ბუტა რობაქიძის ტრაგიკული გარდაცვალებიდან ცხრა წლის შემდეგ, ახალი ხელისუფლების პირობებში, მთავარმა პროკურატურამ საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო და საზოგადოების განსაკუთრებული პროტესტი იმ ვიდეომასალამ გამოიწვია, რომელიც დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ირაკლი ფირცხალავამ გაავრცელა.
საპარლამენტო უმრავლესობა ითხოვს, რომ ვიდეომასალის ავთენტურობა მიუკერძოვებელმა, მაღალი ავტორიტეტის მქონე საერთაშორისო ექსპერტებმა დაადგინონ. ხოლო, უმცირესობის ლიდერთა ნაწილი ტრაგიკულ საქმეზე საუბარს განსაკუთრებულად გაურბის და ამ მხრივ, გამონაკლისი მხოლოდ ლევან ბეჟაშვილი აღმოჩნდა.
როგორც for.ge-ს ბეჟაშვილმა განუცხადა, ფირცხალავას მიერ გავრცელებული კადრები ბევრს კითხვას პასუხს არ სცემს და პირიქით, ბევრ კითხვას აჩენს.
„გამოიკვეთა ის, რომ არის ახალი გარემოებები, რომელსაც პასუხი უნდა გაიცეს. როცა, ტრაგედიაზე, ამ ოჯახის - ია მეტრეველისა და სოსო რობაქიძის განცხადებას ვისმენ, იქ ჩემთვის ყველა სამართლებლივი არგუმენტი მთავრდება და ადამიანური ფაქტორები მძალვრობს. იმ კადრებში, შემთხვევითი გასროლა იყო თუ რა, ეს გამოძიების საგანი უნდა იყოს და ფაქტია, რომ ამ ოჯახმა, ერთადერთი შვილი დაკარგა, რაც ამ ვითარებაში, ყველაზე ტრაგიკულია და სამწუხაროდ, ეს თემა ბევრმა პოლიტიკოსმა სპეკულაციების საგნად აქცია. აღმაშფოთებელია, რომ ერთი ოჯახის ტრაგედია შენი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენო“, - აცხადებს ბეჟაშვილი.
უმცირესობის ლიდერის შეფასებით, ახალი გამოძიების პირობებში, ბევრი ჩვენება წინააღმდეგობრივი და ყალბია, რომელიც იმას არ ემთხვევა, რაც კადრებშია.
„პროკურატურამ გამოძიება მართლმსაჯულებისა და კანონიერის ფარგლებში უნდა წაიყვანოს და თუ ოჯახის ინტერესებსა და საზოგადოებას მართლა პატივს ვცემთ, ამ საქმისთვის პოლიტიკური შეფერილობის მიცემა უნდა გამოირიცხოს. სამწუხაროდ, არ ვუარყოფ, რომ წინა ხელისუფლების დროს, ჩატარებული გამოძიების პირობებში კითხვის ნიშნები არსებობდა, თუმცა, ამ ახალი გამოძიების პირობებში, კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშნები და შეუსაბამობები არსებობს, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. სამწუხაროდ, წინააღმდეგობრივი ჩვენებები არსებობს, რომელიც იმას გვაფიქრებინებს, რომ ამ საქმის გამოძიების პროცესში, პოლიტიკა ისევ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ბეჟაშვილმა.
ლევან ბეჟაშვილისგან განსხვავებით, ტრაგიკულ საქმეზე, მოკლე კომენტარით შემოიფარგლნენ - პავლე კუბლაშვილი, გოკა გაბაშვილი და გიორგი თევდორაძე, რომელთაც ყურადღება იმაზე გაამახვილეს, რომ ვიდეომასალის ავთენტურობა უნდა დადგინდეს.
როგორც for.ge-ს კუბლაშვილმა განუცხადა, მას ამ კადრების შეფასება არ სურს.
„პირველ რიგში, ამ კადრების ავთენტურობა უნდა დადგინდეს, რის შემდეგაც რაიმე სახის შეფასების გაკეთება შეიძლება, თუმცა, ჯერჯერობით, პოლიტიკური განცხადების გაკეთება ძალიან ადრეა. ამ თემას, ჩვენი ბევრი ოპონენტი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა, მაგრამ არ მსურს, რომ ჩვენც იგივე გავაკეთოთ“, - განაცხადა კუბლაშვილმა.
უნდა აღინიშნოს, რომ საქმეზე საუბრისას, გოკა გაბაშვილი კი სულ რამდენიმე სიტყვით შემოიფარგლა.
„ვერაფერს გეტყვით! ყველაფერი გამოძიებამ უნდა გააკეთოს“, - განუცხადა for.ge-ს გაბაშვილმა.
საქმეზე ჩვენთან საუბრისას, გიორგი თევდორაძემ კი, იმედი გამოთქვა, რომ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, ექსპერტიზა შესაბამის დასკვენს დადებს.
„ფირცხალავამ ვინც ეს კადრები წარმოადგინა, მას არ ვიცნობ და მის შესახებ ტელეეკრანიდან შევიტყვე, მაგრამ ის ამბობს, რომ მზად არის მისმა კადრებმა ექსპერტიზა გაიაროს“, - აღნიშნა თევდორაძემ, რომელიც for.ge-ს კითხვამ - „როგორც მოქალაქეს და როგორც პოლიტიკოსს, ამ კადრების გჯერათ?“ დააბნია და განაცხადა, „მე წინასწარმეტყველი არ ვარ, თუმცა, რაც ვნახეთ, ამის ჩვენება შეუწყვეტელი კადრით ხდება და დაუჯერებელი არაფერია“.
ოპონენტებისგან განსხვავებით, ბუტა რობაქიძის ტრაგიკულ საქმეს გაცილებით კარგად ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია იცნობს, რომელიც აცხადებს, რომ ამ კადრებს, ექსპერტიზა მიუკერძოვებელმა, მაღალი ავტორიტეტის მქონე საერთაშორისო ექსპერტებმა უნდა ჩაუტარონ და არა ისეთმა პირებმა, რომელთაც პარლამენტის შენობის უსაფრთხოების ზომები ადგილზე მისვლის გარეშე დადეს.
„ეს ვიდეომასალა ჩემთვის არათუ სარწმუნო არ არის, არამედ ეს იყო შემზარავი რამ, რითიც ბუტას დედას თავისი ერთადერთი შვილი მეორედ მოუკლეს. პირდაპირ ეთერში, დედას ჯერ კიდევ ცოცხალ შვილზე აყურებინეს, რომელიც შველას ითხოვდა და პოლიციელებს ნაცვლად იმისა, რომ მომაკვდავი ბიჭის სიცოცხლე გადაერჩინათ, ეს სპექტაკლი მოაწყვეს, რაც შემზარავია. ამაზრზენია ის, რასაც ფირცხალავა და სხვები აკეთებენ, თუმცა, პასუხისმგებლობას იმ მოსამართლეს ვაკისრებ, რომელმაც ასეთ მძიმე დანაშაულში, დონაძის, ფირცხალავასა და სხვების მიმართ, გირაო გამოიყენა. აი, რისთვის არიან ისინი გამოშვებულები, იმისთვის, რომ ყალბი და ფალსიფიცირებული ფაქტების წარმოჩენით დაკავდნენ“, - განუცხადა for.ge-ს ბესელიამ.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ შეუარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ ეს არ იყო ოპერაციის ჩატარების პროცესი.
„როგორც იურისტს, კარგად მაქვს გათვიცნობიერებული, რასაც ვამბობ - ეს არ იყო ოპერაციის ჩატარების პროცესი, რადგან ოპერაციის დროს, ადგილზე, პატრულის ოთხი თანამშრომელი და ერთი ავტომობილი იყო. ამ დროს კადრებია გადაღებული, როდესაც, 20-ზე მეტი პოლიციელია, რამდენიმე ავტომობილი, ქუჩა გადაკეტილი და ტერიტორია შემოსაზღვრულია. ვის ატყუებენ? - ქუჩა გადაკეტილი და შემოსაზღვრული ტერიტორია შემდეგი ეტაპია და გვაჩვენებენ, რომ თითქოს, იმ დროს დაკავება მოხდა?!“, - განმარტავს დეპუტატი.
რაც შეეხება იმას, დაცვის მხარემ ეს კადრები რატომ გამოაქვეყნა ტრაგედიიდან ცხრა წლის შემდეგ, ბესელია ამბობს, რომ მათ ეს კადრები თავის გადარჩენის მიზნით გაავრცელეს.
„ისინი თავის გადარჩენას, ნებისმიერი მეთოდით ცდილობენ. სრულიად მიუღებელი და ამაზრზენია, რომ უდანაშაულო ადამიანებს დანაშაულს აბრალებენ. გვაჩვენეს როგორ მოკლეს ბუტა რობაქიძე, როგორ არ ეხმარებდა მას პოლიცია და მიწაზე დაგდებულ ადამიანებს პოლიციელები როგორ უშვერი სიტყვებით აგინებდნენ, რაც შემზარავი კადრები იყო. ფირცხალავასა და დონაძის ადგილას ამ მასალას არ ვაჩვენებდი, რადგან ეს მათ საკუთარი თავის საწინააღდეგოდ შემოუტრიალდებათ“, - განაცხადა ბესელიამ.
აღსანიშნავია, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით გავრცელებული კადრებისთვის ექსპერეტიზის ჩატარების აუცილებლობაზე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც საუბრობს.
„გავრცელებული კადრები ძალიან ბევრ კითხვას აჩენს. აუცილებელია ექსპერტიზა ჩატარდეს, რომ ავთენტურობა დადგინდეს და მას შემდეგ, რაც ყველა კითხვის ნიშანს გაეცემა პასუხი, გადაწყდეს მათი, როგორც მტკიცებულებების ბედი. პროკურატურისთვის მთავარია სიმართლე დადგინდეს და ნებისმიერი მტკიცებულება, რომელიც გაჩნდება, იქნება დასაშვები და ნამდვილი მტკიცებულება, რა თქმა უნდა, მხედველობაში მიღებული უნდა იყოს“, - განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით კვლავ ახალი სკანდალი აგორდა. დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ირაკლი ფირცხალავამ ბუტა რობაქიძის საქმეზე პროკურატურაში ახალი ვიდეომასალა წარადგინა, სადაც თითქოსდა, რეალურად ჩანს, რა მოხდა 2004 წლის 23 ნოემბერს დიდუბის ეკლესიასთან.
კადრების მიხედვით, სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილზე პისტოლეტი და ავტომატი „კალაშნიკოვი“ იპოვეს.