პოლიტიკური შტილი გახარიას გამოჩენამდე

პოლიტიკური შტილი გახარიას გამოჩენამდე

როდის გამოვა ღიად პოლიტიკაში ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა კულუარულად ცნობილი ხდება, რომ მან შესაძლოა, ახალი პარტია საზოგადოებას 31 მარტს წარუდგინოს. გახარია გუნდის ფორმირებით აქტიურად არის დაკავებული და ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის „ქართული ოცნების“ იმ დეპუტატების გადაბირებას ცდილობს, რომლებიც პარტიის სიაში მის მიერ არიან შეყვანილები. 26 მარტს კი „ოცნების“ პოლიტსაბჭო ჩაინიშნა, სადაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის კრისტიან დენიელსონის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ისაუბრეს, თუმცა საუბარია გახარიას ახალ პარტიასაც შეეხო, სადაც დისკუსია, სავარაუდოდ, დეპუტატების გადაბირების საკითხსაც დაეთმო.

არსებობს თუ არა იმის ალბათობა, რომ მან დეპუტატების გადაბირებით „ოცნების“ უმრავლესობა დაშალოს და ხელოვნური კრიზისის შედეგად რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს? - ეს კითხვები ანალიტიკოსების და პოლიტიკოსების აზრით ლეგიტიმურია, თუმცა ეს შესაძლოა, მხოლოდ თეორიული მსჯელობის საგანი იყოს, რადგან რეალურად ამის განხორციელება წარმოუდგენელია. გახარიას ამის რესურსი რომ ჰქონოდა, მაშინ ღარიბაშვილს მისი მომხრე დეპუტატების ნაწილი მხარს არ დაუჭერდა. ანალიტიკოსები იმაზეც თანხმდებიან, რომ გახარია 5%-იანი ბარიერის გადალახვას თავისუფლად შეძლებს და შესაბამისად, მას რიგგარეშე არჩევნებზე ბედის ცდა თავისუფლად შეუძლია. მისი სეგმენტი ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის 40%-ი იქნება, რომელსაც არც „ოცნება“ და არც „ნაციონალები“ არ უნდა. თუმცა დიდი ალბათობით, ყოფილი პრემიერი მმართველ გუნდს ელექტორატის ნაწილს წაართმევს.

გახარიასთან დაახლოვებული ზოგიერთი დეპუტატი მედიასთან მის გუნდში გადასვლაზე ცალსახა უარს არ ამბობს. მათი პასუხები ორაზროვანია, რომელიც დამატებით ეჭვებს აჩენს. გიორგი ხოჯევანიშვილი მათ შორის არის, ვინც ყოფილი პრემიერის გუნდის წევრად მოიაზრება. ის პარლამენტში გახარიას რეკომენდაციით მოხვდა და მის კადრად ითვლება. ის მედიასთან არ უარყოფს, რომ გახარიას მეგობარია, მაგრამ გახდება თუ არა მისი ახალი გუნდის წევრი, ამაზე კომენტარს არ აკეთებს. ყოფილი პრემიერის დასაყრდენი დეპუტატები არიან, ანა ბუჩუკური, ბექა ლილუაშვილი, მარიამ ქვრივიშვილი, მიხეილ დაუშვილი, შალვა კერესელიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი. თითქმის ყველა მათგანი ადასტურებს, რომ გახარიასთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს. მიხეილ დაუშვილთან კითხვებიც არ არსებობს, რადგანაც ის მედიამ გახარიას სახლიდან მასთან ერთად გამოსული უკვე ნახა.

გამორიცხული არაა, გახარიას გუნდში „ოცნებიდან“ წასული ყოფილი წევრებიც ვიხილოთ. საუბარია თამარ ჩუგოშვილზე და სხვა რამდენიმე პირზე. ყოფილი პრემიერის გვერდით იქნებიან, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა საბანაძე, რომელიც თანამდებობიდან რამდენიმე დღის წინ გადადგა და ნათია მეზვრიშვილი, რომელიც პრემიერის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო. არაა გამორიცხული პარტიაში ყოფილი ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილიც ვიხილოთ.

„პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით გახარიასთან რაიმე კონსულტაცია არ მქონია. თუმცა ვადასტურებ, რომ დღეის ჩათვლით, მასთან კარგი მეგობრობა მაკავშირებს. თეორიების დონეზე საუბარი ამ ეტაპზე არ მსურს“, - აცხადებს გიორგი ხოჯევანიშვილი.

იგივეს აცხადებს ანა ბუჩუკური, რომელიც ადასტურებს, რომ ყოფილ პრემიერთან მეგობრობს, თუმცა დამატებით სხვა კომენტარის გაკეთება არ სურს.

„ვადასტურებ, რომ გიორგი გახარია ჩემი მეგობარია და მასთან დღემდე ვმეგობრობ. სხვა დამატებით კითხვებზე ამ ეტაპზე პასუხს ვერ გავცემ“, - ამბობს ბუჩუკური.

ასავე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია პოლიტიკაში ფინანსური მხარდაჭერისთვის ბიზნესმენებთან აქტიურად მუშაობს და არაერთი მათგანი მზად არის, რომ მისი პარტია დააფინანსოს. როგორც ცნობილია, გახარიამ ბიზნესის წარმომადგენლებთან ბიზნესომბუდსმენობის პერიოდიდან საკმაოდ კარგი ურთიერთობა დაამყარა.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე კი გამორიცხავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა იმ დეპუტატებმა დატოვონ, რომლებიც გიორგი გახარიას გუნდის წევრებად მოიაზრებიან.

შესაბამისი განცხადება თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ გააკეთა, რითაც არსებულ მოსაზრებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ გიორგი გახარიამ უმრავლესობიდან გუნდის საკუთარი წევრების გაყვანით შესაძლოა, პოლიტიკური კრიზისი შექმნას, რის შემდეგაც ქვეყანაში ახალი არჩევნები დაინიშნოს.

„მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, მეათე მოწვევის პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ აქვს და ექნება მყარი უმრავლესობა. შესაბამისად, მედიაში ასეთი საუბარი საფუძველს მოკლებულია“, - განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება გიორგი გახარიას განცხადებას იმის შესახებ, რომ ის არსად წასვლას არ აპირებს, მათ შორის არც პოლიტიკიდან, არჩილ თალაკვაძე აღნიშნავს, რომ მხოლოდ ამ განცხადებიდან გამომდინარე, საკითხზე კომენტარის გაკეთება მისი მხრიდან არასერიოზული იქნება.

„რაც შეეხება გიორგი გახარიას განცხადებას, რომელიც მედიით მოვისმინე, ამასთან დაკავშირებით ახლა მექნება ერთადერთი კომენტარი და შეფასება, ვნახოთ, კონკრეტულად რა გეგმა აქვს მას, რა პარტიას ქმნის, რა პლატფორმას აყალიბებს, ვისთან აპირებს თანამშრომლობას ამ პოლიტიკურ სპექტრში და შემდეგ გავაკეთოთ შეფასებები. ვფიქრობ, მხოლოდ იმ განცხადებით, რაც მან გააკეთა, ჩემი მხრიდან შეფასების გაკეთება სერიოზული არ იქნება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ უმრავლესობა რომ დაშალოს, 50-მდე დეპუტატის გადაბირება მაინც სჭირდება. გახარიას ამდენი რესურსი და შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, მაშინ ამას პრემიერად ყოფნის დროს გააკეთებდა და კობახიძე-თალაკვაძის ჯგუფს საერთოდ თამაშგარეთ გაიყვანდა.

„საპარლამენტო კრიზისი უნდა შეიქმნას და უმრავლესობამ ისევ პრემიერობის კანდიდატი უნდა დაასახელოს. თუ გახარია მოვა და უმრავლესობის ნახევარი მასთან გადავა, მაშინ სხვა თემაა. ექვსი დეპუტატით ხელისუფლებაში მოვიდეს, ეს ხომ წარმოუდგენელია. მაშინ მან 50-მდე დეპუტატი მაინც უნდა გადაიბიროს და ვთქვათ 40 კაცი „ოცნებას“ დარჩეს. ამ შემთხვევაში, უკვე, პარლამენტში ხელოვნურად კრიზისი იქმნება და მაშინ კოალიციური მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს.

თუკი გახარიას „ოცნება“ ამაზე უარს ეტყვის, მაშინ რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს. ამდენი შესაძლებლობა გახარიას თუ ჰქონდა, მაშინ არ გადადგებოდა და პარტიის შიგნითვე, პრემიერის რანგში დეპუტატების გადაბირებას ისედაც შეძლებდა. ან ღარიბაშვილის მთავრობას მისი მომხრე დეპუტატები უნდობლობას გამოუცხადებდნენ და გახარია ისევ პრემიერად დაბრუნდებოდა. რაღაც ეს თეორიული ვარიანტია და ამას რეალობაში ვერ ვხედავ“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, რა თქმა უნდა, გახარია ახლა ძალიან კარგ პოლიტიკურ ველზე შემოდის, სადაც 40% ამომრჩეველი შუაშისტია და არც ხელისუფლება უნდა და არც ოპოზიცია -  ჩამოუყალიბებელია, რომელიც რაღაცა ახალს ეძებს. თუმცა ამ სეგმენტზე მხოლოდ გახარია არ იმუშავებს. მის გარდა უამრავი პოლიტიკური პარტია არსებობს. ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ამ ტიპის ამომრჩეველზე „ოცნებაც“ და ნაციონალებიც იმუშავებენ. ამიტომ მხოლოდ გახარია ვერაფერს შეძლებს. მას კარგი გუნდი სჭირდება და უნდა აირჩიოს იმ წონის პოლიტიკოსები, რომლებსაც საზოგადოება იცნობს, მაგრამ უარყოფითი შლეიფით შემოსილები არ არიან.

„გახარიას ეს 40% ჯიბეში არ უდევს. მას აქვს შანსი, რომ ამ ამომრჩეველს უკეთესი ვარიანტები შესთავაზოს და მათი დაინტერესება შეძლოს. თუმცა მარტო გახარია საკმარისი არ იქნება. მართალია, მას აქვს პოლიტიკური კაპიტალი, მაგრამ გუნდი სჭირდება, რომელთა მეშვეობითაც ამ კაპიტალს გამოიყენებს. ის გუნდი, რომელზეც საუბარია, საპარლამენტო ფრაქციას კი შეუქმნის, მაგრამ მათი პოლიტიკური წონა რა არის? მათ საზოგადოება იცნობს? გახარია რა გუნდს შემოიკრებს, ამას აქვს დიდი მნიშვნელობა. კალაძეზე და კვირიკაშვილზე ამიტომ ვსაუბრობდი. გახარიამ უნდა ეძებოს ისეთი გუნდი, რომელსაც საზოგადოება უკვე იცნობს, მაგრამ უარყოფითი შლეიფით შემოსილები არ არიან. ყველა პოლიტიკურ ლიდერზე საზოგადოებაში აზრი უკვე ჩამოყალიბებულია. ამიტომ ეს რთული მომენტი ექნება და ეს კარგად უნდა გააანალიზოს“,-ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.