„ოცნების“ პრორუსულობა რაში გამოიხატება? თუ ევროპის და ამერიკის რადარებიდან გავქრით, აბა, ეს ხალხი ვინ არის? - პრორუსულობის თემა აღარ ჭრის“

„ოცნების“ პრორუსულობა რაში გამოიხატება? თუ ევროპის და ამერიკის რადარებიდან გავქრით, აბა, ეს ხალხი ვინ არის? - პრორუსულობის თემა აღარ ჭრის“

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენლის კრისტიან დენიელსონის მეორე მცდელობის მიუხედავად, ევროკავშირი დანებებას არ აპირებს. ახლა მიშელის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული ევროკავშირის ჩართულობა საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი როგორ მოგვარდება. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის აპრილის ბოლოს დაბრუნდება. რა რესურსი დარჩა იმისთვის, რომ ევროკავშირმა ამ ჩიხიდან გამოსავალი იპოვოს?

ოპოზიციის გარკვეულ ნაწილთან ინდივიდუალური მოლაპარაკებისთვის მზად არიან მმართველ პარტიაში. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ შეთანხმების რესურსი ოპოზიციის ნაწილმა გუშინვე ამოწურა და ამაში შვედი დიპლომატი თავადვე დარწმუნდა. მმართველი ძალის განცხადებით ოპონენტების მიზნები მაშინ გამოაშკარავდა, როცა დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით პუნქტი არ ჩაიწერა და პოლიტიკური ამნისტიის ჩანაწერიც მიუღებელი აღმოჩნდა. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ გუშინ ოპოზიციის ერთადერთი სტრატეგია ულტიმატუმი იყო.

რიგგარეშე არჩევნების და შესაძლო პოლიტიკური ნიშნით დაკავებულების საკითხის გარდა ხელისუფლების განცხადებით, მოლაპარაკების მაგიდაზე აუცილებელ გასათვალისწინებელ მოთხოვნას შორის არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარებაც დადგა. ზურაბ ჯაფარიძე განმარტავს, რომ ეს მისი მხრიდან ულტიმატუმი არ ყოფილა და მზად იყო 2-პროცენტიან ბარიერზეც თანხმობა განეცხადებინა.

ძალაუფლების განაწილება, სასამართლო და საარჩევნო რეფორმა ეს ის თემებია, რაზეც ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს საკითხები დოკუმენტში მათთვის მისაღები ფორმულირებით ჩაიწერა, თუმცა პოლიტიკური ძალების უმრავლესობისთვის წითელი ხაზად ისევ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა და „პოლიტიკური ნიშნით დაკავებულების“ გათავისუფლება დარჩა.

ოპოზიციისგან განსხვავებით გიორგი რურუა პოლიტიკური ნიშნით დაკავებული არ არის მმართველი პარტიისთვის. ისინი მის კრიმინალურ წარსულზე საუბრობენ და ამბობენ, რომ რურუას პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს.

მოლაპარაკების ჩაშლაში მმართველი პარტიის როლზე საუბრობს ოპოზიციის ნაწილი. ნაწილი კი ამის მიზეზად სწორედ მისი კოლეგების გაჯიუტებას ასახელებს.

მაშინ, როცა ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლების მხრიდან დესტრუქციაზე საუბრობს, „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ დიალოგის პროცესში ოპონენტებს რამდენიმე საქმიანი და კომპრომისული წინადადება შესთავაზეს, თუმცა პასუხად შეთანხმებაზე უარი მიიღეს.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ ოპოზიციას შეეძლო უკეთესად მოქცეულიყო, თუმცა ორივე მხარე სამარცხვინოდ და უპასუხისმგებლოდ იქცევა. მისი აზრით, გასაგებია, რომ ოპოზიცია ცუდია და მათი ქცევა სახელმწიფოებრივად გაუმართლებელია, თუმცა ხელისუფლების უპასუხისმგებლობა სახელმწიფოს და ხალხის პორბლემა გახდება. ამიტომ ოპოზიციამ კარგია შემხვედრი ნაბიჯები გადადგას, მაგრამ მეტი პასუხისმგებლობა „ოცნებას“ ეკისრება. ის ხალხისგან არჩეული ძალაა, რომლის ქცევაზე თითოეული ადამიანის ბედია დამოკიდებული. ამიტომ ხელისუფლება ვალდებულია მეტი გონიერება გამოიჩინოს და უგვან ოპოზიციას ქვეყნის ინტერესები არ გადააყოლოს. ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ კუნთმაგარი ზონდერის ნიკა მელიას დაკავებით, ქვეყნის ინტერესები დააზიანა. ის გმირად თავად აქცია და ოპოზიციას საშუალებას აძლევენ, რომ ე.წ. პოლიტპატიმრად გამოაცხადონ.

„რაც შეეხება ოპოზიციის ბედს, მგონი, რომ მათ ხალხის ქუჩაში გამოყვანის არანაირი პერსპეტივა არა აქვთ. ჩვენს მოსახლეობას არ მოსწონს „ოცნება“, მაგრამ უკეთეს გამოსავალს ოპოზიციაში ვერ ხედავენ. ამიტომ აზრს ვერ ხედავენ ერთი მინუსი მეორეთი რატომ უნდა შეცვალონ. არ უნდათ ვაის გაეყარონ და ვუის შეეყარონ. ამიტომ ეჭვი მეპარება პოლიტიკურად ადგილობრივ არჩევნებამდე რამე შეიცვალოს. ოქტომბრამდე ოპოზიცია ნაწილი მაინც თუ არ შევიდა, იგივე პარლამენტი და იგივე პოლიტიკური სიტუაცია გვექნება. ოპოზიციას ვურჩევ, თუ დარწმუნებულები არიან, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში „ოცნებას“ მოერევიან, ეს თვითმმართველობის არჩევნებზე გააკეთონ. თუ რიგგარეშე არჩევნებს დაბლოკავენ, „ოცნებას“ კიდევ უფრო გააძლიერებენ. ხელისუფლება იტყვის, როგორც საპარლამენტო არჩევნებზე გავიმარჯვე, ასევე გავიმარჯვე ადგილობრივ არჩევნებშიც. ამიტომ რიგგარეშე რატომ უნდა დავნიშნო? მართლებიც იქნებიან“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, ოპოზიციამ უკვე გაიარა ისეთი წითელი ხაზები, სადაც მათი ნებისმიერი გადაწყვეტილება მათსავე წინააღმდეგ მუშაობს. მათ შეცდომა დაუშვეს, როცა პარლამენტში არ შევიდნენ და მეორე ტურებში მონაწილეობა არ მიიღეს. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ფუჭი იმედი შეიქმნეს, თითქოს დასავლეთს არჩევნების გაყალბებას დააჯერებდნენ. თუმცა აღმოჩნდა, რომ ამას არავინ იჯერებს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ამერიკისთვის და ევროპისთვის მთავარი ქვეყანაში არსებული სტაბილურობაა. ამიტომაც ხედავენ, რომ „ოცნება“ ამ სტაბილურობას ინარჩუნებს, სისხლს არ ღვრის და მათთვის ეს საკმარისია.

„ოცნების“ სასარგებლოდ ძალიან ბევრი ფაქტორები მუშაობს. პარლამენტს აკონტროლებენ, ბიუჯეტს ღებულობენ, მთავრობას ადგენენ, სასამართლო მათ ხელშია. დასავლეთი იძახის, რა დროს დემოკრატია და არჩევნებია, ქვეყანაში წესრიგია და ასე უცბად ყველაფერი ვერ გამოსწორდება. იმ ფონზე, როცა ყველგან სისხლი იღვრება, რუსეთი კავკასიის საქმეებში ერევა და რეგიონში სიტუაცია არეულია, საქართველო წყნარად არის და არავის საქმეში არ ერევა. ამიტომ ჩვენი პარტნიორებისთვის ეს ძალიან მისაღები ამბავია. ოპოზიცია კი ამბობს, რომ რუსეთისკენ მივდივართ, მაგრამ ამას ევროპა და ამერიკა ვერ ხედავს. დემაგოგიის და პროპაგანდის კუთხით დასავლეთზე და ნატოზე ბევრს ვლაპარაკობთ. ამ ფონზე, ბუნებრივია, დასავლეთს ძალიან გაუჭირდება „ოცნებას“ შეუტიოს. 2007 წელს ნაციონალებმა ტელევიზიები დაარბიეს, ათასი უბედურება გააკეთეს და სანქციები საქართველოს მაშინ არ დაუწესეს. ახლა ვინ დაუწესებს, გულახდილად, რომ ვთქვა, ახლა სასანქციო არაფერი ხდება“,-ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, ჯობია, ოპოზიციამ თვალები გაახილოს, ყურები გამოიბერტყოს და ქვეყანას მიხედოს. დენიელსონის და მიშელის რესურსები უნდა გამოიყენონ იმისთვის, რათა ადგილობრივი არჩევნები მაქსიმალურად მაღალ დონეზე ჩატარდეს. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ოპოზიციას დენიელსონის მიერ შემუშავებულ დოკუმენტზე ხელი უნდა მოეწერა. მიუხედავად იმისა, თუნდაც მართლები ყოფილიყვნენ. ოპოზიციამ უნდა თქვას, რომ ამას ხელს საქრთველოს ინტერესებიდან გამომდინარე აწერენ. ყველა ეპიზოდში ოპოზიცია აგებს და რაც უფრო დრო გადის, მას დასათმობი უფრო მეტი ექნება, ვიდრე ხელისუფლებას. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ხალხის თვალში ოპოზიცია მარგინალიზებული გახდება და „ოცნებასაც“ სწორედ ამის იმედი აქვს. იტყვის, რომ მათ პარლამენტში შესვლაზე ეხვეწებოდა, მაგრამ უარი თქვეს.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძეც for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ჩაშლილი მოლაპარაკებაში დამნაშავე ორივე მხარეა და პასუხისმგებლობა თანაბრად როგორც ოპოზიციას, ასევე ხელისუფლებას ეკისრება. თუმცა აქ მოულოდნელი არაფერი ყოფილა, რადგანაც პოზიციები, არც ერთ მხარეს არ შეუცვლია. ის თემები რაზეც ლაპარაკია, რეალურად მთავარი ოპოზიციური პარტიისთვის, ენმ-ისთვის და „ოცნებისთვის“ მეორეხარისხოვანია. ამ ეტაპზე მათთვის პირველხარისხოვანი, რიგგარეშე არჩევნებია, ხელისუფლება კიდევ ამაზე არ თანხმდება.

„ოპოზიციაში არიან პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც სხვადასხვა მიზნები და შესაძლებლობები გააჩნიათ. ამიტომ ოპოზიციას უნდა თუ არა, ამ რიგგარეშე არჩევნებზე საუბრობენ. ჩემთვის მართლა გაუგებარია, რაში სჭირდება „ნაციონალების“ გარდა სხვა ოპოზიციურ პარტიებს ხელახალი არჩევნების დანიშვნა. ისინი ამ ბოიკოტით და ენმ-ის ფერხულში ჩაბმით ამომრჩეველს კარგავენ. მათ პირიქით თუ ჰგონიათ, ძალიან ცდებიან. მათი ამომრჩეველი ნაციონალებთან და „ოცნებასთან“ ნაწილდება. ამიტომ მათ ხელს რიგგარეშე არჩევნები საერთოდ არ უნდა აძლევდეთ. თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მიხეილ სააკაშვილს ავიღებთ, მისთვის წაუგებელი თამაშია. თუ ენმ პარლამენტში არ შევა, მათთვის არაფერიც არ იცვლება. სამაგიეროდ, მესამე ძალა, როგორც ასეთი ამომრჩეველს საერთოდ დაკარგავს. ეს ხმები კი ნაციონალებზე გადანაწილდება. პატარა პარტიები რატომღაც თვლიან, რომ რადიკალურები იქნებიან ამომრჩეველს შეინარჩუნებენ. არადა ყველაფერი პირიქით არის.

მე ვფიქრობ, რომ დენიელსონის მეორედ ჩამოსვლა ადრე იყო. ცოტა იჩქარეს, რადგანაც მისი წასვლიდან ჩვენთან არაფერი შეცვლილა. წითელი ხაზები ისევ დარჩა და პოზიციები არც ერთ მხარეს არ შეუცვლია. პოლიტიკურ სპექტრს, ზოგადად, დრო სჭირდება იმისთვის, რომ არსებული რეალობა რაღაცნაირად სწორად შეაფასოს, ქვეყნის შიგნით და მის გარეთ რა რესურსი აქვს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. ამიტომ ჯობია, დენიელსონმა ცოტახანს მოიცადოს, დააკვირდეს აქ რა მოვლენები განვითარდება და პოზიციას ვინ როგორ შეიცვლის. ამიტომ სწორი იქნება თუ ის ერთ თვეში ან კიდევ უფრო გვიან ჩამოვა“,-ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, აქ ცხელი თავები ცოტა განელდება და თავიანთ პერსპექტივებს რეალურად შეაფასებენ. ოპოზიცია როდესაც ნახავს, რომ აქ პერმანენტული აქციები წარმოუდგენელია, ამიტომ ფიქრს დაიწყებს ამ ჩიხიდნ როგორ გამოვიდეს. ხელისუფლება კი იმაზე იფიქრებს, რომ დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე ჩვენი მოშლილი ეკონომიკური მდგომარეობა უარეს დღეში ჩავარდება. აი, მაშინ უნდა ჩამოვიდეს დენიელსონი და შეთანხმებისთვის ნიადაგი უკვე მომზადებული იქნება. ძაბირაძეს მიაჩნია, რა დოკუმენტიც დენიელსონმა მაგიდაზე დადო, ეს ყველაზე რეალისტურია და ამაზე შეთანხმება უნდა მოხდეს.

„ჩვენს პარტნიორებს „ოცნების“ მიმართ ფრთხილი პესიმიზმი რაც ჰქონდათ, დროთა განმავლობაში გაუქრათ და გადაიარა. „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას ხელი მოაწერა. კი ბატონო, ეს დაიწყო ჯერ შევარდნაძემ, შემდეგ „ნაციონალებმა“, მაგრამ „ოცნებამ“ საბოლოოდ ხომ ხელი მოაწერა. ამ ხელშეკრულებას, ასე თუ ისე, ასრულებს, ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა გაიზარდა. მათი პრორუსულობა რაში გამოიხატება? თუ იმაზეა საუბარი, რომ ევროპის და ამერიკის რადარებიდან გავქრით, აბა, ეს ხალხი ვინ არის? ასე შეწუხებულები რატომ არიან? ყირიმი საქართველოს ტოლია, მაგრამ იქ მიმდინარე ამბებით ევროპას თავი არ შეუწუხებია. ამიტომ პრორუსულობის თემა აღარ ჭრის და ოპოზიციამ სხვა მიმართულება უნდა აიღოს“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

 

 

Giorgi37 В чем самая главная победа власти, в том что она доказала маргинальность оппозиции. После того как оппозиция отказалась подписывать документ, предложенный представителем Евросоюза, она превратилась для них изгоем. И сколько бы сейчас представители оппозиции не пыжились они вдребезги проиграли войну с властью. Теперь у власти руки полностью развязаны и они устроят оппозиции не очень легкую жизнь.
3 წლის უკან