უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ე.წ. კერძო სამხედრო კომპანიის საქმიანობა აღკვეთა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, დაჯგუფების საქმიანობა მძიმე დანაშაულის ჩადენაზე იყო მიმართული, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ.
გამოძიების მონაცემებით, აღნიშნულ საქმიანობას ორგანიზებას უკრაინის ყოფილი დეპუტატი სემიონ სემენჩენკო და ევგენი შევჩენკო უწევდნენ.
გამოძიება ასევე აცხადებს, რომ სემენჩენკო და შევჩენკო, შესაძლოა, დანაშაულებრივი სქემის ორგანიზატორები და მონაწილეები იყვნენ, რომლითაც უკრაინაში რუსეთიდან ორმაგი დანიშნულების საქონელი არალეგალურად შემოჰქონდათ.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნავენ, რომ ე.წ. კერძო სამხედრო კომპანიის შემადგენლობაში 150-ზე მეტი ადამიანი შედიოდა. ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში სამართალდამცველებმა კომპანიის მისამართებზე დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.