რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ახლოს? – გამოკითხულთა 23% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 7% „ნაციონალურ მოძრაობას“. „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ მონაცემებით, გამოკითხულთა 40% კი მიიჩნევს, რომ მასთან ახლოს არც ერთი პარტია არ არის, 14%–მა კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა, 8%–მა კითხვაზე პასუხი არ იცის, 7% კი სხვა პარტიებს ასახელებს. როგორც კვლევის შედეგები აჩვენებს, ოპოზიციას არ წყალობენ თბილისში. გამოკითხულთა 20% მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მყოფ პარტიად „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ 5%, სხვა პარტიებს კი – 9%.
საქართველოს მასშტაბით გამოკითხულთა 2,024 –ს განწყობის მიუხედავად, ოპოზიცია რევოლუციურ სცენარეზე უარს არ ამბობს და 15 მაისს, რუსთაველის გამზირზე და რეგიონებში საპროტესტო აქციას აანონსებს. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ, რაც თვალისწინებს იმას, რომ ჩავლენ ყველა ქალაქში, ყველა სოფელში და დაარწმუნებენ მოსახლეობას, რომ ამ ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი. ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ამ პერიოდის განმავლობაში გაიმართება არაერთი აქცია რეგიონებსა და თბილისში.
„ქართულმა ოცნებამ“ ზურგი შეაქცია ევროპას და უარი თქვა, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულებულიყო საშიშ ზღვრამდე მისული პოლარიზაცია და უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ თუკი დაანონსებულ აქციამდე მოლაპარაკება შეთანხმებით დასრულდება, ისინი გეგმებს შეცვლიან.
„თუკი მანამდე შეთანხმება იქნება, რა თქმა უნდა, გეგმებს შევცვლით. აქციები იქნება მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ დათმობებზე არ წავა, რადგანაც ევროპას უნდა, რომ შეთანხმება მიღწეული იქნეს, ველოდებით, რომ ამ რაუნდზე გარღვევა იყოს“, – აცხადებს სერგი კაპანაძე.
ოპოზიციის მოლოდინს, რომ აქციების ტალღა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს კრიზისის დარეგულირებაში, სკეპტიკურად უყურებენ მმართველ გუნდში. უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, არ შეიძლება მართლა ყველაფერში უნიათოები იყვნენ, რევოლუცია უნდათ – ვერ აკეთებენ, პარლამენტში შემოსვლა უნდათ – ვერ ბედავენ. სუბარის განცხადებით, ევროპიდან წამოსული მესიჯები ცხადყოფს, რომ 15 მაისის აქციასაც ვეღარ ჩაატარებენ.
„მსგავსი საპროტესტო აქციები მოლაპარაკებებს ხელს არ უწყობს. ოპოზიციამ 2012 წლის შემდეგ ვერც ერთხელ ხალხი ვერ შეკრიბა, რატომ? – არ აქვს ნდობა და ხალხი არ მიჰყვება. საპარლამენტო არჩევნებზე მთავარ ოპოზიციურ ძალას ხმა ნახევარმა მილიონმა ადამიანმა მისცა, დაახლოებით მილიონია ოპოზიციისთვის ხმის მიმცემი, მაგრამ ეს ხალხი ქუჩაში არ გამოდის, რადგან ოპოზიციისგან განსხვავებით, ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა.
მგონი, 15 მაისის აქციასაც ვეღარ ჩაატარებენ და ამ აქციის გადატანა მოუხდებათ. შეიძლება, მაისი კი დარჩეს მაისად, მაგრამ წელს ვერ დააზუსტებენ, რომელ წელს იქნება აქცია, რადგან ხალხი არ მიჰყვებათ. ამას კარგად გრძნობენ და ჩვენ გვიწყებენ დამუნათებას, რატომ ითვლით, ქუჩაში რამდენი ადამიანი დგასო. თუ დასათვლელი არ არის, მაშინ აქციებს რატომ აწყობენ?!“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციას მნიშვნელოვანი აქციის ჩატარების უნარი არ აქვს და თარიღებს, დაახლოებით 2-თვენახევრიანი ინტერვალებით იღებენ. დეპუტატის თქმით, ხუთი თვის გამოცდილებამ ყველას დაანახა, რომ ქუჩის აქციები არ არის მოთხოვნადი, პირველ რიგში, ქართველი ხალხისთვის, ამომრჩევლისთვის, რადგან ისინი არ თვლიან, რომ ამ აქციებს რაიმე აზრი გააჩნია და რაიმე კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული შეიძლება იყოს.
„ეს აქციები ვერ და არ იქნება ზეწოლის იარაღი „ქართულ ოცნებაზე“. ეს აქციები არანაირად არ განიხილება საერთაშორისო მეგობრებისა და მედიატორების მხრიდან რაიმე კონსტრუქციულობის მატარებლად. მათ არ აქვთ დღეს არანაირი უნარი, რაიმე მნიშვნელოვანი აქციის ჩატარებისა და თარიღებს იღებენ დაახლოებით ორთვიანი, ორთვენახევრიანი ინტერვალებით. რა თქმა უნდა, როდესაც შენ მოლაპარაკებების პროცესში არ ხარ კონსტრუქციულად განწყობილი, ეს ყველასთვის კარგად ცნობილია და ამაზე საერთაშორისო დონეზეც უკვე განცხადებებიც ღიად არის გაკეთებული.
15 მაისის აქცია დააანონსეს, რადგან მათ ჰგონიათ, რომ რაღაცნაირად ასეთი არაკორექტული საქციელით, რაიმე ზეწოლას მოახდენენ. კარვების ქალაქის შენარჩუნების დედლაინიც ისაა, რომ 15 მაისის აქციისთვის ინარჩუნებენ ამ კარვებს, რომელიც სინამდვილეში რეალურად არაფერს არ ცვლის, გარდა იმისა, რომ ამახინჯებს ფონს“, – ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.
ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, სააკაშვილის მარიონეტები თბილისის პარტიული აქტივისტებისა და მხარდამჭერების რესურსით მასობრივ შეკრებებს ვეღარ აწყობენ, რეგიონების იმედზე არიან, მომზადებისათვის არა ერთი, არამედ უკვე ორი თვე სჭირდებათ. ამასობაში, დასავლელმა პარტნიორებმა კიდევ ერთი სამართლიანი სილა გააწნეს. როგორც აბაშიძე ამბობს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნაციონალებს ამაოდ ჰგონიათ, რომ რეგიონებში ხალხმა არაფერი იცის, თუ რა ხდება პოლიტიკაში, რა ტენდენციებია გლობალურად.
„15 მაისამდე კი მოსალოდნელია, რომ არქიფო სააკაშვილის კასრში თავად გადაჭამონ ერთმანეთი ყავლგასულმა პოლიტიკოსებმა. 15 მაისის აქცია, მაქსიმუმ, იქნება რამდენიმე ათასი, იმის იქით უკვე არაფერი არ იქნება. მაგრამ 16, 17, 18 მაისს არაფერი არ იქნება, საზოგადოების სახელით ლაპარაკობენ ისეთი უპროცენტო პოლიტიკოსები, როგორიც არის მაგალითად, ნინო ბურჯანაძე, უპრინციპო ბერძენიშვილები, ნათელაშვილი, გუბაზ სანიკიძე და ა.შ. ეს პოლიტიკოსები საზოგადოებას მობეზრდა.
ყველა ვერ იქნება მმართველი გუნდის მხარდამჭერი, ასეა ყველგან, მაგრამ როდესაც შენ ხარ ოპოზიციურად განმსჭავლული ადამიანი, გინდა, რომ დაუპირისპირო მმართველი გუნდს პრაგმატული პოლიტიკოსი, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი პოლიტიკურ ველზე არ არის, ეს არის პრობლემა, რომელიც აქვს „ქართულ პოლიტიკას“. ვიტოვებთ იმედს, რომ რაღაცა შეიცვლება, მაგრამ ჯერჯერობით გვირაბის ბოლოს სინათლე არ ჩანს“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას გია აბაშიძე.
გია აბაშიძის განცხადებით, ფაქტი და მოცემულობა ის არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი თვით ადრეც კი ვერ ახერხებს ე.წ. მასობრივი საპროტესტო ღონისძიებების ორგანიზებას, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ოპოზიციას ადამიანური რესურსი გამოელია.
„სჭირდებათ აქტივისტების და შემთხვევითი ადამიანების მობილიზება, რომლებიც შესაძლოა, პატარა მატერიალური დახმარებით ჩამოიყვანონ ექსკურსიაზე თბილისში და უკან წაიყვანონ, მაგრამ როგორც ხდება, ერთი დღე იკრიბება რამდენიმე ათასი და კი, ბატონო, ეს გამოხატვის თავისუფლებაა, მაგრამ შემდეგ იშლებიან, რჩება ისევ ის კარვები და რამდენიმე ასეული აქტივისტი, რომელიც უკვე ყველას მობეზრდა ტელეეთერებში, თუ სხვადასხვა მედია–საშუალებებში. ამის იქით ვერ მიდიან.
ფაქტია ისიც, რომ „ნაციონალური მოძრაობას“, სამწუხაროდ, ბრიუსელმა და აშშ–მა ცივი წყალი გადაასხა იმ თვალსაზრისით, რომ ისინი არ ლაპარაკობენ არჩევნების გაყალბებაზე, რომ არალეგიტიმურია და მიტაცებულია. აქედან გამომდინარე, მათი მოლოდინი, რომ იქნებოდა სანქციები, პოლიტიკურ–ფინანსური ზეწოლა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე, ეს არის ბლეფი. ვხედავთ, რომ IND–ის და IRI–ის ამუნათებენ იმიტომ, რომ მათი აზრი არ ემთხვევა ერთმანეთს. ტრაგიკომიკურია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური დღის წესრიგი“, – აღნიშნა გია აბაშიძემ.
„NDI–ის კვლევამ დაგვანახა რა უნდა ხალხს - არ უნდათ ვადამდელი არჩევნები“, – აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, გაუგებარია რატომ უნდა ოპოზიციას ვადამდელი არჩევნები, რადგან კვლევებიდან გამომდინარე, გაცილებით უარესი შედეგი ექნებათ, ვიდრე ახლა აქვთ.
„რატომ 15 მაისი და არა 16 აპრილი, ან 25 მარტი? სწორედ იმიტომ, რომ ხედავენ, ვერ კრიფავენ აქციის მხარდამჭერებს. იმედი აქვთ, რომ 15–მდე სიტუაცია გაუარესდება და ამის ხარჯზე იმედი აქვთ, რომ მოკრიფავენ მხარდამჭერებს, მაგრამ ფუჭი იმედია. რაც არ უნდა გაუარესდეს მდგომარეობა, ამ ხელისუფლებით უკმაყოფილო ადამიანი ნაციონალებთან არ მიდის. მეეჭვება, რომ მათ შეძლონ მხარდამჭერების ორგანიზება.
როდესაც გოგონა პაემანზე მიდის, ერთხელ მივა, ორჯერ, სამჯერ, 8 წლის განმავლობაში ყოველ კვირა მივა, მაგრამ ბიჭი არაფერს არ პირდება. გოგონა არ აიბარგება და არ მოწყინდება უშედეგო მისვლა ამ ბიჭთან? ჩვეულებრივ გოგონაზე ვამბობ და არა უთავბოლოდ შეყვარებულზე. უთავბოლოდ შეყვარებული მივა ასჯერ და ათასჯერაც. ვინც უთავბოლოდ შეყვარებული არ არის და ხედავს, რომ პაემანს შედეგი არ მოაქვს, ასეთი პაემანი მისთვის მომაბეზრებელი იქნება.
ოპოზიციის აქციებმა და განსაკუთრებით ბოლო აქციებმა აჩვენა, რომ შედეგი არ მოაქვს. ირწმუნებიან, რომ დავანიშნებინებთ რიგგარეშე არჩევნებსო და ამ დროს მთელი მსოფლიო იძახის, რომ რიგგარეშე არჩევნებისთვის არავითარი მოტივი არ არსებობსო. ჩანს, რომ მსოფლიოს მხარდაჭერა არ არის. ამდენად, ლაპარაკი იმაზე, რომ მათ შეპირებებს საფუძველი აქვს, სიცრუეა და რაც მთავარია, უნდა კი ხალხს რიგგარეშე არჩევნები? – ვფიქრობ არა“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის შეფასებით, ოფიციალურად გაფორმდნენ როგორც „რევკომი“ და პირველი ბრძანებით დანიშნეს 15 მაისს რევოლუცია. მისი თქმით, წინასწარ რევოლუცია ბოლშევიკებსაც არ დაუგეგმავთ, რაც არასერიოზულია. ზარდიაშვილის განცხადებით, შეიძლება ოპოზიციას მომხრეები ჰყავს, მაგრამ რევოლუციის მომხრე ძალიან ცოტაა.
„მეორე რაუნდი იწყება და ამ პოზიციით როგორ მიდიან მოლაპარაკებებზე, ცოტა გაუგებარია. ამ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებაზე თანხმდებიან, მაშინ უარი უნდა თქვან რევოლუციაზე. რიგგარეშე არჩევნების მოთხოვა, სინამდვილეში არის ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნა. გადადგეს მთავრობა და ჩვენ მოვალთ – ეს წარმოუდგენელია.
მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა თავისი არჩევანი გააკეთა „ოცნების“ სასარგებლოდ და ქართველმა ამომრჩეველმა აირჩია ეს ხელისუფლება. კონსტიტუციის მიხედვით ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს და არა მათ. ამიტომ ყველამ კეთილი უნდა ინებოს და დაემორჩილოს ხალხის გადაწყვეტილებას. როცა არ ემორჩილები ხალხის გადაწყვეტილებას, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი.