„აშშ უმძლავრესი სახელმწიფოა, მაგრამ წლებია, ჩართულია ახლო აღმოსავლეთის პრობლემის მოგვარებაში და ვერ მოაგვარა, რადგან განსხვავებული პოზიციებია მხარეებს შორის. ეს ნიშნავს, რომ შეიძლება ძლიერიც იყო, რაღაცას ეცადო კიდეც, მაგრამ ვერ მოაგვარო. საქართველოს შემთხვევაშიც მედიატორების სისუსტეზე იმდენად ვერ ვილაპარაკებთ, რამდენადაც არარეალისტურ მიდგომებზე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე.
მართალია, საბოლოოდ კრისტიან დანიელსონს და შარლ მიშელს კარი არ გაუჯახუნებიათ და დანიელსონი ისევ აიღებს საკუთარ თავზე მედიატორის ფუნქციას, მაგრამ პათეტიკურად თუ ვიმსჯელებთ, პირვანდელი მოლაპარაკების ჩაშლით გამარჯვებული დარჩა მხოლოდ რუსეთი?
- თავიდანვე ასე ჩანდა, რომ შედეგი არ იქნებოდა დადებითი, რადგან შეხების წერტილები არ არსებობდა, რადიკალურად განსხვავდებოდა მხარეთა პოზიციები. ასეთ დროს ძალიან რთულია შედეგის მიღწევა. აქედან გამომდინარე, ვერ მოხერხდა შეთანხმება და, პირველ რიგში, ამით საქართველო დამარცხდა. ამიტომაც მართლაც რუსეთის წისქვილზე ასხამს ეს ყველაფერი წყალს, რადგან საქართველოში ვერ ვითარდება დემოკრატიული ინსტიტუტები, ამ ღირებულების თვალსაზრისით საქართველო ვერ უახლოვდება დასავლეთის დემოკრატიულ სამყაროს. პრობლემები არსებობს და უფსკრული თვითონ ჩვენს საზოგადოებაშია განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს შორის, მათ შორის, ჩვენს პოლიტიკურ ელიტაში არსებული უფსკრული დადებითად ვერ აისახება საქართველოს შემდგომ დემოკრატიულ მიმართულებაზე, თუ გნებავთ, განვითარების სოციალ-ეკონომიკურ ფაქტორზე.
ხომ არ ნიშნავს ეს, რომ დასავლელი მედიატორების პირვანდელი ძალისხმევა არ იყო მთლად ძლიერი და ისინი მოისუსტებდნენ ამ საქმეში? შეიძლება, გადაჭარბებული შეფასებაა, მაგრამ ყარაბაღის ომის შემდეგ სომხეთის და აზერბაიჯანის ხელმძღვანელები პუტინმა დასვა მოლაპარაკების მაგიდასთან, ამ შემთხვევაში, რა გახდა შედარებით მარტივი საკითხის, საქართველოს პარლამენტში შესვლა-არშესვლის მოგვარება? დასავლეთის მედიატორობის პირობებში ეს გადაულახავი დილემა რატომ უნდა ყოფილიყო?
- ჩემი აზრით, აქ დასავლეთის სისუსტე იმდენად არა, რამდენადაც არარეალისტობა იგრძნობოდა. დასავლეთს არარეალისტური მიდგომა გააჩნდა. იგივე ჟოზეფ ბორელი რომ აცხადებს, არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულ და კონკურენტულ გარემოში, როგორც პირველ ტურში 31 ოქტომბერს, ასევე, 21 ნოემბერსო, სინამდვილეში, 21 ნოემბერს როგორ ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, როცა არჩევნებში ერთი პარტია მონაწილეობდა? ხშირ შემთხვევაში, აქ ჩანს არარეალისტური და არაპროფესიონალური მიდგომა. ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ დასავლეთი მას არ დასჯის, სანქციებს არ შემოიღებს, ამიტომ უკან დახევაზე უარი თქვა. ამდენად, ამ ყველაფერში დასავლეთის არარეალისტობა უფრო გამოჩნდა. შეიძლება, ძლიერიც იყო, რაღაცას ეცადო კიდეც, მაგრამ ვერ მოაგვარო. მაგალითად, აშშ უმძლავრესი სახელმწიფოა და წლებია, ჩართულია ახლო აღმოსავლეთის პრობლემის მოგვარებაში, მაგრამ ვერ მოაგვარა, რადგან განსხვავებული პოზიციებია მხარეებს შორის. ამიტომ ჩვენს შემთხვევაშიც მედიატორების სისუსტეზე იმდენად ვერ ვილაპარაკებთ, რამდენადაც არარეალისტურ მიდგომებზე. რეალურად, პირველ ჯერზე კონკრეტულად არაფერი ისეთი არ შესთავაზა დასავლეთმა მხარეებს. მე მქონდა შეთავაზება, თქვენთვისაც მითქვამს, რომ ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა, ორივე მხარე - ხელისუფლება და ოპოზიცია შეჯერებულიყო იმაზე, რომ არჩევნები გამართულიყო 2022 წელს თუნდაც პროპორციული სისტემის ფარგლებში, ანუ სახელისუფლო პარტია ორი წლით შეინარჩუნებდა ძალაუფლებას, ოპოზიცია კი ამ დროს შევიდოდა პარლამენტში, ეს იქნებოდა ურთიერთობის კომპრომისული ვარიანტი, საერთაშორისო დიპლომატიურ საზოგადოებასაც გავუგზავნე ამის შესახებ, მაგრამ, ჩემი აზრით, დასავლეთში არარეალისტურ მიდგომა არსებობდა ამ საკითხის მიმართ.
დასავლეთის წარმომადგენლებმა მკვეთრად გვითხრეს, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეა და ამ საქმეში ვერ ჩაერევიან. ეს და სხვა მსგავსი განცხადებები ნიშნავს, რომ საკუთარი პოზიცია უფრო დამაჯერებლად წარადგინა მმართველმა გუნდმა დასავლეთის წინაშე და პოზიციები გაიმყარა?
- თვითონ დასავლეთშია აზრთა სხვადასხვაობა. მაგალითად, მემარცხენეები აცხადებენ, რომ არჩევნები კარგად ჩატარდა და უფრო მეტად მხარს უჭერენ მმართველ ძალას, „ევროპის სახალხო პარტია“ კი, რომელიც მემარჯვენე ორიენტაციის პოლიტიკოსებისგან შედგება, აკრიტიკებს ამ ხელისუფლებას. ანუ დასავლეთშიც არ არის ერთიანობა, წარმოიდგინეთ, ევროპარლამენტში 730-ზე მეტი წევრია, ბუნებრივია, ყველა ერთ პოზიციაზე ვერ იქნება. ფაქტია, მიშელსა და ღარიბაშვილს იოლი საუბრები არ ექნებოდათ, სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, პირველი შეხვედრისას ბოლომდე ვერ ამოწურეს ყველა თემა.