კერძო მევახშეები ნიჩაბზე შემოსვეს

კერძო მევახშეები ნიჩაბზე შემოსვეს

კერძო მევახშეები მიზანში ამოიღეს. პრობლემურ სესხებზე სამთავრობო გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ ხელისუფლებას ვალში წაღებული სახლების სტატისტიკა უკვე აქვს.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ციფრები კომერციული ბანკების შემთხვევაში შემაშფოთებელი არ არის, თუმცა, ძალიან შემაშფოთებელია ე.წ. მევახშეობის ინსტიტუტის სტატისტიკა.

ფინანსთა სამინისტრო, ეროვნული ბანკი და ეკონომიკის სამინისტრო აღნიშნულ საკითხზე აქტიურად მუშაობს და გადაწყვეტილება 3-4 დღეში საჯარო იქნება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ წართმეული ქონების დიდი ნაწილი კერძო მევახშეებზე მოდის, კომერციული ბანკების შემთხვევაში კი მონაცემები საგანგაშო არ არის. ჩამორთმეული ქონებიდან დაახლოებით 60% - კერძო მევახშეების ხელში გადავიდა და 40% - ბანკებისა.

ამჟამად ათი ათასობით მოვალე საკუთრების დაკარგვის საფრთხის წინაშეა. საფინანსო სტრუქტურები ხელს კერძო მევახშეებისკენ იშვერენ, თითქოს, თავად ისინი უმანკო კრავები იყვნენ. ყველას კარგად ახსოვს როგორი სისწრაფით გაიზარდა შარშან უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა და ეს სწორედ ვალში ჩამორთმეული ბინების ხარჯზე მოხდა. ამ პროცესში კი ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები აქტიურად მონაწილეობდნენ.

2008-2012 წლებში ბანკების მიერ კლიენტებისთვის ჩამორთმეული ქონების რაოდენობა (გამოხატული ფინანსურად) 37-ჯერ გაიზარდა; 2007-2011 წლებში დარეგისტრირდა 393 438 ბინის იპოთეკით დატვირთვის ტრანზაქცია (2012 წლისთვის მარტო თბილისში სულ 339 106 ბინაა რეგისტრირებული). დღეისათვის აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეთა რეესტრშიც 74 ათასი ოჯახი ირიცხება, რომლებიც ქონების დაკარგვასა და გამოსახლებას ელოდება.

თუმცა, ამჯერად, მიზანში კერძო მევახშეები არიან ამოღებულნი. პრემიერ-მინისტრის და ბიზნესმენების დახურულ შეხვედრაზე მევახშეების და ფინანსური საქმიანობით დაკავებული კომპანიების გაკონტროლების საკითხი დაისვა. საბანკო სექტორს მიაჩნია, რომ ამ სფეროს დარეგულირება სჭირდება. ამ ეტაპზე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი „ეროვნული ბანკის შესახებ” და „მიკროსაკრედიტო ორგანიზაციების” შესახებ კანონებში ცვლილებებზე მსჯელობს.

მიკროსაფინანსო კომპანია „რიკო კრედიტის” ხელმძღვანელი ლაშა ნიკოლაიშვილი  მიკროსაფინანსო სფეროში რეგულაციების შემოღებას დადებითად აფასებს.

„მიკროსაფინანსო სფეროში ძალიან მძიმე ვითარებაა. ეს სფეროები რეგულირებას  ნამდვილად საჭიროებს. ქალაქში იყო ორი შემაშფოთებელი შემთხვევა, რომლის შესახებაც ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია ეროვნულ ბანკს. საუბარია პირამიდულ გარიგებებზე. ზუსტად ჩვენი ოფისის მოპირდაპირედ არის გახსნილი ერთ–ერთი ორგანიზაცია, რომლის მესვეურებიც მოსახლეობას ჰპირდებიან, რომ თუ შეიტანენ 1000 ლარს, თვის ბოლოს ეს თანხა გაორმაგდება, ოღონდ უნდა მოიყვანოს კიდევ ერთი ადამიანი. ეს არის კლასიკური პირამიდა, რომელიც მთელ მსოფლიოში არის აკრძალული.

ჩვენ მივესალმებით, რომ ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ ამაზე თავისი კომენტარი გააკეთა, მაგრამ ეს პრობლემა არსებობდა. ქვეყანაში საჭიროა რეგულაცია, საჭირო იყო კანონი, რომელიც ასეთ პირამიდულ გარიგებებს აკრძალავდა. დღეს ეროვნული ბანკი შეზღუდულია თავის ფუნქციებში იმის მიხედვით, რომ ეს ორგანიზაციები მათ არ ემორჩილებიან და არიან ჩვეულებრივი შპს–ები. ამ შპს–მა ხვალ ან ზეგ შეიძლება თავი გაკოტრებულად გამოაცხადონ და ფაქტიურად ყველანაირი პასუხისმგებლობა აირიდონ. რა თქმა უნდა, ეს დარტყმას მიაყენებს როგორც საბანკო სექტორს, ისე საფინანსო ინსტიტუტებს”, – აცხადებს ნიკოლაიშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას.

„მიკროკრედიტის” დირექტორის დავით ნადარეიშვილის განცხადებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ქვეყანაში სერიოზული მისია გააჩნიათ.

„ეს არის ჯანსაღი საკრედიტო გარემოს ჩამოყალიბება მოსახლეობაში, კულტურის განვითარება. ამას დიდი ნაწილი ასრულებს, თუმცა არსებობენ გარკვეული ორგანიზაციები, რომლებიც ვერ ამართლებენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სახელს. თუმცა ვფიქრობ, რომ რეგულირება თვითონ უნდა მოხდეს საბაზრო გარემოს მიერ, მსესხებლები თვითონ  განსაზღვრავენ,  ვისთან იქონიონ ურთიერთობა“, - აცხადებს ნადარეიშვილი.