სააკაშვილისა და კუბლაშვილის ჯიბის მოსამართლეების შესახებ საუბარი ქართულ საზოგადოებაში უცხო არ არის. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კიდევ უფრო კარგად ჩანს, მოსამართლეთა ერთი ნაწილი რა ნიშნის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას. ჯერჯერობით, კანონით მოსამართლეთა სადამსჯელო ღონისძიებების ჩატარება იმდენად არის გამკაცრებული, მარტივად რომ ვთქვათ, თუ ქრთამის აღების ფაქტზე არ დააკავეს, მოსამართლის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება თითქმის შეუძლებელია.
ხელისუფლება საერთო სასამართლოების შესახებ კანონის მიღებას არ ჩქარობს და ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდება, შეგახსენებთ, რომ მოსამართლეთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება ამ კანონის მიღების შემდეგ უკვე გახდება შესაძლებელი. მანამდე კი მოსამართლეთა ერთი ნაწილი სააკაშვილ-კუბლაშვილის დაწესებული იმუნიტეტით წარმატებით სარგებლობს და ის გადაწყვეტილებები გამოაქვს, რაც ყოფილი ხელისუფლებისთვის მისაღებია.
ასეთ საქმეთა სიაში აუცილებლად მოხვდება უგულავას საქმეც, როდესაც მოსამართლე გიორგი არევაძემ აღმკვეთი ღონისძიების გარეშე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა დედაქალაქის მერი. იმის მიუხედავად, რომ მის გარშემო ბევრი დასაბუთებული, უფრო მეტი კი დაუსაბუთებელი ეჭვი არსებობს.
სხვათა შორის, არც თუ დიდი ხნის წინ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იმ მოსამართლეების გვარებიც დაასახელა, რომლებსაც კოტე კუბლაშვილი ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეების განხილვას ავალებს. წულუკიანის თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომელი მოსამართლე უდგას მას ოპოზიციაში.
„მინდა ვკითხო კოტე კუბლაშვილს, რომ 30-მდე საქმე, რომელიც წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ეხებათ, ყოველთვის როგორ ხვდება 4-5 მოსამართლის ხელში? ეს მოსამართლეები არიან გიორგი გოგინაშვილი, გელა ბადრიაშვილი, მერაბ ჯორბენაძე და გიორგი არევაძე. ხანდახან როცა დასჭირდება ხოლმე, კუბლაშვილს ბრძოლის ველზე შემოჰყავს მოსამართლე ნატო ხუჯაძე. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომელი მოსამართლე უდგას მას ოპოზიციაში. მინდა მივმართო ყველა მოსამართლეს, რომ ის რეფორმა, რომელიც ჩაშვებულია, არ კეთდება არც კუბლაშვილისთვის და არც წულუკიანისთვის. ეს კეთდება მათთვის, რომ თვითონ მართონ მართლმსაჯულება და სისტემა გაწმინდონ იმ მოსამართლეებისგან, რომლებიც არცხვენენ მოსამართლის მანტიას“,- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
საზოგადოებისთვის, ალბათ, საინტერესო იქნება ყველა ის საქმე, რაც მოსამართლეთა ამ გუნდს განუხილავს, დროდადრო, შევეცდებით, ეს ინფორმაცია მოგაწოდოთ, ახლა კი საინტერესოდ ჩავთვალეთ მოსამართლე გიორგი არევაძის მიერ განხილული რამდენიმე გახმაურებული საქმისათვის გადაგვეხედა.
გიორგი არევაძემ 2002 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი. 2003-2005 წლებში მუშაობდა რუსთავის საქალაქო სასამართლოში სპეციალისტის და შემდგომ სხდომის მდივნის თანამდებობებზე. 2005-2007 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწედ. 2007-2008 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწედ. 2008 წლიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. 2012 წელს (ივნისიდან ნოემბრამდე) მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა სამტრედიის რაიონულ სასამართლოში.
ჩვენ ამოვარჩიეთ არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ მოსამართლე არევაძის მიერ განხილული რამდენიმე საქმე. მათ თუ შევადარებთ, აშკარაა, რომ მოსამართლე არჩევნებამდე აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას უფარდებს ყველას და პროკურატურის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. რადიკალურად იცვლება სურათი არჩევნების შემდეგ და არევაძე სისხლის სამართლის კოდექსის უმძიმესი მუხლებით ბრალდებულ ყოფილ თუ ნაცმოძრაობის მოქმედ მაღალჩინოსნებს გირაოს სანაცვლოდ, ან გირაოს გარეშე ათავისუფლებს. უპრეცენდენტო გადაწყვეტილებად შეფასდა უგულავას საქმე, როდესაც მოსამართლე არევაძემ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების გარეშე გაათავისუფლა უგულავა, რომელსაც ბრალი სსკ უმძიმესი მუხლებით ედება.
არევაძის სამართალი არჩევნებამდე
2011 წლის დეკემბერში ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა მოსამართლე გიორგი არევაძის მიერ გამოტანილი უკანონო განაჩენი სპეციალურად მოწყობილ პრესკონფერენციაზე გააპროტესტა. როგორც ადვოკატი აცხადებდა, მოსამართლე არევაძემ ყოველგვარი მტკიცებულებებისა და საფუძვლის გარეშე მიიღო უკანონო გადაწყვეტილება, რის თანახმადაც პატიმრობაში მყოფ ზაალ ჟვანიასა და პავლე ბლიაძეს, დამატებით 8,5 წლით პატიმრობა შეეფარდათ.
ნიკოლაიშვილის თქმით, მოსამართლემ ბლიაძეს და ჟვანიას მსჯავრი სასჯელაღსრულების №1 დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის გამო დასდო. კერძოდ, მათ მსჯავრი სახელმწიფო მოხელისათვის ტელეფონის სანაცვლოდ ქრთამის მიცემაში დაედოთ. თუმცა ამის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს. ადვოკატის მტკიცებით, ჟვანიას ქრთამი არავისთვის მიუცია და უკანონოდ არც ერთი ზარი არა აქვს განხორციელებული.
რაც შეეხება პავლე ბლიაძეს, იგი მობილური ტელეფონით სარგებლობას აღიარებს და რამდენიმე ზარიც აქვს განხორციელებული, თუმცა ქრთამის ნაწილში ბრალს არ აღიარებს. როგორც ნიკოლაიშვილი აცხადებს, ტელეფონი მათ რამაზ ჭიკაიძემ შეუტანა, რომელიც 2010 წელს №1 დაწესებულებაში რეჟიმის ნაწილის უფროსად მუშაობდა.
ადვოკატის თქმით, ორივე პირი პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული. სახელმწიფოს ზაალ ჟვანიას მიმართ მილიონობით დავალიანება ჰქონდა, რომელსაც არ უხდიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას არაერთი სასამართლო დავა აქვს მოგებული, მაგრამ იმ მოტივით, რომ ხელისუფლებას ვალი არ გადაეხადა, ის დააპატიმრეს.
რაც შეეხება პავლე ბლიაძეს, იგი რუსეთის არმიის პოდპოლკოვნიკი იყო. ადვოკატის მტკიცებით, ხელისუფლება ცდილობდა ბლიაძეს ჯაშუშობა ეღიარებინა, თუმცა ვერაფერს გახდნენ, ამიტომ იარაღი ჩაუდეს და დააპატიმრეს.
***
2011 წლის გაზაფხულზე ყოფილ პარლამენტარს, ხულიგნობაში ბრალდებულ სანდრო ბრეგაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი არევაძემ წინასწარი დაპატიმრება შეუფარდა. მოსამართლემ დააკმაყოფილა ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურორის, მაია სილაგაძის შუამდგომლობა, აღმკვეთ ღონისძიებად დაპატიმრების შეფარდების თაობაზე. არევაძემ არ გაიზიარა სანდრო ბრეგაძის ადვოკატების მოთხოვნა აღმკვეთ ღონისძიებად გირაოს - 3000 ლარის გამოყენების შესახებ. ადვოკატებმა ის გარემოებები დაასახელეს, რის გამოც მათი აზრით, შესაძლებელი იყო ბრეგაძის მიმართ არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენება.
ბრეგაძის ადვოკატმა განაცხადა, რომ სანდრო ბრეგაძის 17 წლის შვილი პირველი ჯგუფის ინვალიდია. იგი დავრდომილია და მამის გარეშე ვერ ძლებს. მას შემდეგ, რაც სანდრო ბრეგაძე დაკავებულია, გულყრა 34-ჯერ მოუვიდა. ადვოკატის განმარტებით, სანდრო ბრეგაძის დაკავებამ იმოქმედა მის მცირეწლოვან შვილზეც, რომელიც დაკავების დროს მამას მანქანაში ეჯდა. ბავშვს ლოგოპედი სჭირდება, ვინაიდან ენა დაება. იგი მძიმე მდგომარეობაშია. ადვოკატის განმარტებით, ასევე მძიმე მდგომარეობაშია სანდრო ბრეგაძის მამა, რომელიც ლეიკემიითაა დაავადებული. ადვოკატი აღნიშნავს, რომ სანდრო ბრეგაძე ოჯახის ერთადერთი მარჩენალია და სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ასევე იმით, რომ ბრეგაძე აღიარებს დანაშაულს და თანამშრომლობს გამოძიებასთან შესაძლებელი იყო გირაოს შეფარდება.
ყოფილი პარლამენტარი ამბობდა, რომ აღიარებდა დანაშაულს და გამოძიებასთან ითანამშრომლებდა. თუმცა იმასაც აღნიშნავდა, რომ დაკავებისას ოქმი არასწორად იყო შედგენილი და მტკიცებულებებიც გაყალბებული იყო.
გამოძიების ინფორმაციით, საქმე ეხებოდა სს კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით ჩადენილ დანაშაულს, რაც იარაღის გამოყენებით ხულიგნობას გულისხმობს, რომელიც სანდრო ბრეგაძემ „ვისოლის“ ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე ჩაიდინა. ბრეგაძემ გაწყვიტა ბენზინგასამართი სადგურის მილი, რითაც ბენზინს ასხამენ, დააზიანა თავისი ავტომანქანის ფარი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა „ვისოლის“ ოპერატორს გიორგი გალუსტაშვილს.
ადვოკატების ინფორმაციით, ბრეგაძე ბრალს აღიარებდა და საპროცესო გარიგებას ითხოვდა საბოლოოდ, მას პირობითი სასჯელი 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, თუმცა სულ რამდენიმე თვეში, არჩევნების მეორე დღესვე გაათავისუფლეს.
როგორც ბრეგაძე აცხადებდა: „არჩევნების მეორე დღესვე დამირეკეს იუსტიციის სამინისტროს პრობაციის ბიუროდან, მომახსენეს, რომ ის უკანონო სასჯელი, რომელიც დაკისრებული მქონდა პირობითი პატიმრობის სახით, გაუქმებულია. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩემი პატიმრობა თავიდან ბოლომდე პოლიტიკური იყო. როგორ შეიძლებოდა, არჩევნებამდე დამნაშავე ვყოფილიყავი და როგორც კი არჩევნების შედეგები დაიდო, უდანაშაულოდ მცნეს“.
***
2010 წლის აგვისტოში ასევე მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, ელიტ-ელექტრონიქსის ყოფილი მმართველსა და დამფუძნებლს ანზორ ქოქოლაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ანზორ ქოქოლაძე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად მითვისების ბრალდებით დააკავეს, თუმცა ეს თანხები სიახლოვესაც ვერ მივა იმ თანხებთან რასაც პროკურატურა დედაქალაქის მერს ედავება.
***
2010 წლის მაისში ტელეკომპანია „კავკასიის“ ინციდენტის დროს დაკავებულ 7 პირს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარე დაკავებულების თავდებით გათავისუფლებაზე შუამდგომლობდა, რაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა. დაკავებულებს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აქვს წაყენებული ბრალდება, ერთ-ერთი ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლაა, მეორე კი ხულიგნობა.
***
2012 წლის აპრილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საინიციატივო ჯგუფის წევრ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრს თამაზ თამაზაშვილს თავისუფლების 3 წლითა და 6 თვით აღკვეთა შეეფარდა.
როგორც მოსამართლე გიორგი არევაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაჩენის გამოტანისას განაცხადა, თამაზ თამაზაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის I და II ნაწილის საფუძველზე შეფარდა, რაც განაჩენთა საბოლოო შეკრების საფუძველზე თავისუფლების 3 წლითა და 6 თვით აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ თამაზაშვილი იარაღის უკანონო ტარებისთვის დააპატიმრეს, თუმცა მას იარაღის ტარება-შენახვის უფლება გააჩნდა.
***
2009 წლის ოქტომბერში მკლავჭიდში ევროპის ორგზის ჩემპიონს ზაურ ცხადაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ, გიორგი არევაძემ დააკმაყოფილა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის შუამდგომლობა პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით და არ გაიზიარა დაცვის მხარის მოთხოვნა გირაოს 30 ათასი ლარის შეფარდების თაობაზე.
პროკურატურა შუამდგომლობაში ასაბუთებდა, რომ ბრალდებულის თავისუფლებაში ყოფნა ხელს შეუშლიდა გამოძიებას. ცხადაძე ზეწოლას მოახდენდა მოწმეებზე. დაცვის მხარის მტკიცებით კი, ცხადაძე თავს დამნაშავედ სრულად ცნობდა. აქედან გამომდინარე, გამორიცხული იყო მოწმეებზე ზეწოლა.
ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული იყო ავად. მას შაქრიანი დიაბეტი და გულის დაავადებები ჰქონდა. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილი იყო, მისი მტკიცებით, გირაოს შეფარდება, თუმცა ამ შუამდგომლობის გაზიარება არ მოხდა.
როგორც პროკურორებმა განაცხადეს, ზაურ ცხადაძე არის ბრალდებული თაღლითობაში. კერძოდ მან დანაშაულებრივი გზით 2009 წლი აგვისტო-სექტემბერში, თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი, რომლის ღირებულებაც შეადგენს 551 ათას ლარს, თაღლითური გზით მიითვისა 87 ათას ლარად. ის გაურიგდა თბილისის მერიის თანამშრომლებს და ამ გზით ჩაიგდო ხელში იაფად ქონება. ამ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული იყო რამდენიმე პირი.
***
2009 წლის მაისში მუხროვანის ინციდენტთან დაკავშირებით ძებნილ კობა ოთანაძის ძმას, ნუგზარ ოთანაძეს აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურის მოთხოვნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ დააკმაყოფილა.
როგორც ოთანაძის ადვოკატი ონისე მებონია აცხადებდა, სამართალდამცველები მისი დაცვის ქვეშ მყოფისგან ძმის შესახებ ინფორმაციას ითხოვენ. ადვოკატი ამბობდა, რომ გარეგანი დათვალიერების შემდეგ, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს მრავლობითი დაბეჟილობები და სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა. ნუგზარ ოთანაძის დაკავების მომენტში მისი ძმა კობა ოთანაძე მუხროვანის ამბოხთან დაკავშირებით გია კრიალაშვილთან და ლევან ამირიძესთან ერთად იძებნებოდა.
***
2009 წლის მარტში ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრებად დასახელებულ ნარსიას, ცერცვაძეს, როინ ბუღაშვილსა და ბიწაძის მძღოლად დასახელებულ შენგელიას, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მოსამართლე გიორგი არევაძემ შეუფარდა. მეამბოხე-ტერორისტებად შერაცხულებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მათ ბრალი დაედოთ სისხლის სამართლის კოდექსის ყველაზე მსუბუქი მუხლით – იარაღის შეძენა-შენახვა (236-ე მუხლის პირველი ნაწილით), ესაა მუხლი, რომელიც ნაკლებად მძიმე კატეგორიას მიეკუთვნება, მაგრამ ამის მიუხედავად, სასამართლომ გირაოთი არცერთი არ გაუშვა. ბიწაძის მძღოლს, მამუკა შენგელიას, რომელიც არც ნარკომანი არ არც ნარკოტიკების გამსაღებელი არ იყო, იარაღის გარდა, ბრალი დაედო ნარკოტიკების შეძენა-შენახვაშიც (სსკ 260-ე მუხლის მეორე ნაწილით). შეგახსენებთ, რომ ბურჯანაძის პარტიის საქმის ორ პატიმარს, მალხაზ გველუკაშვილსა და ლაშა ჩხენკელს ბრალი სახელმწიფო შეთქმულებისა და ტერორიზმის მომზადებაში ედებოდათ.
***
2011 წლის 25 მაისს ყინწვისის სამონასტრო კომპლექსთან 23-კაციანი ჯგუფი დააკავეს. მათ ბრალი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ედებოდათ. 2013 წლის 13 იანვარს პოლიტპატიმრებმა ციხე ამნისტიის შედეგად დატოვეს. გათავისუფლებული პოლიტპატიმარი ზურაბ გელაშვილი იმ ადამიანების გვარებს ასახელებს, ვინც მისი თქმით, ყინწვისის საქმე შეკერა. გელაშვილმა მოსამართლე გიორგი არევაძის, პროკურორების დავით ხიზანეიშვილისა და პროკოფი ჭანკოტაძის, ასევე თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკის ივერი სუბელიანისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ოლეგ ფაცაციას ბრალეულობაზე სდაუბრობს.
მისი თქმით, ყინწვისის საქმეზე დაკავებულებს აღიარებითი ჩვენებები ძალადობითა და მუქარით დააწერინეს. როგორც გელაშვილმა აღნიშნა, ამ საქმეზე ბრალდებულებმა ერთმანეთი ახლა გაიცნეს. გელაშვილის ადვოკატის ჯუმბერ მილორავას განცხადებით, ზეწოლა მათი ოჯახის წევრებზეც ხდებოდა.
არევაძის მოულოდნელი ჰუმანურობა არჩევნების შემდეგ
არჩევნების შემდეგ ხელისუფლებამ ცალსახად გამოხატა სასამართლოს მიმართ დამოკიდებულება და განაცხადა, რომ მოსამართლეები პროკურატურის ზეწოლისგან თავისუფლდებოდნენ. როგორც ჩანს, დეკლარირება საკმარისი არ აღმოჩნდა მოსამართლეთა კორპუსისათვის და მოსამართლეთა ერთი ნაწილი, მათ შორის, გიორგი არევაძე დაუჯერებლად ლოიალურია იმ საქმეებში, რომელიც ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ეხება. მართალია, არევაძის ლოიალურობის პიკად, ჯერჯერობით უგულავას უპირობო გათავისუფლება ითვლება, მაგრამ არანაკლები ჰუმანურობა იკვეთება არევაძის მიერ განხილულ სხვა საქმეებშიც.
***
2012 წლის დეკემბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულებს ალექსანდრე ხეთაგურს, ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიას, გიორგი ნემსიწვერიძესა და დევი კანდელაკს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის ნაცვლად, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, გირაო, შეუფარდა. 19 დეკემბერს დაკავებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალი წაუყენეს ცრუმეწარმეობაზე, დოკუმენტაციის გამოყენება-გაყალბებასა და დიდი ოდენობის ქრთამის აღების მცდელობაზე. დანაშაული 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში შეკრებილი ადამიანები მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც, ექვს ადამიანს მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის სანაცვლოდ, საგადასახადო დოკუმენტების გაყალბებასა და ფიქტიური ფირმის დაარსებაში ბრალდებულს, აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა. ბრალდების პოზიციით, დაკავებულებს წაყენებული აქვთ მძიმე ბრალდება და სასჯელის თავიდან აცილების მიზნით, შესაძლოა, თავი აარიდონ გამოძიებას. გარდა ამისა, გავლენა მოახდინონ მოწმეებზე, გაანადგურონ დოკუმენტაცია.
***
მოსამართლე გიორგი არევაძემ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის სამ პირს აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდათ გირაო 20 000 ლარის ოდენობით. მიუხედავად ბრალდების მხარის კანონიერი თხოვნისა და სასამართლოს დაპირებისა, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ, ბრალდების მხარეს არ გადაეცა სრული განჩინება. ბრალდების მხარე იძულებული შეიქმნა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ვადის ამოწურვამდე ორი საათით ადრე, შეეტანა სააპელაციო საჩივარი ისე, რომ მას არ ჰქონდა გადაცემული განჩინებისა და სასამართლო სხდომის ასლები და მისთვის უცნობი იყო თუ რა დებულებები დაედო საფუძვლად სასამართლოს გადაწყვეტილებას.
საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები სექსუალურ უმცირესობას მიკუთვნებულ მამაკაცებზე, ფარულად და უკანონოდ იღებდნენ მათი პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალას, რის შემდეგაც, კომპრომეტაციის მუქარით, აშანტაჟებდნენ მათ და სპეციალურ სამსახურებთან ფარულ თანამშრომლობას აიძულებდნენ. უკანონოდ გადმობირებული კონფიდენტები, თავის მხრივ, ურთიერთობას ამყარებდნენ სექსუალურ უმცირესობას მიკუთვნებულ საზოგადოებისათვის ცნობად მამაკაცებთან ისე, რომ ამ უკანასკნელებმა არ იცოდნენ კონსპირაციის შესახებ. კონფიდენტებს მიჰყავდათ ისინი სახელმწიფოს ოპერატიული სახსრებით დაქირავებულ ბინებში, რომლებიც წინასწარ იყო აღჭურვილი უკანონო ფარული სათვალთავლო აუდიო-ვიდეო აპარატურით.
პროკურატურის ცნობით: ამ დროისათვის დადგენილია სამი ასეთი ბინა. აღნიშნულ ბინებში სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსნების მიერ იძულებით გადმობირებული კონფიდენტები ამყარებდნენ სექსუალურ კავშირს წინასწარ შერჩეულ პირებთან, რის შემდეგაც ფარული ჩანაწერები გადაეცემოდა უშუალოდ მეგის ქარდავას. მოგვიანებით, იმ მიზნით, რომ არ მომხდარიყო გადაღებული ვიდეომასალის გასაჯაროება, ფაქტიური შანტაჟის პირობებში, კონსპირაციის მსხვერპლი მამაკაცი თანხმდებოდა იმაზე, რომ გამოემჟღავნებინა თავისი ლოიალური დამოკიდებულება არსებული პოლიტიკური რეჟიმის მიმართ და მონაწილეობა მიეღო ყოფილი ხელისუფლების პოპულარიზაციის მიზნით მოწყობილ სხვადასხვა ღონისძიებებში. გარდა ამისა, მაკომპრომეტირებელი მასალის გამოყენება ხდებოდა ფულის გამოძალვის მიზნითაც.
***
არჩევნებამდე მომხდარი საქმეების უმეტესობის პოლიტიკურ მოტივებსაც რომ თავი დავანებოთ, აშკარაა, რომ დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, მოსამართლეს შეეძლო, ზოგიერთ შემთხვევაში მაინც, აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა არ გამოეყენებინა, თუმცა არა მხოლოდ არევაძის, არამედ სხვა მოსამართლეთა საქმეებშიც პროკურატურის მოთხოვნა ყველა შემთხვევაში კმაყოფილდებოდა. დღეს სასამართლო ცდილობს პროკურატურის მუშაობა დააკნინოს, შესაბამისად, საზოგადოების აღშფოთება გამოიწვიოს. როგორც ჩანს, ყოფილი ხელისუფლება ფიქრობს, რომ გაბრაზებული ხალხის რისხვა ახალ ხელისუფლებას დაატყდება თავს. თუმცა არ არის გამორიცხული თუკი ახალი ხელისუფლება გამბედაობასა და პრინციპულობას გამოამჟღავნებს, ნაციონალები თავისსავე დაგებულ მახეში გაებნენ. რაც შეეხება საზოგადოებას, შესაძლოა, ის მართლაც გაბრაზებული იყოს, მაგრამ ჯერ კიდევ აქვს რწმენა, რომ ყველა დამნაშავე დაიჯება, მათ შორის ის მოსამართლეებიც, რომლებიც ძალიან ბევრი უკანონო გადაწყვეტილების შემსრულებლები არიან.