პარლამენტში უკვე აზარტული თამაშების არათუ შეზღუდვას, არამედ საერთოდ აკრძალვას საკითხს იხილავენ. ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე შესაბამისი პეციტია უკვე შევიდა. მას ხელს აწერენ, როგორც არასამთავრობო, ისე პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები და ითხოვენ, რომ სათამაშო ბიზნესი საქართველოში აიკრძალოს, ან უკიდურესად შეიზღუდოს.
„ეს ეხება როგორც კაზინოებს, ასევე ტოტალიზატორებს, ინტერნეტ-სამორინეებს. საზოგადოების ამ წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ აზარტული დაწესებულებებით დიდი ზიანი ადგება მოქალაქეებს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს და მოზარდებს. ძალიან ბევრი ოჯახი გაუბედურდა. ბევრი შემთხვევაა, როცა სავალალო შედეგის გამო ზოგი თავს იკლავს, ზოგი სახლს ყიდის და ა.შ. ცალკე უნდა ითქვას იმ უარყოფით მორალურ ზიანზე, რომელსაც აზარტული თამაშები ახალგაზრდობას აყენებს.
მთელ რიგ ქვეყნებში სამორინეები აკრძალულია, ხოლო თუ სადმე დაშვებულია, იქ საკუთარ მოქალაქეებს არ უშვებენ და მხოლოდ ტურისტები შედიან. მაგალითად, ასეა გერმანიაში. ის, რომ აღნიშნულ საკითხს მკაცრი რეგულაცია სჭირდება, ცალსახაა. როგორ გაკეთდება, რა გაკეთდება, ამას ჩვენ, როგორც წამყვანი კომიტეტი განვიხილავთ და გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - განაცხადა პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ ტყელამაძემ.
პირადად დეპუტატის პოზიციაა, რომ პარლამენტმა პეტიციის ავტორებს მხარი დაუჭიროს და სათამაშო ბიზნესი საქართველოში მაქსიმალურად შეიზღუდოს.
აღნიშნავია, რომ აზარტული თამაშებზე პარლამენტში განხილვისათვის ერთი საკანონმდებლო ინიციატივა უკვე წარდგენილია. დეპუტატ კობა დავითაშვილის ინიციატივით, პარლამენტი აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვის საკითხზე მსჯელობს. პროექტის თანახმად, აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამირება ადმინისტრაციულ ჯარიმებს გამოიწვევს, რაც თავის მხრივ დაახლოებით 5 ათასიდან 10 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრება.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, აუცილებელია კანონპროექტის განხილვამდე გათვალისწინებული იყოს ის რისკები, რაც, შესაძლოა, მისი მიღების შემთხვევაში დადგეს.
„რა შემოსავლებს იღებს სახელმწიფო, ის მედია-ორგანიზაციები, რომლებიც აზარტული თამაშების რეკლამირებას და მათ გაშუქებას აწარმოებენ, დაზარალდებიან თუ არა ამ აკრძალვის შედეგად ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები და ა.შ. ეს ის საკითხებია, რომლებიც წინასწარ უნდა იყოს გათვლილი“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
კომიტეტის ხელმძღვანელის, ვახტანგ ხმალაძის მოსაზრებით, აუცილებელია დაკონკრეტდეს და შესაბამისი რეგულაციის ქვეშ მოექცეს მხოლოდ აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვაა დაგეგმილი თუ მათი ტელეეთერით გადაცემა, რომელიც არაპირდაპირ რეკლამად ითვლება.
„ასევე მოსაფიქრებელია, უკეთესი ხომ არ იქნება ასეთი სახის რეკლამა აიკრძალოს გარკვეულ საათებში, ისევე როგორც ალკოჰოლური სასმელის რეკლამირება დღის საათებში აკრძალულია. კომიტეტი მხარს უჭერს იდეას, რომ აზარტული თამაშების რეკლამის შეზღუდვა დაწესდეს. ამასთან, ისეთი კანონი უნდა მივიღოთ, რისი აღსრულება და კონტროლიც არ გაგვიჭირდება. მთავარია, აკრძალვის ადმინისტრირება შევძლოთ და გავარკვიოთ, რამდენადაა ეს მისაღწევი ინტერნეტ-სივრცეში“, - განაცხადა ხმალაძემ.
უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ ახალმა ხელისუფლებამ ერთ-ერთ უპირველეს საკითხად სწორედ სათამაშო ბიზნესის შეზღუდვა და სამომავლოდ მთლიანად აკრძალვა დაისახა. ამის მოტივი არის ის, რომ იგი მორალურ, ფსიქიკურ და მატერიალურ ზარალს აყენებს ყველას და ყველაფერს. ასეთ მოსაზრებას ეთანხმებიან სპეციალისტებიც.
„სამწუხაროდ, აზარტული თამაშების ფართოდ გავრცელება დღევანდელ საქართველოში, გარდა დიდი ეკონომიკური ზარალისა, სოციალურადაც არის საშიში იმის გამო, რომ ნარკომანიისა და ალკოჰოლიზმის ანალოგიურად, იწვევს ისეთ ფსიქიკურ მოვლენებს (ძირითადად ახალგაზრდებში), რომელიც უმთავრესად პათოლოგიურ მიჩვევასა და ამ უბედურებაში ჩათრეული ადამიანების ფიზიკურ, ფსიქიკურ და სოციალურ დეგრადაციაში ვლინდება. ამ დაავადებას ფსიქიატრები ცალსახად მძიმე ავადმყოფობად მიიჩნევენ, რომლისგანაც განკურნება გაცილებით ძნელია, ვიდრე ნარკომანიისა და ალკოჰოლიზმისგან.
დღეს კი გადაუდებელ საჭიროებად მიმაჩნია აზარტული თამაშების ყველა სახეობის სერიოზული შეზღუდვა, მსგავსი სახის ყველა დაწესებულების რაოდენობრივი შეზღუდვის შემოღება, აგრეთვე, დედაქალაქიდან და სხვა ქალაქებიდან კაზინოების პერიფერიებში გადატანა, საქართველოს თითო რეგიონში მათი დროებითი განთავსება დაახლოებით ისე, როგორც ეს ამერიკის შეერთებულ შტატებშია.
და რაც მთავარია, სასურველია, საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა დაუყოვნებლივ მიიღონ გადაწყვეტილება აზარტული თამაშების ყველა სახეობის რეკლამის კატეგორიულად აკრძალვის თაობაზე, რადგან ის, რაც ამ მხრივ დღეს ხდება, ნამდვილი უმსგავსობაა“, - ამბობს სოციოლოგიის დოქტორი, პროფესორი ანზორ გაბიანი.