30 მარტს გახდება ცნობილი რა გზას ირჩევს ჩვენი ქვეყანა და პოლიტიკური სპექტრი - ევროპული გზა თუ დესტრუქცია და რევოლუცია? დასავლეთის ყურადღება ისევ თბილისისკენ არის მომართული. ამიტომაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენლის კრისტიან დენიელსონის დოკუმენტზე იქნება დამოკიდებული ხვალ როგორი მომავალი გვექნება. წყდება არა მხოლოდ საქართველოს მომავალი პოლიტიკური დღის წესრიგი, არამედ სასწორზე დევს ევროპის პრესტიჟი და ზოგადად ახლო აღმოსავლეთის პარტნიორობა. ინტენსიური მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა უკვე ორი დღეა მიმდინარეობს.
ორი შეხვედრა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ორი შეხვედრა „ქართულ ოცნებასთან“ და მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს ორი სხდომა, რომელიც რამდენიმე საათი გაგრძელდა.
მოლაპარაკების მაგიდასთან ქართული პოლიტიკური სპექტრის პირისპირ უკვე ხუთი გამოცდილი უცხოელი დიპლომატი ზის. ჯერჯერობით არავინ ამხელს, ამჯერად რა სახის დოკუმენტზე მიდის მუშაობა საქართველოში დაბრუნებული შვედი დიპლომატის ინიციატივით. თუმცა დენიელსონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის დადებს დოკუმენტს, რომელზეც ხელმოწერა პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობის საკითხი იქნება, სადაც დამარცხებული არავინ იქნება და ყველა გამარჯვებული გამოვა, განსაკუთრებით კი ქართველი ხალხი.
მანამდე კი ევროპარლამენტარები ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდებენ, გვერდზე გადადონ თავიანთი პარტიული ინტერესები - ამის შესახებ ევროპარლამენტის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი.
ერთობლივი განცხადებით, ევროპარლამენტარები მხარს უჭერენ ევროკავშირის შუამავლობას და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ საქართველოში უკვე მწვავე პოლიტიკური კლიმატის გაუარესებისგან.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში, მედიაციის მეორე დღეს ხელისუფლებას და ოპოზიციას მოუწოდებს, შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერონ, წავიდნენ კომპრომისებზე და იზრუნონ საქართველოს გამარჯვებაზე.
„დღეს მე მქონდა შეხვედრები პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, ხვალინდელი შეხვედრის მოსამზადებლად. ჩემი დღევანდელი მიზანი იყო, მომეძიებინა გზები იმისთვის, რომ ამ მედიაციის ყველაზე რთული პუნქტები შესრულებულიყო, ეს რთული პროცესია. დემოკრატია საჭიროებს, მხედველობაში სხვა მხარეების ინტერესები იყოს მიღებული. ეს ნიშნავს ყველა მხრიდან დათმობას. რაც შეეხება პროცესს, მე ვუთხარი პარტიის ლიდერებს, მდგრადი ჩარჩო იყოს მომავლისთვის და ეს არის ნდობის აღდგენის გზა. ეს უპასუხებს საჭიროებას იმისა, რომ გატარდეს სისტემური რეფორმა, რომ გაიზარდოს საზოგადოების ნდობა საარჩევნო სისტემის და მართლმსაჯულების მიმართ. პარტიებზეა დამოკიდებული, რომ აიღონ პასუხისმგებლობა ასეთი დოკუმენტის ხელმოწერაზე.
ეს არის შესაძლებლობა ლიდერებისთვის, აჩვენონ თავიანთი დემოკრატიული სიმწიფე და თუ მიღწეული იქნება შეთანხმება, არ იქნებიან გამარჯვებულები და დამარცხებულები. იქნება ერთი გამარჯვებული, ქართველი ხალხი და მე მოვუწოდებ ყველა პარტიას, უზრუნველყოს საქართველოს ხვალინდელი გამარჯვება“, - განაცხადა მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან დენიელსონმა.
დენიელსონის განცხადებით, კომპრომისზე წამოსვლა დიალოგის მონაწილე ორივე მხარისთვის რთულია.
„არ ვარ მზად, რომ ასეთ კითხვებზე დეტალურად გიპასუხოთ. რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ასეთი კომპრომისი ყველასთვის რთულია და ეს საჭიროებს პოლიტიკურ მზაობას. ვფიქრობ, მთავარია საქართველოს ეროვნული ინტერესი. ეს არის გზა ამ პოლიტიკური კრიზისის დაძლევისა და ისეთ რეალურ პრობლემებზე ყურადღების გადატანისა, როგორიცაა კორონავირუსის პანდემია, ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხები და საქართველოს ევროპული გზა“, - განაცხადა კრისტიან დენიელსონმა.
„ოცნების“ პოზიცია კი რიგგარეშე არჩევნებთან და ე.წ. პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით უკვე ცნობილია. პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ვადამდელი არჩევნების საკითხი არ განიხილება და არც ე.წ. პოლიტპატიმრები არსებობენ.
„ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში არ იქნება. ამაზე საუბარი ჩვენ დავასრულეთ, ამაზე ჩვენ მოვისმინეთ ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებები. ეუთო/ოდირის დასკვნებიც ვნახეთ. ჩვენი დიალოგი გრძელდება და დიდი იმედი მაქვს, რომ შეთანხმება შედგება. ჩვენგან რაიმე სახის დესტრუქციას ადგილი არც ჰქონია. ჩვენ ამის მომსწრე ოპოზიციის მხრიდან გავხდით. ვადამდელი არჩევნების საკითხი არის დახურული, პოლიტპატიმრები ჩვენს ქვეყანაში არ არსებობენ. ეს არსებობდა თქვენი ბელადი სააკაშვილის დროს“, -აღნიშნა ღარიბაშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და მედიატორების შეხვედრის დასრულების შემდეგ კი აკაკი მინაშვილმა განაცხადა, რომ მედიატორებს საკუთარი წინადადებები არ წარმოუდგენიათ.
„მედიატორს საკუთარი წინადადებები არ შემოუთავაზებია, ჩვენი მთავარი საკითხები, რომელიც წამოვწიეთ, ისევ და ისევ არის პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი, რადგან ჩვენი პოზიციაა, რომ თუ პირველ რიგში ამ ორი ადამიანების გათავისუფლება არ მოხდა, მოლაპარაკების გაგრძელება იქნება რთული. ეს იყო თემა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. რაც შეეხება წინადადებებს, შეხვედრები ხვალაც გაგრძელდება და, სავარაუდოდ, რაღაც სურათი ხვალ გამოიკვეთება“, - განაცხადა მინაშვილმა.
„მართლა, ყელში ამოუვიდა ყველას, დავღალეთ საზოგადოება“, - გონივრული ეჭვი გამოთქვა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები.
„დღეს, ჩვენ, ყველამ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი მიდგომიდან გამომდინარე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს. მართლა ყელში ამოუვიდა ყველას, დავღალეთ საზოგადოება. ვფიქრობ, რომ პასუხისმგებლობა ყველა მხარეს აქვს, მაგრამ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, გინდა არ გინდა, აქვს ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკურ ძალას. იმედი მაქვს, რომ ამას გაიაზრებს. არ გაიაზრებს და ძალიან მკაცრი იქნება მედიატორების მხრიდან დამოკიდებულება“, - განაცხადა ვაშაძემ.
რაც შეეხება მმართველი გუნდის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება, ვაშაძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარ განცხადებებს ხშირად ცვლის.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ კრისტიან დენიელსონის განცხადებაში რიგგარეშე არჩევნები და ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი საერთოდ ნახსენები არ ყოფილა, ამიტომაც ჩნდება ლოგიკური ეჭვი, რომ მის მიერ დადებულ დოკუმენტში ამაზე საუბარი არ იქნება. აბაშიძე ფიქრობს, რომ ოპოზიციის ნაწილი ქვეყნის სასიკეთო გადაწყვეტილებას მიიღებს და როგორღაც ნაციონალების გავლენისგან გათავისუფლდებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი მარგინალიზება მოხდება, როგორც ამერიკის და ევროპის თვალში, ასევე საზოგადოების, რომელსაც ეს დაუსრულებელი მოლაპარაკება უკვე ყელში ამოუვიდა.
„დენიელსონის კომენტარამდე ევროპარალმენტარების განცახდება გავრცელდა, სადაც ისინი ორივე მხარეს მოუწოდებენ, რომ ქართველი ერის ინტერესები გაითვალისწინონ, ხოლო სახელმწიფოს ინტერესები პირად ინტერესებზე მაღლა დააყენონ. დენიელსონის არც ახლანდელს და არც წინა განცხადებებში არსად ნახსენები რიგგარეშე არჩევნები და ე.წ. პოლიტპატიმრები არ ყოფილა. აქ კი ერთი საინტერესო ნიუანსია, როგორ იქნება ვადამდელი არჩევნები დოკუმენტში ჩაწერილი, როცა ყველა საერთაშორისო პოლიტიკურმა ორგანიზაციამ ამ არჩევნების ლეგიტიმურობა დაადასტურა. მერკელმა ღარიბაშვილს პრემიერად არჩევა მიულოცა. რომელ არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ? ოპოზიციას რა ჰგონია, ამერიკა და ევროპა საკუთარი ორგანიზაციების მიერ დადებულ დასკვნებს და სიტყვებს უკან წაიღებს? სააკაშვილის უკუღმართ ტყუილებს და ხუშტურებს გაყვებიან? ნათელაშვილის ფანჩატურში შეკრებილი ოპოზიციის უსაგნო განცხადებებს აყვებიან? ეს არის სრულიად არარეალისტური მოლოდინი, რომელსაც ოპოზიცია საკუთარ თავს უჩენს. ამის მოლოდინი არც ხალხს აქვს და არც ჩვენს პარტნიორებს. მაქვს იმედი, რომ დენიელსონის დოკუმენტს კონტრუქციული პარტიები ხელს მოაწერენ, დესტრუქციული არა“, - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, აქვს ფრთხილი ოპტიმიზმი, რომ გარკვეული პარტიები, რომლებიც სააკაშვილის პოლიტიკურ ჩრდილს ჩამოშორდებიან, ნამდვილად სახელმწიფოებრივად იფიქრებენ და იმოქმედებენ. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ამ პარტიების ამომრჩეველს სურს ისინი პარლამენტში შევიდნენ. ხოლო 30 მარტს გამოჩნდება, ვინ არის პროევროპელი და ვინ არის დესტუქციული ძალა, რომელიც მხოლოდ ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. ეს კი ნათელი იქნება არა მხოლოდ დენიელსონისთვის, არამედ ევროპული საბჭოს, ევროკავშირის, მისი წევრი ქვეყნების და ამერიკის წინაშეც.
ანალიტიკოსი ლევან ბოძაშვილი ფიქრობს, რომ ზოგი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა ცდილობს დასავლეთიდან ხსნა იპოვოს და მათი დახმარებით ხელისუფლებაში მოვიდეს. მათ ამის გაკეთება არა ხალხის მხარდაჭერით უნდათ, არამედ ამ გზით. თუმცა, როგორც ჩვენი პარტნიორების განცხადებებიდან გამოჩნდა, ბრიუსელშიც და ვაშინგტონშიც ოპოზიციის ნაწილის ეს ტაქტიკა კარგად გაშიფრეს. მისი აზრით, ზუსტად ამავე ოპოზიციამ მაშინ ჩაიტარა პოლიტიკური ხარაკირი პარტნიორების წინაშე, როდესაც 2020 წლის 8 მარტს მათი დიდი ძალისხმევის და მედიაციის შედეგად შეთანხმებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს.
„თუკი დენიელსონის მიერ დადებულ დოკუმენტს ხელს მოაწერენ, ახლა ამ ოპოზიციას შანსი აქვს, რომ დასავლეთის თვალში დაკარგული ნდობა დაიბრუნონ. თუ ისინი პარლამენტში შევლენ და საკუთარ რადიკალურ დღის წესრიგზე უარის იტყვიან, მაშინ თავს გადაირჩენენ. თუ არადა, მათი ქცევა, როგორც რევოლუციური გზისკენ წასვლა, ისე აღიქმება. დიდი მოლოდინი არ მაქვს, რომ კუზიანს სამარის გარდა რამე გაასწორებს.
სენატორებმა და არც დენიელსონმა, არც ერთხელ აქცენტი რიგგარეშე არჩევნებზე არ გააკეთეს. ისინი საერთოდ არ ფიქრობენ, რომ არჩევნები გაყალბდა. თუმცა ზუსტად იციან, რომ ასეთი საარჩევნო გარემოსა და კანონმდებლობის პირობებში, როდესაც სახეზე, პოლიტიზირებული სასამართლოა, ქვეყნის პროგრესი არის შეუძლებელი.
მე მგონია, რომ კონსენსუსი პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ოპოზიციის ამოცანა დემოკრატიული ინსტიტუციები კი არ არის, არამედ ხელისუფლებაში მოსვლაა. პირიქით, აწყობთ კიდეც, რომ ეს ინსტიტუტები, სასამართლო იყოს იმ დღეში, რაშიც არის, რომ მუდმივად ამაზე მოახდინონ აპელირება. როდესაც არჩევნების გაყალბებას არავინ ადასტურებს და პარლამენტში მაინც არ შედიხარ, შენ როგორც პოლიტიკურ ძალას, დასავლეთიდან რევოლუციის ლეგიტიმაციაზე მხარდაჭერა არასდროს გექნება“,-ამბობს ანალიტიკოსი.
მისივე თქმით, ბრიუსელსაც და ვაშინგტონსაც ერთი მიზანი აქვთ, რომ საქართველო განვითარდეს. ამიტომ ბრიუსელიც და ვაშინგტონიც ამ მიზნის მიღწევას ხედავენ არა პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგის მხარდაჭერაში, არამედ, დემოკრატიული სისტემის, მდგრადი ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში. ამიტომაც რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მათთვის მეორეხარისხოვანი საკითხია.