აშშ-ის მოქალაქემ, მარიამ თომფსონმა, რომელიც ერაყში ერთ-ერთ ამერიკულ სამხედრო ობიექტზე თარჯიმნად მუშაობდა, აღიარა, რომ გადასცა შიიტურ მოძრაობა „ჰეზბოლას“ ინფორმაცია ირანელი გენერლის ყასემ სულეიმანის ლიკვიდაციის ოპერაციაში მონაწილეთა შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
„მარიამ თომფსონი ამერიკულ სამხედრო ობიექტზე მუშაობდა, სადაც მას ჰქონდა წვდომა გასაიდუმლოებულ სახელმწიფო ინფორმაციასთან. თომფსონმა აღიარა ბრალი ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადაცემაში უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის, რომელიც, მისი აზრით, ამ ინფორმაციას „ჰეზბოლას“ გადასცემდა“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
კერძოდ, 63 წლის ქალმა აღიარა, რომ 2017 წლიდან ჰქონდა რომანტიკული ურთიერთობა ადამიანთან, რომელიც ამტკიცებდა, რომ „ჰეზბოლასთან“ აქვს კავშირი. სულეიმანის მკვლელობის შემდეგ კაცმა მას სთხოვა, მოეპოვებინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ დაეხმარა აშშ-ს ირანელი გენერლის ადგილსამყოფლის დადგენაში. მარიამ თომფსონის განცხადებით, ის ხვდებოდა, რომ ეს ინფორმაცია საბოლოოდ „ჰეზბოლას“ ხელში აღმოჩნდებოდა.
მარიამ თომფსონმა მოიძია სადაზვერვო ინფორმაციის წყაროები, მათ შორის ინფორმატორების „რეალური სახელები, პირადი მონაცემები, ბიოგრაფიები და ფოტომასალა“.
2020 წლის 3 იანვარს, ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად აშშ-ის სარაკეტო დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმ „ალ-ყუდსის“ მეთაური, გენერალი ყასემ სულეიმანი ემსხვერპლა.