი მოსახლეობისთვის ურგენტული პროგრამის და მინიმალური ამბულატორიული სერვისების დაფინანსების პროგრამა, რაც გულისხმობს დაავადებათა სპეციალურ ნუსხაში მოხვედრილი ადამიანების დაფინანსებას. ეს ნუსხა გახლავთ ასევე კრიტიკული და სტაციონარული, დაახლოებით, 450-ზე მეტი ჩანაწერია, რომელიც სახელმწიფოს მიერ დაფინანსდება.
გარდა ამისა, დაიფარება მინიმალური, პირველადი ამბულატორიული სერვისები, რაც გულისხმობს ოჯახის ექიმის მომსახურებასა და მინიმალურ გამოკვლევებს“, - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მრჩევლი ლაშა ნიკოლაძე და დასძენს - სახელმწიფო ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა მოიცავს მხოლოდ დაავადებების საბაზისო პაკეტს, რომლის ზემოთაც, რაც საკმაოდ ვრცელი ვრცელია, ადამიანი თვითდაფინანსებაზე იქნება.
სადაზღვევო კომპანია „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას” გენერალური დირექტორი ნიკოლოზ რამიშვილი მიიჩნევს, რომ ახალი საყოველთაო სადაზღვევო პროგრამის ამოქმედება კერძო სადაზღვევო კომპანიებს რამდენიმე პრობლემას შეუქმნის და სადაზღვევო ინდუსტრიას ძალიან შეამცირებს. ის ამის მიზეზად იმას ასახელებს, რომ სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების წილი მთლიან სადაზღვევო ინდუსტრიაში 70 პროცენტზე მეტს შეადგენს.
რამიშვილი მეორე პრობლემად იმას ასახელებს, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიებმა ჰოსპიტალური სექტორის მშენებლობისთვის 200 მილიონი ინვესტიცია განახორციელეს. მათ ხარჯის ამოღება მხოლოდ ჰოსპიტალური სექტორიდან მოუწევთ და 15-20-ადგილიანი საავადმყოფოების შემთხვევაში რენტაბელურად მაღალი თანხის მიღება გაუჭირდებათ.
ამ მოსაზრებას არ ეთანხმება ლაშა ნიკოლაძე. „ხმები, რომ კერძო დაზღვევა კვდება და განიცდის სტაგნაციას, არავითარ შემთხვევაში არ შეესაბამება სინამდვილეს“, - ამბობს ის.
კერძო სადაზღვევო სექტორი რომ არ დაზარალდეს, სამინისტრო მათთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს დაიწყებს, რადგან სხვადასხვა კომპანიას განსხვავებული გლობალური პრობლემები გააჩნია. „ეს, საშუალებას შექმნის, გადასვლის ეტაპები უფრო რბილი გახდეს და სექტორს ფინანსური წნეხი არ დააწვეს“.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით კი, კერძო სადაზღვევო ინდუსტრია ჯერ კიდევ არაა ყველა დეტალში გარკვეული თუ როგორ მოხდება უახლოესი წლის განმავლობაში ახალი პროექტის მიმდინარეობა და სახელმწიფო და კერძო სექტორების ურთიერთობა.
„ჯანდაცვის სამინისტრომ მათ შესთავაზა ღია ურთიერთობა. ჩვენს მიერ არცერთი იმპერატიული გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება“, - აღნიშნა სერგეენკომ.
საყოველთაო დაზღვევა ჯერ არ ამოქმედებულა და მის მიმართ კრიტიკა უკვე ისმის. ერთ-ერთი პირველი მათ შორის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილია, რომელიც მიიჩნევს, რომ თებერვლის ბოლოდან ასამოქმედებელი 5-ლარიანი დაზღვევა არც საზოგადოების მოლოდინს და არც „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო განაცხადს არ პასუხობს.
ჭიაბერაშვილის აზრით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ თებერვლის ბოლოსთვის დაგეგმილი დაზღვევის სისტემა კერძო სადაზღვევო კომპანიებს დააზარალებს და თუკი ისინი საერთოდ გადარჩნენ, გადაიქცევიან პატარა ოფისებად, რომლებიც გაყიდიან სადაზღვევო პაკეტებს, მაგრამ გაცილებით ძვირად, ვიდრე დღეს ყიდიან.
„კერძო სადაზღვევო კომპანიები ან საერთოდ გავლენ ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზრიდან ან დარჩებიან „ბუტიკებად“ და სახელმწიფო ფონდი მონოპოლიურ ან თითქმის მონოპოლიურ მდგომარეობაში აღმოჩნდება ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარზე, იგი უკარნახებს ფასებს სამედიცინო დაწესებულებებს და შეეცდება სამედიცინო მომსახურების ფასები დაბლა დააწევინოს. ეს მოკლე ვადაში თითქოს კარგი იქნება, მაგრამ გრძელვადიანად გააუარესებს სამედიცინო მომსახურების ხარისხს, მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს სამედიცინო დაწესებულებებს, რაც შედეგად მოიტანს სამუშაო ადგილების შემცირებას, ან სახელფასო განაკვეთების თუ შემცირებას არა, გაყინვას მაინც.
ეს მიგვიყვანს პაციენტის ჯიბიდან გადახდილი თანხების ზრდასთან და „საყოველთაო დაზღვევის“ ფიქციად ქცევასთან, როდესაც კოალიცია „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო დაპირება ფორმალურად შესრულებული ექნება, რეალურად კი - არა“, - აღნიშნავს ჭიაბერაშვილი.
ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბიუროკრატიაზე უკეთ კერძო სადაზღვევო კომპანია ახერხებს, ყაირათიანად ხარჯოს კონკრეტული პაციენტის სამედიცინო მომსახურებაზე გაწეული ხარჯები. ბოლო სამი წლის განმავლობაში, სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის მეშვეობით სახელმწიფოს მიერ დაზღვეული 900,000 ადამიანისათვის (სოციალურად დაუცველები, პედაგოგები, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეები) გაწეული ჯანდაცვის ხარჯმა 15-25%-ით მოიკლო სწორედ კერძო სადაზღვევო კომპანიებისა და სამედიცინო დაწესებულებების მიერ ხარჯების ოპტიმიზაციის წყალობით. ამ საშუალებას კი საყოველთაო დაზღვევა მთლიანად სპობს.