"რუსეთმა ფინეთიც დააბრუნა და ყირიმიც დათმო"

„მითხარით თუნდაც ერთი შემთხვევა, როდესაც რუსეთმა ვინმეს რამე დაუბრუნა? მე 50- ჯერ მაინც დავუსვი პუტინს შეკითხვა, შესაძლებელი იყო თუ არა რამის სანაცვლოდ მომხდარიყო დეოკუპაცია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის და მისი პასუხი ყოველთვის იყო - არა!“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი სერგეი ლავროვის იმ განცხადების საპასუხოდ, რომლის თანახმადაც, რუსეთი მზადაა, საქართველოსთან ითანამშრომლოს, მხოლოდ არა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სანაცვლოდ.

სააკაშვილი იმასაც იხსენებს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნების შესახებ შეკითხვა 2008 წლის თებერვალშიც დაუსვა პუტინს. კერძოდ, სააკაშვილმა შესთავაზა პუტინს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ, საქართველო ნატოში ინტეგრაციაზე უარს იტყოდა, რაზეც რუსეთის პრეზიდენტმა უპასუხა, ჩვენ არ ვცვლით თქვენს ტერიტორიებს თქვენს გეოპოლიტიკურ ორიენტაციაზეო.

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ომამდე საქართველოსთან შეთანხმების შესაძლებლობა არსებობდა, თუმცა ის სააკაშვილის მიერ იქნა ტორპედირებული, ამიტომ რუსეთისთვის 2008 წელს სხვა არჩევანი არ არსებობდა.

მისივე თქმით, ამჟამად საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობები მყარდება, თუმცა პრობლემა „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩვენი ძმების ღალატის ფასად არ მოგვარდება“.

For.ge დაინტერესდა, არსებობდა თუ არა ისტორიაში იმის მაგალითი, რომ რუსეთს ტერიტორიები დაეთმო.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე იხსენებს, რომ რევოლუციის შემდეგ ლენინმა ფინელებს დამოუკიდებლობა მისცა, მანამდე კი ფინეთი რუსეთის შემადგენლობაში შედიოდა. თუმცა ლენინმა ამასთან დაკავშირებით საინტერესო რამ განაცხადა: „ძალიან სამწუხაროა, ფინეთის ვირისთავა პრემიერს („ასლინნაია გალავა“) ამ ტერიტორიას რომ ვაძლევთ, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს“-ო. ამდენად, ეს იძულებითი ნაბიჯი იყო.

პოლიტოლოგს, ასევე, საინტერესოდ ეჩვენება, ელცინის დროის მინისტრ გრაჩოვის განცხადება, რომელიც ამბობდა, მე, როგორც რუს ადამიანს, გული სისხლით მევსება, მაგრამ დღეს სხვა გზა არ გვაქვსო. უფრო მეტიც, სოსო ცინცაძის აზრით, კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს, რომ კეთილი ნებით, კეთილშობილებით ვინმესთვის რამე დაებრუნებინოთ, გარდა პრაგმატული მოსაზრებისა. თვით ჯენტლმენ ინგლისელებსაც კი აფრიკის კოლონიები კეთილი ნებით არ დაუბრუნებიათ, უბრალოდ, აღარ სჭირდებოდათ, რადგან იმ დროს მოხდა სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუცია, სინთეტიკამ შეცვალა ნედლეული. იგივე ბელგია მთელ ევროპას კვებავდა და აღარ სჭირდებოდა აფრიკიდან ჩამოტანილი სურსათი, რაც ბევრად ძვირი უჯდებოდა.

სოსო ცინცაძის მოსაზრებით, ინგლისს ინდოეთისთვის რომ არ მიეცა დამოუკიდებლობა, 400 მილიონიანი ინდოეთი აუჯანყდებოდა და ამას ინგლისი ვერ გასწვდებოდა, თანაც, მეორე მსოფლიო ომის პერიოდი იყო.

„ასე რომ, თუ ვინმე თავისუფლდებოდა, ამის უკან იდგა ან პრაგმატიზმი, ან იძულება, ან დიპლომატიური ზეწოლა. მაგალითად, რუზველტის ამერიკა ბრიტანეთის კოლონიური იმპერიის შენარჩუნების კატეგორიული წინააღმდეგი იყო და თვითონაც, თავის მხრივ, ფილიპინები გაათავისუფლა. თუმცა კი გაათავისუფლა, მაგრამ რაც უნდოდა, ის მიიღო - სამხედრო ბაზის ნაწილი დღესაც იქ არის დარჩენილი. რაც შეეხება რუსეთს, აქ სხვა მომენტია. მაპატიეთ, მაგრამ რუსეთს დასავლეთის აზრები სულ ფეხებზე ჰკიდია“, - აცხადებს პოლიტოლოგი.

ამასთან, ცინცაძეს უახლოესი ისტორიის ერთადერთი შემთხვევა ახსენდება, როდესაც ელცინი იძულებული გახდა, ჯარები გაეყვანა. გაცოფებულმა ელცინმა მაშინ სტამბოლში მოაწერა ხელი ჯარების გაყვანას, მიატოვა ეუთოს სამიტი და წამოვიდა. თანაც, მანამდე თქვა, თქვენ არ გაქვთ უფლება, აკრიტიკოთ რუსეთიო, თუმცა ხელი მაინც მოაწერინეს.

„მაშინ კლინტონი იყო იქ და სხვები და აიძულეს ელცინი, ეს გაეკეთებინა. ეს მოხდა 1999 წელს. მოგვიანებით ეს სააკაშვილმა და სალომე ზურაბიშვილმა მიითვისეს, მე გავაყვანინე ჯარებიო. როცა რუსეთი ძლიერია, ის არაფერს არ თმობს. ამიტომაც დიპლომატია არ შეიძლება, აგებული იყოს ვიღაცის ჩუქებაზე, ვიღაცის კეთილ ნებაზე. დიპლომატია ვაჭრობაა. ვინც ვაჭრობა იცის, ის იაფად ყიდულობს საქონელს“.

რაც შეეხება დეოკუპაცია, მიუხედავად იმისა, რომ ზურაბ აბაშიძესთან უკვე წლებია მეგობრობს, სოსო ცინცაძეს არ აქვს ინფორმაცია, კარასინთან რის შესახებ მიმდინარეობს ვაჭრობა. როგორც ამბობს, ამას ზურაბ აბაშიძეს არც ეკითხება, რადგან იცის, რომ მას უფლება არ აქვს უთხრას, სინამდვილეში, რა ხდება.

თუმცა სოსო ცინცაძეს აეჭვებს პუტინის მიერ სულ ახლახანს ხელმოწერილი საგარეო პოლიტიკურ დოქტრინა, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ რუსეთი არც აპირებს და არც ფიქრობს დეოკუპაციას. მეტიც, კონცეფციაში პირდაპირ წერია, რომ ყოველმხრივ, ხელს შეუწყობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის გაძლიერებას. მით უფრო, ოსები უკვე ითხოვენ რუსეთთან მიერთებას, ვითომ ხელოვნურად გაყოფილი ხალხების გაერთიანების „სამართლიანი“ მოთხოვნის საფუძველზე.

„თუკი გერმანია გაერთიანდა, კორეაში მიდის მოლაპარაკება, ვიეტნამი გაერთიანდა, ოსებიც ამბობენ, ჩვენ ხელოვნურად ვართ გაყოფილი და ოდესღაც მთლიანი ოსეთი იყოო, თუმცა ეს არც არასდროს არ ყოფილა, მაგრამ ეს სულ არ აინტერესებთ ევროპელებს და ამერიკელებს“, - აცხადებს პოლიტოლოგი.

რაც შეეხება პუტინთან დეოკუპაციის შესახებ მსჯელობას, სოსო ცინცაძეს მოსკოველი მეგობრებისგან აქვს ინფორმაცია, რომ პირველი შეხვედრის შემდეგ სააკაშვილმა მართლაც უთხრა პუტინს, ჩვენ ყველაფრის შესახებ შეგვიძლია ვისაუბროთ, გარდა ტერიტორიული საკითხების დათმობის. რამდენად მართალია ეს, არ იცის, თუმცა რუსების ვერსიით, სააკაშვილი თითქოს, მზად იყო, უარი ეთქვა ნატოზე, ოღონდ პუტინს მიეცა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნების გარანტია. მაგრამ პუტინმა მას დადებითი პასუხი არ გასცა, არც უარი უთხრა. ამის შემდეგ სააკაშვილი თბილისში რომ ჩამოვიდა, ამერიკელებმა თურმე ერთი ამბავი აუტეხეს, ეს რა თქვიო. იმ დროს კი პუტინმა თქვა, ჩვენ გადაგვაგდესო.

სოსო ცინცაძე დარწმუნებულია, ნატოზე უარი რომც გვეთქვა, მაინც არაფერს დაგვიბრუნებდა რუსეთი. უფრო მეტიც, ჟირინოვსკიც რომ გამხდარიყო საქართველოს პრეზიდენტი, რუსეთი მაინც არ დაგვიბრუნებდა სოხუმს და აფხაზეთს კეთილი ნებით, რადგან ასეთ ბერკეტს ის არ დათმობდა.

უბრალოდ, პოლიტოლოგის თქმით, დიპლომატიაში შეცდომები დასჯადია, ეს არ არის სკოლის გაკვეთილი, შეცდომების გასწორება რომ ხდება მეორე დღეს.

„ჩვენ სულელურად მოვიქეცით 90-იან წლებში, ასევე, - 2008 წელს და დავისაჯეთ კიდეც. ახლანდელი გადასახედიდან, 90-იან წლებს რომ ვუყურებ, ყველაზე დიდი მტერი საქართველოსთვის კიტოვანი და ის ხალხია, ვინც მაშინ შევარდა აფხაზეთში, რადგან იმ დროს ჩვენ დავკარგეთ ჩვენი მთავარი ძალა - მოსახლეობა. დღეს რომ 400 ათასი ქართველი ცხოვრობდეს აფხაზეთში, ყველა არჩევნებში ნებისმიერ თანამდებობაზე ქართველი გავიდოდა. დღეს კი გვინდა, რომ აღდგეს სამართლიანობა. რომელი სამართლიანობა?! აქ მსოფლიო პოლიტიკაა, გავლენებზე ბრძოლაა“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.  

პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის ნათქვამი, თითქოს, მან 50-ჯერ მაინც უთხრა პუტინს დეოკუპაციის შესახებ, ტყუილია, რადგან სააკაშვილი პუტინს სულ 2-3-ჯერ შეხვედრია და მეტი შეხვედრა მათ არ ჰქონიათ. არც სატელეფონო ზარები არ ყოფილა მასსა და პუტინს შორის. ამდენად, ექსპერტის აზრით, ეს თავიდან ბოლომდე ტყუილია და არავითარი ტერიტორიების დაბრუნების საკითხი არ დაუსვამს სააკაშვილს.

ხოლო, რაც თქვა პუტინმა, ეს საყოველთაოდ ცნობილია, რომ მე არ ვარ მამა ღმერთი, ვიღაცას ვუბრაძანო, რომ შენ დღეს იცხოვრე საქართველოსთან ერთად, ეს გადასაწყვეტია თქვენს შორის, ქართველებმა უნდა გადაწყვიტოთ აფხაზებთან და ოსებთან ერთად, გინდათ თუ არა ერთად ცხოვრება. უფრო მეტიც, რუსეთი არ არის საბჭოთა კავშირი, ყოფილ ავტონომიებს დააძალოს, თქვენ აუცილებლად ერთად უნდა იცხოვროთო.

რაც შეეხება 2008 წლის ომს, ჰამლეტ ჭიპაშვილის თქმით, ფაქტობრივად, ჩვენ დაუკარგავი ტერიტორიები დავკარგეთ და ის ტერიტორიები დაკარგული არასდროს ყოფილა. უბრალოდ, იქ არ ვრცელდებოდა ჩვენი კანონმდებლობა და შეიძლებოდა, გაგრძელებულიყო მოლაპარაკება. თუმცა, ქართული მხარე ძალიან დიდ ინდეფერენტულობას, დაუინტერესებლობას იჩენდა საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით და ის მოლაპარაკებები, რომლებიც მიმდინარეობდა აფხაზებსა და ოსებთან, ძალიან არასერიოზულ დონეზე იყო. ასე რომ, პოლიტოლოგი ამაში შევარდნაძის ხელისუფლების დანაშაულს ხედავს.

„როდესაც დაიწყო ე.წ. „შლაინინგის პროცესი“, რომელშიც მეც ვიღებდი მონაწილეობას, მაშინ გამოიკვეთა მთელი რიგი საკითხები, რომლებზეც შეიძლებოდა აფხაზებთან მოლაპარაკება, თუმცა ესეც შევარდნაძის ხელისუფლების დროს იყო და ამას წერტილი დაესვა 2003 წლის რევოლუციის შემდეგ“, - განმარტავს პოლიტოლოგი.

რაც შეეხება, რუსეთმა გადასცა თუ არა სხვებს ტერიტორიები, ჰამლეტ ჭიპაშვილს ახსენდება, რომ საბჭოთა კავშირის დროს რუსეთის მეფეების დასასვენებელი ადგილი - ყირიმი ხრუშჩოვმა საჩუქრად, არაფრის სანაცვლოდ, უბოძა უკრაინას. ეს იყო უზარმაზარი ტერიტორია, თავისი უნიკალური სანატორიუმებითა და სასახლეებით, სადაც ოდესღაც სტალინმა ჩაატარა ყირიმის კონფერენცია და ეს სასახლეები მეფის რუსეთის დროს იყო აშენებული ყირიმში.

პოლიტოლოგის თქმით, ცხადია, ხრუშჩოვი ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა და უკრაინა არ იქნებოდა ამ შემადგენლობაში, მაგრამ თავად ფაქტია საინტერესო, რომ საბჭოთა რუსეთმა დათმო ტერიტორია.

ასევე, საბჭოთა კავშირის დაშლამდე, 80-იან წლებში რუსეთმა, ფაქტობრივად, უარი თქვა მთელს აღმოსავლეთ ევროპაზე. მანამდე არსებობდა სოციალისტური სახელმწიფოები - იუგოსლავია, ჩეხოსლოვაკია, უნგრეთი, რუმინეთი, პოლონეთი, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, - ესენი ყველანი საბჭოთა დიდ ოჯახში შედიოდნენ, თუმცა მათზე საბჭოთა რუსეთმა უარი განაცხადა, უკან დაიხია და ჯარებიც გაიყვანა.

„კარგით, ახლა ვაგინოთ რუსეთი, მაგრამ ნურავინ დამიწყებს დავას, თითქოს, რუსეთი აიძულა ვიღაცამ, დაეთმო ტერიტორიები. ვერავინ ვერ აიძულებდა საბჭოთა კავშირს, მას რომ სურვილი ჰქონოდა დარჩენილიყო აღმოსავლეთ ევროპაში. საბჭოთა კავშირმა თავისუფლება მისცა ბალტიისპირა სახელმწიფოებსაც და გამოიყვანა თავისი შემადგენლობიდან. რაღა შორს წავიდეთ, რუსეთმა თვითონ დაშალა საბჭოთა კავშირი. გამსახურდიას დროინდელ დამოუკიდებლობის აქტს მეც ვაწერ ხელს და არავის ეგონოს, რომ დამოუკიდებლობის აქტის შედეგად საქართველო გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო. ეს მოხდა მაშინ, როცა გორბაჩოვი გამოვიდა დეკემბერში და განაცხადა, საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, ყველამ თქვენს თავს მიხედეთო. ეს მიმართული იყო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისთვის. საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად რუსეთის ეკონომიკა ნოლზე დავიდა, რადგან საბჭოთა რუსეთში ერთ ჭანჭიკს ამზადებდნენ საქართველოში, მეორეს - ყაზახეთში, მესამეს - უკრაინაში და გაწყდა ეს კავშირები. მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო ეკონომიკის მშენებლობა“, - აცხადებს ჰამლეტ ჭიპაშვილი.

რაც შეეხება დეოკუპაციას, მისი თქმით, სარკოზი-მედვედევის ხელშეკრულებაში ჩაწერილი იყო ერთი პუნქტი, რომ საქართველომ დაუყოვნებლივ დაიწყოს ყოფილ ავტონომიებთან სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები. ეს პუნქტი კი გადახაზა სააკაშვილმა. ამდენად, ჩვენ რაც არ უნდა ვიძახოთ ე.წ. სახელმწიფოებიო, თუ ამ რეგიონებს აღირებს მეორე სახელმწიფო, ის უკვე ხდება საერთაშორისო სამართლის სუბიექტი.

ამ მხრივ, პოლიტოლოგის თქმით, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არა მარტო რუსეთმა აღიარა, არამედ ვენესუელამ, ნიკარაგუამ და ა.შ. მართალია, ჩვენ ყოველთვის დაცინვით ვამბობთ ამის შესახებ, ნაურუ, ნაურუო, მაგრამ ნაურუ და სხვა სახელმწიფოები გაეროს წევრი სახელმწიფოები არიან.

„პოლიტიკაში არ ხდება პრიმიტიულად, როგორც ქართველ პოლიტიკოსებს ჰგონიათ. ქართველებმა ვერ მოიშალეს ბრიყვული საქციელი, აფხაზთან და ოსთან ვერ გავარკვევ ურთიერთობას, რუსს დაველაპარაკებიო. ამ დროს არც რუსს ელაპარაკებოდნენ, არც ოსს და არც აფხაზს. მე არ ვიცი, როგორ უნდა მოხდეს რუსეთის ხელისუფლების ტვინის გადაბრუნება, რომ რუსეთმა დააბრუნოს კი არა, ელემენტარულად, თქვას, მე უარს ვამბობ ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებაზეო, რაც უკვე აღიარებული აქვს. რაც შეეხება დეოკუპაციას, რადგან ეს სახელმწიფოები დაასახელეს, როგორც დამოუკიდებელი, ამ სახელმწიფოებსა და რუსეთს შორის გაფორმდა ხელშეკრულება თავდაცვის შესახებ. ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რუსეთს სთხოვეს, იქ ყოფილიყო რუსის ჯარი. ზოგიერთ ქართველს ჰგონია, პოლიტიკაში ყველაფერი ერთ ბოთლ კონიაკზე იყიდება, ეს პერიოდი გავიდა, ვერ გამოვედით სუფრის ვარიანტიდან“, - აცხადებს ჰამლეტ ჭიპაშვილი.