„ეს არ ნიშნავს, რომ ტენუარის გარეშე მყოფი პროფესორი უმუშევარი დარჩება“

„ეს არ ნიშნავს, რომ ტენუარის გარეშე მყოფი პროფესორი უმუშევარი დარჩება“

დღეს for.ge-ს პრეს-კლუბის სტუმარი იყო განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, დავით ზურაბიშვილი, რომელმაც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. თავდაპირველად იგი შეეხო იმ პრობლემას, რომელიც წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში წარმოიშვა და რაც სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირებას ეხებოდა. დავით ზურაბიშვილის განმარტებით, სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით იყო ორი პრობლემა. ერთი იყო მათი სიძვირე, ხოლო მეორე - ხარისხი.

„ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი საჩივარიც იყო, პროკურატურასაც აქვს მასალები გადაცემული. ახლა, ჩვენ ხარისხის განვითარების ცენტრიდან გრიფირება მოგვაქვს თვითონ სამინისტროში, ანუ ამ საკითხს გაცილებით მეტ მნიშვნელობას ვანიჭებთ. შედგება ახალი კომისია. ასევე მიდის მუშაობა იმ მიმართულებით, თუ როგორ უნდა გახდეს სახელმძღვანელოები უფრო ხელმისაწვდომი. ალბათ, მათი შერჩევის წესი უფრო გამკაცრდება და ამ საკითხს მეტი ყურადღება დაეთმობა“, - ამბობს დავით ზურაბიშვილი.

მისი თქმით, უმეტეს შემთხვევაში სახელმძღვანელოების შერჩევა მხოლოდ მექანიკური კრიტერიუმებით ხდებოდა. ეს კრიტერიუმები გაწერილი იყო და ხდებოდა ისე, რომ ხშირ შემთხვევაში, ყველა კრიტერიუმი დაცული იყო, მაგრამ სახელმძღვანელო არაფრად ვარგოდა. ამიტომ მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ აქ სრულიად განსხვავებული მიდგომებია შესამუშავებელი.

ბატონო დავით, თქვენი ხელისუფლება კი აცხადებს, რომ უმაღლესი სასწავლებლების საქმეებში არ ჩაერევა, მაგრამ დღესაც პროფესორ-მასწავლებლები უკმაყოფილებას გამოხატავენ იმასთან დაკავშირებით, რომ მათი შესარჩევი კონკურსები ისევ უსამართლოდ ტარდება და რას აკეთებს განათლების სამინისტრო ამ პრობლემის გადასწყვეტად?

- ჩვენ შევთავაზეთ პროფესორ-მასწავლებლებს, რომ თვითონ შეემუშავებინათ გარკვეული კრიტერიუმები, რაც უმაღლეს სასწავლებლებში აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად იქნება საჭირო. ამ თემაზე მუშაობა მიმდინარეობს და ჩვენ ასევე ვმუშაობთ, ასე ვთქვათ, სანიმუშო წესდებაზე, რომელშიც უმაღლეს სასწავლებლებში აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი უფრო დეტალურად იქნება გაწერილი და შევეცდებით, ამ პროცესში მეტი ობიექტურობა შევიტანოთ, რათა აღარ იყოს ჩივილები, რომ ვიღაც დაიჩაგრა და ა.შ.

ასევე გვინდა სამინისტროშიც სპეციალური სტრუქტურა, საპრეტენზიო კომისია შევქნათ, რომელიც შემდეგ ამ პრეტენზიებს მიიღებს და მოუსმენს, თორემ ახლა არანაირი ბერკეტი არ გვაქვს, რომ ამ პროცესზე რამე გავლენა მოვახდინოთ. უამრავი პრეტენზიაა ამ საკითხზე, არის საჩივრებიც, ზოგს სასამართლოც კი აქვს მოგებული და ა.შ. მაგრამ როგორც მოგახსენეთ, ამ ეტაპზე ჩვენ ამ პრობლემის მოგვარების არანაირი ბერკეტი არ გვაქვს.

ბატონო დავით, ასევე ბევრი კითხვაა გია დვალის კონცეფციასთან დაკავშირებით და პროფესორ - მასწავლებლები პრეტენზიას გამოთქვამენ იმის გამო, რომ მათი თქმით, ტესტირების ჩატარების შემდეგ ბევრი მათგანი უმუშევარი დარჩება. იქნებ განგვიმარტოთ, რას ითვალისწინებს ეს კონცეფცია და საერთოდ, რა ხდება ამ სფეროში?

- აქ საუბარია ტენუარის მიღებაზე, რაც თავისთავად საკმოდ პრივილეგირებულ მდგომარეობას გულისხმობს. ტენუირებული პროფესორი ნიშნავს იმას, რომ ეს არის გამოჩენილი მეცნიერი და ასეთი მეცნიერები ინსტიტუციებს ქმნიან. აქ არაფერ შუაშია უმუშევრობა, ანუ უმუშევარი ამის გამო არავინ დარჩება. უბრალოდ შერჩევის შედეგად ვიღაცას მიენიჭება ეს წოდება, ვიღაცას - არა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ტენუარის გარეშე მყოფი პროფესორი უმუშევარი დარჩება.

როგორც ცნობილია, უმაღლეს სასწავლებლებში რამდენიმე ფაკულტეტი სტუდენტებისთვის უფასო გახდა. კიდევ ხომ არ იგეგმება, უფასო ფაკულტეტების რაოდენობის გაზრდა?

- წელს ეს არ იგეგმება. საერთოდ, აქ მიმართულებებზეა საუბარი და 14-15 მიმართულება გახდა უფასო, ანუ ამ მიმართულებებს სახელმწიფო მთლიანად აფინანსებს. ამ მხრივ ჩვენ თანხებზე ვართ დამოკიდებული. მოგეხსენებათ, უამრავ ადამიანს უმაღლესი განათლების საფასურის გადახდა არ შეუძლია, ათასობით სტატუსშეწყვეტილი სტუდენტი გვყავს იმის გამო, რომ მათ სწავლის საფასური ვერ დაფარეს და ა.შ. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემა ევროპულ მოდელს უფრო მივუახლოვოთ, სადაც არის უფასო, ან მოსახლეობისათვის მეტად ხელმისაწვდომი უმაღლესი სასწავლებლები. ახლა საქართველოში ფსევდო-ამერიკული მოდელი მოქმედებს და ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ჩვენი ქვეყნის პირობებში უმაღლეს სასწავლებლებში ყოველწლიურად 2500-3000 ლარის გადახდა მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია. თუმცა უნდა გითხრათ, რომ იგივე ამერიკაშიც, მართალია ბევრი კერძო უმაღლესი სასწავლებელია, მაგრამ არსებობს ე.წ. „სთეით“ უმაღლესი სასწავლებლები, სადაც იმ შტატის მაცხოვრებლისთვის სწავლა ან უფასოა, ან ძალიან ხელმისაწვდომი. სხვათაშორის, ასეთ უმაღლეს სასწავლებლებს შორის არის კალიფორნიის ცნობილი უნივერსიტეტი, სადაც ამ შტატის მაცხოვრებლებისთვის სწავლის ძალიან დაბალი საფასურია გადასახდელი.

ბატონო დავით, ბევრი კითხვები არსებობს გიგი უგულავას მიმართ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით. კერძოდ, ამ საქმეში ბრალდების ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება ჯოზეფ ქეის ჩვენებაა. ქართულ საზოგადოებაში კი ქეის მიმართ ბევრი პრეტენზია არსებობს. მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თინა ხიდაშელმაც განაცხადა, რომ ჯოზეფ ქეის ჩვენება მაინცდამაინც სარწმუნო არ უნდა იყოს. როგორია თქვენი პოზიცია ამ საქმესთან დაკავშირებით?

- მართალია, ჯოზეფ ქეის მიმართ ბევრი კითხვა არსებობს. კარგად გვახსოვს, როგორ აქტიურად ჩანდა იგი იმ პერიოდში, როდესაც პატარკაციშვილის ოჯახს ტელეკომპანია „იმედი“ ჩამოართვეს. თუმცა, როგორც მე ვიცი, გიგი უგულავას საქმეში ჯოზეფ ქეის ჩვენება არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი მტკიცებულება. ამიტომ ბრალდება მხოლოდ ამ მტკიცებულებას არ ემყარება და საქმეზე შესაბამისი გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული. ამაზე მეტის თქმა მე არ შემიძლია.

სერიოზული პრეტენზიებია .. სამართლიანობის აღდგენის პროცესთან დაკავშირებით, რომელიც დროში ძალიან გაიწელა. რა ხდება ამ მიმართულებით?

- ძალიან კარგად მესმის, რომ იმას, ვინც წინა ხელისუფლების მიერ იყო დაჩაგრული და ვისი უფლებებიც ილახებოდა, ეჩქარება სამართლიანობის აღდგენა. თუ გვინდა სამართლიან სახელმწიფოში ცხოვრება და სამართლის უზენაესობა, ეს პროცესი სწრაფად ვერ მოხდება. გადაწყვეტილების მიღება ისე კი არ ხდება - მოდი შენ დაგიჭერ და იმას არა და ა.შ. არამედ, ამ პროცესში მიმდინარეობს მტკიცებულებების კარგად მოპოვება. როდესაც სასამართლოზე ზეწოლაზე საუბრობენ, ჩვენ ვხედავთ, რომ პროკურატურის მიერ დაკავებულ პირებს სასამართლო ათავისუფლებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სასამართლოზე არანაირი ზეწოლა არ ხდება.

ჩვენ გვახსოვს, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ერთ-ერთი დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსანი სასამართლომ გამოუშვა და მან სახლში მისვლაც კი ვერ მოასწრო, ისევ უკან შეაბრუნეს. ამასთანავე, მისი გარეთ გამომშვებ მოსამართლესაც მკაცრი მითითება მისცეს, რომ ასეთი რამ აღარ განმეორებულიყო. ჩვენს პირობებში ასე არ ხდება, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებების მიღებაში სრულიად თავისუფალია.

აქვე განმარტებას გავაკეთებ იმ ამნისტიაზე, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობა მიიღებს. როდესაც ვსაუბრობთ დანაშაულებრივ რეჟიმზე, კარგად მინდა გავიგოთ, რა სქემა იყო ეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა დამნაშავე იყო. მაგალითად, არჩევნების გაყალბების პროცესში ჩართული იყო სტამბა, პოლიციას ვიღაცის მობილიზება ევალებოდა, რეგიონებში ჩამოუვლიდნენ ადგილობრივებს, აშინებდნენ და ა.შ. საერთოდ, ასეთ რეჟიმთან თუ გაქვს საქმე, მის დანაშაულებრივ სქემაში ავტომატურად ხდები ჩართული. ასეთ ფაქტებს თუ მივყევით და ყველა ეს ადამიანი დამნაშავედ ვცანით, მაშინ 25 და 30 ათასი კი არა, 50 ათასი და მეტი პატიმარი გვეყოლება. ამიტომ ის ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ მძიმე კატეგორიის სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი, თუკი ისინი, აღარებენ იმას, რაც გააკეთეს, მათ ვაძლევთ შანსს, რომ ამნისტირებულები იყვნენ. სწორედ ამაზეა საუბარი, თორემ არავინ აპირებს სისხლის სამართლის დამნაშავეების შეწყალებას.