7-წლიანი ლოდინის შემდეგ რუსი სპეციალისტების საქართველოში ჩამოვიდნენ. 4-5 დღის განმავლობაში ისინი 45 საწარმოს შეამოწმებენ, მათ შორის, არის მინერალური წყლების მწარმოებლებიც. „როსპოტრებნადზორის“ წარმომადგენლები საკუთარ შეხედულებებს მოსკოვში გაახმაურებენ. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, მაისში ქართული პროდუქცია რუსეთის სავაჭრო ქსელის დახლებზე გამოჩნდება.
რუსეთის სანიტარული სამსახურის სპეციალისტებმა საქართველოში ინსპექტირება უკვე დაიწყეს. ექსპერტების ნაწილი, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად ღვინის ლაბორატორიაში მივიდა. ისინი პირველ რიგში ღვინის ხარისხის კონტროლის მეთოდოლოგიით დაინტერესდნენ.
როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ექვსი წევრისგან შემდგარი დელეგაცია სამ ჯგუფად დაიყო, რომელთა ნაწილი თბილისსა და მის გარშემო მდებარე საწარმოებს დაათვალიერებს, ერთი ჯგუფი უკვე მინერალური წყლების შესამოწმებლად გაემგზავრა.
ხვალიდან კი კახეთისა და ქართლის საწარმოების ნაწილი შემოწმდება.
„პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ გადაწყდება, როდის დაიგეგმება მეორე ჯგუფის ვიზიტი დარჩენილი საწარმოების შესამოწმებლად, თუმცა პირველი ვიზიტის წარმატებით დასრულებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული”, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
რუსი ექსპერტები უკან, რუსეთში 1-ელ მარტს დაბრუნდებიან. რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმი, გენადი ონიშენკოს განმარტებით, მისმა უწყებამ გააფართოვა იმ ქართული საწარმოების რაოდენობა, რომლებზეც რუსი სპეციალისტები მონიტორინგს განახორციელებენ. ამ საწარმოთა რაოდენობა 34-დან 44-მდე გაიზარდა. მათგან 40 საწარმო ღვინის მწარმოებელია, ხოლო 4 საწარმო კი მინერალურ წყალს ასხამს. საუბარია წყლებზე „ბორჯომი“, „ნაბეღლავი“, „საირმე“ და „სნო“.
ჯერჯერობით, „როსპოტრებნადზორის“ წარმომადგენლებს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. დავითაშვილის თქმით, ეს შეთანხმების შედეგია და რუსი სპეციალისტები განცხადებებს მოსკოვში დაბრუნების შემდეგ გააკეთებენ.
რაც შეეხება კომპანიებს, დავითაშვილის განცხადებით, ყველა კომპანია, ვისაც სურვილი აქვს, რუსეთის ბაზარზე დაბრუნდეს, ამ დელეგაციის ვიზიტის დროს ვერ შემოწმდება, რადგან ასეთი კომპანია 80-ზე მეტია. პირველი ვიზიტი რამდენიმე დღე გაგრძელდება და ამ პერიოდში მოხდება 45 საწარმოს ინსპექტირება.
პირველი ვიზიტის ფარგლებში შემოწმდება თბილისისა და კახეთის საწარმოები, ხოლო დასავლეთ საქართველოს მიმართულებით ჯგუფი ამ ეტაპზე ვერ გაემგზავრება. ამას მეორე ჯგუფი განახორციელებს, რომელიც საქართველოში დაახლოებით მარტის შუა რიცხვებში ჩამოვა. ისინი საწარმოების ჰიგიენურ-სანიტარულ მდგომარეობას შეამოწმებენ.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოში არ დარჩა ღვინის არცერთი კომპანია, რომელმაც რუსეთში პროდუქციის გატანის სურვილი არ გამოთქვა.
თუკი მოსკოვში დაბრუნების შემდეგ რუსი ექსპერტები დადებით დასკვნას წარმოადგენენ ქართული პროდუქციის ხარისხის შესახებ, რუსეთში ქართული წარმოების პროდუქტები, შესაძლოა, უკვე გაზაფხულის მეორე ნახევარში გამოჩნდეს. ჯერჯერობით აქცენტი კეთდება მაისზე, როდესაც ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ პირველი პარტია ჩრდილოეთისკენ გაიგზავნება. ამისათვის 1000 სატვირთო გადამზიდავზე ნებართვა უკვე გაცემულია.