სახელმწიფო დაცვის სამსახურის გარშემო სპეკულაციები არ სრულდება. ქვეყნის პირველი პირი დაცვის სამსახურით სარგებლობაზე მთლიანად უარს ამბობს. პრეზიდენტის პრესსპიკერის, მანანა მანჯგალაძის მტკიცებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის პირველმა პირმა მას შემდეგ მიიღო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი თემურ ჯანაშია ერთპიროვნულად გაათავისუფლა და დაცვით სარგებლობის სანაცვლოდ, პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებებზე დათანხმება მოსთხოვა.
„საქართველოს პრეზიდენტი მადლობას უხდის სახელმწიფო დაცვის ყველა თანამშრომელს, ვინც ამ პერიოდის განმავლობაში პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას“, - დასძენს მანჯგალაძე.
ამ დრომდე, გაურკვეველი რჩება პირად დაცვაზე უარს პრეზიდენტი ამბობს, თუ პირიქით, მის დაცვაზე უარს დაცვის თანამშრომლები აცხადებენ, რადგან ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, for.ge-ს სანდო წყარომ ინფორმაცია მიაწოდა ინფორმაცია (http://www.for.ge/view.php?for_id=20915&cat=2), რომ საქართველოს პრეზიდენტის პირად დაცვაზე სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლები და სპეცნაზის წარმომადგენლები უარს ამბობდნენ, რის გამოც, მიხეილ სააკაშვილს მათი ჩანაცვლება იმ პირებით სურდა, რომელთაც კუდი-სა და სოდი-ს დეპარტამენტები ხელისუფლებაში ახალი ძალის მოსვლის შემდეგ, დატოვეს თუ დაატოვებინეს.
სახელმწიფო დაცვის სამსახური სპეკულაციების საგანი ისევ რატომ გახდა? For.ge საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონის ინიციატორს, ირინე იმერლიშვილს ესაუბრა:
დაცვის სამსახური მთავრობის დაქვემდებარებაში გადავიდა. პრეზიდენტი პირად დაცვაზე კი უარს ამბობს, თუმცა, რა იგულისხმება უარის თქმაში - მიხეილ სააკაშვილი დაცვის გარეშე ივლის?
- იმედი მაქვს, რომ ეს განცხადება პრეზიდენტმა ცხელ გულზე გააკეთა, რადგან ის დაცვის გარეშე ვერ ივლის და სახელმწიფოს აუცილებელი პირობაა, რომ ქვეყნის პირველმა პირმა დაცვით იაროს. პრეზიდენტის დაცვა საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილია. პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონით, სახელმწიფო დაცვის სამსახური მთავრობის დაქვემდებარებაში გადავიდა, მაგრამ ცხადია, რომ ეს სამსახური პრეზიდენტსა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებსაც მოემსახურებოდა. ამას გარდა, ინიციატივის განხილვისას, კანონში ჩანაწერის გაკეთება გვინოდა, რომ პრეზიდენტის თანხმობის გარეშე, სამსახურის ხელმძღვანელი პოსტზე არ დაინიშნებოდა, მაგრამ ამაზეც უარი თქვეს და კითხვის ნიშნები რომ არ ყოფილიყო, იმაზე გავედით, რომ ამ სამსახურის გაყოფაზე დავთანხმდით.
პრეზიდენტისა და მთავრობის კომპეტენციების გამიჯვნის მიზნით, სპეციალური კომისია შეიქმნა. რა გადაწყვეტილება მიიღო კომისიამ?
- მთავრობის განკარგულებით კომისია შეიქმნა, რომელიც აღნიშნული სამსახურის გამიჯვნაზე მუშაობდა. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურისგან დამოუკიდებლად, პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახური უნდა ჩამოყალიბდეს, რომელიც უშუალოდ პრეზიდენტს დაექვემდებარება და მისი და მისი ოჯახის წევრების დაცვას უზრუნველყოფს. შესაბამისად, კომისიამ პრეზიდენტს პირად დაცვაში 350 კაცი და 7 მლნ ლარი შესთავაზა, თუმცა, როგორც ჩანს, მათ ეს რაოდენობა და თანხმა არ მოეწონათ. უმცირესობას პოზა უჭირავს, რომ არიან დაჩაგრულები, პოლიტიკურად დევნილები, ზეწოლის ქვეშ და ა.შ. მაგრამ, რეალურად, ქვეყნის პირველი პირი დაცვით უზრუნველყოფილია და მას იმაზე მეტი დაცვა ჰყავს, ვიდრე წამყვანი ქვეყნების - დანიის, ბელიგიისა და შვედეთის ლიდერებს. ამ ქვეყნის პრეზიდენტებს 150 კაცი ემსახურება, ხოლო ესტონეთის პრეზიდენტს 57 კაცი, სააკაშვილს კი, 350 კაცი შევთავაზეთ. ამას გარდა, პრეზიდენტის ოჯახის წევრები - მეუღლე, შვილები და დედა დაცვით არიან უზრუნველყოფილნი, თუმცა, კანონის თანახმად, დედას დაცვა არ ეკუთვნის, მაგრამ პრეტენზიები არ გვქონდა.
ანუ, ბიუჯეტზე ვერ შეთანმხდით?
- ხალხის რაოდენობასა და ბიუჯეტზე, თუმცა, პრეზიდენტს 350 კაცი ეცოტავა, მისი ხელმძღვანელი უცნაურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ვინაიდან, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ აგრესია არის გაზრდილი, დაცვის სამსახურს 7 მლნ ლარიანი ბიუჯეტი არ ეყოფაო, რაც სასაცილო განაცხადია და საკუთარ თავს უხერხულ სიტუაციაში იგდებენ, რადგან ხალხის აგრესიის გაზრდის მოტივით, ფულის მომატება ისევ ხალხის ბიუჯეტიდან სურთ, რაც არალოგიკურია.
ამ კომისიის მუშაობის პროცესში, საკუთარი ხედვა ამ უწყების ყოფილ ხელმძღვანელს, თემურ ჯანაშიას უნდა წარედგინა. როგორი იყო მისი ხედვა?
- მისი ხედვა დაახლოებით ამ სამსახურის შუაზე გაყოფა იყო და სამწუხაროდ, ნაციონალებს სახელმწიფო დაცვის სამსახური პრეზიდენტის პირად დაცვის სამსახურად ჰქონდათ გადაქცეული. იცით, რომ პრემიერის გადაადგილდება სამი-ოთხი ავტომობილით ხდება, ხოლო სააკაშვილის დედაქალაქში გადაადგილების გამო, ქუჩები იკეტება. მას ემსახურება ესკორტი, სადაც რამდენი ავტომობილი შედის არ ვიცი. ამას გარდა, ესკორტში მხოლოდ კვების ოთხი ექიმი და რეამინოტოლოგი ჰყავთ. იმაზე აღარ ვსაუბრობს, დაცვაში სპეცნაზის რამდენი წევრია და რამდენი სნაიპერი, რომლებიც ყველა სახურავზე არიან, სადაც სააკაშვილი მიდის.
პრეზიდენტის პრეს-სპიკერი აცხადებს, რომ სააკაშვილს დაცვის სამსახურის ნაცვლად, საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას სთხოვდით...
- ტყუილია, რადგან დაცვის სამსახური საკონსტიტუციო ცვლილებებთან კავშირში არ არის. „სახელმწიფო დაცვის სამსახურის შესახებ“ კანონი უკვე მიღებული იყო, როდესაც კონსტიტუციური ცვლილებების ინიცირება მოხდა.
პარლამენტში ცვლილებების განხილვისას ითქვა, რომ პრეზიდენტის გადაადგილება 50 ათასი ლარი ჯდება. სააკაშვილის ერთი დღის დაცვა, ბიუჯეტს რა უჯდება?
- პარლამენტის თავმჯდომარის სტენოგრმას თუ ნახავთ, გაიგებთ, რომ მისი გადაადგილება ბიუჯეტს მართლაც 50 ათასი ლარი უჯდება.
სახელმწიფო დაცვის სამსახურის გარშემო სპეკულაციები არ ცხრება. For.ge-სთან საუბარში, უმრავლესობის წევრები აცხადებდნენ, რომ დაცვის სამსახურის სანაცვლოდ, პრეზიდენტმა პარლამენტს ელჩების კანდიდატურები წარუდგინა.
- რაღაც დონის მოლაპარაკებები იყო, რაც იმითაც დასტურდება, რომ პრეზიდენტს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ არცერთ ელჩზე ამ დრომდე ხელი არ მოუწერია.
ანუ, სპეკულაციები გრძელდება და პრეზიდენტი ელჩების სხვადასხვა ქვეყანაში მივლენას ხელს არ აწერს?
- დიახ. ყველა ელჩზე, რომელიც გაგზავნილი გვყავს, ხელმოწერაა დარჩენილი.
შეიძლება, რომ ხელი არ მოაწეროს?
- არ ვიცი, წესით უნდა მოაწეროს, მაგრამ ფაქტია, რომ ჯერ რეაქცია არ აქვს.