პრეზიდენტი რურუას არ იწყალებს, გამოძიება კი, ბრალს არ უმძიმებს

პრეზიდენტი რურუას არ იწყალებს, გამოძიება კი, ბრალს არ უმძიმებს

ოპოზიციის ულტიმატუმი – რიგგარეშე არჩევნები და გიორგი რურუას მყისიერი გამოშვება, მედიატორებმა დოკუმენტში არ ასახეს. შესაბამისად, მედიატორების მიერ მომზადებულ დოკუმენტს, პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი არ მოაწერეს. შესაბამისად, ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებების მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი აცხადებს, რომ ყველაზე დესტრუქციული როლი მოლაპარაკებებში ითამაშა სალომე ზურაბიშვილმა - მედიატორის მრავალი ვიზიტის მიუხედავად, მან უარი განაცხადა გიორგი რურუას შეწყალებაზე. გიორგი ვაშაძის თქმით, პრეზიდენტს დღესაც შეუძლია კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით, რაც ამნისტიას ეხება, მოლაპარაკების პროცესი გაყინული წერტილიდან დაძრას.

„თვითონ ის ფაქტი, რომ შეწყალების პროცედურა არ არის გამოყენებული, ხოლო „ქართული ოცნების“ ხისტი პოზიცია რურუასთან დაკავშირებით, ცალსახად ხაზს უსვამს და მიუთითებს, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი. ისინი გადაწყვეტილებას სწორედ პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე არ იღებენ, თორემ დასავლეთი შეთანხმებულია იმაზე, რომ მიზეზი, რის გამოც ის ციხეში ზის, ეს არის აბსოლუტურად ხელოვნური მიზეზი და, რა თქმა უნდა, რეალურ დანაშაულთან ამას კავშირი არ აქვს“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

პრეზიდენტის პოზიცია, რატომ არ სურს გამოიყენოს კონსტიტუციური ინსტრუმენტი, გაუგებარია სალომე სამადაშვილისთვის. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი თვლის, რომ კონსტიტუციურად მინიჭებული ინსტრუმენტის გამოყენებით სალომე ზურაბიშვილს შეუძლია მოლაპარაკებების მაგიდასთან არსებულ საკითხთა შორის ერთი საკითხი ამოწუროს.

„რაც შეეხება გიორგი რურუას საქმეს, რომელიც უკვე მრავალი თვეა ქმნის ძალიან სერიოზულ განხეთქილებას. მათ შორის, 8 მარტის შეთანხმების პირობის არშესრულება გახდა იმის მიზეზი, რომ მაშინ ოპოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილებებს არ და ვერ დაუჭირა მხარი.

ჩემთვის ცოტათი გაუგებარია საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია. ყველაფერ სხვას რომ თავი დავანებოთ, მისი კონსტიტუციური ფუნქცია არის ხელი შეუწყოს ქვეყანაში ასეთ მძიმე კრიზისულ ვითარებაში გამოსავლის მოძებნას. ჩვენ მისგან გვესმის განცხადებები, რომ ის მოუწოდებს მხარეებს შეთანხმებისა და პოლიტიკური კრიზისის დაძლევისკენ და ამავე დროს ვერ ვხედავთ, რომ მას აქვს სურვილი გამოიყენოს კონკრეტული ინსტრუმენტი შეწყალების სახით, რომელიც მის ხელშია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც გიორგი რურუას შეწყალების თაობაზე მრავალმა ათასმა ადამიანმა მიმართა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სოციალური ქსელის საშუალებით მიმართვას ავრცელებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, რომლის განცხადებით, ვიდრე მის გათავისუფლებაზე შედგება მსჯელობა, უნდა გაიგოს, რომ რურუა სახლშია. როგორც მელია წერს, თეორიულად ყველა შესათანხმებელ საკითხზე რომც მოხერხდეს შეთანხმება, ივანიშვილი მისი გამოსასყიდი თანხით ვაჭრობას ვერ ეღირსება.

„ახლა ძალიან მოკლედ დავწერ, მომდევნო დღეებში კი – უფრო ვრცლად. 1 – გამოსასყიდი თანხა 1 ლარიც რომ მქონდეს გადასახდელი, არ გადავიხდი და ყველა ენთუზიასტს (იქნება ის უცხოელი თუ სხვა) დაბეჯითებით ვთხოვდი, ეს ალტრუისტული სურვილები, რომ ჩემი გამოსასყიდი თანხა თავად გადაიხადონ, წარსულს ჩააბარონ. 2 – სანამ რამე ფორმითა და რამე ფორმატში ჩემს გათავისუფლებაზე შედგება მსჯელობა, მე რუსთავის N12 ციხიდან უნდა გავიგო და დავინახო, რომ გიორგი რურუა უკვე სახლშია“, – წერს ნიკა მელია.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის პრეტენზია „ქართული ოცნების“ მიმართ, რაც კრისტიან დანიელსონმა დოკუმენტში არ ასახა, უსაფუძვლოა.

„სალომე სამადაშვილმა ტყუილი თქვა, თითქოს მათ ჰქონდათ კომპრომისული შეთავაზებები და „ქართული ოცნება“ იყო წინააღმდეგი. ის ულტიმატუმები, რომელიც მათ აქვთ, ბატონ დენიელსონს არ ჰქონდა დოკუმენტში ასახული. ოპონენტებმა დააყენეს ორი ულტიმატუმი – რიგგარეშე არჩევნები, რომელზეც დოკუმენტში საერთოდ არ არის საუბარი, ბატონმა დანიელსონმა თქვა, რომ ევროკავშირს არ აქვს არანაირი ეჭვი 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით.

მეორე ულტიმატუმი, რაც ჰქონდათ ჩვენს ოპონენტებს, ეს იყო გიორგი რურუას მყისიერი გამოშვება სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და ესეც, თავად მედიატორმა არ ასახა დოკუმენტში. პრეტენზიები მათ უნდა ჰქონდეთ, პირველ რიგში, საკუთარ თავთან, რომ ვერ შეძლეს თავიანთ თავში მოეძებნათ ძალა კომპრომისისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია. როდესაც გიორგი რურუა თვითონ არ აცხადებს, რომ პოლიტიკოსია, როგორ შეიძლება იყოს პოლიტიკურ პატიმრობაზე საუბარი?!

„ფაქტი არის ნათელი – პირობითად, შეიძლება იწოდებოდეს ადამიანი ჟურნალისტად, როცა ჟურნალისტიკაში არ ახორციელებს არანაირ საქმიანობას? თუ მეტყვით, რა პოლიტიკური თანამდებობა ეკავა ან უკავია ბატონ რურუას, კი ბატონო, ვიმსჯელოთ ამაზე, მაგრამ ასეთი ფაქტი არ არის. თვითონ თავის თავს არ უწოდებს პოლიტიკოსს და ჩვენ როგორ ვუწოდოთ პოლიტიკოსი? რელევანტურ აზრს და ამაზე მიბმას და კორელაციას ვერ ვხედავ, როცა ადამიანი თვითონ არ აცხადებს, რომ პოლიტიკოსია, როგორ შეიძლება იყოს პოლიტიკურ პატიმარობაზე საუბარი?“, – აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

რაც შეეხება გიორგი (ჟორიკა) რურუას, რომელმაც „მთავარი არხის“ მეწილისგან კახა ანჯაფარიძისგან 2.5%–იანი წილი 2 500 ლარად იყიდა, არის მოძრაობა „სირცხვილიას“ მთავარი დამფინანსებელიც. რურუა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვა–ტარების ბრალდებით დააკავეს, თუმცა ოპოზიციამ მალევე პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა და დღემდე მის განთავისუფლებას ითხოვს.

გიორგი რურუას, როგორც პოლიტპატიმარს, ვერ აღიქვამენ ის ადამიანები, რომლებსაც 90–იან წლებში პირდაპირი შეეხო გიორგი რურუა. როგორც ცნობილია, ნიკა და გიორგი რურუები დაჯგუფება „ვერის საძმოს“ ლიდერები იყვნენ. ნიკა რურუა ცნობილია, როგორც „ვერის საძმოს“ დაჯგუფების დამგეგმავი, ხოლო ჟორიკა რურუა – როგორც შემსრულებელი და, სწორედ, ამ უკანასკნელთან არის დაკავშირებული მთელი რიგი გახმაურებული მკვლელობების სერია, როგორიც არის თორაძეების, ვეფხვაძის, სვანაძის, ჩანტლაძის, სცენარისტ ერლომ ახვლედიანის მეუღლის გახმაურებული მკვლელობები.

ჟორიკა რურუას ბიოგრაფიაში არის ბევრი გაუხმაურებელი მკვლელობაც. „ვერის საძმო“ დაახლოებული იყო სახელმწიფო ორგანოებთან და ნახევრად შეიარაღებულ დაჯგუფებებთან, როგორიც იყო „მხედრიონი“, რომლის აქტიური წევრები იყვნენ რურუები. „მხედრიონის“ დაშლის შემდეგ ნიკა რურუა აშშ–ში წავიდა, რომელმაც სერიოზულად შეუწყო ხელი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოყვანას.

გიორგი რურუას ბიოგრაფიაში არის თორაძეების ოჯახის ტრაგიკული ისტორია, რომელიც ქართული საზოგადოების დიდმა ნაწილმა კარგად იცის. 1990–იან წლებში მთელი ოჯახი დაუნდობლად დახოცეს. ძმები თორაძეების და, თამარ თორაძე მომხდარში გიორგი რურუას სდებს ბრალს და აცხადებს, რომ რურუა კრიმინალურ დაჯგუფება – ბოროტების საძმოს მეთაურობდა. მისი თქმით, 1992 წლის 3 მარტს, გიორგი რურუამ და მისმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ, საავადმყოფოდან მომავალი, მანქანაში ჩაცხრილეს მისი ძმა ლაშა თორაძე, ასევე დედა და მამა.

„შემდეგ, ჩვენს სახლს ალყა შემოარტყეს და მცირეწლოვანი დების თვალწინ ჩაცხრილეს ჩემი ორი ძმა – კახა და იმედო. რამდენიმე ხანში გიორგი რურუამ და მისმა დაჯგუფებამ მიაგნეს და გაიტაცეს ჩემი უფროსი ძმა ზაზა. ტრაგედიიდან ორი წლის გასვლის შემდეგ კი, ჩემი უმცროსი ძმა პაატაც გაიტაცეს. ზაზას და პაატას ასავალ–დასავალი დღემდე არ ვიცით – ისინი უგზო–უკვლოდ დაკარგულები არიან. მრავალშვილიანი დედა საკონტროლო გასროლით მოკლეს და მთელი ოჯახი ამოუწყვიტეს.

საქართველოს ხელისუფლებამ, არათუ პოლიტიკურ პატიმრად შერაცხოს და გაანთავისუფლოს ადამიანების მკვლელი გიორგი (ჟორიკა) რურუა, არამედ მის მიერ ჩემი და ბევრი სხვა ქართული ოჯახის წინაშე ჩადენილი შემზარავი დანაშაულებები გამოიძიოს და საკადრისი სასჯელი მიუსაჯოს მას“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას თამარ თორაძემ, რომელიც აშშ–ში იმყოფება.

რურუას ბიოგრაფიას ამძიმებს კიდევ ერთი გახმაურებული საქმე – 1993 წლის 22 დეკემბერს, დილით, ვაკეში, შატბერაშვილის ქუჩაზე სროლის ხმა გაისმა. მხედრიონის დამფუძნებლები ზაზა ვეფხვაძე და გია სვანაძე ავტომანქანაში ჩაცხრილეს, თავდამსხმელებს ემსხვერპლა აგრეთვე თენგიზ ჩანტლაძე, რომელიც იმ დროს ავტომანქანაში იჯდა. როგორც მოკლულის და, მია ვეფხვაძე აცხადებს, რურუები ჯერ მსხვერპლს მუხანათურად კლავდნენ და შემდგომ მის ქონებას ინაწილებდნენ.

„ზაზას მკვლელობამდე, ჩემი შვილი მოკლეს. კარგად იცოდნენ, რომ დისშვილის დასაფლავებაზე აუცილებლად ჩამოვიდოდა. ზაზას მკვლელობის მოწმე არის მისი მეუღლე, რომელმაც შემთხვევის ადგილზე სწორედ გიორგი (ჟორიკა) რურუა ნახა. ის, რომ ზაზა და გია სწორედ „ვერის საძმოს“ წევრმა გიორგი რურუამ მოკლა, ამას სხვა მოწმეებიც ადასტურებენ“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას მია ვეფხვაძემ.

ყველა ამ საქმეზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა რა ეტაპზეა საქმე, პროკურატურა ტრადიციულად დუმს. რაც მნიშვნელოვანია, ჩვენებების მიუხედავად რურუა ბრალს მხოლოდ იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა–ტარებისთვის იხდის. გარდა ჩამოთვლილი ბრალდებებისა, როგორც აღმოჩნდა, გიორგი რურუას უკავშირდება საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობა. პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს, რომ გიორგი რურუა შევარდნაძის მმართველობის პერიოდში იყო განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულების როგორც მონაწილე, ასევე შემოქმედი.

„საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებში უხვად მოიპოვება რურუას კარიერის შესახებ ინფორმაცია, რომელიც, მისი ნამოქმედარის მხოლოდ მცირე ნაწილს მოიცავს. გიორგი რურუას ძმა, ნიკა რურუა წლების განმავლობაში სახელმწიფო თანამდებობას იკავებდა და სწორედ, მისი ხელშეწყობით განადგურდა უამრავი მტკიცებულება. მაგრამ არსებობს უტყუარი ვარაუდი, რომ რუსული სპეცსამსახურების, რურუასა და ბანდების ხელშეწყობით განხორციელდა ზვიად გამსახურდიას მკვლელობის ორგანიზება და სისრულეში მოყვანა“, – წერს გიორგი გამსახურდია.

 

Katana .ჰო, არ დაუმძიმოთ, თორემ ოჯახების ამოწყვეტის ბრალი რომ წაუყენოთ, მერე მისთვის პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭება გაჭირდება და უხერხულია!
ჯობია პისტოლეტზე გყავდეთ დაჭერილი და იყოს მუდმივად სამკითხაო - ნამდვილად ჰქონდა გაუფორმებელი იარაღი (როცა რეგისტრირებული იარაღის მთელი არსენალი უდევს, თურმე, სახლში) თუ პოლიციამ ჩაუდო?..
არ გვეშველება ჩვენ არაფერი!!!
3 წლის უკან
trampi ნაცებს ახალი არჩევნების გარდა არაფერი არ აწყობთ, ანუ ახალი არჩევნების გარდა ისინი ხელს არაფერზე არ მოაწერენ...
ამ ე.წ. დემოკრატიულმა ევროპა--ამერიკამ ეს ყვე;ლაფერი იცის...
.თან წარამარა იმეორებენ რომ არჩევნები ,,წვრილ-წვრილი დარღვევების გარდა, ,ძირითადად კარგად ჩატარდა და შედეგები ობიქტურიაო
მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ხელისუფლებას ამუნათებენ----- ხელისუფლება თქვენა ხართ და გინდათ თუ არა გამოსავალი თქვენ უნდა მოიფიქროთო, თქვენზეა პასუხისმგებლობაო
კი მაგრამ ამ დებილებმა რა უნდა მოიფიქრონ, როცა რომ ნაცებს ახალი არჩევნების გარდა არაფერი არა აწყობთ...დაჟე ამათ ნაცებს ხელისგულზე რომ ერბოკვერცხიც შეუწვან ნაცებს ისიც არ უნდათ.................................ახალი არჩევნებიო და ვსოოო..
არადა ელისაშვილი ამბობს ესენი ყველაფერზე დაყვნენ, დაჟე რურუას გამოშვებაზეც კიიიო და იმათ კიდევ ........ ხელს მაინც არ მოვაწერთო....
და მიუხედავად იმისა რომ ეს ყველაფერი ამ ე.წ. დემოკრატიულმა ევროპამ კარგად იცის, მაინც კიდევ ხელისუფლებას აწვებიან ...თქვენ უნდა ნახოთ გამოსავალიო, ანუ უნდა დაყვეთ ნაცების მოთხონას და ახალი არჩევნები უნდა დანიშნოთო ...
გაიგეეეთ ხალხნოოო .........................ფაქტიურად ეს ე.წ ედემოკრატიული ევროპა ამათ ეუბნებათ, რომ ახალი არჩევნები დანიშნეთო
განა ნაცებს ეტყვიან----- თქვენ შიგ ხომ არა გაააქვთო ........ არა.................. მაინც ამათ აწვებიან და ფაქტიურად ეუბნებიან---- გინდათ თუ არა ახალი არჩევნები დანიშნეთო
იქნებ ვინმემ ამიხსნათ ეგრე არ გამოდიის? ან იქნებ მე რამეს სწორად ვერ ვიგებ?
3 წლის უკან