ჯოზეფ ქეის სახელი ქართული საზოგადოებისთვის ფართოდ ცნობილი ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ გახდა, როდესაც ბიზნესმენის ნათესავმა თავი ფაქტობრივად მის მოწილედ და მემკვიდრედ გამოაცხადა. ფაქტობრივად, ჯოზეფ ქეის დახმარებით ყოფილი ხელისუფლება გარდაცვლილი ბიზნესმენის მთელ ქონებას დაეპატრონა. ერთ-ერთ ეპიზოდში, კერძოდ ტელეკომპანია „იმედის“ ქონების გასხვისების ნაწილში, ჯოზეფ ქეი აცხადებს, რომ ტელეკომპანია გიგი უგულავას უშუალო მონაწილეობით გადაუფორმა ნაციონალებს, შემდეგ კი ყველამ ერთად საზოგადოება მოატყუა, რომ თითქოს, ტელეკომპანია არაბულმა კომპანიამ შეისყიდა.
„უგულავას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 182–ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, ეს არის სხვისი ქონების მითვისება მართლსაწინააღმდეგოდ, ტელეკომპანია „იმედზე“ ერთი ეპიზოდი, ხოლო იგივე მუხლები „თბილსერვისის“ ეპიზოდში ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, მას ასევე წარედგინა 194-ე მუხლის მესამე ნაწილი უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, რაც ითვალისწინებს 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. მოხდა მისი დაკითხვა, მან გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება გადმოგვეცა დაახლოებით 50 ტომი გასაცნობად“ - განაცხადა უგულავას ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ.
არსებობდა მოლოდინი, რომ გიგი უგულავა იმ მრავალრიცხოვანი საქმეებიდან, რაც მას ბრალად ედება, ამ ეპიზოდში მაინც სასამართლოს მიერ დამნაშავედ იქნებოდა მიჩნეული, თუმცა სასამართლომ უგულავა აღმკვეთი ღონისძიების გარეშე სასამართლოდან გაათავისუფლა.
საქალაქო სასამართლოს ოფიციალური განცხადებით, პროკურატურის შუამდგომლობა გიგი უგულავას მიმართ 1 მილიონი ლარის გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით, ვერ დასაბუთდა, რის გამოც სასამართლოს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა.
საქალაქო სასამართლომ აგრეთვე არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ქალაქის მერის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ პროკურატურის შუამდგომლობაში გიგი უგულავას თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნის საფუძვლები ზოგადი და დაუსაბუთებელი იყო. სასამართლომ პროკურატურის მხოლოდ ერთი შუამდგომლობა დააკმაყოფილა - დავით კეზერაშვილს პატიმრობა შეეფარდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „იმედის“ საქმესთან დაკავშირებით ბიზნესმენ ჯოზეფ ქეის ჩვენებიდან ამონარიდი გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ჯოზეფ ქეის დაკითხვა მოწმის სტატუსით შედგა 2013 წლის 15 თებერვალს თურქეთის ქალაქ სტამბულში, საქართველოს საკონსულოს შენობაში.
„2008 წლის 15-16 დეკემბერს მე ვიმყოფებოდი თბილისში, ჩემს სახლში, მდებარე ჭანტურიას 5-ში. იყო ღამის საათები, დროსაც ჩემს მობილური ტელეფონის ნომერზე დამიკავშირდა დავით კეზერაშვილი, სავარაუდოდ, მისი მობილური ტელეფონის ნომრიდან და მითხრა, რომ მივსულიყავი მასთან ოფისში. მე თარიღი იქიდან გამომდინარე დამამახსოვრდა, რომ ზუსტად ამ დროს ჩემი და, ირმა იაკუბოვა იყო ახალი ჩამოსული აშშ-დან ჩემთან სტუმრად. მე ვუთხარი, რომ დაცვა და მძღოლი მყავდა უკვე გაშვებული და დრო მჭირდებოდა, რომ გამომეძახებინა, თუმცა მან მითხრა, რომ არ იყო ამის საჭიროება და თვითონ გამომიგზავნიდა ვინმეს. მართლაც, რამდენიმე ხანში, დაახლოებით ღამის 3-ის ნახევარზე მანქანით მომაკითხა უცნობმა პიროვნებამ და წამიყვანა დავით კეზერაშვილის ოფისში. ამ დროს ჩემთან სახლში იმყოფებოდა ჩემი მეუღლე სოფიო კეი და ასევე ჩემი და ირმა იაკუბოვა. კეზერაშვილის ოფისი იმ დროს მდებარეობდა ვაკეში, მოსაშვილის ქუჩის დასაწყისში მდებარე შენობის პირველ სართულზე. როგორც ვიცი, ეს იყო მისი პირადი ოფისი. შესვლისას ოფისში დამხვდნენ ჩემთვის უცნობი 20-მდე ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული, სავარაუდოდ, დაცვის თანამშრომელი. მიმაცილეს და შემიყვანეს დავით კეზერაშვილის კაბინეტში, სადაც მარტო დამხვდა ეს უკანასკნელი.
მისალმების შემდეგ დავით კეზერაშვილმა კატეგორიული ტონით მითხრა, რომ გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ მე უნდა დამეთმო მათთვის „ტელეიმედი“, აქვე დაამატა, რომ ინა გუდავაძე, ბადრი პატარკაციშვილის მეუღლე აპირებდა ჩემს წინააღმდეგ სარჩელების შეტანას სასამართლოში და მათ შორის შეეცდებოდა ტელეკომპანიის წართმევას.
მე ვუპასუხე, რომ „ტელეიმედთან“ დაკავშირებულ საკითხებზე მოლაპარაკებას ვაწარმოებდი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილთან. შესაბამისად, ამ საკითხზე აუცილებლად მჭირდებოდა მასთან დალაპარაკება. მე, რა თქმა უნდა, არ მინდოდა და არ ვაპირებდი „ტელეიმედის“ არავისთვის დათმობას, რადგან პირველად სხვაგვარად ვიყავი შეთანხმებული.
აღნიშნულზე დავით კეზერაშვილი გავიდა კაბინეტიდან, რამდენიმე წუთში უკან დაბრუნდა და მომაწოდა ტელეფონი, რომლის ხაზზე იყო მიხეილ სააკაშვილი. მან ტელეფონში მითხრა, რომ ტელევიზია უნდა დამეთმო: ჩათვალე, რომ მე მაძლევ „ტელეიმედს“, გონივრულად თუ მოიქცევი, ჩვენი მეგობრობა ამის შემდგომაც გაგრძელდება. უბრალოდ, ტელევიზია უნდა მომცე მე და კეზერა რასაც გეტყვის, დაუჯერე. ჩათვალე ეგ რასაც გეუბნება გეუბნები მე და ტელეფონი გამითიშა. ზუსტად მობილური ტელეფონი იყო თუ ქალაქის ტელეფონი, არ მახსოვს. ერთადერთი ის მახსოვს, რომ უსადენო აპარატი იყო. მიხეილ სააკაშვილთან სატელეფონო საუბარი რომ დავამთავრე, დავით კეზერაშვილმა მითხრა, რომ ხომ ხედავ ეს მარტო ჩემი ინიციატივა არ არის, ტელევიზია აუცილებლად უნდა დაგვითმო. თუ ჭკვიანი ებრაელი ხარ და გინდა ჩვენთან მეგობრობა გააგრძელო, თუ არ დათმობ კიდევ ამ ოთახიდან ვერ გახვალ. აქვე დაამატა, რომ ჩვენ შენ არ გწირავთ. ტელევიზიაში რა ხარჯებიც გაქვს გაწეული სრულად აგინაზღაურებთო და მკითხა რა იყო ჩემი გადაწყვეტილება.
ჩვენი საუბრის დროს მას ხელში ეკავა დიდი ზომის ხანჯალი და ჩვევისამებრ ხელში ატრიალებდა. ასეთი საუბრის შემდეგ მე მისი მუქარა აღვიქვი რეალურად და ვუპასუხე, რომ ფაქტობრივად არ მქონდა არჩევანის საშუალება და იძულებული ვიყავი დავთანხმებულიყავი მის წინადადებას.
აქვე ვუთხარი, რომ მე „იმედის“ ტელევიზიაში მქონდა გაწეული დიდი ხარჯი და ვინაიდან მიჰქონდათ ტელევიზია, ეს ხარჯი ჩემთვის სრულად უნდა აენაზღაურებინათ. ასევე ვკითხე, თუ ვისზე უნდა გადამეფორმებინა ტელევიზია. დავით კეზერაშვილმა მიპასუხა, რომ ხარჯებზე არ მენერვიულა. მათ ყველაფერი იცოდნენ ამის შესახებ. დაითვლიდნენ და სრულად ამინაზღაურებდნენ. რაც შეეხება „ტელეიმედის“ გადაფორმებას, ამ დეტალებზე ყველაფერს მეტყოდა გიორგი უგულავა.
დავით კეზერაშვილთან შეხვედრიდან, სავარაუდოდ, მეორე დღესვე შევხვდი თბილისის მერს, გიორგი უგულავას მის სამუშაო ოთახში. სავარაუდოდ, ეს უკანასკნელი დამიკავშირდებოდა მობილურ ტელეფონზე. როგორც მახსოვს, გიგი უგულავას მობილური ტელეფონის ნომრები იყო. შეხვედრა მოხდა მის სამუშაო კაბინეტში, რომელიც მდებარეობდა მერიაში, როგორც მახსოვს 20-ე, ან 21-ე სართულზე. შეხვედრაზე ვიყავით მხოლოდ ჩვენ ორნი.
გიორგი უგულავამ მითხრა, რომ „ტელეიმედის“ გადაფორმებისთვის საჭირო ყველა იურიდიულ დოკუმენტს გაამზადებდნენ თვითონ. ჩემგან, ერთადერთი, საჭირო იქნებოდა, რომ უკვე გამზადებულ დოკუმენტებზე მომეწერა ხელი. ასევე, მან განმიცხადა, რომ ისინი სრულყოფილად დაითვლიდნენ იმ დანახარჯს, რაც მე მქონდა გაწეული „ტელეიმედში“ და სრულად ამინაზღაურებდნენ. ამ ოპერაციით მე დაზარალებული არ დავრჩებოდი. ამის შემდგომ, პერიოდულად მიგზავნიდნენ სხვადასხვა იურიდიულ დოკუმენტაციას, რომლებსაც ზედმეტი კითხვების გარეშე ვაწერდი ხელს. ზოგადად ვიცოდი, რომ ამ ყველაფრით ხდებოდა „ტელეიმედის“ სხვა პირებზე გადაცემის იურიდიულად გაფორმება, თუმცა მე დეტალებით არ დავინტერესებულვარ. ერთადერთი ის ვიცოდი გიორგი უგულავასგან, რომ ფორმალურად მიტოვებდნენ 10% „ტელეიმედში“.
2009 წლის იანვრის თვეში, მას შემდეგ, რაც მე მოვაწერე ხელი ყველა იურიდიულ დოკუმენტაციაზე და იურიდიულად გაფორმდა „ტელეიმედის“ გადაცემა, მოხდა შეხვედრა ჩემს, დავით კეზერაშვილს და გიგი უგულავას შორის. ამ უკანასკნელის სამუშაო კაბინეტში, სადაც საუბარი მიმდინარეობდა ჩემს მიერ „ტელეიმედში“ გაწეული ოპერაციული დანახარჯების ოდენობაზე და მათ მიღებაზე. შეხვედრაზე მე ვთქვი, რომ „ტელეიმედის“ საქმიანობისას ჩემს მიერ საოპერაციო ხარჯებში დახარჯული იყო დაახლოებით 11 მილიონი აშშ დოლარი, რაზეც გიორგი უგულავამ მიპასუხა, რომ ისინი უფრო იყვნენ ჩახედულები „ტელეიმედის“ საქმიანობაში და ჩემი დანახარჯები „ტელეიმედში“ შეადგენდა დაახლოებით 10 მილიონ აშშ დოლარს. მათ მმზადყოფნა გამოთქვეს, რომ ჩემთვის აენაზღაურებინათ „ტელეიმედში“ გაწეული დანახარჯი 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, მე კვლავ გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავი და იძულებული ვიყავი დავთანხმებულიყავი მათ წინადადებას. მათ მითხრეს, რომ მიმეცა ჩემი რომელიმე კომპანიის ანგარიში, სადაც ჩარიცხავდნენ აღნიშნულ თანხას. მე ვკითხე მათ, საიდან წამოვიდოდა თანხა, რადგან მაინტერესებდა ფულის წარმომავლობა, რომ პრობლემები არ მოჰყოლოდა ამ თანხის ჩემს კომპანიაში ჩარიცხვას, რაზეც მათ მიპასუხეს, რომ ეს ფული წამოვიდოდა დ. იაკობაშვილის ფირმიდან, რომელსაც მათი თქმით, ჰქონდა მათი ფული.
ვინაიდან მე ვიცნობდი დ. იაკობაშვილს და ვიცოდი მისი ფინანსური შესაძლებლობების შესახებ, ეჭვი აღარ შემპარვია ფულის წარმომავლობაში და ჩემს ლონდონის ოფისის მენეჯერს, ნატალია შაჩკოვას დავავალე მათთვის მიეწოდებინა დიდ ბრიტანეთში ღია კომპანიის Lakebow Limited-ის რეკვიზიტები. დ. კეზერაშვილმა და გ. უგულავამ რაში გამოიყენეს ჩემი ლონდონის ოფისის მიერ მათთვის გადაცემული რეკვიზიტები არ ვიცი, თუმცა ერთი ვიცი, რომ 2009 წლის 12 თებერვალს ჩვენს მიერ მითითებულ ანგარიშზე გადმოირიცხა დაახლოებით 8 800 000 აშშ დოლარი.
გადმორიცხული თანხის ოდენობიდან გამომდინარე, მე ვიყავი უკმაყოფილო, ვინაიდან გადმომერიცხა შეთანხმებულ 10 მილიონ აშშ დოლარზე გაცილებით ნაკლები თანხა და ჩემი უკმაყოფილების შესახებ ვუთხარი დავით კეზერაშვილს. პასუხად ეს უკანასკნელი დამპირდა, რომ არ მენერვიულა ამ საკითხზე და დარჩენილ თანხას მომცემდა, თუმცა დღემდე დარჩენილი თანხა არ აუნაზღაურებია.
მართალია იურიდიულად გაფორმდა „ტელეიმედის“ გასხვისება და ეს ოპერაცია დასრულდა, თუმცა ამ ფაქტის გასაჯაროება არ მომხდარა და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი ჩემს წინააღმდეგ განაგრძობდა ჩივილს. აქედან გამომდინარე, მე გიორგი უგულავასთან საუბარში მოვითხოვე, რომ მომხდარიყო „ტელეიმედის“ გასხვისების გაშუქება „ტელეიმედის“ მეშვეობით. გიორგი უგულავა დამთანხმდა და სასწრაფოდ გაუკეთა ორგანიზება „ტელეიმედის“ გასხვისების თემის გაშუქებას. კერძოდ, როგორც მახსოვს, 2009 წლის 25 თებერვალს მან მოიყვანა ვიღაც არაბი სახელად მარკი, რომელთან ერთად ჩვენ მოვაწყვეთ ერთობლივი პრესკონფერენცია, თითქოს „ტელეიმედი“ შეისყიდა „რაკიინ ჯორჯიამ“, რომელიც იყო უმსხილესი არაბული კომპანია და ახორციელებდა დიდ ინვესტიციებს საქართველოში. გიორგი უგულავას მითითებით, მე მოვახდინე ამ პირის წარდგენა როგორც არაბი ინვესტორი და „ტელეიმედის“ მყიდველი. რეალურად კიდევ ამ ყველაფრით მოხდა იმის მიჩქმალვა, რომ „ტელეიმედს“ იურიდიულადაც დაეუფლნენ ზემოხსენებული თანამდებობის პირები“, - აღნიშნულია ჯოზეფ ქეის ჩვენებაში.
მკითხველს შვახსენებთ, რომ ჯოზეფ ქეი თავადაც მონაწილეობდა მსგავს სქემაში, როდესაც ბადრი პარატკაციშვილის პარტნიორს, გოგი ჯაოშვილს ზუსტად იგივე მეთოდით დაათმობინეს წილები და ქეის სახელზე გადააფორმეს. მსგავსი თაღლითობა სადაც ხელისუფლების მაღალჩინოსნები არიან ჩართული, მსოფლიო ისტორიაში, ალბათ, იშვიათად მოიძებნება, თუმცა კუბლაშვილის სასამართლო, როგორც ჩანს, აქ დანაშაულს ვერ ხედავს.
ჯოზეფ ქეი ასევე აცხადებდა, რომ მან ტელეკომპანია „იმედი“ ბადრი პატარკაციშვილისგან იყიდა და 5 წლით სამართავად ხელისუფლებას გადასცა.
როგორც ქეიმ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილთან მოლაპარაკებები შუამავლის მეშვეობით ხდებოდა და საბოლოო შეთანხმება პრეზიდენტსა და პატარკაციშვილს შორის შეთანხმების შედეგად მოხდა. შეთანხმების მიხედვით, პრეზიდენტს ტელეკომპანიისა და მისი საინფორმაციო პოლიტიკის მართვის უფლება ხუთი წლით გადაეცა, სანაცვლოდ კი, სააკაშვილმა პატარაკაციშვილსა და ქეის ბიზნესისა და ოჯახის ხელშეუხებლობის გარანტია მისცა.
„მოლაპარაკება შედგა ჩემსა და სააკაშვილს შორის. შევთანხმდით შემდეგზე, რომ მე ამ აქციებს ვიყიდდი ბადრი პატარკაციშვილისგან ანუ გადავუხდიდი ფულს და ხუთი წლით სამართავად გადავცემდი ხელისუფლებას, რათა თავიდან ბოლომდე მათ ემართათ ეს ტელევიზია. გაეტარებინათ თავიანთი პოლიტიკა და ყოფილიყვნენ მშვიდად, რომ მათ არაფერი ემუქრებოდათ, ანუ ბადრი პატარკაციშვილი არ ემუქრებოდა ხელისუფლებაში მათ ყოფნას“, - განაცხადა ქეიმ.
მისივე განცხადებით, მოლაპარაკებები შუამავლების მეშვეობით ხდებოდა, საბოლოო საუბარი კი ტელეფონზე პირადად პატარკაციშვილს, სააკაშვილსა და მას შორის შედგა. ამასთან, როგორც ქეი აცხადებს, შეთანხმების შედეგად, ბადრი პატრაკაციშვილს საშუალება ეძლეოდა ჩამოსულიყო საქართველოში, ოღონდ არ ჩართულიყო პოლიტიკაში.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ იგი არ ენდობა ჯოზეფ ქეის ინფორმაციას და მნიშვნელოვანია, მისი მონაყოლი სხვა მტკიცებულებებით იყოს გამყარებული.
„ჩვენ ვიცით, ვინ არის ჯოზეფ ქეი, როგორ მოექცა ის პატარკაციშვილების ოჯახს, ჩემვთის უფრო მნიშვნელოვანია, თუ რამე ფაქტებზე საუბრობს ის, ჩვენებაში გამყარებულია თუ არა სხვა მტკიცებულებებით. იმიტომ, რომ ჯოზეფ ქეი, სრულიად ღიად ვამბობ ამას, ჩემთვის არავითარ შემთხვევაში არ იქნება, ვერ იქნება სანდო წყარო რაიმე ტიპის ინფორმაციისთვის. მაგრამ ამბავი, რომელსაც ის ყვება, თუ ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება და მტკიცებულებებით გამყარებულია, მაშინ ბუნებრივია, რომ ის გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია“- აცხადებს ხიდაშელი.
ქეის განცხადებები რატომღაც გაუგებარია საპარლამენტო უმცირესობისთვისაც:
„ჯოზეფ ქეი ჩემთვის არის აბსურდული პიროვნება ისტორიაში და საერთოდ, რატომ გახდა ეს ადამიანი პიროვნება, ეს არის უფრო გამოსაკვლევი, ვიდრე მისი რაღაცა განცხადებები, რომ ტელეფონზე დაურეკა თურმე პრეზიდენტმა. ისეთ რაღაცეებს ლაპარაკობს ეს კაცი, მე მგონი, ყველა ადამიანისთვის დაუჯერებელია. ეს ადამიანი არის ჩვეულებრივი საერთაშორისო თაღლითი და მეტი არაფერი. მისი თაღლითობა ცნობილია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მე ვწუხვარ, რომ ჩვენი ხელისუფლების დროს ეს ადამიანი თავისი თაღლითობისთვის პასუხისგებაში მიცემული არ იყო“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვაშაძე.
როგორც ჩანს, ყოფილ ხელისუფლებას ქეის ალაპარაკება არ აწყობს, თუმცა როგორც გია ხუხაშვილი აცხადებს, აქ ქეის ჩვენება კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ის ფაქტი, რომ მას ფული, რამდენიმე მილიონი მართლაც გადაურიცხეს.
„ამ ამბავს პირველი სერიაც ჰქონდა, ეს გასაგებია. პირველ სერიაში ქეიმ რა დააშავა, ვიცით. ეს ცალკე თემაა და არ ათავისუფლებს ქეის იმ დანაშაულისგან რაც ჩაიდინა, მაგრამ ეს სხვა თემაა. ადამიანი დღეს რომ რაღაცას აღიარებს, ეს არ ნიშნავს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია“, - აცხადებს ხუხაშვილი.
რაც შეეხება მეორე სერიას, ხუხაშვილის შეფასებით, ეს ისტორია ძალიან ჰგავს სიმართლეს.
„კი არ ჰგავს, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის სიმართლე. არა ჩვენების გამო, არამედ იმიტომ, რომ მერიიდან რეალური ფული გადაირიცხა. ეს ანგარიშებიდანაც ჩანს. აქ რომ მხოლოდ ჯოზეფ ქეის ჩვენება იყოს, მაშინ სხვა იქნებოდა, აქ კონკრეტულ ანგარიშებსა და კონკრეტულ თანხებზეა ლაპარაკი. ძველი თბილისის განვითარების ფონდიდან, უგულავას განკარგულებით ფული გადაირიცხა კომპანიაში, ამ კომპანიიდან კი ქეის ანგარიშზე. ლაპარაკია, ჩვენი, გადასახადის გადამხდელების თანხებზე, რომელიც უგულავას მითითებით წავიდა ქეის ანგარიშზე. აქედან გამომდინარე, ჯოზეფ ქეის ჩვენება რა შუაშია, აქ მთავარი არის ფული, რომელიც გადაირიცხა და რისი დადასტურებაც ამ ჩვენებით ხდება“,- აცხადებს ხუხაშვილი.
როგორც ჩანს, სასამართლოსთვის დამაჯერებელი ვერ აღმოჩნდა იმისი მტკიცებულება, რომ საბიუჯეტო თანხებით ტელეკომპანიის ყიდვა საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვას ნიშნავს, რაც კანონით ისჯება.
გია ხუხაშვილი: სხვა საკითხია, მოსამართლის დამოკიდებულება. ჩანს, რომ დამნაშავე ფაქტობრივად, უგულავა იყო. კეზერაშვილი იყო, ფაქტობრივად, შუამავალი, რომელიც მოლაპარაკებებს აწარმოებდა. დანაშაული, გადარიცხვასთან დაკავშირებით განახორციელა უგულავამ. ჩვენ მოგვპარა ფული და ერთ-ერთი კომპანიის მეშვეობით გადაურიცხა ქეის. კეზერაშვილი არის მხოლოდ შუამავალი, ხოლო ტრანზაქცია გიგი უგულავას მეშვეობით განხორციელდა. ამიტომ არის წარმოუდგენელი მოსამართლის გადაწყვეტილება, როდესაც შუამავალს წინასწარ პატიმრობას უსჯის, უშუალო მონაწილეს კი ათავისუფლებს. უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა, ვფიქრობ, მოსამართლემ ჩაიდინა დანაშაული. წარმოიდგინეთ ერთი ადამიანი ყაჩაობს, მეორე დარაჯობს, ვინც ყაჩაღობს, მოსამართლე იმას ათავისუფლებს, ხოლო ვინც დარაჯობს, მას აპატიმრებს. ასეთი პრეცენდენტი სააკაშვილის სასამართლოშიც კი არ არსებულა. კეზერაშვილიც რომ გამოეშვათ და ის არ დაესაჯათ, ეს უფრო გასაგები იქნებოდა, ვიდრე ის აბსურდული გადაწყვეტილება, რაც სასამართლომ მიიღო. თუ ჯოზეფ ქეის ჩვენება არ არის სანდო, მოსამართლეს მაშინ ორივე უნდა გაეთავისუფლებინა, ეს უფრო ლოგიკური გადაწყვეტყილება იქნებოდა“.
რაც შეეხება თავად უგულავას, როგორც მან აღნიშნა, ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი ინფორმაცია გამოჩნდება, ბევრ ფაქტს შეიტყობს საზოგადოება და ასევე შეიტყობს იმას, თუ რა მახინჯი მეთოდებით ცდილობს გამოძიება, ერთმანეთთან აბსოლუტურად დაუკავშირებელი საკითხები დააკავშიროს.
„მაქვს განცდა, რომ „იმედთან“ დაკავშირებით ღრუბლები „იმედის“ თავზე გროვდება. იმიტომ, რომ გამოძიების ვერსიით ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ჯოზეფ ქეი „იმედის“ კანონიერი მესაკუთრე გამოდის. გამოჩნდება, ვინ არის დამნაშავე, ვინ მანიპულირებს და ვის პოლიტიკური ზრახვები აქვს“, - აღნიშნა უგულავამ.
ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი, დოკუმენტების მიხედვით, არა ბადრი პატარკაციშვილი, არამედ მისი მეგობარი, გოგი ჯაოშვილი იყო, რომელსაც პატარკაციშვილის თბილისში ჩამოსვენებამდე ერთი კვირით ადრე „იმედი“ გარდაცვლილის ნათესავს, ჯოზეფ ქეისთვის სასამართლოს წესით გადაუფორმა.
„იმედის“ ახალმა მფლობელმა ჯოზეფ ქეიმ, რომელიც საქართველოს მსხვილი სამრეწველო ობიექტის, რუსთავის მეტალურგიული კომბინატის მესაკუთრეც იყო, როგორც ირკვევა, ტელეკომპანია სწორედ გიგი უგულავას გადასცა ხუთწლიანი მართვის უფლებით.
თავის მხრივ, არსებობდა ვერსია, რომ ჯოზეფ ქეი „იმედის“ საკუთარ თავზე გადაფორმების სქემას იმიტომ დათანხმდა, რომ მისთვის მეტალურგიული კომბინატი არ წაერთმიათ.
თავის დროზე, ბადრი პატარკაციშვილის დამ, ნანა პატარკაციშვილმა მედიასთან საუბრისას ჯაოშვილის მიერ ქეისთვის ტელეკომპანიის გადაფორმების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. მისი განმარტებით, სასამართლო სხდომა შუაღამისას გაიმართა და მაშინვე მოხდა „იმედისთვის“ ყადაღის მოხსნა და მისი გადაფორმება ჯოზეფ ქეიზე. ამ ინფორმაციას ადასტურებდა თავად გოგი ჯაოშვილიც, რომელიც ასევე მედიაში, სახლიდან მისი შუაღამისას გამოყვანასა და ჯოზეფ ქეისთვის ტელეკომპანიის გადაფორმების შესახებ საუბრობდა. ასე რომ, ვის ეკუთვნოდა ტელეკომპანია, ჯოზეფ ქეის თუ ბადრი პატარკაციშვილს, უგულავას შეუძლია, არ ინერვიულოს, რადგან როგორ მოხდა ნაციონალების ცნობადი სახეების მიერ არა მხოლოდ ტელეიმედის, არამედ პატარკაციშვილის სხვა ქონების წართმევაც, მოწმეები ნამდვილად არსებობენ.