„გახარიას თაობაზე გადაწყვეტილება გუშინ არ იყო მიღებული და ამ პოლიტტექნოლოგიაში ვგრძნობ ძალიან მაღალი რანგის ხელს“

„გახარიას თაობაზე გადაწყვეტილება გუშინ არ იყო მიღებული და ამ პოლიტტექნოლოგიაში ვგრძნობ ძალიან მაღალი რანგის ხელს“

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ოფიციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში კვირის ბოლოს ბრუნდება. ახალი გადაწყვეტილების თანახმად, ევროკავშირი „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მედიაციას მიმდინარე კვირის ბოლოდან განაახლებს. თუმცა, რას შეცვლის ეს ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე და რამდენად შეძლებენ მხარეები შეთანხმებას, უცნობია. პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში, ნაწილი ამ საკითხს პესიმისტურად უყურებს.

„შევაჯამეთ დანიელსონის მედიაციით საქართველოში მიღწეული პროგრესი ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. დროა, გაკეთდეს აუცილებელი კომპრომისები. წარმომადგენელი მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება“, - განაცხადა მიშელმა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დანიელსონმა თბილისი 19 მარტს დატოვა. 22 მარტს, ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას გამოითქვა შეშფოთება უშედეგო დიალოგისა და საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ბრიუსელში 22 მარტს გაიმართა, წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაუჭირეს მხარი საქართველოში ევროკავშირის მედიაციით წამოწყებული პროცესის გაგრძელებას.

ანალიტიკოსი სოსო ცინცაძე For.ge-სთან ამბობს, რომ მთავრობის ყოფილი მეთაურის, გიორგი გახარიას განცხადებამ, რომ იგი არსად წასვლას არ აპირებს და არც პოლიტიკიდან მიდის, არსებული პოლიტიკური ვითარება თავდაყირა დააყენა. ცინცაძის თქმით, რეალურად კრისტიან დანიელსონის საქართველოში მეორედ ჩამოსვლით, პოლიტიკური მდგომარეობა არ გამოსწორდება და მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.

„გახარიას ბოლო განცხადებით ყველაფერი თავდაყირა დადგა. თუ ეს განცხადება მართლაც საფუძლიანია და ჰაერში გასროლილი სიტყვები არაა, რაც გახარიას არ ახასიათებს, მაშინ არანაირი აზრი არ ექნება „ოცნებასთან“ შეთანხმებას. გახარიას განცხადებას შესაძლოა მოჰყვება ის, რომ პირველივე არჩევნებზე „ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იყოს. გავიხსენოთ ივანიშვილის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ მისი ოცნებაა შექმნას ახალი პარტია, რომელიც ჩაანაცვლებს „ქართულ ოცნებას.“ ეს არის ის დაპირება, რომელსაც ივანიშვილი ნამდვილად შეასრულებს.

ყოფილი პრემიერების გალერიიდან, გახარია იყო ერთ-ერთი, რომელმაც კარები გაიჯახუნა. გახარიამ პროტესტი მმართველ პარტიაზე გამოთქვა. ეს იყო შეგდებული ინფორმაცია, რომ ის წინააღმდეგია „ქართული ოცნების,“ მაშინ, როდესაც გადაწყვეტილების მიმღები განზე გამდგარია. გახარია ყოფილ პრემიერებს შორის მიმაჩნია ყველაზე ჭკვიან ადამიანად. ეს განცხადება არ იყო იმპულსური, გახარიას თაობაზე გადაწყვეტილება გუშინ არ იყო მიღებული, არამედ რამდენიმე თვის წინ და ეს მზადდებოდა.

ამ პოლიტტექნოლოგიაში ვგრძნობ ძალიან მაღალი რანგის ხელს, ეს არ არის ნაცვლიშვილი-რამიშვილის დონე. როგორც ჩანს, აქ ჩართული არიან არაქართველი პოლიტტექნოლოგები, მაღალი დონის პროფესიონალები. ყველაფერი გათვლილია, მომზადებული. გახარია არ არის ბარიკადებზე ამსვლელი, რომანტიკოსი, რომელმაც ხელთათმანი ესროლა თვით ივანიშვილს.

მაქსიმუმ აღდგომამდე მოვლენები ისე განვითარდება, რომ ევროპელების ჩარევას აზრი არ ექნება. თუ კიდევ ჩამოვიდა დანიელსონი, იქნება ისევ ეს „იწილო-ბიწილო“. როდესაც ევროპელი დიპლომატები ამბობენ, რომ ორივე მხარემ უნდა დათმოს, უნდა მივიდნენ რაიმე შეთანხმებამდე, ეს არის ცინიზმი, პირფერობა. დანიელსონმა და მიშელმა მშვენივრად იციან, რომ აქ კომპრომისები არ არის, ესაა რომელიმე მხარის კაპიტულაცია. ლაპარაკია იმაზე, რომ „ოცნებამ“ დაკარგოს ხელისუფლება, დათანხმდეს ისეთ პირობებზე, რომელიც ოპოზიციას გაუადვილებს გამარჯვებას.

არ იქნება ისეთი ზეწოლა, რომ „ოცნებამ“ დათმოს ეს. რვა წლის შემდეგ, წითელი ხაზია, ვერც ერთი ხელისუფლება ვერ იქნება პოპულარული გამარჯვებისათვის, სიახლეა საჭირო. ზეწოლა არ იქნება იმ დონის, რომ ჩვენი მმართველი პარტია აიძულოს დათმობაზე“, - განაცხადა სოსო ცინცაძემ For.ge-სთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ოპტიმისტურად უყურებს საკითხს და აღნიშნავს, რომ დანიელსონის განმეორებითმა ვიტიზმა საქართველოში შესაძლოა, შედეგი გამოიღოს და მხარეებმა საბოლოო შეთანხმებას მიაღწიონ.

„მხოლოდ სურვილი შემიძლია გამოვთქვა, რომ ბოლოს და ბოლოს მათ მოახერხონ კრიზისის დაძლევა. უეჭველია, რომ ევროპელ კოლეგებს აქვთ ოპტიმიზმი და შედეგის მიღწევის იმედი, რაც მთავარია, ეს შედეგი მათთვის ძვირფასია და მნიშვნელოვანია ასევე ჩვენთვისაც.

იმედი მაქვს, რომ ამ მეორე ცდას შედეგი მოჰყვება. პირველი არ იყო მთლად უშედეგო. თვითონ ოპოზიციის რიგებშიც გაჩნდა აზრთა სხვადასხვაობა. ზოგიერთმა განსხვავებულად შეაფასა სიტუაცია, ეს ცუდი არ არის. ეს ნიშნავს იმას, რომ პოზიციის დაჟინების ნაცვლად შეიქმნას საფუძველი შიდა დისკუსიის და გამოსავლის უფრო აქტიური ძიება, ეს ყველა შემთხვევაში პოზიტიური მოვლენაა“, - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა For.ge-სთან.

trampi შეთანხმება არ მოხდება
კი მაგრამ, მიშას შეთანხმება რო არ აწყობს?/..........ხო გაიგეთ რაც თქვა............ ევროპა არა ტოროლაო .........
ხოოოდა..... ეგრეც იქნება
იმას ყველაზე აქვს ზაპისები ...მარტო .გირჩზე და ალეკოზე არ ჰქონდა და კიც შევიდნენ პარლამენტში
3 წლის უკან