„შევხვდებით მალე“, - ამ სიტყვებით მიმართა ერთთვიანი ტაიმ-აუტის შემდეგ ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ.
ქართულ პოლიტიკას ასე იოლად ვერ ელევიან და ექსპრემიერმაც პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი დააანონსა. უახლოეს პერიოდში გიორგი გახარია ყველაფრის გამხელას გვპირდება და მოარულ ჭორებსაც წერტილს უსვამს იმასთან დაკავშირებით, თითქოს ქვეყნიდან და პოლიტიკიდან წასვლას გეგმავდა.
გიორგი გახარიასთან გადინების პროცესი უკვე დაიწყო. მასთან იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ მოქმედი დეპუტატი მიხეილ დაუშვილი, ასევე, სავარაუდოდ, მოსალოდნელია გახარიას გუნდში სხვა დეპუტატების პორტირებაც, მათ შორის, მარიამ ქვრივიშვილის, ანა ბუჩუკურის, ალექსანდრე მოწერელიას, გიორგი ხოჯევანიშვილის, ბექა ლილუაშვილის, ლევან მგალობლიშვილის, რესან კონცელიძის. გახარიასთან ერთად გამოჩნდა მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი კახაბერ ქემოკლიძე.
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ სწორედ გახარია იქნება ის კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც საქართველოს სჭირდება.
ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ ივანიშვილი გახარიას პროექტს შეფუთავს და მას ოპოზიციად წარმოაჩენს. ექსპრეზიდენტ მარგველაშვილის აზრით, შვებულებიდან გამოიყვანეს გახარია, რომ შექმნას „ქართული ოცნება 2“.
ქმნიან თუ თავად ქმნის საკუთარ თავს უკვე ხელმეორედ გიორგი გახარია, ამის შესახებ for.ge-ს ანალიტიკოსი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ესაუბრა.
სავარაუდოდ, უკვე აეხსნა ფარდა, რას ნიშნავდა გიორგი გახარიას გადადგომამდე გაკეთებული განცხადება „კი არ მივდივარ, მოვდივარ“. ექსპრემიერი დღესაც ამბობს, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ პოლიტიკიდან მისი ერთთვიანი წასვლა იყო გააზრებული და არა სპონტანური ნაბიჯი (მელიას თემიდან გამომდინარე) და იმთავითვე ხომ არ ჰქონდა გათვლილი ექსპრემიერს, რომ მალე დაბრუნდებოდა პოლიტიკაში?
- გიორგი გახარია რომ პოლიტიკიდან საბოლოოდ წასვლას არ აპირებდა, ეს იმთავითვე ჩანდა. ექსპრემიერი რომ წავიდა, მას არ უთქვამს, პოლიტიკიდან მივდივარო. მასვე მიჰყვა სულ მალე მაია ცქიტიშვილი და, გახარიასგან განსხვავებით, მან მკაფიოდ და ცალსახად თქვა, სახლში მივდივარ, ანუ პოლიტიკაში აღარ ვიქნებიო. დამატებითი ფაქტორი იყო ისიც, რომ გიორგი გახარიას სულ მალე მიჰყვა მისი ერთგული თანამშრომელი კახა ქემოკლიძე, რომელიც შს სამინისტროდან გადაჰყვა მას ჯერ კიდევ უსაფრთხოების საბჭოში და შემდეგ უკვე პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი გახდა. კახა ქემოკლიძე ცნობილი ოფიცერი იყო უსაფრთხოების სფეროში და შეეძლო უკან დაბრუნებულიყო ან შს სამინისტროში, ან უსაფრთხოების სამსახურში, მაგრამ ის სახლში წავიდა. მენიშნა, როცა კახა ქემოკლიძე არ დაბრუნდა ძალოვან სტრუქტურებში, ხომ არ აპირებდა ის გახარიასთან ერთად პოლიტიკის გაკეთებას?! მაშინვე ჩანდა, რომ გახარიამ დაიტოვა უკან გადასადგმელი ნაბიჯი. პოლიტიკიდან რომ არ მიდის და პოლიტიკაში დაბრუნდება, მივესალმები, თუმცა ვერ წარმომიდგენია, რას გააკეთებს ისეთ განსაკუთრებულს. ფაქტია, ამით გაამდიდრებს პოლიტიკურ სპექტრს და არჩევანის მეტ საშუალებას მისცემს ქართულ საზოგადოებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამაში უფრო მეტი კარგია, ვიდრე საეჭვო რაღაც-რაღაცები.
ანუ გახარიამ იმთავითვე იცოდა, რომ პოლიტიკაში დაბრუნდებოდა?
- დიახ, მისი გადადგომისთანავე მქონდა განცდა, რომ დაბრუნდებოდა. მაგალითად, როცა წავიდა კვირიკაშვილი, მან მკაფიოდ თქვა, მე არ ვიქნები პოლიტიკაშიო. მართლაც, მერე ყველანაირად ადასტურებდა ამას. მარგველაშვილი რომ წავიდა, ის არასდროს ამბობდა, არ დავბრუნდებიო, ის ყოველთვის იტოვებდა შანსს და ყოველი არჩევნების დროს რაღაცას გააჟღერებდა ხოლმე, ანუ თავის დროს ელოდა. მე მომეჩვენა, რომ გახარია არ წავიდოდა სამუდამოდ.
გახარიამ ერთთვიანი ტაიმაუტი აიღო. მთელი ამ ხნის განმავლობაში ექსპრემიერს ესმოდა საკუთარი თანაგუნდელების კრიტიკული ტონი, რომ მან არასწორ დროს მიატოვა გუნდი, დღეს კი გახარიას მიმართ დამოკიდებულება შერბილდა, მას გამოცდილ პრემიერად მოიხსენიებენ, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა საქართველოსთვის. ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილია მთელი ამ პროცესის მთავარი დირიჟორი და „ქართული ოცნების“ წევრებმაც გახარიას დაბრუნებაში ამოიკითხეს ბიძინა ივანიშვილის ზრახვები?
- ჩემი აზრით, გახარიას წასვლა ბიძინა ივანიშვილისთვის სრულიად მოულოდნელი იყო. ვფიქრობ, გახარიამ ჯერ მიიღო გადაწყვეტილება წასვლასთან დაკავშირებით და შემდეგ დაურეკა ივანიშვილს, ანუ მას არ შეუთანხმა წასვლის საკითხი, მასთან არ დაიწყო კამათი, მე ასე ვერ ავიტან, თუ ასე არ იქნება, მე წავალო. გახარიამ ივანიშვილის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება, მისთვის მიუღებელი იყო ის ვითარება, რაც დატოვა ივანიშვილმა, თუ როგორ გაჯეჯილდა კობახიძის გუნდი და როგორ დაიპყრო ყველაფერი. ალბათ, გახარიამ ყოველგვარი ვაჭრობისა და შეთანხმების გარეშე მოგვიანებით დაურეკა ივანიშვილს და უთხრა, მივდივარ. ყველასთვის ეს იყო მოულოდნელი, დარწმუნებული ვარ, ივანიშვილისთვისაც. ამან განაპირობა კრიზისი შიგნით პარტიაში და, შესაბამისად, ქვეყანაში. გიორგი გახარიას დაბრუნებაც არა მგონია, ივანიშვილთან შეთანხმებული იყოს, ის ბრუნდება იმიტომ, რომ ჩამოყალიბებული, მსხვილი კალიბრის პოლიტიკოსია, გარკვეულ ვალდებულებად თვლის და პასუხისმგებლობასაც კი გრძნობს საქართველოს მიმართ და თვლის, რომ მისი ადგილი პოლიტიკაშია. ერთხელ კიდევ უნდა მოსინჯოს თავისი ძალები. შეიძლება ის ქმნის არა მესამე ცენტრს პოლიტიკურ სივრცეში, არამედ მეორე ცენტრს „ქართულ ოცნებაში“, როგორც, სიტყვაზე, „ევროპული საქართველო“ რომ გამოვიდა „ნაციონალური მოძრაობიდან“ მან ახალი არაფერი შექმნა პოლიტიკაში, მან „ნაცმოძრაობაში“ შექმნა ახალი, ანუ გამოეყო „ნაცმოძრაობას“. დაახლოებით ასეთი რამ მოხდება გახარიას შემთხვევაშიც და გახარია ხმებს გაუყოფს „ქართულ ოცნებას“. თავისთავად, ეს საინტერესო გამოწვევაა. თუ კიდევ გადადგამს თამამ ნაბიჯს და ადგილობრივი არჩევნების შემდეგ შეეკვრება კალაძეს, მაშინ ძალიან სერიოზული ფენომენი გახდება და ამით შეიძლება ახალი რეალობა შექმნან ქართულ პოლიტიკაში, თუკი გახარია და კალაძე იქნებიან ერთად. ხოლო, თუ ცალკე კობახიძის გუნდი, ცალკე გახარია, ცალკე კალაძე იქნება, ამით უფრო დაქსაქსავენ და დაასუსტებენ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს, ვიდრე გააძლიერებენ.
თავის დროზე ჩვენთან საუბრისას ამბობდით, რომ მაია ცქიტიშვილის მიმართ დადებითად იყავით განწყობილი. იმ განცხადების მიუხედავად, თითქოს ცქიტიშვილი სახლში წავიდა, იმთავითვე იყო იმის მოლოდინი, რომ ის პოლიტიკაში დაბრუნებულ გახარიას შეუერთდებოდა. ეს სცენარი მოსალოდნელია?
- ძალიან დადებითად ვიყავი და ვარ განწყობილი ამ ქალბატონის მიმართ. დაბრუნდება თუ არა მაია ცქიტიშვილი გახარიასთან, ვერ გეტყვით. როგორც ჩანს, მაია ძალიან გულნატკენი წავიდა, მე მგონი, მაია ყველაზე ახლოს იყო ივანიშვილთან, სავარაუდოდ, ის არ ელოდა სიტუაციის ისეთ დალაგებას, სადაც ივანიშვილმა ყველაფერი დაუტოვა კობახიძის გუნდს, ამიტომაც ვფიქრობ, რომ მაია ცქიტიშვილი გულგატეხილი წავიდა და „ქართული ოცნების“ ასეთ დასასრულს არ ელოდა. მაია განსაკუთრებული პოლიტიკური აქტიურობით არ გამოირჩეოდა, სიტყვაზე, როგორც ქალებიდან ბურჯანაძეა, თინა ხიდაშელია, მაიას ჰქონდა ყველანაირი შანსი, ყოფილიყო წამყვანი პოლიტიკოსი ქალბატონი, მაგრამ მან ეს არ გამოიყენა და ივანიშვილის ჩრდილში იყო, ასრულებდა მის დავალებებს და ბოლომდე მისი ერთგული დარჩა, მას არ აქვს ქარიზმა, მაგრამ მას დიდ პატივს ვცემ და გული მწყდება, რომ პოლიტიკაში არაა. ის უფრო აღმასრულებელ სტრუქტურებში იყო. თუ მაია ცქიტიშვილი გადალახავს გარკვეულ გულისტკენას და გახარიასთან აღმოჩნდება, ეს მხოლოდ გააძლიერებს გახარიას, მაია კი არ გაძლიერდება გახარიათი, არამედ გახარია გაძლიერდება მაიათი. მაიას პოლიტიკური ამბიციები არ აქვს.
ცნობილია, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატები გიორგი გახარიას გუნდში გადასვლას გეგმავენ. „ოცნებიდან“ გადინების პროცესი გახარიას სასარგებლოდ დაიწყება?
- „ქართული ოცნებიდან“ გადინება სულ მიმდინარეობს, მარტო ლაპარაკში არიან მაგრები, გვარწმუნებენ, თითქოს „ოცნებაში“ არაფერი ხდება, სინამდვილეში, ბევრი რამ ხდება შიგნით. გახარიას წასვლამ კიდევ უფრო რეალური გახადა ეს ყველაფერი. პრობლემა ახლა ივანიშვილშია, ის ახლა ძალიან დაბნეულია, ვითომ სამუდამოდ წავიდა პოლიტიკიდან, თუმცა რეალურად არ წასულა, მისი გამოჩენა პოლიტიკაში უკვე აღარ გამოვა, მან უნდა შეინარჩუნოს მითი წასულობისა. ის საჯაროდ და ღიად ვერც ერთ მხარეს ვერ დადგება, ვერც კობახიძის მხარეს, ვერც გახარიას და კალაძის მხარეს, სულ ჩუმად იქნება. შეიძლება, უკან იყოს, ჩრდილებმა ითამაშოს, მაგრამ იმის მიხედვით, სად დგას ივანიშვილი, გავიგებთ, რომელი მხარე ძლიერდება. მე მგონი, წესით, ივანიშვილი იქ უნდა დადგეს, სადაც იქნება კალაძე და გახარია.
გახარიას გამოჩენა თანაბრად დაარტყამს ნაციონალებს და „ოცნებას“?
- დაარტყამს ერთსაც და მეორესაც, „ნაცმოძრაობა“ მუდმივად აპელირებს ივანიშვილზე, მუდამ იძახიან ივანიშვილი, ივანიშვილიო... არადა, უკვე გამოჩნდნენ ახალი ძალები - კალაძე უკვე ფაქტორია. სხვათა შორის, „ნაცმოძრაობაც“ კი ვერ უბედავდა კალაძეს დარტყმას, ძალიან არ უტევდა და არ ცდილობდა, ის ივანიშვილისთვის მიება. ამ ფონზე „ნაცმოძრაობა“ ისევ ჩარჩება და მძევალი იქნება ივანიშვილის კონტექსტის, პარალელურად, განვითარდება „ქართული ოცნების“ კონცეფცია სულ სხვა მიმართულებით, შესაძლოა, გახარია-კალაძის მიმართულებითაც, რითაც „ნაცმოძრაობა“ შესუსტდება. მუდმივად ივანიშვილზე ლაპარაკი უკვე აღარ იქნება დამაჯერებელი, როცა უკვე სხვა ფიგურები წამოვლენ წინ და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი გადაერთვება გახარია-კალაძის მხარეს. კობახიძე აშკარად არაპოპულარულია, თავის ამფსონებთან ერთად. მათ ძალზე „გაიპაზორეს“ თავი, მით უმეტეს, ევროპელებთან ლაპარაკით. ჩემი აზრით, ევროპიდან წამოვიდა ცუდი მესიჯი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, მათი აზრით, ოპოზიცია ოპოზიციაა და არაკონსტრუქციულია, მაგრამ დღეს „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში, ამიტომ ევროპელებს აინტერესებთ, როგორ დადის ხელისუფლება ოპოზიციის დონეზე, როგორ არ ფიქრობს სახელმწიფოზე, როგორ შეიძლება მხოლოდ ოპოზიციაზე ფიქრი? აშკარად ჩაიჭრა „ქართული ოცნება“ მოლაპარაკებების დროს, როცა თავი გაუტოლა და ჭიდაობა დაუწყო ოპოზიციას იმ დროს, როცა უნდა ეთანამშრომლა ევროკავშირთან. გიორგი გახარიას ხელახლა გამოჩენაც სწორედაც ამ ფონზეა, რადგან „ქართული ოცნება“ ძალიან ჩავარდა ევროპელების თვალში. ევროპელები გახარიას იცნობენ და, მე მგონი, გახარიაზე იქნება უფრო მეტი მოლოდინი, გახარიამ შეიძლება გადაარჩინოს „ქართული ოცნების“ რეპუტაცია.