საქართველოში არსებული პოლიტიკური ველი იმენდად აქტუალურია, რომ აშშ-ს სენატმაც კი განიხილა. სენატის წევრებმა ქართულ მხარეს რჩევები მისცეს. ამავდროულად ვენეციის კომისიის დასკვნა გამოქვეყნდა, სადაც ორ კანონპროექტზე გამახვილდა ყურადღება - პოლიტიკურ პარტიების დაფინანსებაზე და უცხო ქვეყნის მოქალაქეობის გამო, პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნა „არაპროპორციულ ზომად“ ჩაითვლება.
პარალელულად, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ჯორჯ კენტი, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პოლიტპატიმრად არ აღიქვამს და განაცხადა, რომ ის დამნაშავეა.
რამდენად გაითვალისწინებს ხელისუფლება ვენეციის კომისიის დასკვნას და როგორ აფასებენ მმართველ გუნდში სენატში გაკეთებულ განცხადებებს, for.ge-ს ამ კითხვებს, პარლამენტის წევრი გია ვოლსკი პასუხობს.
ბატონო გია, ცნობილი გახდა სენატში გაკეთებული განცხადებები და აშშ-ს სენატორების რჩევები ხელისუფლების მიმართ, რაც ოპოზიციამ სათავისოდ გამოიყენა. რა პასუხს გასცმედით ამ მხრივ თქვენს ოპონენტებს?
- სენატში ბოლო მოსმენები რომ ჩატარდა, იქ პრაქტიკულად ინტერპრეტაციისთვის არანაირი ადგილი არ დარჩა. სენატორი ჯონსის განცხადებებშიც კარგად ჩანს, რომ მართლმსაჯულების სისტემასთან და საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით მუშაობაა გასაგრძელებელი. ამ ორი ძირითადი მიმართულებით იყო საუბარი.
არჩევნები გაყალბდა, ან ამ არჩევნებში რაიმე ეჭვის შეტანა შეიძლება, ამაზე არაფერი თქმულა. თუკი რაიმე ეჭვები არსებობს, თუნდაც საჩივრებთან დაკავშირებით, რაზედაც ლაპარაკი იყო, რასაკვირველია ამის მექანიზმი საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიაა. ასე რომ, ყველა საკითხზე, რომელზეც საუბარი იყო, განსაკუთრებით იმ მიმართულებით, რომ საქართველო დასავლეთის პარტნიორია და ასევე სანდო დასაყრდენი - ამ თემის კიდევ ერთხელ წამოწევა ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ ოპოზიცია დგას იმ მხარეს, სადაც დესტაბილიზაცია პრიორიტეტია და ნათლად მიანიშნებს იმაზეც, რომ ეს დესტაბილიაცია აწყობს კონკრეტულ ქვეყნებს, რომლებიც თავის სტრატეგიულ მიზნებს კავკასიის რეგიონში ახორციელებენ. რასაკვირელია, საუბარი მაქვს საოკუპაციო რეჟიმზე. ასე რომ, არც ერთი ფორმულირება და არც ერთი გამონათქვამი არ გამოდგება იმ ინტერპრეტაციისთვის, რომელსაც ჩვენი ოპონენტები აკეთებენ.
ასევე, ცნობილი გახდა აშშ-ს სახელმწიფო მეორე მდივნის ჯორჯ კენტის განცხადება. მისი თქმით ნიკა მელიამ დაარღვია გათავისუფლების პირობები და მოიხსნა სამაჯური, რის გამოც ის დამნაშავეა. ნიშავს ეს, რომ მელიას პოლიტპატიმრობის ნარატივს ამერიკა აბათილებს და ოპოციზიას ამ მხრივ მხარს არ უჭერს?
- ეს კიდევ ცალკე საკითხია. ჯორჯ კენტი არის ადამიანი, რომელიც კომპეტენტური და პასუხისმგებელი არის საკუთარ ნათქვამზე. სხვებთან შედარებით მას გაცილებით მეტი ინფორმაცია გააჩნია იმ დეტალებთან დაკავშირებით, რაც ჩვენს ოპონენტებს ერთ-ერთ არგუმენტად აქვთ - კერძოდ, ნიკა მელიას პოლიტიკურ პატიმრობასთან დაკავშირებით. აქაც პასუხი საკმაოდ მკაფიო იყო. აშშ-ს წარმომადგენელი სხვაგვარად ვერ შეაფასებდა იმ ვითარებას, რაც უკავშირდება მელიას მიერ კანონის აშკარად, თვალსაჩინოდ დარღვევას, რომელსაც მელია თავადაც არ უარყოფს.
ჯორჯ კენტმა ამ შემთხვევაში გააკეთა ფაქტის კონსტანტირება, რასაც მელიაც ხაზს უსვამს, რომ იგი კანონს არ ემორჩილება, იხსნის სამაჯურს და ესვრის ხელისუფლებას, როგორც გამოწვევის ნიშნად - მან ამით დაარღვია კანონი.
მიუხედვად ამერიკიდან ასეთი შეფასებისა, ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან სწორედ ამ თემას წევს წინ და 15 მაისს ფართომასშტაბიან აქციის ჩატარებასაც აპირებს...
- აბსოლუტურად უსაფუძვლოა ნებისმიერი აქციის გამართვა იმ თემებზე, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობა“ აპელირებას აკეთებს. კონკრეტულად, იმ ულტიმატუმთან დაკავშირებით, რასაც რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ჰქვია. ამ საკითხზე ოპოზიციამ საკაოდ მკაფიო გზავნილი მიიღო ჩვენი დასავლელი პარტიონებისაგან. ასე რომ, ის საზოგადოება, რომელიც თვლიდა, რომ დასავლეთს აქვს გარკვეული მოსაზრებები მათი ლიდერების საქმიანობის შესახებ, გაბათილდა. მით უმეტეს, NDI-ის კვლევამ აჩვენა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ოპოზიციის პარლამენტში შესვლას მხარს უჭერს.
ოპოზიციის პარლმენტში შესვლაზე საუბრობთ და ვენეციის კომისიის დასკვნა გამოქვეყნდა. დასკვნაში პოლიტიკურ პარტიების დაფინანსებაზეა საუბარი. კერძოდ, თუ 6 თვის განმავლობაში პოლიტიკური პარტიები, ან ცალკეული პირები საპარლამენტო სესიების დიდ ნაწილს არ დაესწრებიან, დაფინანსება შეუწყდებათ, - ეს ინიციატივა არაპროპორციულად აღიქმება და წინააღმდეგობაში მოდის პარლამენტის რეგლამენტთან. მმართველი გუნდი ვენეციის კომისიის დასკვნის ამ ნაწილს როგორ გამოეხმაურება და რას მოიმოქმედებს?
- ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს. ვფიქრობ, ვენეციის კომისიის წინადადებები მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იქნეს. კანონპროექტში სამართლიანი გადაწყვეტილებებია. თუმცა, გუნდში ამაზე ჯერ დეტალური მსჯელობა არ გვქონია. ამის მიუხედავად, ეს გარკვეულწილად, შეიძლება აღქმული იქნეს, როგორც მოცემულ პოლიტიკურ ვითარებაზე რეაგირება ხელისუფლებისა. ვენეციის კომისიის შეფასებები უნდა იქნეს განხილული იმ რაკურსით, რომ არავის დარჩეს შთაბეჭდილება, თუნდაც სამართლიანი გადაწყვეტილებები, რომლებიც კანონპროექტშია ასახული, გამომდინარეობს გარკვეული პოლიტიკური ვითარებიდან.