მოხდა თუ არა „ქართულ ოცნებაზე“ რეალურად დიპლომატიური იერიში და რა გვითხრეს ამერიკელმა სენატორებმა? როგორც აღმოჩნდა, საქართველოში სენატორების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს ყველა იმგვარად იგებს, როგორც თავად სურს. ოპოზიცია ამბობს, რომ ამერიკელებმა პირდაპირ ისაუბრეს ხელისუფლება ქვეყანას უფსკრულისკენ როგორ მიაქანებს და რა უნდა მოიმოქმედონ ჩვენმა მეგობრებმა ამის შესაჩერებლად. ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ამერიკამ ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ პირდაპირ მოუწოდა. სენატორები ყველა მხარეს, მათ შორის პატარა პარტიებს მოუწოდებენ, გადადონ მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას მოემსახურონ.
რეალურად რა თქვეს სენატორებმა?!
„საქართველოს დემოკრატიისადმი ერთგულება ყველა ქართველის ქმედებების მეშვეობით უნდა დავინახოთ, იქნებიან ისინი მთავრობაში თუ ოპოზიციაში“, - ეს სენატორმა ჯინ შაჰინმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს დემოკრატიისადმი ერთგულება ყველა ქართველის ქმედებების მეშვეობით უნდა დავინახოთ, იქნებიან ისინი მთავრობაში თუ ოპოზიციაში.
„საქართველოში შექმნილი ჩიხიდან გამომდინარე, ერთადერთი მოგებული რუსეთია. რუსეთი ქაოსისგან სარგებელს იღებს. ოპოზიციის წევრების ციხეში გატარებული თითოეული დღე რუსეთის გამარჯვებაა. თითოეული დღე, როდესაც საქართველოს პარლამენტი ცარიელია, რუსეთის გამარჯვებაა. ამიტომაც დღეს ორივე მხარეს მოვუწოდებ, გვერდზე გადადონ მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები და საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებასა და შენარჩუნებაზე იმუშაონ“, - განაცხადა სენატორმა.
ამერიკის შეერთებული შტატების სენატში გამართულ მოსმენაზე, საქართველოს საკითხის მომხსენებელმა, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა კარა მაკდონალდმა ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, დაიკავონ თავიანთი ადგილები საქართველოს პარლამენტში. მან ხელისუფლებას და ოპოზიციას თანამშრომლობისკენ მოუწოდა, მათ შორის, საარჩევნო რეფორმის იმ ნაწილზე, რომლის შესახებაც რეკომენდაციები ეუთო/ოდირის ანგარიშშიც აისახა.
„საარჩევნო რეფორმა არის მოლაპარაკებების ნაწილი და ჩვენ გვწამს, რომ თვითონ საქართველოს მოსახლეობაა ამის ავტორი. ეს უნდა იყოს ინკლუზიური პროცესი და არსებობდეს უკუკავშირი ამომრჩევლებსა და ლიდერებს შორის. ჩვენ მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს, დაიკავონ თავიანთი ადგილები პარლამენტში. გამოკითხვისას ჩვენ ვნახეთ, რაც აწუხებს საქართველოს, ეს არის უმუშევრობა, კოვიდი და საჭიროა საარჩევნო რეფორმის გატარება“, - განაცხადა მომხსენებელმა და იქვე დასძინა, რომ ორივე მხარემ კეთილსინდისიერად უნდა იმუშაოს მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა სწრაფად გატარდეს საარჩევნო რეფორმა.
გარდა ამისა, კარა მაკდონალდი ოქტომბრის არჩევნებსაც ეხმიანება და ამბობს - იმის მიუხედავად, რომ გასული შემოდგომის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო, არსებობდა ხარვეზებიც.
აშშ-ს სენატში გამართულ მოსმენაზე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ჯორჯ კენტმა საქართელოს ევროატლანტიკურ არჩევანზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნატოში ინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანია და ეს გზა აქვს არჩეული მმართველ პარტიასაც.
„ქართულმა ოცნებამ“, რომელიც ხელმძღვანელობს ქვეყანას 2012 წლიდან, შეინარჩუნა ევროინტეგრაციის ვალდებულება, მას შემდეგაც, რაც ბიძინა ივანიშვილი გადადგა თანამდებობიდან.
საქართველოს სურვილი აქვს გახდეს ნატოს წევრი. ნათელია, რომ ეს არის საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევანი და ეს გახლავთ „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული გზაც, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბიძინა ივანიშვილი. საქართველოს გზა ნათელია“, - განაცხადა ჯორჯ კენტმა.
მან მოგვიანებით ასევე აღნიშნა, რომ ნიკა მელიამ დაარღვია კანონი, როდესაც მან ელექტრონული სამაჯური მოიხსნა. მანამდე კენტმა აღნიშნა, რომ მელიას დაკავებით საქართველომ ნაბიჯი უკან გადადგა. აქვე ჯორჯ კენტმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა დროულად უნდა მოხდეს და პროცესი საქართველოს ინტერესებს აზიანებს.
„არავინ არის უდანაშაულო ამ ვითარებაში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველა ქართველს უნდა ჰქონდეს სურვილი და ინტერესი, რომ მოხდეს შეთანხმება და წინსვლა, ისე როგორც ეს მოხდა 8 მარტს“, - ამბობს კენტი.
პარლამენტის ერთ-ერთი ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა აღნიშნავს, რომ საქართველო რჩება ევროატლანტიკური არჩევანის ერთგული და გაგრძელდება მუშაობა ყველა გამოწვევის დასაძლევად.
„ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა საქართველოს მიმართ გააჟღერა მკაფიო გზავნილები. 2012 წლის შემდეგ საქართველოს დემოკრატიამ არაერთ ტესტს გაუძლო, განმტკიცდა და გაღრმავდა. ამერიკის შეერთებული შტატები ეყრდნობა ეუთო/ოდირის დასკვნას და საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს აღიარებს, როგორც თავისუფალს, დემოკრატიულს და კონკურენტულს.
ყველა თანხმდება, რომ ოპოზიცია პარლამენტში აუცილებლად უნდა შევიდეს. კანონის უზენაესობას ყველამ პატივი უნდა სცეს, მათ შორის პოლიტიკურმა ლიდერებმა. ისინი მოუწოდებენ ყველა მხარეს, მათ შორის პატარა პარტიებს, გადადონ მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები და მოემსახურონ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.
საქართველო არის მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის და ლიდერი რეგიონში. სენატში გამოხატული შეფასებებს გათვალისწინებით, ოპოზიციას მოუწევს შემხვედრი ნაბიჯების გადმოდგმა შეთანხმებისთვის და მცდელობა, რომ მხოლოდ მოლაპარაკებებში მონაწილეობა იქნეს წარმოჩენილი მათი მხრიდან კომპრომისად, არ და ვერ იქნება აღქმული ასეთად.
შეთანხმება უნდა მიიღწეს და ოპოზიცია აუცილებლად უნდა შევიდეს პარლამენტში. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ექნება მცდელობა, სენატში გამოთქმულ მოსაზრებებს სათავისო ინტერპრეტაცია გაუკეთონ, ფაქტი ფაქტად რჩება. სენატის შეფასებით, საქართველო არის პროდასავლური, დემოკრატული ქვეყანა და მისაბაძი ლიდერი რეგიონში“, - ამბობს კახა კუჭავა.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ამერიკის სენატში „მსგავსი მძიმე“ საკომიტეტო მოსმენა საქართველოს ხელისუფლებისათვის ჯერ არ ყოფილა. მისი თქმით, ეს საქართველოს ხელისუფლების გამო ხდება.
„არც მე მახსოვს და არ ყოფილა ამასთან მიახლოებული, არათუ მსგავსი მძიმე საკომიტეტო მოსმენა სენატში საქართველოსთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლების საქციელის გამო. ერთადერთი, რასაც შემიძლია შევადარო, თუმცა გარემოებები არ არის იდენტური, უნდა შევადაროთ ვარდების რევოლუციამდე, შევარდნაძის ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულებას... ივანიშვილის რეჟიმის წყალობით მსჯელობა არის იმაზე, როგორ მიაქანებს უფსკრულისკენ ეს ხელისუფლება ქვეყანას და რა უნდა მოიმოქმედონ ჩვენმა მეგობრებმა ამის შესაჩერებლად“, - თქვა გიგა ბოკერიამ და დასძინა: „ოპოზიციამ ეს ფაქტორი უნდა გამოიყენოს, რომ ივანიშვილის რეჟიმმა ბოლომდე არ შეტოპოს“.
ანალიტიკოსი ვლადიმერ ბოჟაძე კი for.ge-სთან აცხადებს, რომ სენატში საკმაოდ მნიშვნელოვანი და ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტო მოსმენა გაიმართა. მოსმენაზე სენატორებმა საქართველოს, როგორც ფინანსური, ასევე სამხედრო მხადაჭერა ცალსახად გამოუცახდეს. ხოლო მეორე მთავარი, რაც ხელისუფლების გასაგონად ითქვა, ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ოპოზიციის მხრიდან ღიად გამოხატული რუსული ინტერესის გატარებას ხელი არ შეუწყონ. ბოჟაძე ამბობს, რომ სენატორებმა ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ პირდაპირ მოუწოდეს და ხმამაღლა უთხრეს, რომ მისი ბოიკოტირებით რუსულ სცენარს თამაშობენ.
„ხელისუფლებას სენატორებმა ღიად მოუწოდეს, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რათა ოპოზიციასთან კომპრომისი შედგეს. საარჩევნო და სასამართლო რეფორმებთან დაკავშირებით ერთმანეთთან ითანამშრომლონ. თუმცა ამისთვის პარლამენტში შესვლა და მისი სრულყოფილად ფუნქიონირებაა საჭირო. ამერიკელეებს არ დაუმალავთ, რომ საქართველოში შექმნილი სიტუაციით ბედნიერი მხოლოდ რუსეთია და ოპოზიცია მათ ინტერესებს ატარებს.
ნიკა მელიასთან დაკავშირებითაც საკმაოდ საინტერესო განცხადება გაკეთდა, სადაც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მელიას მხრიდან საქმე კანონის დაღვევას ეხება, ხოლო კანონზე მაღლა ვერავინ დადგება. სენატორებისგან ერთი სიტყვაც არ მოგვისმენია იმაზე, რომ ნიკა მელია პოლიტპატიმარია. ამერიკაშიც და ევროპაშიც ყველამ კარგად იცის, რომ მელიას 10 ათასი ევროს გადახდის შემთხვევაში საპყრობილის დატოვება თავისუფლად შეუძლია. ეს თემაც ჩვენი პარტნიორების მხრიდან დღის წესრიგიდან არის მოხსნილი. ოპოზიციის ორივე წითელი ხაზები, როგორც რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის თემა, ასევე ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხი არც ერთი ჩვენი პარტნიორისთვის მისაღები არ არის. ოპოზიცია ორივე მათგანს ტყუილად ებღაუჭება“, - აცხადებს ბოჟაძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, მიუხედავად ქვეყანაში არსებული პრობლემებისა, რიგი რეფორმების გატარების აუცილებლობისა, სენატორებმა ღიად და გასაგებად განაცხადეს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, პარლამენტიც და ხელისუფლებაც ლეგიტიმურია. ბოჟაძე ამბობს, რომ ეს პრობლემებიც ხელისუფლებას აღიარებული აქვს და ამის მოსაგვარებლად სრულ მზადყოფნას გამოთქვამს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ დენიელსონის ჩამოსვლაც ზუსტად იმის ლოგიკური გაგრძელებაა, რაც დასავლეთის და ამერიკის მხრიდან ჟღერდება. ქვეყანაში დესტაბილიზაციის და დაპირისპირებს მომხრე არავინ არის და ამას არც ერთი ჩვენი პარტნიორი არ დაუშვებს.
„ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს დასავლეთის მხარდაჭერა ისედაც დაკარგული აქვს, ხოლო თუ რადიკალურ ქმედებებს ისევ გააგძელებენ, ფაქტობრივად, ისინი ევროპიდან და ამერიკიდან ყველანაირ მხადაჭერას დაკარგავენ. მითი იმის შესახებ, რომ ისინი პროდასავლური ძალები არიან, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება. თუმცა არ ველი, რომ „ნაციონალები“, „ევროპელები“ და სამწუხაროდ, „ლელო“ ამ ორ საკითხს დღის წესრიგიდან მოხსნიან. ისინი ამ მიზეზით პარალმენტში არ შევლენ. ენმ-ის მთავარი მიზანია, რომ 2024 წელს საარჩევნო ბარიერი არ დაიწიოს და მომავალ პარლამენტში სხვა პატარა პარტიები საერთოდ ვერ შევიდნენ. თუმცა ველოდები, რომ „გირჩის“ ნაწილი და „სტრატეგია აღმაშენებელი“ შევიდეს“,-ამბობს ბოჟაძე for.ge-სთან.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი for.ge-სთან განმარტავს, რომ ამერიკის სენატში გაკეთებული განცხადებები, ბრიუსელში გაკეთებული განცხადებებისგან დიდად არ განსხვავდება. ძაბირაძე ამბობს, რომ როგორც დასავლეთი, ასევე ამერიკა მიიჩნევს, რომ ის, რაც საქართველოში ხდება, რუსული სცენარით თამაშია. ამიტომაც მათ აქ მტყუან-მართალი არ აინტერესებთ. მათთვის მთავარი ის არის, როგორია პოლიტიკური რეალობა და პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა სახელმწიფოს მიმართ. ამიტომაც გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, მათთვის ახლა მთავარი და მნიშვნელოვანია ქვეყანაში სტაბილურობა იყოს და რუსეთს ამ სიტუაციით სარგებლობის საშუალება არ მიეცეს. შესაბამისად, ამერიკაც და ევროპაც ორივე მხარეს პასუხისმგებლობას თანაბრად აკისრებს.
„იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონში გეოპოლიტიკური სიტუაცია შეიცვალა, ხოლო დასავლეთს და რუსეთს შორის დაპირისპირება გამძაფრდა, ასევე ე.წ. ექვსეულის ფორმატი წამოვიდა, ევროპისთვისაც და ამერიკისთვისაც ახლა საქართველო მთავარი დასაყრდენია. ამიტომ, ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, რუსეთისთვის გაცილებით მიმზიდველი და ადვილად გამოსაყენებელი სიტუაციაა. ამ კრიზისიდან ერთადერთი ნახეირები რუსეთი იქნება. ამიტომაც არის, რომ ამერიკელმა სენატორებმა ორივე მხარე გააკრიტიკეს. თუმცა აქვე დაადასტურეს, რომ ეუთოს და აირაის დასკვნების მიხედვით არჩევნები არ გაყალბებულა. ეს მოსალოდნელი იყო და არავის ილუზია არ უნდა ჰქონდეს, რომ ისინი კონკრეტულად რომელიმე მხარეს დაიჭერენ. უბრალოდ, ცუდი ისაა, რომ ევროპამაც და ამერიკამაც ზუსტად უნდა გაიგონ როგორია ჩვენი პოლიტიკოსების ხასიათი და რა ქვედა დინებები მიდის. მათთვის წარმოუდგენელია, რომ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ მორიგდე. ამერიკელებს თავში აზრადაც არ მოსდით, რომ შენი პირადი ინტერესების გათვალისწინებით, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ითამაშებ“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.