ივანიშვილის „ტროას ცხენი“ ქართულ პოლიტიკაში თუ დამოუკიდებლად მოთამაშე ფიგურა - ვინ იქნება გახარია პოლიტიკაში მეორედ დაბრუნებისას?

ივანიშვილის „ტროას ცხენი“ ქართულ პოლიტიკაში თუ დამოუკიდებლად მოთამაშე ფიგურა - ვინ იქნება გახარია პოლიტიკაში მეორედ დაბრუნებისას?

ქართულ პოლიტიკურ ავანსცენაზე შესაძლოა, კარგად ნაცნობი, მაგრამ ოპოზიციური მანტიით შემოსილი ახალი მოთამაშე, ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია გამოჩნდეს. მან ამის შესახებ საზოგადოებას უკვე ამცნო და განაცხადა, რომ არც ქვეყნიდან და არც პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. ამიტომაც მაშინვე საზოგადოებაში და პოლიტიკურ სპექტრში გაჩნდა კითხვები, არის თუ არა საჭადრაკო დაფაზე გახარია დამოუკიდებელი ფიგურა, თუ ის ივანიშვილის მორიგი სათამაშო პაიკია, რომელიც საზოგადოების დიდ ნაწილში დადებითი რეიტინგით სარგებლოს? ივანიშვილის „ტროას ცხენი“, - ასე შეაფასეს უკვე ოპოზიციაში გახარიას პოლიტიკაში დაბრუნება, ვინაიდან ფიქრობენ, რომ ივანიშვილი შესაძლოა, რიგგარეშე არჩევნებს გეგმავდეს და გახარია მისთვის მთავარი დასაყრდენი გახდეს. ახლა ყველაფერი ყოფილ პრემიერზეა დამოკიდებული - რას განაცხადებს, რა გუნდით შემოვა და როგორი იქნება მისი სამოქმედო გეგმა.

პოლიტიკაში დარჩენის თაობაზე საჯარო განაცხადის შემდეგ ყოფილი პრემიერ-მინისტრი პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე მუშაობას იწყებს. გიორგი გახარიამ გეგმების შესახებ ვრცლად ისევ არ ისაუბრა და საკუთარი მოსაზრება „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა.

ოპოზიციაში გადანაცვლების მიუხედავად, თითქმის არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ სჯერა, რომ გიორგი გახარია პოლიტიკურ ველზე დამოუკიდებელი მოთამაშე იქნება. ოპოზიცია ყოფილ პრემიერს მესამე ძალად არ განიხილავს.

ამბობენ, რომ გახარიას თანამოაზრეებში იქნებიან მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელები, ნათია მეზვრიშვილი, კახა ქემოკლიძე, ასევე ყოფილი ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი და მოქმედი დეპუტატების ნაწილი, რომლებიც საარჩევნო სიაში სწორედ მაშინდელი პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციით მოხვდნენ. არც ერთი მათგანი ამ დრომდე ოფიციალურად არ ადასტურებს, რომ გიორგი გახარიასთან კონსულტაციებს მართავენ.

გიორგი გახარიას პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით მეტ განმარტებას ელოდება მმართველი პარტია. ყოფილ პრემიერს პარლამენტში ფრაქციის შესაქმნელად 6 თანამოაზრე სჭირდება. თუმცა ამის შესაძლებლობას „ქართულ ოცნებაში“ ამ ეტაპზე ვერ ხედავენ.

ანალიტიკოსი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიას ბოლო ქცევა, მაღალი რანგის პოლიტიკოსების ქცევას მიეკუთვნებოდა, ამიტომაც ქართული პოლიტიკისთვის ის საჭირო ფიგურაა. ამ ფონზე, შესაძლოა, მან მესამე პოლიტიკური ძალა ვერ შექმნას, მაგრამ „ქართული ოცნების“ ალტერნატიული ძალა გახდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ ის „ოცნებიდან“ სხვადასხვა დროს წასული ხალხის გვერდით შემოკრებას შეძლებს. ამით კი გახარია ნეიტრალური ამომრჩევლის გულის მოგებას შეძლებს, რომელსაც არც „ოცნება“ და არც „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა. ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ასეთი კატეგორიის ადამიანებისთვის გახარია ალტერნატიული პოლიტიკური ძალა გახდება. ის „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის გახლეჩვას შეძლებს. ასეთი პარტია კი 2024 წელს 5%-იან ბარიერსაც კი გადალახავს და „ოცნებას“ სერიოზულ ხმებს წაართმევს. თუმცა კარგი დღე არც ოპოზიციას დაადგება, რადგან ნეიტრალური ამომრჩევლის რიცხვი იმ რაოდენობის არის, რომ გახარიას ახლა კარგი შანსი ექნება, „ნაციონალები“, როგორც მეორე ოპოზიციური ძალა, გვერდით გაწიოს. ანალიტიკოსი არ ფიქრობს, რომ გახარია ივანიშვილის პროექტია და ის მის თამაშს თამაშობს.

„არ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილს გიორგი გახარია თამაშში შემოჰყავდეს. უბრალოდ, ივანიშვილს უნდა, რომ „ქართული ოცნებიდან“ ახალი პოლიტიკური სპექტრი ამოიზარდოს. როგორც ეს „მოქალაქეთა კავშირის“ შემთხვევაში მოხდა „ნაციონალების“ სახით. მერე დაიყო და „ნაციონალური მოძრაობაც“ კი სხვადასხვა განშტოებების სახით არსებობს. დაახლოებით ამ ტიპის რაღაცა ხდება. მგონია, ბიძინა ივანიშვილს უნდა, ქართულ პოლიტიკურ სპექტრს „ქართული ოცნებიდან“ გასული ძალა მართავდეს. ეს მან პირდაპირაც თქვა. მისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი მიუღებელია. ამიტომ თუ გახარია რაღაცა წარმატების მიღწევას შეძლებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილის ხელით კეთდება.

ეს არის უბრალოდ ის პროცესი, რომელიც მან 2012 წელს დაიწყო. ივანიშვილს მშვიდი და წყნარი ცხოვრება უნდა პოლიტიკის გარეშე. მას არ უნდა, რომ სააკაშვილის ტიპის ადამიანები ემუქრებოდნენ. ამიტომ, თუკი გაჩნდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მის ოჯახს, ბიზნესს არ შეეხებიან და არ დაემუქრებიან, როგორც ელცინი წავიდა და პუტინი დარჩა, ისე იქნება. პუტინმა ელცინის საწინააღმდეგოდ ყველაფერი გააკეთა, მაგრამ ელცინს არ შეეხო. არ მგონია ივანიშვილს გული დასწყდეს, თუკი გიორგი გახარია პოლიტიკაში უკან დაბრუნდება“, - აცხადებს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, გახარია ივანიშვილს არასდროს დაარტყამს, რადგან ეს მისთვის თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება. რაც არ უნდა გახარიასთვის ივანიშვილი მიუღებელი იყოს, ის მას არ შეუტევს. მისი აზრით, გახარია ივანიშვილს რაღაცა კონტექსტში გააკრიტიკებს, მაგრამ მის დამსახურებებზეც ისაუბრებს და იტყვის, რომ კარგი პარტნიორი იყო.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რატომ აქვს გახარიას საზოგადოების დიდ ნაწილში ასეთი დადებითი მხარდაჭერა, ზაქარეიშვილი რამდენიმე ფაქტორს ასახელებს: „მას პასუხისმგებლობის აღების არ ეშინოდა, ხოლო კრიტიკულ სიტუაციაში ის დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს იღებდა. ეს კი პოლიტიკაში ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოებაა. ვიღაცამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და დაანახოს გუნდს, რომ პასუხისმგებლობას რაღაცაზე იღებს. „ოცნებაში“ გახარიამ დაკარგული პერსონალური პსუხისმგებლობა დააბრუნა. ბოდიშის მოხდა რომელი პოლიტიკოსისგან გაგიგიათ? „ბასიანის“ და პანკისის შემთხვევაშიც დარტყმა საკუთარ თავზე აიღო. ხალხის მხარე დაიკავა და საზოგადოებას განცდა გაუჩინა, რომ ის მათი მინისტრია და არა „ქართული ოცნების“. მელიას საქმეზეც ასე ქნა. აჩვენა საზოგადოებას, რომ ქვეყნის და სახელმწიფოს ინტერესებზე მაღლა პარტია ვერ დადგება“.

გია ხაუხაშვილი ფიქრობს, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკაში ხელახლა შემოსვლის პარალელურად ორივე მხრიდან განსაწმენდელში გავლა მოუწევს. მისი აზრით, ის როგორც ოპოზიციიდან, ასევე ხელისუფლებიდან საარტირელიო ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდება. ერთი მხარე იტყვის, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის პროექტია, მეორე მხარე კი მას სააკაშვილთან შეკვრაში დაადანაშაულებს. თან ეს ყველაფერი მისი კომპრომეტირების მცდელობის პარალელურად მოხდება. ხოლო თუ ამ ყველაფერს გაუძლო, საინტერესო ელემენტი აღმოჩნდება და საზოგადოებაში მისი მიმღებლობა კიდევ უფრო გაიზრდება.

„ბევრი ლაპარაკობს იმაზე, არის თუ არა გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის პროექტი. გამომდინარე იქიდან, რომ ივანიშვილს კარგად ვიცნობ, დაახლოებით შემიძლია ვთქვა, საქმე რაშია - ივანიშვილი გახარიაზე ნაწილობრივ ეჭვიანობდა და ის მოსაშორებელი ჰყავდა. შეიძლება ამ სცენარით არ აპირებდა და ეს ამ პატარ ხუჭუჭა ბიჭების ჩანაფიქრი იყო, რის გამოც ივანიშვილი ფაქტის წინაშე დადგა. პრინციპში, გახარია მოსაშორებელი იყო და ამ სცენარს გაჰყვა. თუმცა ეს პირველი ეტაპია, რადგან გახარიას მიმართ ეჭვიანობა არსად გამქრალა. ივანიშვილისთვის ახლა მთავარია, გახარიას დაუმტკიცოს, რომ ილუზიაში არ უნდა იყოს და არ ეგონოს, რომ არჩევნებზე მას ვიღაცა ხმას აძლევდა. ამიტომაც ივანიშვილმა გახარიას უბიძგა, აბა, მიდი, როგორი ბიჭი ხარ, დაინახე, რეალურად რისი თავი გაქვს. გარკვეულწილად ირიბად თუ პირდაპირ, ივანიშვილი მას მწვანე შუქს აუნთებდა. ეს კი არ ნიშნავს იმას, რომ გახარია ივანიშვილზე მუშაობს, არა უბრალოდ, მას უნდა გახარიას აჩვენოს, რომ მის გარეშე არაფერი პოლიტიკური ფიგურა არაა“, - ამბობს ხუხაშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, მეორე ეტაპზე ბიძინა ივანიშვილი შეეცდება, გახარიას აჩვენოს, რომ იმ 200 პარტიაში ჩაიკარგება, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს. ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ივანიშვილს გახარიას რეპუტაციული დამარხვა უნდა, რაშიც ხელს საზოგადოებაც უწყობს. ჯერ ბავშვი არ დაბადებულა და უკვე მარხავენ. თუ გახარიას ივანიშვილის კაცის იარლიყი მიეწება, მაშინ მის პოლიტკურ ფიგურად ჩამოყალიბებას აზრი არა აქვს. მისი პოტენციური ელექტორატია ის ადამაინები არიან, რომელთაც არც „ნაციონალები“ უნდა და არც „ოცნება“. ამ სამობილიზაციო ელექტორატზე უნდა გავიდეს გახარია, რომელსაც მათი გადაბირების დიდი შანსი და პოტენციალი აქვს. END-მ კი აჩვენა, რომ ასეთი ამომრჩევლის რაოდენობა 40%-ია, რაც სახუმარო რაოდენობა არ არის. ამიტომაც ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ეს სეგმენტი რეიტინგში პირველია და გახარია სწორ დროს ძალიან კარგი შანსებით შემოდის.

„ივანიშვილი კარგად ხვდება, რომ 2024 წელს ორპოლუსიანობის გათამაშება გაუჭირდება. ამიტომაც გახარია მოსინჯვა იქნება. ან ის აჩვენებს, რომ ელექტორალურად ნოლია და მის შესახებ არსებული მოლოდინი მითია. შესაბამისად, ივანიშვილი იტყვის, რომ ხმა გახარიას კი არა, მას მისცეს. თუ გახარიამ ცოტა მაინც გაქაჩა, ივანიშვილი ამასაც თავის სასარგებლოდ გამოიყენებს. ის ხმები, რაც პოტენციურად სხვა ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალებთან უნდა წასულიყო, გახარიასთან წავა. ის კი ჩათვლის, რომ ესეც მისი დამსახურებაა, რადგან გახარია პოლიტიკაში მან შემოიყვანა“, - ამბობს ხუხაშვილი for.ge-სთან.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ გახარია უპირველს ყოვლისა, იქნება კონსტრუქციული პოლიტიკური ძალა, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ, დესტრუქციული ოპოზიციის არსებობას წერტილს დაუსვამს. ამაზე კი საზოგადოებაში სრული მოთხოვნა და მხადაჭერა არსებობს. აბაშიძე ამბობს, რომ ბუნებრივია, გახარია მმართველ გუნდში აღარ დაბრუნდება, საიდანაც წამოვიდა და მოლოდინი შეიქმნა, რომ ის კონსტრუქციული ოპოზიციის სივრცეს შეავსებს. ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ყველაფერი ასევე დამოკიდებული იმაზე იქნება, ის პარტიის შექმნას ვისთან ერთად აპირებს.

„გახარიას ოპოზიციური ველიდან არც ერთი არსებული პოლიტიკური სუბიექტი არ სჭირდება. მას შეუძლია თავად დამოუკიდებლად პარტია შექმნას. გახარია არ გაეკარება გაცვეთილ და ურეიტინგო პოლიტიკოსებს, რომლებმაც უკვე ყველას თავი მოაბეზრეს. თუმცა ერთია ხელისუფლებაში წარმატებულ პრემიერად ყოფნა და მეორე, რამდენად იქნება ის ოპოზიციაში ასევე წარმატებული პოლიტიკოსი. ვიხილეთ, რომ მმართველი გუნდის წევრები და მხარდამჭერების ნაწილი, გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებას მიესალმნენ და ეს ბუნებრივიც არის. ქვეყანაში პოლიტიკური ველი დესტრუქციული ძალებით არის გაჯერებული და ხალხს მათ მიმართ ნდობა არა აქვს. ეს კი END-ის ბოლო კვლევებითაც კარგად ჩანს. ამიტომ არ გამოვრიცხავ, გახარიამ ადგილობრივი არჩევნებისთვის ძალები მოსინჯოს და ამის შემდეგ, ცხადია, ის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადება. შეკითხვები ბევრია და როგორც მან თქვა, ამ კითხვებს ამომწურავად უპასუხებს“, - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, საზოგადოების დაკვეთაა, რომ დესტრუქციული პოლიტიკური ძალა „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტკური ველიდან გაქრეს, აქედან გამომდინარე გახარიასთან დაკავშირებით ამ მიმართულებით გარკვეული მოლოდინი არსებობს. აბაშიძე ფიქრობს, რომ ის მმართველი გუნდის, როგორც დადებით, ასევე უარყოფით ფაქტორებზე ისაუბრებს, თუმცა ეს კონსტრუქციული კრიტიკა იქნება. ის არსებულ რეალობას მოსახლეობას ობიექტურად დაანახებს, მმართველ გუნდს არც სადღეგრძელოებს მიუძღვნის და არც ზედმეტი კრიტიკით საზოგადოებას თავს არ მოაბეზრებს.

ზურაბი მოველოდი გია ხუხასვილის ერთჯერადად შემოსვლას პოლიტიკაში,შემოვიდოდა დაალაგებდა სიტუაციას და ისევ წავიდოდა ექსპერტიზაში. უდიდესი რესურსი პატრონია ხუხაშვილი,ივანიშვილი ხომ მაგან მოიყვანა ხელისუფლებაში.
3 წლის უკან
trampi არა.....
დღევანდელი ე.წ. პოლიტიკოსებიდან არავინ არ დაააყრის ხეირს საქართველოს, ვიღაც ახალი, სულ ახალი ადამიანი უნდა გამოჩნდეს, თორემ ისევ იგივე წრეზე წავალთ
3 წლის უკან