ცდილობს თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოლაპარაკების ახალი რაუნდის დაწყების წინ ფსონის აწევას და სურს თუ არა, რომ სამშობლოში დაბრუნების გზა მოძებნოს? რატომ გაჩნდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენლის კრისტიან დენიელსონის ჩამოსვლის წინ მოსაზრება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სააკაშვილი შეიწყალოს, სამშობლოში დაბრუნდეს და მოლაპარაკებებში უშალოდ ჩაერთოს? - რა გეგმა დგას ამ ინიციატივის უკან და სინჯავს თუ არა ნიადაგს სააკაშვილი სამშობლოში დასაბრუნებლად?
თუ ვაჭრობაა ვაჭრობა იყოს - ხომ არ უნდა მესამე პრეზიდენტს რომ მისი პარტიის პარლამენტში შესვლა საკუთარ თავისუფლებაში გაცვალოს? ეს მოსაზრება მას შემდეგ უფრო აქტუალური გახდა, რაც უკრაინულმა მედიამ სააკაშვილის და მისი გუნდის კორუფციულ საქმიანობაზე საუბარი დაიწყო. შესაძლოა, უკრაინაში მასზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრას, ამიტომაც სააკაშვილს წასასვლელი არსად აღარ რჩება და თავის დაზღვევის მიზნით სამშობლოში დასაბრუნებელ საშუალებას ეძებს.
„ქართულმა მაფიამ „უკრაინის რკინიგზა“ გაძარცვა“, - ამ სათაურით სტატიას უკრაინული გამოცემა „Obozrevatel“ აქვეყნებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინის ეკონომიკას სატრანსპორტო კოლაფსი ემუქრება, კერძოდ, მარტის ბოლომდე კომპანია Ernst & Young-ის აუდიტორები „უკრაინის რკინიგზას“ ტექნიკურ დეფოლტს გამოუცხადებენ, 31 მარტიდან კი დაგეგმილია „უკრაინის რკინიგზის“ თანამშრომელთა გაფიცვა.
„პერსონალურ პასუხისმგებლობას ამაზე პარლამენტის მიერ შექმნილი კომისიის თავმჯდომარე იულია გრიშინა მიხეილ სააკაშვილის პროტეჟეს, „უკრაინის რკინიგზის“ ხელმძღვანელს ვლადიმერ ჟმაკს აკისრებს. მას შემდეგ, რაც პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნა, სააკაშვილი პირდაპირ ეთერში დეპუტატებს ესხმის თავს.
ამის პარალელურად, ოპოზიციის ნაწილი სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაზე და მოლაპარაკებაში ჩართვაზე ალაპარაკდა. პირველი ეს ინიციატივა „გირჩმა“ გააჟღერა.
„მოლაპარაკების საგანი შეიძლება იყოს ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდეს საქართველოში და არ დაიჭირონ, სხვანაირად „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში არ შედის და იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილი გაქცეულია ქვეყნიდან, პარლამენტს ხომ არ დავკარგავთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მისივე თქმით, ამ საკითხს კრისტიან დანიელსონთან შეხვედრაზე აუცილებლად დააყენებს.
„კრისტიან დანიელსონი რაიმე კონკრეტული შემოთავაზებით თუ არ ჩამოვა, არ მგონია, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში რაიმე ისეთი არსებითი ცვლილება მომხდარიყო ამ დღეებში, რომ იგივე მეთოდმა გაჭრას, რომელიც წინა შემთხვევაში იყო გამოყენებული.
ჩვენ რა შთაბეჭდილებაც დაგვრჩა ხელისუფლებასთან ურთიერთობით, ვერ ვიტყვით, რომ განსაკუთრებული სურვილი არსებობს კომპრომისის, მაგრამ უნდა ვიფიქროთ ახალ-ახალ გზებზე, ახალ-ახალ სივრცეებზე, რომელიც შეიძლება, გახდეს კომპრომისის საგანი. მაგალითად, მოლაპარაკების საგანი შეიძლება იყოს ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდეს საქართველოში და ის აქ არ დაიჭირონ „ქოცებმა“. სხვანაირად „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში არ შედის. ელოდებიან იმ ადამიანის ჩამოსვლას. იმის გარეშე გადაწყვეტილებას არ იღებენ. ჩვენ, ახლა იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილი გაქცეულია ქვეყნიდან, პარლამენტს ხომ არ დავკარგავთ. ამიტომ, ჩამოვიყვანოთ და ვათხოვნინოთ საკუთარი გუნდისთვის, რომ შევიდნენ პარლამენტში, სხვანაირად არ შედიან. დანიელსონთან ამ საკითხს აუცილებლად დავაყენებთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
„ალტერნატივა გვჭირდება, რა შეიძლება იყოს შეთანხმების თემა. აი, მაგალითად მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება. ამნისტია არა 20 ივნისის, არამედ სააკაშვილის დაბრუნება. აღიარება იმის, რომ მაგიდის მხარეს გიზის არა უბრალოდ წარმომადგენელი რომელიღაც პარტიის, არამედ მართლა მისი ლიდერია მთავარი პრობლემა“, – ამას კი „გირჩის“ კიდევ ერთი წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს.
მისი თქმით, თუ შერიგებაზეა ლაპარაკი, მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდეს და „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევიდეს. მეგრელიშვილი ფიქრობს, რომ სააკაშვილი „ოცნებამ“ არ უნდა დაიჭიროს და რაღაცა გამოსავალი მოიძებნება.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადებით კი, მიხეილ სააკაშვილს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ბიძინა ივანიშვილს თანასწორი შანსით დაუპირისპირდეს.
„ჩვენი ამოცანაა, რიგგარეშე არჩევნები წელსვე ჩატარდეს. არ გვაქვს დასაკარგი დრო და თუ ორივე მხარე - ხელისუფლებაც და ოპოზიციაც პასუხისმგებლობას გრძნობს, მაშინ ეს არჩევნები უნდა დაინიშნოს, რომ ქვეყანა ამ მდგომარეობიდან გამოვიდეს. ამიტომაა ვადამდელი არჩევნები საჭირო. ხოლო ვადამდელი არჩვენების მეტ-ნაკლებად ნორმალურად ჩასატარებლად, როგორც მინიმუმ, სამი პირობაა აუცილებელი - ქვეყანაში არ უნდა იყოს პოლარიზება და ხელისუფლება არ უნდა იჭერდეს მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერს და ერთ-ერთი მთავარი ოპონენტი ტელევიზიის დამფუძნებელს.
„არ უნდა იყვნენ პოლიტიკური დევნილები. ჩვენ გვყავს პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომელიც დევნილობაშია და არ აძლევენ საშუალებას, თანასწორ შანსიან კონკურენციაში დაუპირისპირდეს მთავარ ოპონენტს. აქეთაა ივანიშვილი, აქეთ უნდა იყოს სააკაშვილი - ეს არის სამართლიანი. თუ სააკაშვილი ვიღაცას არ უყვარს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენც არ გვიყვარს ივანიშვილი, მაგრამ ხომ არ ვამბობთ, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს. იმათ არ უყვართ მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ როგორ შეიძლება თუ სამართლიანობაა, მიხეილ სააკაშვილს არ შეეძლოს საკუთარ ქვეყანაში იყოს და თავის პარტიასთან ერთად იბრძოლოს?“, - განაცხადა ბარამიძემ.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ოპოზიციის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თემაზე საუბარი, კიდევ ერთი მორიგი მცდელობაა იმის, რომ მოლაპარაკება ჩაიშალოს. აბაშიძე ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტ პარტიებს მსგავსი, არარეალური და უტოპიური მოთხოვნების წამოყენება არ ელევათ. შესაძლოა, იქამდეც კი მივიდნენ, რომ სანამ კლიმატური პირობები დედამიწაზე არ შეიცვლება, მოლაპარაკება არ დამთავრდება.
„არ შეიძლება ყოველ მეორე რაუნდზე ისეთი მოთხოვნები წარმოადგინო, რომელიც შეუსრულებადია და აბსოლუტურად კანონის სივრციდან გასულია. წარმოიდგინეთ, სააკაშვილი რომ დაბრუნდეს, ამას რამდენიმე დანაშაულზე ბრალი აქვს მისჯილი. ამიტომაც კანონი როგორც მოითხოვს, ავტომატურად სასჯელაღსრულების დაწესებლებაში უნდა გადაიყვანონ. ამიტომ სააკაშვილის, ადეიშვილის, ახალაიების და სხვების შეწყალების და ვადაზე ადრე გათავისუფლების მოთხოვნა, მათი დესტრუქციული ქმედების ნაწილია. ისინი ცდილობენ, როგორმე მოლაპარაკება არ შედგეს და ჩაიშალოს. სააკაშვილი პრეზიდენტმა რომ შეიწყალოს, მას სასჯელის გარკვეული ნაწილი მოხდილი უნდა ჰქონდეს. სასჯელის ორი მესამედი მაინც უნდა მოიხადოს. ამიტომაც ამაზე საუბრი არის ლოგიკას მოკლებული, რომელიც მხოლოდ მაგიდის აყირავებას ემსახურება“, - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, სააკაშვილის და მისი გუნდის ქმედებები უკრაინაში უკვე საეჭვო გახდა და უკრაინული მედია ამაზე აქტიურად საუბრობს. სააკაშვილი გრძნობს საფრთხეს, რომ შესაძლოა, უკრაინის ძალოვანმა სტრუქტურებმა დააკავონ ან ევროპაში გაიქცეს. ამიტომაც არაა გამორიცხული, რომ ის სამშობლოში დასაბრუნებლად გარკვეულ ნიადაგს იქმნის. მას ცოტა ხანში წასასვლელი არასდ აღარ ექნება და იძულებული გახდება სამშობლოში დაბრუნდეს.
„სააკაშვილი უკვე შემჩნეულია სავარაუდო კრიმინალური კავშირებით უკრაინის რკინიგზაში, ასევე ოდესის პორტში კორუფციული სქემები აქვს დალაგებული. შესაბამისად, ადრე თუ გვიან, დიდი ალბათობით, ეზუგბაიასთან და სხვებთან ერთად უკრაინის მართლმსაჯულების წინაშე პასუხისგება მოუწევს. ამიტომ ნაციოანლები სააკაშვილის გადარჩენას ცდილობენ და იციან, რომ წასასვლელი ცოტა ხანში არსად აღარ ექნება. მას აღარც უკრაინაში გააჩერებენ და ამიტომ ახლა საქართველოში დაბრუნება უნდა. მაქსიმალურად ვაჭრობს, ამ მოლაპარაკებიდან რაღაცა სარგებელი ნახოს. დიდი მოლოდინი მაქვს, სააკაშვილს ამ კორუფციული სქემების გამო უკრაინაში გაასამართლებენ, თუ არ გაიპარა და ევროპაში არ დაიმალა. გამორიცხულია, მისი შეწყალება საქართველოში. არც ერთი პრეზიდენტი, თუ ის ნაციონალების დანიშნული არ იქნება, მას არ შეიწყალებს“, - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.
ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძეს კი მიაჩნია, რომ სრულიად გაუგებარია ეს ინიციატივა რას მოიტანს, რადგანაც „ქართული ოცნება“ მსგავს დათმობაზე არ წავა. ეს არის არარეალისტური იდეა, რადგანაც უამრავ სამართლებრივ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ამას არც ერთი ჩვენი პარტნიორი არ მოითხოვს და თავიდანვე განწირული აზრია. ჩიტაძისთვის გაუგებარია ასევე, რაში სჭირდება სააკაშვილს დაბრუნება, როცა პროცესებს ისედაც მართავს და იმ ხმების რაოდენობა, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აიღო, ძირითადად, მაინც მისი დამსახურებაა.
„ეს არის წარმოუდგენელი და განუხროციელებელი ინიციატივა. ჯერ ერთი, „ოცნებას“ სააკაშვილის უკან დაბრუნება რაში უნდა აწყობდეს, ეს რომ ნდომოდა აქამდე დააბრუნებდა. მეორეც, იტყვიან, რომ ბევრ სამართლებრივ ასპექტებთან არის დაკავშირებული და მისი დაკავება-არდაკავება ჩვენი კომპეტენციის საკითხი არ არისო. პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, სასამართლომ შესაბამისი განაჩენი გამოიტანა და გამომდინარე აქედან იტყვიან, რომ ეს პროკურატურის კომპეტენციაა და ჩვენ ვერაფერს ვერ ვწყვეტთო.
ახლა ლოგიკურად რომ შევხედოთ, ხელისუფლებას მისი უკან დაბრუნება რად უნდა, ისედაც სიტუაცია ჩიხშია შესული და სააკაშვილი აქ ვის რაში აწყობს?! პოლიტიკურ პროცესებში დაუსწრებლადაც მონაწილეობს, ითვლება, რომ ის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფიგურაა და ამიტომაც „ნაცმოძრაობამ“ ამხელა ხმები აიღო. სააკაშვილი პარტიიდან დისტანცირებას ვერ მოახდენს, მის გარეშე პარტია ვერაფერს შეძლებს. შესაძლოა, მისი საქართველოში დაბრუნების შემდეგ გარეთ უფრო მეტი ხალხი გამოვიდეს, თუნდაც მისი ამომრჩეველი, მაგრამ ეს „ოცნებას“ რატომ უნდა აწყობდეს, ამის ლოგიკას ვერ ვხედავ“, - ამბობს ჩიტაძე for.ge-სთან.
ნაც პარტიიის წევრია