„ნატალია საბანაძე არასდროს ყოფილა „ოცნების“ გუნდის წევრი, ის იყო ელჩი, რომელიც დაინიშნა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც „ოცნება“ ახალი მოსული იყო ხელისუფლებაში. ის ადამიანები, ვისი რეკომენდაციით და ხელშეწყობითაც მოხვდა ელჩის თანამდებობაზე, დღეს კარგა ხანია „ოცნებაში“ აღარ არიან“, - ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ განუცხადა.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალია საბანაძემ თანამდებობა დატოვა. ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ოფიციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში კვირის ბოლოს ბრუნდება. ახალი გადაწყვეტილების თანახმად, ევროკავშირი „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მედიაციას მიმდინარე კვირის ბოლოდან განაახლებს. როგორ ფიქრობთ, ამ ორი საკითხს შორის რა კავშირი არსებობს?
- ეს ორი მოვლენა შეიძლება დავაკავშიროთ ერთმანეთთან. არ მინდა სპეკულაციები, მაგრამ როგორც ვიცი, ბრიუსელში ვიზიტის დროს საბანაძესა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის შედგა გარკვეული უსიამოვნო საუბარი და რაღაც საკითხებზე უთანხმოება.
როგორც ჩანს, საბანაძის მუშაობით უკმაყოფილო იყვნენ, რომ არ მიეწოდათ სათანადო ინფორმაცია, რეალურად რატომ ჩავარდა ეს მოლაპარაკებები, რომელსაც შარლ მიშელის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი აწარმოებდა.
როგორც ჩანს, მასსა და ხელისუფლებას შორის შავმა კატამ გაირბინა და ეს პრინციპში აღნიშნა კიდევაც საბანაძემ თავის ინტერვიუში. ამ კუთხით მისი გადადგომა ლოგიკურად გამოიყურება.
გამოითქვა მოსაზრება, რომ გიორგი გახარიას განცხადებამ, რომ იგი არსად წასვლას არ აპირებს და არც პოლიტიკიდან მიდის, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიღწევის საკითხი საბოლოოდ ჩაშალა, რადგან როგორც აღნიშნავენ, აზრი აღარ ექნება მხარეთა შორის შეთანხმებას თუკი გახარია თავისი ახალი პარტიით მესამე ძალის ფორმირებას მოახერხებს...
- გახარია, ფაქტობრივად, და ისედაც წასულია პოლიტიკიდან, ის დღეს არის ერთი ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე. ასე რომ, შეთანხმება მიდის ხელისუფლებასა და იმ პარტიებს შორის, ვინც უნდა შევიდნენ პარლამენტში. თუ გახარიამ სწრაფი ტემპებით ჩამოაყალიბა თავისი პარტია და აღდგომამდე შექმნა, ამასთან პარლამენტში მიიმხრო რამდენიმე დეპუტატი, რომ ცალკე ფრაქცია ჩამოაყალიბონ, ეს შეცვლის პოლიტიკურ ვითარებას, მაგრამ ჯერჯერობით ეს მხოლოდ პროგნოზია.
ამ ეტაპზე გახარიას პოლიტიკურ განცხადებასა და შეთანხმების საკითხს შორის პირდაპირ კავშირს ვერ ვხედავ, რადგან დანიელსონი ჩამოდის მომავალ კვირას, დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან იგივე აქტორები, ვინც იყვნენ აქამდე.
თქვენ როგორ ფიქრობთ, გიორგი გახარია შექმნის ახალ „ოცნებას“?
- ამ კითხვას ბევრი სვამს. ის, რაზეც ბიძინა ივანიშვილი თავის გამოსამშვიდობებელ ინტერვიუში საუბრობდა - „ქართულ ოცნებას“ ჩაანაცვლებს არა მეორეხარისხოვანი პარტიები, არამედ ახალი ჯანსაღი ოპოზიცია“ - ძალაუნებურად ადამიანს აფიქრებინებს, რომ ყველაფერი ამ გეგმის მიხედვით მიდის.
ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, გახარიასთან ერთად ვინ დადგება. ჩემთვის ეს იქნება ინდიკატორი, გახარია რა ტიპის და ორიენტაციის ხალხს მოიკრებს გარშემო. ამის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ეს პარტია რა მიმართულების იქნება და რა როლს შეასრულებს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში.
თქვენი აზრით, მთავრობის ყოფილი მეთაური ვისთან შეიძლება შევიდეს ალიანსში?
- ჯერ უნდა ვნახოთ, გახარიას პარტიის შემადგენლობა, როგორი იქნება მისი გაცხადებული მიზნები, პირველი ნაბიჯები და ამის შემდეგ შეგვიძლია გამოვკვეთოთ მისი პოლიტიკური მოკავშირეები. დღეს, როდესაც პარტია არ შექმნილა და პრაქტიკულად, არაფერი გვაქვს ხელში, ამაზე საუბარი იქნება ყავაზე მარჩიელობა.
და მაინც, რამდენად არის შესაძლებელი გახარია-კალაძის ალიანსი ვიხილოთ?
- 50%-50%-ზეა, თუმცა, გახარია და კალაძე რამდენად არიან ერთმანეთთან დაახლოებული ფიგურები, ვერაფერს ვიტყვი. შეიძლება მოიძებნოს შეხების წერტილები, შეიძლება არც მოიძებნოს. ამის ინდიკატორი იქნება ის, დააყენებს თუ არა კალაძე მერად საკუთარ კანდიდატურას.
რაღა დროს....გადაგაფსათ მაგ ქალმა უკვე მთელ ევროპაში