„საოცარია, რომ ბარიერის 5%-დან 3%-მდე შემცირების ინიციატივა დარეგისტრირდა, პარლამენტში ამას 113 ხმა სჭირდება, რაც არ არის“

„საოცარია, რომ ბარიერის 5%-დან 3%-მდე შემცირების ინიციატივა დარეგისტრირდა, პარლამენტში ამას 113 ხმა სჭირდება, რაც არ არის“

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერი შესაძლოა, 5%-დან 3%-მდე შემცირდეს. ამის საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობაში 25 მარტს დარეგისტრიდა. გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს მრავალპარტიული პარლამენტის ფორმირებას, თუმცა, ამასთან, რთული იქნება გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება და კონსენსუსის მიღწევა.

„ქართული ოცნების“ წევრმა, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ უახლოეს დღეებში შეიქმნება საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის კომისია, რომლის ფარგლებშიც განიხილება დაბალი ბარიერის უფრო ხანგრძლივი ვადით ამოქმედების შესაძლებლობაც. ამის შესახებ მან პარლამენტში 25 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საარჩევნო რეფორმა და პარლამენტში ოპოზიციის როლის გაძლიერება იყო ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების რეკომენდაციების და მედიაციის ერთ-ერთი მთავარი საკითხი და მას ეხებოდა მემორანდუმი, რომელიც „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმდა და შემდეგ „ევროპელი სოციალისტებიც“ შეუერთდნენ.

ანალიტიკოსი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ინიციატივა უპერსპექტივოა. თანაც, როგორც მან For.ge-სთან აღნიშნა, ხელისუფლების წარმომადგენლებს ეს საკითხი უშუალოდ ოპოზიციისთვის უნდა წარედგინათ და ამის შემდეგ მომხდარიყო მისი დარეგისტრირება.

„საოცარია, როდესაც ეს ინიციატივა დარეგისტრირდა და ამაზე მუშაობა დაიწყო პარლამენტმა. ეს უფრო პიარი იყო, რეალურად, არასერიოზული ინიციატივაა. პარლამენტში არ არის საკმარისი რაოდენობა იმ დეპუტატებისა, რომელთაც შეუძლიათ ეს საკონსტიტუციო შესწორებები მიიღონ, ამას 113 ხმა სჭირდება.

ასეთი ღია და მარტივი მეთოდები არ მუშაობს და არც იმუშავებს. თუ ეს სურდათ, უნდა დაეწყოთ მოლაპარაკებები, „მოქალაქეთა“ პარტიის გარდა, სხვა პარტიებთან. ეს არის მათი ინიციატივა. „გირჩმა“ თქვა, რომ ჩვენ უფრო დაბალი პროცენტი გვინდა, თანაც ამაზე არავინ დაგვლაპარაკებიაო. თუ სერიოზულად ფიქრობდნენ ამაზე, წინასწარ უნდა ჰქონოდათ მოლაპარაკება. „გირჩმა“ თქვა, რომ მოლაპარაკება სურთ, მასთან ხომ მაინც უნდა ჰქონოდა ხელისუფლებას საუბარი.

ის, რომ გამოიტანეს და დადეს, არანაირი შედეგის მომტანი არაა. დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი. რომ იყოს არჩევნების წინა პერიოდი, შევაფასებდით ვის რა შანსები აქვს. 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი აქვს ორ პარტიას, - „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას.“ 3%-მდე რომ ჩამოიწიოს, ვინ გადალახავს არ ვიცი. დანარჩენები ან გადალახავენ ან ვერა“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე თვლის, რომ 3%-იანი საარჩევნო ბარიერის შედეგად, პარლამენტს მივიღებთ მრავალპარტიულს, თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ამას მოჰყვება ქაოსი საკანონმდებლო ორგანოში, კერძოდ:

„საარჩევნო ზღურბლი უნდა შეირჩეს იმგვარად, რომ ამ ზღურბლმა ერთი მხრივ უზრუნველყოს პარტიათა ძირითადი სპექტრის ასახვა, ანუ წარმომადგენელთა ნების ასახვა პარლამენტში, რაც ნიშნავს იმას, რომ სხვადასხვა პარტიებისთვის მიცემული ხმების მინიმალური რაოდენობა დაიკარგოს, რადგან თუ ზღურბლი მაღალია, მაშინ ის პარტიები, რომლებიც ზღურბლს ვერ გადალახავენ პარლამენტში ვერ შეიყვანენ თავიანთ კანდიდატებს და ამ პარტიებისთვის ამომრჩეველთა მიერ მიცემული ხმების პროცენტული წილი შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან მაღალი.

მაშინ პარლამენტი ვერ დააკმაყოფილებს იმ პრინციპს, რაც უნდა განხორციელდეს, იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტი არის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. ზღურბლი ისეთი უნდა იყოს, რომ ე.წ. დაკარგული ხმები იყოს მინიმალური, ანუ წარმომადგენლობა იყოს ფართო.

მეორე - პარლამენტი არ უნდა იყოს მეტისმეტად ჭრელი. ბევრი პარტიის წარმომადგენლობა პარტლამენტში, მათ შორის ისეთი პარტიებისა, რომელსაც პარლამენტში ერთი ან ორი წარმომადგენელი ეყოლება, შეიძლება შექმნას პრობლემები პარლამენტის მიერ გადაწყვეტილებების მიღებისას. ამ სიჭრელის გამო შეიძლება ძალიან გართულდეს კანონშემოქმედებითი პროცესი, ასევე სხვა გადაწყვეტილებების მიღება. ბოლო არჩევნების შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ამ შემთხვევაშიც ასეთი სუბიექტი მხოლოდ ორი იქნებოდა. თუკი საარჩევნო ზღურბლი დაიწევს 3%-მდე, მაშინ ამ სუბიექტთა რაოდენობა შესაძლებელია იყოს 7-8-ის მიდამოში.

თუ ავიღებთ 3%-იან ზღურბლს და ვნახავთ, სტატისიტიკურად როგორი პროცენტია იმ პარტიათა მიერ ჯამურად მიღებული ხმებისა, ვინც 3%-ზე მეტს იღებდა, ვნახავთ, რომ ამათი ჯამი ყოველთვის 80%-ზე მეტი იყო და 80%-ზე მეტის წარმომადგენლობა პარლამენტში უკვე მიიჩნევა კარგ, სრულფასოვან წარმომადგენლობად.

მაღალი ალბათობით, პარლამენტი იქნება მრავალპარტიული, იშვიათად თუ გახდება შესაძლებელი ერთპარტიული უმრავლესობის არსებობა, შესაბამისად, სრულფასოვნად ამუშავდება პარლამენტის, როგორც საკონტროლო ფუნქციები“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ For.ge-სთან.