„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, დანიელსონი რას ელაპარაკება და მხარეებს რაზე ვერ ათანხმებს, თუ იგივე ფორმატში დიალოგი გაგრძელდება, ისევ იმ სურათს მივიღებთ“

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, დანიელსონი რას ელაპარაკება და მხარეებს რაზე ვერ ათანხმებს, თუ იგივე ფორმატში დიალოგი გაგრძელდება, ისევ იმ სურათს მივიღებთ“

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონის საქართველოში მეორედ ჩამოსვლის წინ ოპოზიცია და ხელისუფლება კვლავ ურთიერთბრალდებებშია და ისევ წითელ ხაზებს ავლებენ. ოპოზიცია ხელისუფლებას აბრალებს, რომ მოლაპარაკება არ უნდა და მაგიდის აყირავებას ცდილობს, ხელისუფლება კი ამბობს, რომ დანიელსონის ჩამოსვლამდე აქციების დაანონსება და მუქარა, სწორედაც რომ დიალოგის ჩაშლას ემსახურება.

რა ტაქტიკას უნდა მიმართოს კრისტიან დანიელსონმა იმისთვის, რომ დაპირისპირებული მხარეები მაგიდასთან კვლავ დასვას და შეთანხმება მოხდეს? - ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ დანიელსონმა გზამკვლევი რუკა უნდა ჩამოიტანოს და ორივე მხარეს კონკრეტული წინადადებები თავად შესთავაზოს და იძულებული გახადოს, რომ ხელი მოაწერონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველას აუხსნას ამაზე უარს რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს. მათი აზრით, სხვაგვარად დანიელსონი ვერაფერს შეძლებს და ამ იწილო-ბიწილოში სახელმწიფოს და ხალხის ინტერესები ზიანდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ის, რომ ოპოზიცია აქციას 2 თვით ადრე აანონსებს იმის მანიშნებელია, რომ მათ აქციაზე საკუთარი მხარდამჭერებიც კი აღარ დადიან. პრემიერის თქმით, ოპოზიცია სრულ გაუგებრობაში და კატასტროფულ მდგომარეობაშია.

„მე მინდა გამოვეხმაურო იმ ორგანიზებულ თავდასხმას, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლებმა განახორციელეს ბორელის მისამართით. ეს კიდევ უფრო გვიჩვენებს, რა ძალასთან გვაქვს საქმე. ოპოზიციას დღეს სულ 2 არჩევანი დარჩა - მოუსმინონ და გაითვალისწინონ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებები, შევიდნენ პარლამენტში და ასევე, თუ ისინი დესტრუქციულ ქმედებებს კიდევ გააგრძელებენ და არ გაემიჯნებიან სააკაშვილის რადიკალურ პოზიციას, მათ მოუწევთ მარგინალიზაციის გზით სიარული.

ოპოზიცია აქციას ორი თვით ადრე რომ აანონსებს, იმის მანიშნებელია, რომ მათ აქციაზე საკუთარი მხარდამჭერებიც კი აღარ დადიან. ოპოზიცია სრულ გაუგებრობაში და კატასტროფულ მდგომარეობაშია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიცია შეთანხმებისთვის მზად არაა და ამას ამტკიცებს ისიც, რომ მოლაპარაკებების პარალელურად ისინი აქციებს აანონსებენ. მისი თქმით, მმართველი გუნდი შეთანხმებისთვის მზადაა, ვინაიდან კონკრეტული შეთავაზებები აქვთ.

„ოპოზიციის მზაობა, რომ მათ უნდათ შეუთანხმებლობა, მტკიცდება იმითაც, რომ ბატონი დანიელსონის ჩამოსვლის ფონზე, ისინი აანონსებენ აქციებს. ჩვენი, „ქართული ოცნების“ მზაობა, რომ შეთანხმება გვინდა, მტკიცდება იმით, რომ არსებობს კონკრეტული შეთავაზებები, რაც არის ბატონი კრისტიანისთვის ცნობილი და ზოგადად, ევროკავშირისთვის, რომლის კონკრეტიკაზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ. ჩვენი კონკრეტული შეთავაზებები სამომავლოდ, როცა გახდება საჯაროდ ცნობილი, საზოგადოება დაინახავს, რომ იყო რეალური და პრაგმატული“, - თქვა მაჭარაშვილმა.

„ალბათ, მე ვიქნები ერთ-ერთი პირველი, ვინც გაამჟღავნებს მოლაპარაკებების შინაარსს“, - აცხადებს „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე. მისი თქმით, არ შეიძლება მოსახლეობას მუდმივად უმალავდე მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების დეტალებს და პირობებს, არ აყენებდე საქმის კურსში ამომრჩეველს, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც მხარეები შეთანხმებასაც ვერ აღწევენ:

„დადგება დრო და, ალბათ, მე ვიქნები ერთ-ერთი პირველი, ვინც დაარღვევს პირობას. დაველოდები კიდევ ამ ჯენტლმენურ შეთანხმებას კონფიდენციალურობის არგამჟღავნების, მაგრამ როცა ბატონი დანიელსონი ჩამოვა, აუცილებლად მე ვიქნები ერთ-ერთი პირველი, ვინც იტყვის, რაზე იყო საუბარი“,- ამბობს მამუკა ხაზარაძე.

ხაზარაძე დანიელსონის მედიაციით უკვე გამართულ და მომავალ მოლაპარაკებებსა ეხმაურება და ამბობს, რომ მედიატორმა უნდა წარმოადგინოს ისეთი დოკუმენტი, რომელზეც უარს ვერც ერთი მხარე იტყვის:

„ჩვენ არ გვჭირდება ქართულად „საქმის მოგვარება“, „გარჩევა“ არ გვჭირდება ჩვენ. მე მჭირდება სტანდარტი და ეს სტანდარტი უნდა იყოს ევროპული. როცა ეკონომიკური პრობლემა გაქვს, სასამართლო რეფორმის პრობლემა გაქვს, საარჩევნო პრობლემა გაქვს, მე მაქვს პრეტენზია, რომ ევროპაში შევიდე? დღესვე უნდა ვიცხოვრო ევროპული კანონებით, კეთილი ინებე და ჩამოიტანე ის დოკუმენტი, რომელზეც ვერავინ ვერ იტყვის უარს“, - ამბობს ხაზარაძე.

 პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარტია „მოქალაქეების“ გენერალური მდივანი ლევან იოსელიანი კი for.ge-სთან აცხადებს, რომ კრისტიან დანიელსონი ქართველების ჯიუტ ხასიათში ძალიან კარგად გაერკვა, ამიტომაც ის მოლაპარაკების დროს სრულიად სხვა ტაქტიკას აირჩევს. იოსელიანი ვარაუდობს, რომ მედიაციის პროცესში დანიელსონი კიდევ უფრო მომთხოვნი და კრიტიკული იქნება. მას თავისი დღის წესრიგი ექნება და არც ერთ მხარეს მოლაპარაკების ჩაშლის საშუალებას აღარ მისცემს.

„დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთ მხარეს აღარ ექნება იმის ფუფუნება, რომ მოლაპარაკების მაგიდა ააყირავონ. მერე გამოდის, რომ ორივე მათგანი ერთმანეთს რაღაცას აბრალებს და ყველა მათგანი საკუთარ ვერსიას ყვება. ორი თვეა პარლამენტში ვართ და ჯერჯერობით, ვერც ერთი კანონპროექტის ინიცირება ვერ მოხდა, რომელიც ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე უნდა იყოს ორიენტირებული და მათ ცხოვრებას გააუმჯობესებდა. სულ არის იმაზე საუბრი, რომ პოლიტიკურ კრიზისია და ხალხი ყველაფრის მიღმაა დარჩენილი. კვლევებმა კარგად აჩვენა, მოქალაქეებს პარლამენტის და პოლიტიკოსების მიმართ რა დამოკიდებულებაც აქვს.

პოლიტიკურ სპექტრს 60% არ ენდობა. არავის გაგონება არ უნდათ, რადგანაც მათ ყოველდღიურ პრობლემებზე არ ვფიქრობთ. მგონია, რომ უკვე ჩვენს ქვეყანაში კრიზისის განმუხტვა ევროკავშირისთვის პრესტიჟის საკითხი გახდა. სხვა შემთხვევაში დანიელსონი უკან არ დაბრუნდებოდა. ამიტომ მხარეებს წითელი ხაზებისთვის გადახედვა მოუწევთ. პასუხისმგებლობა აქვს როგორც „ოცნებას“, ასევე ოპოზიციას, რომ ეს წითელი ხაზები გაყვითლდეს და მერე საერთოდ მოიხსნას. სხვაგვარად დიალოგს აზრი არ ექნება“, - ამბობს იოსელიანი for.ge-სთან.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ ოპოზიცია მუდმივად საუბრობს, რიგგარეშე არჩევნები უნდა, მაგრამ ხელახალი არჩევნები იმიტომ კი არ უნდა დაინიშნოს, რომ ესენი წავიდნენ და ისინი მოვიდნენ,  არჩევნები იმიტომ არის საჭირო, რომ მურუსიძე სასამართლოში აღარ იყოს და სხვა რიგი პრობლემების მოგვარება მოხდეს. ამიტომ ოპოზიციამ თუ მაგიდაზე საკითხები არ გაშალა, არაფერი გამოვა. ქვეყანა თუ სისტემურად არ გადაიტვირთა, ხალხს არ უნად ერთი ურჩხული გაუშვას და მეორე დააბრუნოს. ამიტომაც ამ მოლაპარაკებების აზრი და მიზანი მხოლოდ რიგგარეშე არჩევნები არ უნდა იყოს, რადგანაც ქვეყნისთვის სულაც არ არის მნიშვნელოვანი ქვეყნის სათავეში ვინ იქნება, თუ სისტემური ცვლილებები არ მოხდა.

„ამ ქვეყნის მოსახლეობას არ სჭირდება კიდევ ახალი ურჩხული დაბადონ. ამას ყველა კარგად ხვდება და ამიტომაც არის, რომ გარეთ არავინ გამოდის. ბოლო კვლევებმაც აჩვენა, რომ მოსახლეობას არც ოპოზიცია უნდა და არც ხელისუფლება. ქვეყანაში რეალურად სიტუაცია მიუხედავად სხვა პოლიტიკური პარტიების არსებობისა, ორპოლუსიანია. ჩვენი პარტნიორების თვალითაც ასე ჩანს. „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებაზეა ბევრი რამე დამოკიდებული. თუ „ოცნებამ“ და „ნაციონალებმა“ კომპრომისი ვერ მოძებნეს, არაფერი გამოვა. დასავლელი პარტნიორებიც ამაზე მიანიშნებენ. გასაგებია, რომ 90% პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება და ამ იწილო-ბიწილოში ქვეყანაში არსებულ პრობლემებს ვერ აგვარებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცის პასუხისმგებლობა უნდა მოიხსნას.

რაც შეეხება დანიელსონის მეორედ დაბრუნებას, ვფიქრობ, მან ძალიან კარგი გამოცდილება შეიძინა. ვუთანაგრძნობ კიდევაც ამ საგიჟეთში რომ მოდის. ალბათ, ცხოვრების 10 წელი მაინც დაკარგა. ამბიციების ჭიდილს უსმენდა მხოლოდ და უყურა ორი ამპარტავანი ძალა ერთმანეთს როგორ დაეჭიდა. მისია წარმატებული იქნება ერთადერთი მიზნით, თუ დანიელსონი გამზადებულ საგზაო რუკას ჩამოიტანს. დაუდოს და მკაცრად უთხრას, რომ ორივემ კეთილი ინებონ და ხელი მოაწერონ. თუ არა და გასაგებად აუხსნას, ეს გაჯიუტება ვის რა სახის ფასად დაუჯდება“, - ამბობს ხუხაშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, თუ დანიელსონი ისე ჩამოვიდა, რომ ისევ ამათი მორიგება სცადა, აზრი არ აქვს, რადგანაც ესენი მაინც არ მორიგდებიან. ხუხაშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია ფიქრობს, კარგი მომენტი აქვს და ხელისუფლებას ახლა ხელები თუ გადაუგრიხა, გამარჯვებული იქნება. ხელისუფლება კი მიიჩნევს, რომ აგერ ბორელი გამოვიდა და „ოცნებას“ მხარდაჭერა გამოუცხადა. ასე თამაშ-თამაშში კი ქვეყანას გადააყოლებენ. ამათი მოურიგებლობა წყალსაც წაუღია, ამით სახელმწიფო და ხალხი აგებს. ხუხაშვილი ამბობს, რომ მოსახლეობას შია და წყურია, ამიტომაც ამათი ჭიდაობა უკვე არავის აინტერესებს.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი for.ge-სთან ამბობს, რომ არც ევროპა და არც ამერიკა საქართველოზე ხელს არასდროს ჩაიქნევს და ბოლომდე ეცდებიან შეთანხმება მოხდეს. ძაბირაძის განცხადებით, მათ გაცილებით უკეთესი წარმოდგენა აქვთ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრზე, ვიდრე რეალურად არიან. მათ არა აქვთ წარმოდგენა რა პოლიტიკურ ძალებთან აქვთ საქმე. მისი აზრით, ამერიკელმა ან ევროპელმა აქ 20 წელი რომ იცხოვროს, ქართველი პოლიტიკოსების ქმედების ლოგიკას ვერ მიხვდება. ამიტომაც ძაბირაძეც მომხრეა, რომ დანიელსონმა ჩამოსვლისას თავისი დღის წესრიგი ჩამოიტანოს და ორივე მხარე ფაქტის წინაშე დააყენოს.

„მენტალურად ვერ ვიცვლებით, უბრალოდ, მხოლოდ რაღაცეებს სახელები გადავარქვით. ამერიკაც და ევროპაც ვერ ხვდება, თუკი არგუმენტები არსებობს, შეთანხმება რატომ ვერ უნდა მოხდეს? ამიტომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც მუდმივად შეეცდება საკუთარი ინტერესებისთვის გაქაჩოს. ქვეყნის გარეთ, სამართლიანობას კი არ არკვევენ, უბრალოდ, მოკავშირეს ეძებენ.

ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ზუსტად რაზე საუბრობენ, დანიელსონი რას ელაპარაკება და მხარეებს რაზე ვერ ათანხმებს. თუ იგივე ფორმატში დიალოგი გაგრძელდება, ისევ იმ სურათს მივიღებთ. საჯაროდ მაგიდაზე უნდა დაიდოს ვინ რაზე არის თანახმა და ვინ რაზე არ არის. ასეთი გასაჯაროება იმას მოიტანს, რომ ქუჩაში პროვოცირების და დაპირისპირების საფრთხე არ იქნება. ხალხის ზეწოლა იმ პოლიტიკურ ძალაზე წავა, ვინც ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მიდის. ხდება ხოლმე ისე, რომ როდესაც ხალხის დიდი მასა ქუჩაში იკრიბება, სიტუაციის კონტროლი ჭირს. ვნახეთ ასეთი სცენარები უკვე და ეს არავის აღარ უნდა. ხალხი მოედავება რატომ ვერ თანხმდებიან და რა არის ამის რეალური მიზეზი. ქართული საზოგადოება უნდა მიხვდეს მოლაპარაკებას ვინ შლის“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, დასავლეთი არჩევნებს აღიარებს და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის აუცილებლობას ვერ ხედავს. თუმცა დიპლომატიური ენით ამბობენ და ჩვენ ეს არ გვესმის. ძაბირაძე ფიქრობს, რომ შეჩვეულები ვართ პირდაპირ შუბლში უნდა გვატაკონ და ღიად გვითხრან რა გავაკეთოთ.

 

trampi ხოოდა .......ხოოოც
რატომ არ ასაჯაროებენ ხოლმე მოლაპარაკების პროცესს??.....
3 წლის უკან