„წინ - მომავლისკენ, თუ უკან - წარსულისკენ... ვერ მივიღებ ვერანაირ „კი, მაგრამს“ და „დღეს არა, ხვალ-ს“ ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის სააკაშვილისადმი მიმართვაში, სადაც პრემიერი პრეზიდენტს სთხოვს გარკვეული პასუხი გასცეს მოცემულ ეტაპზე საქართველოსთვის მთავარ კითხვას - მხარს უჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს თუ არა.
რა იქნება ივანიშვილის შემდეგი ნაბიჯები, სააკაშვილის პასუხზეა დამოკიდებული, ჯერჯერობით, ეს შეიძლება ჩაითვალოს დემოკრატიულ, კოჰაბიტაციისკენ გადადგმულ იმ ნაბიჯად, რასაც, ალბათ, კარგად დაინახავენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები.
სააკშვილისგან პასუხებსა და პასუხისმგებლობაზე თავის არიდების 9-წლიანი ისტორია ნამდვილად გაგვაჩნია, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ პრემიერი ამ მიმართვით ტყუილის თქმის საშუალებას აღარ უტოვებს სააკაშვილს და მის გუნდს.
მოუწევს, ბიძინა ივანიშვილის შეკითხვას სააკაშვილმა პირდაპირ გასცეს პასუხი: აგრძელებს დიქტატურას, თუ სახელმწიფოს სასარგებლოდ იღებს გადაწყვეტილებას და მხარს უჭერს კონსტიტუციურ ცვლილებას. პასუხი უნდა იყო ან კი, ან - არა.
კის ან არას თქმას სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობა“ ასე მარტივად ვერ მოახრხებს და ის გახლეჩვის პროცესი, რასაც დიდი ხანია წინასწარმეტყველებენ პოლიტიკოსები და ექსპეტები, სწორედ ახლა დაიწყოს. იმედია, დიდი უმრავლესობა პრემიერის კითხვას სახელმწიფოს სასარგებლოდ გასცემს პასუხს. ალბათ, ოციოდე ისეთი კაციც აღმოჩნდება, ვინც პოლიტიკურ სამარეში ჩაჰყვება სააკაშვილს.
და პრემიერის ასეთი შეთავაზების შემდეგ, მხოლოდ დანაშაულით შედუღაბებული ადამიანები დარჩებიან სააკაშვილის გვერდით.
გაუჩნდებათ თუ არა ნაციონალებს ახალი ამოცანა და დაფიქრდებიან თუ არა იმაზე, რა უკეთესია ქვეყნისთვისაც და პირადად მათთვისაც - გუნდის ცალკეული წევრების დანაშაულზე მთელ გუნდს ააღებინონ პასუხისმგებლობა და ამით „შეადუღაბონ“ საკუთარი რიგები, თუ ბოლოს და ბოლოს, ეყოფათ გონიერება და აიღებენ საკუთარ თავზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს, რომელსაც ვერავინ გაექცევა. ამ თემებზე ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გვესაუბრება.
მართალია, სააკშვილი განაწყენდა, მაგრამ არის თუ არა ბიძინა ივანიშვილის ეს მიმართვა კოჰაბიტაციისკენ, თანამშრომლობისკენ გადადგმული ნაბიჯი?
- მნიშვნელოვანია, რა პოლიტიკურ ფონზე გაკეთდა ეს მიმართვა. მას კონტექსტიდან ამოგლეჯილად ვერ განვიხილავთ. ამ განცხადების აუცილებლობა შვა იმ პოლიტიკურმა კონტექსტმა, რომელშიც ვიმყოფებით. ვითარება უაღრესად დაძაბულია.
ერთი მხრივ, დაძაბულობას აჩენს ის, რომ მხარდამჭერი საზოგადოება ხელისუფლებას სულ უფრო და უფრო მეტად ადანაშაულებს უმოქმედობაში, განსაკუთრებით სამართლიანობის აღდგენის კუთხით. განსაკუთრებულ გაღიზიანებას იწვევს დაჭერა-გამოშვებების სერია.
მეორე მხრივ, თავად ნაციონალები ასხამენ ცეცხლზე ნავთს საზოგადოების გაღიზიანების თვალსაზრისით, ხედავენ რა, რომ საზოგადოების აგრესიაა. გავიხსენოთ, იგივე რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით რაც ჩაიდინეს! ზღვარგადასული ცინიზმით გაჯერებული პრეზიდენტისა და დეპუტატების გამოსვლები, უგულავას საქმესთან დაკავშირებული ცინიკური კომენტარებით, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ასწიონ ტემპერატურა საზოგადოებაში, რასაც ბუნებრივია, გარკვეული მიზნები აქვს.
შევხედოთ თუნდაც პრეზიდენტის განცხადებებს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის თემა, რაც მან წამოსწია, რომ საქართველოს არსებობას აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის იქნება დაპირისპირების ობიექტი საერთაშორისო ურთიერთობებში - მის გარშემო არსებულ ქვეყნებსა და ზოგადად, დიდი საერთაშორისო მოთამაშეების დაპირისპირების ობიექტი, რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში შეინარჩუნებს საქართველო სახელმწიფოდ არსებობის საშუალებას, რაც თავისთავად, ენით აუწერელი აბსურდია. როგორ შეიძლება სახელმწიფოს მეთაური საკუთარი სახელმწიფოს არსებობის ერთადერთ აზრად და მისიად განიხილავდეს ქვეყნებს შორის დაპირისპირების ობიექტად ყოფნას, იმ მიწის ნაფლეთად, რომელიც მუდმივად სხვამ უნდა გადათელოს ფეხით?! - გარდა იმისა, რომ არასახელმწიფოებრივი, ცოტა არ იყოს, არაჯანსაღი მიდგომაა.
პრინციპში, სააკაშვილისგან ამას მიჩვეული ვართ და ეს არ არის სიახლე..
- საოცარი ის არის, რომ პირველი ოქტომბრიდან დღემდე სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ გადავიდა აქტიური თვითლუსტრაციის რეჟიმში. სააკაშვილმა თქვა ის ყველაფერი, რა საქმიანობასაც ეწეოდა ამ 9 წლის განმავლობაში. კი, ბატონო, მიჩვეული ვართ, მაგრამ საკუთარი პირით ამბობდეს ადამიანი და ასე, ერთ ფრაზაში აფასებდეს საკუთარი პოლიტიკური მოღვაწეობის შედეგს, მსგავსი რამ არ შემხვედრია, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.
ეს ხომ ყველაფრის ახსნას იძლევა, იმ აგვისტოს ომისაც, და იმ ნაბიჯებისაც, რასაც დგამდა. თუნდაც იმ ხელშეკრულებებისა, რაზეც ახლა ბიძინა ივანიშვილს ამუნათებენ. თურმე, როგორ დასვა კითხვები ყარსი-ახალქალაქთან დაკავშირებით, - როგორ დასვა და ძალიან კარგად.
სააკშვილი საკუთარ ქვეყანას როგორც გამოსაყენებელ ობიექტს, ზუსტად ასე განიხილავდა და ყველა საერთაშორისო ხელშეკრულებაში საქარეთველო სწორედ ამ კუთხით არის წარმოჩენილი.
ის, რომ ყარსი-ახალქალაქის პროექტი საქართველოს ინტერესებშია, რომ მისი მეზობლების ინტერესებია გათვალისწინებული და თუ გინდა, შენი ინტერესები გაითვალოსწინონ, შენც უნდა ითვალისწინებდე მეზობლების ინტერესებს - ამაზე ორი აზრი არ არსებობს და არავინ ამ ხელშეკრულების ანულირებას არ აპირებს. მაგრამ ის, რომ ამ ხელშეკრულებაში საქართველოს ინტერესები მინიმალურად არის წარმოდგენილი, ეს ფაქტია.
ავიღოთ თუნდაც ის, რაც ხდება ჯავახეთთან დაკავშირებით, არის პიარტექნოლოგია და სხვა რაფერი.
რეალურად რა ხდება ჯავახეთთან დაკავშირებით?
- რეალურად კი იქ არაფერი ხდება, არანაირი სეპარატისტული მოძრაობა იქ არ შეინიშნება. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სოკოებივით აღმოცენებულ ვებ-საიტებზე ყოველდღიურად ჩნდება ინფორმაცია, რომ ჯავახეთში სხვადასხვა ფორმით თავს იჩენს სეპარატიზმის გამოვლინებები. თითქოსდა, სომხეთის ეპარქიის განცხადება ვრცელდება, რომელიც არსად არ იძებნება გარდა ნაციონალური საიტებისა. თითქოსდა, ჯავახეთის რუსული დიასპორის განცხადებაა, რომ ნაციონალებმა ფეხი უნდა მოიკვეთონ ჯავახეთის ადმინისტრაციული სტრუქტურებიდან, რომელიც ასევე არსად არ იძებნება გარდა ნაციონალური საიტებისა.
შემდეგ ამ ნაციონალურ საიტებზე შემოგდებულ ინფორმაციას ტირაჟირებას უკეთებენ უკვე ნაციონალური ტელევიზიები, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და „რუსთავი 2“ -ის სახით და შემდეგ, ეს ყველაფერი დააგვირგვინა თავად სააკაშვილმა როდესაც საშინელი რამ თქვა, რომ ჯავახეთი იქნება მესამე ტერიტორია, რომელსაც რუსეთი თვალს დაადგამს, წაიღებს და ამით საქართველოს ევროპისკენ გზას ჩაუკეტავსო.
როდესაც ამისი არანაირი პირობები არ არსებობს და ამას ამბობს სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ნათქვამი აქვს, რომ საკუთარ ქვეყანას ერთადერთი მისიით განიხილავს, როგორც დაპირისპირების ობიექტს სხვა სახელმწიფოთა შორის და რომლის პოლიტიკური ძალაც ჯავახეთზე გაკეთებული ამ განცხადების შემდეგ აანონსებს 19 აპრილს, ამ ყველაფერს უნდა შევხედოთ როგორც ერთიანი ჯაჭვის რგოლებს.
ალბათ, საინტერესოა ამ ყველაფერთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიცია...
- რა ხდება მეორე მხარეს? - ხელისუფლებას ფაქტობრივად, მიშვებული ჰყავს ნაციონალები თავის ჭკუაზე და ვერაფერს ვერ უპირისპირებს, გნებავთ პროკურატურაში, გნებავთ ამ ტიპის პროვოკაციების თვალსაზრისით. ფაქტობრივად, დღევანდელი ხელისუფლებისგან არც მომისმენია, რომ ის რეალურად დაინტერესდა ჯავახეთთან დაკავშირებული გახმაურებული საკითხით. იქ რომ არაფერი არ ხდება და ეს ნაციონალური საიტების მიერ მიზანმიმართული მცდელობაა, ამაზე ყურადღება არ გაუმახვილებია. მოწმენი ვართ იმისა, რომ ხელისუფლება მკვეთრ ნაბიჯებს არ დგამს სიტუაციის დასარეგულირებლად.
ამ დროს ჩნდება ბიძინა ივანიშვილის ასეთი მკვეთრი განცხადება. ვფიქრობ და მინდა ასე იყოს, რომ ეს არის ახალი ხელისუფლების მხრიდან სიტუაციის ხელში აღებისკენ გადადგმული ნაბიჯი. არ შეიძლება „ნაციონალური მოძრაობა“ ასე მიუშვა. ის, რომ დღეს „ქართული ოცნება“ საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერით სარგებლობს, არ ნიშნავს, რომ ის უნდა იყოს მშვიდად და გულხელდაკრეფილი უყურებდეს იმ საშინელებებს, რასაც გეგმავს „ნაციონალური მოძრაობა“. თუკი ივანიშვილის ეს განცხადება ახალი მიდგომის და ახალი, მკვეთრი პოლიტიკის პირველი ნიშანი იქნება, ვფიქრობ, რომ მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია.
სააკაშვილმა კი თქვა, რომ ხალხის მიერ არჩეულ მთავრობას ულტიმატუმები არ ეკადრება, მაგრამ პასუხი არ გაუცია ივანიშვილის მთავარ მოწოდებაზე : „წინ - მომავლისკენ, თუ უკან - წარსულისკენ. ამიტომ ვერ მივიღებ ვერანაირ „კი, მაგრამ“-ს და „დღეს არა, ხვალ-ს“. როგორ ფიქრობთ სააკაშვილს რჩება გზა პირდაპირი პასუხი რომ არ გასცეს?
- ვერ გეტყვით, რას მოიმოქმედებს სააკაშვილი, მაგრამ ივანიშვილის მხრიდან უდავოდ ძლიერი სვლაა. სააკაშვილი სულ ხელზე იხვევს, რომ რა თქმა უნდა არ გამოვიყენებ კონსტიტუციით მონიჭებულ ამ უფლებას, არ დავითხოვ პარლამენტს და არ დავნიშნავ მთავრობას ერთპიროვნულად. მაგრამ ის არასდროს არ დგამს კონკრეტულ ნაბიჯს.
თუკი შენ ამის გამოყენებას არ აპირებ, მაშინ რა უდგას წინ იმას, რომ მოუწოდო შენი პარტიით დაკომპლექტებულ უმცირესობას, ხმა მისცენ ამ ცვლილებას. ამისგან დაძვრომას ის ყოველთვის ახერხებდა. ამ თვალსაზრისითაც ძალიან კარგია რომ მას ეს ვადა მიეცა.
რა ფორმულირებაც უნდა მოუნახოს, თავის დაძვრენის რა გზაც უნდა მოძებნოს სააკაშვილმა, რაშიც ისინი დიდოსტატები არიან, მისი ნებისმიერი თავის დაძვრენა იქნება უკვე - „არა“.
შესაბამისად, „ქართულ ოცნებასაც“ უკვე ექნება კონკრეტული გზა. ან ის, რომ მას ცხოვრება მოუწევს „დამოკლეს მახვილის“ ქვეშ - სააკაშვილს ნებისმიერ დროს შეეძლება ამ მუხლის ამოქმედება. ან, პირიქით, თუკი სააკაშვილი იტყვის, რომ თანახმაა ამაზე, ახალ ხელისუფლებას გზა მიეცემა, რომ რეალურად შევიდეს თავის უფლებებში, მიხედოს ქვეყანას და არ იყოს მუდმივად მოპასუხის რეჟიმში „ნაციონალურ მოძრაობასთან“.
რასაც დღემდე ვუყურებთ, არ არის ნორმალური. ფაქტობრივად ხელისუფლებას არ რჩება დრო და ძალა იმისათვის, რომ შეასრულოს მისი პირდაპირი ვალდებულება - მართოს ქვეყანა.
ნებისმიერ შემთხვევაში, რა ფორმითაც არ უნდა დააფიქსიროს თავისი პასუხი სააკაშვილმა, ეს იქნება „კი“ თუ „არა“, გვეცოდინება, რა კონდიციაში ვაგრძელებთ არსებობას ხელისუფლებასთან ერთად - ვაგრძელებთ ბრძოლის პირობებში, ან მშვიდობიანობის პირობებში და ამ შემთხვევაში გაცილებით მეტი პასუხისმგებლობის ხარისხი დაეკისრება ხელისუფლებას ქვეყნის მართვაზე.
ივანიშვილი ამბობს ასეთ რამეს: „ვინც ეთანხმება ამ ცვლილებას, იგი აგრძელებს ქვეყნისთვის სამსახურს, ეძლევა შეცდომების გამოსწორების და უკეთესი პოლიტიკური მომავლის შანსი; ვინც უარს ამბობს ამ ცვლილებაზე, იგი იღებს სრულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რაც 9 წლის განმავლობაში, ნებისმიერ თქვენს თანაგუნდელს ჩაუდენია და ამ ტვირთით აგრძელებს ცხოვრებას.“ როგორ ფიქრობთ, გახდება თუ არა ეს წყალგამყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში, გააკეთებენ არჩევანს, დაიშლებიან? ან არის თუ არა ულტიმატუმი, როგორც ეს სააკაშვილმა აღნიშნა?
- ულტიმატუმი რატომ არის, ეს არის მოვლენებისა და ფაქტებისთვის საკუთარი სახელის დარქმევის მცდელობა. ეს მიმართვა კარგი საშუალებაა იმისავის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სირაქლემას პოზიდან ამოვიდნენ. გამოვიდნენ და პროცესებზე რეალურად, პერსონალური პასუხისმგებლობა იტვირთონ და არა საერთო, გუნდური.
ეს იქნება თუ არა მასტუმულირებელი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გახლეჩვის პროცესი დაიწყოს?
- ვფიქრობ, ეს არის პირველი წვეთი ამ პროცესში და რამდენიმე წვეთი კიდევ იქნება სჭირო იმისათვის, რომ ეს პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს. თუმცა, აქ არის ერთი რამ - დანაშულით გაერთიანებული ადამიანების ერთობა ყოველთვის გაცილებით მტკიცეა. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი დუღაბი დღემდე, რითიც ისინი ინარჩუნებენ ამ ერთობას.
კიდევ იმითია საინტერესო ეს მიმართვა, რომ სთავაზობს, არა კანონის ფარგლებში, არამედ მორალურ ამნისტიას „ნაციონალური მოძრაობის“ იმ წევრებს, რომლებიც გადავლენ კანონის მხარეს და ერთხელ მაინც დაუჭერენ იმ ტიპის ცვლილებას მხარს, რომელიც საზოგადოების წინააღმდეგ არ არის მიმართული.
კი ბატონო, წერია ეს კონსტიტუციაში, მაგრამ რეალურად წარმოვიდგინოთ, რა მოხდება თუ სააკაშვილმა აამოქმედა კონსტიტუციის ეს მუხლი - დაითხოვა არსებული და დააკომპლექტა ახალი მთავრობა. აქვს ვინმეს ისეთი ძლიერი გული - წარმოიდგინოს ის კოშმარი, რაც საქართველოში დატრიალდება? აქ ხომ იქნება სრული სისხლის კალო.
„ნაციონალური მოძრაობა“ იმ შეცდომას აღარ დაუშვებს, რაც დაუშვა პირველ ოქტომბრამდე, მარტო დაპატიმრებებითა და მოსმენებით, მარტო გაუპატიურებებით აღარ შემოიფარგლება - იქნება მასობრივი მკვლელობები. რამდენიმე დღე მოეწყობა მასიბრივი „ბართლომეს ღამე“, რომ არასასურველი ადამიანები ოჯახებიანად გაწყვიტონ. ეს არ არის აპოკალიფსი, ეს არის რეალობა, რომელიც შეიძლება დადგეს სააკაშვილის მიერ ამ მუხლის ამოქმედების შედეგად.
ამას ვხედავ ძალიან ნათლად, იქიდან გამომდინარე, რასაც ისინი აკეთებენ პირველი ოქტომბრიდან დღემდე. ეს ყველაფერი არის დასტური იმისა, რომ არა თუ გააცნობიერეს საკუთარი შეცდომები, არამედ ეს შეცდომები არ ყოფილა! - ეს იყო მათი იდეოლოგია - დაჭერები, მასობრივი გაუპატიურებები, დაშინება, მათი იდეოლოგია, მორალი და ცხოვრების წესი იყო. 4 თვე არ იყო საკმარისი, რომ თუ ეს შეცდომა იყო, ადამიანებს ეს მოენანიებინათ? პირიქით, ყოველ წუთას ცდილობენ, რომ ამას პროვოცირება გაუკეთონ და საზოგადოება მეტად გააღიზიანონ, რათა ამით უფრო მძიმე კონფლიქტის პროვოცირება მოახდინონ, რაც სააკაშვილს უფლებას მისცემს, დასავლეთის თვალში გაამართლოს ის, რასაც აპირებს თეორიულად.
ამაზეა საუბარი, რომ ერთხელ მაინც იმ ადამიანებმა ვისაც არ უნდათ ამ ყველაფერს ხელი მოაწერონ, მათ, ვინც არიან დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში, აძლევს საშუალებას, რომ მორალურ ამნისტიას დაექვემდებარონ.
გააცნობიერებენ თუ არა ნაციონალები იმას რასაც ივანიშვილი სთავაზობს? ივანიშვილი ეუბნება :„თქვენს გუნდს თქვენ გარშემო მხოლოდ თქვენ მიერვე გაზვიადებული საფრთხის განცდით აკავებთ და აშანტაჟებთ. თქვენი ამოცანაა, თქვენი გუნდის ცალკეული წევრების დანაშაულზე მთელ გუნდს ააღებინოთ პასუხისმგებლობა და ამით „შეადუღაბოთ“ თქვენი რიგები.“ ეყოფათ გამბედაობა, გონიერება, რომ სხვისი დანაშაულის მსხვერპლად არ იქცნენ?
- ვფიქრობ, რომ ეს მიმართვა ხელისუფლების მხრიდან ახალი სტრატეგიის თუ ტაქტიკისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია და ამას სხვა ნაბიჯებიც მოჰყვება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში არსებულ შედარებით მორალურ ნაწილს მიაღებინებს გადაწყვეტილებას - გაემიჯნოს ამორალურ ნაწილს. ვფიქრობ, ეს არის პირველი რგოლი იმ ჯაჭვისა, რასაც ახლო მომავალში ვიხილავთ.
მათ სჭირდებათ ელემენტარული გონიერება და მორალი იმისათვის, რომ დაინახონ რისკენ მიდის პროცესი.
წარმოიდგინეთ, რომ სააკაშვილმა გადადგა ეს ნაბიჯი. რა მოხდება შემდეგ? გგონიათ ივანიშვილი ასე დატოვებს სასაკლაოდ განწირულ საქართველოს მოსახლეობის 90%-ს სააკაშვილის პირისპირ? - ეს ხომ გამორიცხულია.
რა ნაბიჯი შეიძლება გადადგას ივანიშვილმა ასეთ შემთხვევაში?
- ივანიშვილმა უნდა გააკეთოს ის, რასაც მას საკუთარი პასუხისმგებლობა ავალდებულებს საკუთარი ხალხის წინაშე. ხალხმა აირჩია სწორედ იმიტომ, რომ დაეცვა სააკაშვილისგან. უმთავრესი მოტივი ივანიშვილის არჩევისა ამ ხალხის მიერ ხომ ეს იყო? ახლა რა გამოდის, დაითხოვოს სააკაშვილმა მთავრობა და პარლამენტი და სასაკლაო მოაწყოს? ეს ხომ გამორიცხულია.
ივანიშვილს ის ფუნქცია, რაც ხალხმა მიანიჭა, ავალდებულებს დარჩეს ქვეყნის სათავეში და კიდევ ერთხელ იხსნას საკუთარი ხალხი სააკაშვილისგან.
თუ სააკაშვილი იგნორირებას გაუკეთებს ამ მოწოდებას, ეს რის საშუალებას აძლევს ივანიშვილს?
- ეს იქნება კიდევ ერთი ლუსტრირება სააკშვილისა დასავლეთის თვალში და გარდა ამისა, ხელისუფლებას შეუძლია განგაში ატეხოს, რომ სააკაშვილი ამზადებს სახელმწიფო გადატრიალებას, ქვეყანა მიჰყავს დესტაბილიზაციისაკენ და საერთაშორისო საზოგადოებას ჩარევისაკენ მოუწოდოს. ისევე, როგორც ჩაერივნენ პირველ ოქტომბერს და დაიცვეს ქვეყანა ამ უბედურებისგან.
ნებისმიერი ფორმით უარი ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილი აპირებს სახელმწიფო გადატრიალებას. ეს გზას უხსნის ივანიშვილს, რომ მიმართოს დასავლეთს დასახმარებლად ამის შემდეგ ყველა ნაბიჯი, რასაც გადადგამს ივანიშვილი, იქნება ლეგიტიმური.
ერთ მხარეს იქნება დიქტატორული ნორმა, ჩადებული კონსტიტუციაში, მეორე მხარეს კი სრული ლეგიტიმურობით აღჭურვილი ივანიშვილი და დანარჩენი საქართველო.
„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების ყველა ქმედებას აკვალიფიცირებს, როგორც პოლიტიკურ დევნას. არის ეს პოლიტიკური დევნა თუ დასმულია მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, რომ ბოლოს და ბოლოს, გადადგან ნაბიჯი და აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა?
- პრინციპში, ეს არის სტიმული იმისა, რომ ამჯერად ნაციონალებმა აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. ზუსტად ეს არის, გნებავთ პოლიტიკური, გნებავთ მორალური, ადამიანური პასუხისმგებლობა - ბევრი რაკურსი აქვს ამ თემას. ეს შეიძლება იქცეს იმპულსად იმისა, რომ ვიღაცეებმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ და მათ შორის, საპარლამენტო ფრაქციიდან, პირველად, ცხოვრებაში იგრძნონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმ ხალხის წინაშე, რომლის სახელითაც ისინი სხედან პარლამენტში.
ვერ ვიტყოდი, რომ ისინი არჩეული არიან ამ ხალხის მიერ, რადგან აბსურდია საუბარი იმაზე, რომ ნაციონალები ამომრჩევლის 40%-ის ნებას წარმოადგენენ.
შემიძლია სრული დაბეჯითებით ვთქვა, რომ არა თუ 40%, მიშას ამომრჩევლის 20%-ის მხარდაჭერა რომ ჰქონდეს, ის დღესვე მოაწყობდა სახელმწიფო გადატრიალებას და დღესვე მოაწყობდა სისხლის კალოს. სწორედ იმიტომ, რომ მისი მხარდამჭერების რაოდენობა 6%-ს არ სცდება, ეს მან ყველაზე უკეთ იცის და პირდაპირ თქვა 8 თებერვალს, ძალიან კარგად ვგრძნობ პოლიტიკურ კონიუქტურას იმისთვის, რომ მივხვდე, პარლამენტისა და მთავრობის დათხოვნა ჩემთვის „ხარაკირი“ იქნებაო. ესეც პირდაპირ ადასტურებს, რომ მხარდაჭერა აქვს ნული არა, მაგრამ სწორედ რომ - 6% და არ შეუძლია დანარჩენი 94%-ის წინააღმდეგ სვლა.
ეს არის რეალობა, რომელშიც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ და ამიტომ ვფიქრობ, რომ სწორედ რომ დროული იყო ის განცხადება, რაც გაკეთდა და ნამდვილად მისაღებია საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც დღემდე ხელისუფლების უუნარობით იყო შეწუხებული.