საქართველოს დაშორება

საქართველოს დაშორება

ვაშინგტონის პრობლემური ბავშვი კავკასიაში: აშშ–ს კერძო სადაზვერვო სამსახური თბილისში გავლენის დაკარგვაზე წერს. „პრორუსულმა ძალებმა მნიშვნელოვანი ძალაუფლება მოიპოვეს“.

აშშ–ს კავკასიაში პარტნიორის დაკარგვა ემუქრება. „როგორც ჩანს, ჯერ ძალიან ადრეა საქართველოს ვარდების რევოლუციის, როგორც სრულებით ფუჭი მოვლენის განხილვა. თუმცა ნათელია, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იმედი, რომ ქვეყანა სწრაფად გახდებოდა დასავლური, ძალიან მიამიტური იყო. გასული წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პრორუსულმა ძალებმა მნიშვნელოვანი ძალაუფლება მოიპოვეს. ჯერ მხოლოდ ერთი ათეული წლის წინ ისე ჩანდა, თითქოს რუსეთის წვდომა მისი გეოგრაფიული გავლენის სფეროზე შესუსტდა. ამასობაში ეს ტრენდი შეტრიალდა“. ვაშინგტონისთვის ამ გამაფრთხილებელი სიტყვებით იწყება 18 თებერვლით დათარიღებული აშშ–ს კერძო სადაზვერვო სამსახურის, „ლიგნეტ“–ის მოხსენება ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ვითარების შესახებ. კერძო კონცერნებისათვის მომუშავე ამ სადაზვერვო სამსახურის საკონსულტაციო საბჭოში გენერალი მაიკლ ჰაიდენიც ზის, რომელიც 2006–დან 2009 წლამდე ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შეფი და იქამდე 1999–დან 2005 წლამდე ეროვნული უშიშროების სააგენტოს დირექტორი იყო. „ლიგნეტის“ ანალიზი აშშ–ს 16 სადაზვერვო სამსახურის მრავალი ყოფილი და რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ აქტიური თანამშომლის მიერ არის მომზადებული.

მას შემდეგ რაც 2012 წლის 1 ოქტომბერს ხუთი თუ მეტი პრორუსული პარტიისაგან შემდგარმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ მოულოდნელად მოიგო საპარლამენტო არჩევნები, ქვეყანა სულ უფრო რთულ პოლიტიკურ ვითარებაშია, როდესაც კოალიციის მმართველმა, ახალმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ძალაუფლება უნდა გაინაწილონ. ამის მაგივრად ისინი საკუთარი პოზიციების პოლარიზებას ახდენენ.

გასულ კვირას მაგალითად, თბილისის მერი, სააკაშვილის მარიონეტი გიგი უგულავა პოლიციამ დაკითხვაზე დაიბარა. მას საქართველოს დედაქალაქში ამასწინანდელ ძალადობრივ პოლიტიკურ კონფლიქტში მონაწილეობაში სდებენ ბრალს. მართალია უგულავა ამასობაში ისევ გაათავისუფლეს, მაგრამ ეს ვითარება სააკაშვილისა და მისი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სერიოზულ გამაფრთხილებელ გასროლად აღიქმება. ამის მიზეზი ისიცაა, რომ ბოლო დროს გადარჩეული სააკაშვილის ერთგული მთავრობის რიგებიდან პიროვნებები კორუფციაში ბრალდებების გამო არიან დაკავებული.

ამის საწინააღმდეგოდ სააკაშვილის მხარის ბრალდებები კორუფციაზე ახალი კაბინეტის მთავარი აქტიორების მიმართ გარკვეულწილად ნულს უტოლდება. რადგან მათ გასული წლები უმეტესად ოპოზიციაში გაატარეს და არ ჰქონიათ შესაძლებლობა მოქალაქეთა ხარჯზე პირადად გამდიდრებულიყვნენ. ამასთან მილიარდერი და ფილანტროპი ივანიშვილი ნებისმიერ ეჭვს ზემოთ დგას. მან თავისი ფული რუსეთში ელექტროტექნიკის და კომპუტერების სავაჭრო ქსელის აგებით იშოვა. ამ ხნის განმავლობაში მან თავისი ქონების დიდი ნაწილი იმისთვის დახარჯა, რომ მოშორებით მდებარე, მის მშობლიურ მთიან სოფელში ინფრასტრუქტურა აეგო და ყველა ოჯახი ლამაზი სახლითა და კომფორტაბელური ყოფით გაებედნიერებინა. ამისათვის ივანიშვილი საკუთარი ქვეყნის საზღვრებს გარეთაც პოპულარულია, რაც მას განსაკუთრებით საშიშს ხდის „ლიგნეტის“ ანალიტიკოსებისათვის, რომლებიც საქართველოს აშშ–ს ორბიტაზე დამაგრების გზებზე ფიქრობენ.

დაძაბულობა გაღვივებულია

ქვეყანაში „საგრძნობლად გაზრდილ გაღიზიანებულ განწყობასთან დაკავშირებით“, როგორც ეს მოხსენებაში არის ნათქვამი, „მხოლოდ იმის იმედიღა დარჩა, რომ დაძაბულობა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე შესუსტდება“. წარსულში საკმაოდ ხშირად, თავად აშშ–ს საიდუმლო სამსახურები ზრუნავდნენ ასეთი დაძაბულობების წარმოქმნაზე, როცა საქმე მსოფლიოში მათი ერთ–ერთი „ნაძირალის“ ხელისუფლებაში დამაგრებას ეხებოდა. და ეს კიდევ უფრო აქტუალურია, როდესაც ნატოსა და ევროკავშირის პოტენციური წევრი საქართველო როგორც მოწამლული ეკალი ისე განიხილება „რუსული დათვის რბილ ქვედატანში“. სააკაშვილის ძალაუფლების დაკარგვა მოსკოვის წინააღმდეგ აშშ–ს გეგმებს ჩასლიდა. ამიტომ მათ სურთ გადაარჩინონ ის, რისი გადარჩენაც ჯერ კიდევ შეიძლება.

„ლიგნეტი“ აღიარებს, რომ პრეზიდეტმა სააკაშვილმა თავისი „თავხედური“ ანტირუსული ქმედებით, განსაკუთრებით სამხრეთ ოსეთში 2008 წელს „სამარცხვინო რუსულ–ქართული კონფლიქტის დროს, ქართველი ხალხის უმრაველესობის მხარდაჭერა დაკარგა“. ისევე როგორც უკრაინა, მისი ჩაშლილი „ნარინჯისფერი რევოლუციის“ შემდეგ, საქართველო კვლავ მოსკოვთან დაახლოების გზას ადგას. და თუ სააკაშვილი ისევე გააგრძელებს მოქმედებას, როგორც ამას აქამდე აკეთებდა, მაშინ ის აუცილებლად წააგებს საპრეზიდენტო არჩევნებს ოქტომბერში. ამიტომ ის უფრო მორიდებულად უნდა მოიქცეს და უსწრაფესად გამოაცხადოს ივანიშვილის კოალიციასთან კომპრომისის მზაობა. მხოლოდ ასე „ექნება მას შანსი დარჩეს ხელისუფლებაში“, ასკვნის „ლიგნეტი“. „ყველაფერი დანარჩენი დასავლეთისათვის მხოლოდ ხელიდან გაშვებული ხელსაყრელი შესაძლებლობა იქნება“. როგორც ჩანს, ამიტომ, სწორედ ვაშინგტონის მითითებით დათანხმდა სააკაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლითაც მისი როგორც პრეზიდენტის უფლებები შეიზღუდება.

foreignpress.ge