აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს ქვეყანაში შემტევი ცეცხლსასროლი იარაღის გაყიდვაზე აკრძალვის დაწესებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ CNN-ი წერს.
ტელეარხის ცნობით, პრეზიდენტმა სენატორებს ორი კანონპროექტის მიღებისკენ მოუწოდა, რომლებიც იარაღის მყიდველის წარსულის შემოწმებას გაამკაცრებს. 11 მარტს ეს ინიციატივები წარმომადგენელთა პალატამ მიიღო.
„არცერთი წუთი ლოდინი არ მჭირდება იმისთვის, რომ გონივრული ნაბიჯები გადავდგა, რომლებიც მომავალში ადამიანების სიცოცხლეს გადაარჩენს. ჩემს კოლეგებს წარმომადგენელთა პალატასა და სენატში მოქმედებისკენ მოვუწოდებ“, - განაცხადა ბაიდენმა.
ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-ში ორი თავდასხმა მოხდა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. 22 მარტს კოლორადოში 21 წლის ადგილობრივმა მცხოვრებმა სუპერმარკეტში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 10 ადამიანი, მათ შორის პოლიციის ოფიცერი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა იარაღი თავდასხმამდე 6 დღით ადრე იყიდა.
16 მარტს კი ჯორჯიაში 21 წლის კაცმა, სპა სალონებზე თავდასხმის დროს 8 ადამიანი, მათ შორის 6 აზიელი ქალი მოკლა.