27 მარტს გვიან ღამით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ჩამოვიდა. კრისტიან დენიელსონის უკან დაბრუნების მთავარ მიზანს „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის შეთანხების მიღწევის შესაძლებლობა წარმოადგენს. ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში საუბრობენ, რომ, როგორც პირველი, ასევე მეორე ვიზიტიც უშედეგო იქნება და მხარეები კონსენსუსამდე ვერ მივლენ.
როგორც კრისტიან დენიელსონმა აღნიშნა, იგი მოხარულია, რომ მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შემდეგ კვლავ დაბრუნდა საქართველოში და მოელის პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, ოპოზიციასთან და მმართველ პარტიასთან თანამშრომლობით შეთანხმების მიღწევას ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად.
„კომპრიმისი არ არის სისუსტის ნიშანი, კომპრომისი არის სიძლიერის გამოვლინება. კომპრომისი აჩვენებს, რომ საქართველოში დემოკრატია მუშაობს და ეს არის ევროპული გზა“, - თქვა კრისტიან დენიელსონმა.
შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში სამი დღე დარჩება და ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს 29 მარტიდან დაიწყებს.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან ამბობს, რომ შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა დამოკიდებულია იმაზე, რა ჩამოიტანა კრისტიან დენიელსონმა საქართველოში.
„გააჩნია რა აქვს დენიელსონს პორტფელში, რითი ჩამოვიდა? თუ ახალი არაფერი ექნება, მეეჭვება, რომ სიახლე მოიტანოს ამ რაუნდმა. განვლილი პერიოდი უფრო მეტად გაართულებს რაღაც პროცესებს. გაგვიხარდა, როდესაც დასავლეთმა რუსეთისკენ გაიშვირა ხელი, მაგრამ ეს ხომ იმასაც ნიშნავს, რომ რუსეთიც უფრო აქტიურად ეცდება, არ შედგეს მოლაპარაკება. არ ვიცი, რა იქნება კომპრომისული ნაბიჯი. ჯახი რაზეც არის, ესაა პოლიტპატიმრების და ვადამდელი არჩევნების თემა. მგონი, ამ თემების მიმართ დამოკიდებულება უცვლელი დარჩება. დანარჩენი, საუბარი იქნება იმაზე, რომ მოვაწესრიგოთ კონკრეტული კანონი, ან გამოვცვალოთ სასამართლო სისტემა, თუ საარჩევნო სისტემა და ა.შ. მეეჭვება ამ საკითხებით მოგვარდეს შექმნილი დაპირისპირება“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან.
კავკასიოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ მხარეთა შორის შეთანხმების მისაღწევად მთავარი ბერკეტი „ქართული ოცნების“ ხელშია. მისივე თქმით, შემხვედრი ნაბიჯები ხელისუფლებამ უნდა გადადგას, რომ შემდეგ ოპოზიციის მხრიდან მოხდეს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.
„მხარეების პოზიციები ძალიან ხისტი და მკაცრია. ოპოზიციის გუშინდელი განცხადებაც იყო მკაცრი, ამით თითქოს წინასწარ პირობებს აყენებენ, რაც მოლაპარაკების წინ არ არის სწორი, თუმცა, მანამდე ხელისუფლებამ გააკეთა განცხადება, რომ არავითარ შემთხვევაში არ განიხილება ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრები. ორივე მხარემ გაავლო წითელი ხაზები.
კომპრომისული ნაბიჯი მხოლოდ ხელისუფლების ხელშია. სწორედ მის მხარეს არის ვალდებულება, რომ განმუხტოს ვითარება. ოპოზიცია შეიძლება იყოს რადიკალური, მიუღებელი, არაკონსტრუქციულიც. ოპოზიციის არაკონსტრუქციულობა თავად ოპოზიციის რეპუტაციას ვნებს, ხოლო ხელისუფლების არაკონსტრუქციულობა სახელმწიფო ინტერესებს ავნებს. ამიტომ, ხელისუფლება უფრო მოქნილი უნდა იყოს და მზად იყოს დათმობებისთვის, ეს არის მათი ვალდებულება.
ხელისუფლების ხელშია ბერკეტები, - დააჩქაროს სასამართლო პროცესი, რომ რაც შეიძლება მალე გაასამართლონ მელია და შემდეგ პრეზიდენტმა შეიწყალოს. ეს არის ყველაზე ეფექტური ფორმა, რათა ხელისუფლებამ შემხვედრი ნაბიჯი გადადგას, თუმცა, ის ამას არ აპირებს. ოპოზიცია უნდა შესულიყო პარლამენტში, მაგრამ ახლა ეს კატასტროფა იქნება მათთვის, ეს იქნება მათი დაცინვა. ხელისუფლების მხარესაა ოპოზიციის ნებისმიერი გადაწყვეტილება: შევლენ - დასცინებენ, არ შევლენ - კიდევ უარესი.
ოპოზიციამ ძალიან ცუდად წაიყვანა თავისი სტრატეგია, თავისი თავი შეიყვანა ჩიხში, ხელისუფლებას კი სახელმწიფო შეჰყავს ჩიხში. ამიტომ, უფრო მეტი პასუხისმგებლობა ენიჭება ხელისუფლებას. თუ „ქართული ოცნება“ ფიქრობს სახელმწიფოზე, მაშინ მან უნდა იზრუნოს მელიას გათავისუფლებაზე. გამოსავალი არსებობს, თუმცა, ამ გამოსავალს არავინ ეძებს“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა For.ge-სთან.
ინფორმაციისთვის, ევროკავშირის მაღალჩინოსანი, შვედი დიპლომატი კრისტიან დენიელსონი 12 მარტიდან ჩაება ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით და მისი პირადი მონაწილეობით 1 მარტს თბილისში დაწყებულ მედიაციის პროცესში. 12 მარტიდან, დენიელსონმა საქართველოს ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართა არაერთი შეხვედრა როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთად. პროცესში მონაწილეობდნენ ევროკავშირის და აშშ-ის ელჩები, კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი.
თბილისში გამართულ ბოლო, ერთობლივ შეხვედრაზე, რომელიც 18 მარტს, დღის სამი საათისთვის დაიწყო და გვიან ღამემდე გაგრძელდა, მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. დენიელსონმა საქართველო 19 მარტს დატოვა. გამგზავრებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე კრისტიან დენიელსონმა იმედი გამოთქვა, რომ პარტიებს ექნებათ კომპრომისის სურვილი, რომელიც შედეგის შესაძლებლობას იძლევა.