სააკაშვილის ერთ-ერთი ბოლოდროინდელი აღიარება სატელეფონო მოსმენებს შეეხება. როგორც აღმოჩნდა, იგი ნანობს, რომ მისი მმართველობის პერიოდში ბევრი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოქვეყნდა, რადგან არაფერი ისე ძვირად არ ღირს, როგორც ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.
„იმასაც ვნანობ, რომ ბევრი სატელეფონო საუბარი გამოქვეყნდა, მათ შორის, სანქცირებულიც. მე მიმაჩნია, რომ არც სანქცირებული საუბრები არ უნდა გასულიყო ტელევიზიით, მიმაჩნია, რომ ეს იყო ცუდი რაღაცა, რაც კეთდებოდა. თუნდაც ის საუბარი, ნინო ბურჯანაძე რომ იძახის - რუსები უნდა შემოვიყვანოთ, ესეც არ უნდა გამოგვექვეყნებინა. იმიტომ, რომ გაჩნდა განცდა საზოგადოებაში, რომ ყველას უსმენენ, რაც, რა თქმა უნდა, არ იყო მართალი. ეს განცდა იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი რამ, რამაც დაგვაზარალა“, - აღნიშნა სააკაშვილმა, თუმცა ისიც დაამატა, „დღეს ოთხნახევრაჯერ მეტი ტელეფონია საქართველოში ჩართული, ვიდრე ოდესმე ყოფილა“.
„თქვენ, ალბათ, არ იცით, საიდუმლოს გეტყვით, მთელი პარლამენტი, მთელი პოლიტელიტა გადართულია „ვაიბერის“ საუბარზე. ვაიბერი არის ინტერნეტპროგრამა. მათ შორის, უმრავლესობის ყველა წევრი გადასულია ვაიბერზე. რატომ? იმიტომ, რომ ყველამ იცის, რომ დავალება არის მიცემული, არა მარტო უმცირეობის მოსმენაზე, არამედ, განსაკუთრებით, ზოგიერთი უმრავლესობის წევრის მოსმენაზე. ვაიბერს ჯერჯერობით ვერ ხსნიან და არის საშინელი დავა, ვიღაცები დაიჭირეს, რომ ვერ გახსნეს. ახლა მიდის ვაიბერის გახსნაზე ფულის ჩაყრა“, - ესეც სააკაშვილის სიტყვებია, რაც მან ცალკეული არგუმენტებითაც გაამყარა.
თურმე ახალი მთავრობის პირობებში რამდენიმე ისეთი ფაქტი დაგროვდა, როდესაც ადამიანებს აშანტაჟებენ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გამოქვეყნებით. აქ მიხეილ სააკაშვილი ერთხელ უკვე გაპიარებულ და სამაგალითო ეპიზოდს - ია ბარამიძის საქმეს შეეხო, რომელსაც ლამის ჩინ-მედლები ერთდროულად დაჰკიდეს კოტე კუბლაშვილმა და მიხეილ სააკაშვილმა, როგორც თავდადებულ და ერთგულ ქალბატონს და რომლის შესახებაც, For.ge-მ გაარკვია, რომ ია ბარამიძე კუბლაშვილის მოადგილის ზაზა მეიშვილის დეიდის, მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილის თანაშემწე გახლდათ და ამ საქმეში ახლობლობის კვალი აშკარად იკვეთებოდა.
ია ბარამიძის ფაქტს სააკაშვილმა კიდევ ახალ-ახალი ისტორიები მოაყოლა, სადაც სიმართლის გარჩევა ისევე ჭირს, როგორც პირველ შემთხვევაში.
საუბარი შეეხო „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასულ საკრებულოს ერთ-ერთი წევრს, რომლის ვინაობაც სააკაშვილმა არ დაასახელა და რომლის შესახებაც ახლად გადაღებული ვიდეომასალა არსებობდა. სწორედ ამით ახსნა მისი წასვლა ნაცმოძრაობიდან.
„რამდენიმე პარლამენტის წევრს იგივე რაღაც ვიდეოები დაუდეს... ერთ-ერთმა პარლამენტის წევრმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომელსაც უთხრეს, რომ გადაღებული გვყავხართო ქალბატონთან ერთად, რომელიც არ არის მისი მეუღლე, ამან ვაჟკაცურად უთხრა, აჩვენეთ ჩემს მეუღლეს, არსად არ გადავალო. ჭორებს არ გიყვებით, მე გიყვებით, რაც ზუსტად ვიცი“, - განმარტავდა სააკაშვილი.
მისი თქმით, ეს ძალიან რთულია თემაა. მეტიც, ეს რუსული ოლიგარქიული მეთოდებია, რადგან მათ კარგად იციან, პრემიერ-მინისტრი სანამ შემოვიდოდა პოლიტიკაში, ეს ვიდეოები ხელთ ეპყრა.
„ნაყიდი ჰქონდათ. იცოდა, რისი ჩვენება უნდოდა ამ „მასტ ქერით“ და ტელევიზიებით“, - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ მსგავსი რამ რუსეთშიც კი არ კეთდებოდა.
პრეზიდენტმა ისიც გაიხსენა, რომ მისი მმართველობის პირობებში ის მკაცრად აკონტროლებდა ასეთ ფაქტებს:
„იყო ერთი, რუსული სპეცსამსახურის აგენტი, რომელსაც ვუთვალთვალებდით ლეგიტიმურად, 2006-ში მოხდა ეს ამბავი, ერთ-ერთი მათი ქალბატონის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მოხვდა ჩვენს ხელში და ვანომ მითხრა ამაზე. მე ვუთხარი - დაუყოვნებლივ წაშალეთ. რუსეთის აგენტებზეც არ გვჭირდება ასეთი“.
ვინც სააკაშვილის პერსონას იცნობს, ის ვერ დაიჯერებს, რომ პრეზიდენტი ასეთ ვიდეომასალებს შეელეოდა და წააშლევინებდა.
სატელეფონო ჩანაწერების გამოქვეყნების გამო სინანულში ჩავარდნილ სააკაშვილთან დაკავშირებით For.ge ექსპერტებს ესაუბრა.
ადვოკატ მამუკა ნოზაძისთვის სააკაშვილის აღსარება უკან მიდევნებული ლამპარის პოზიციაა, რადგან საყოველთაოდ ცნობილია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს მოსახლეობის თითქმის 99%-ს უსმენდა და ამას შანტაჟის, ადამიანებისთვის თანხების გამოძალვის მიზნით იყენებდნენ. უფრო მეტიც, გარკვეულ პროექტს ჩაიფიქრებდა სააკაშვილი და ადეიშვილი და ადამიანებს, რომელთა მიმართ არც ისე დიდი კომპრომატი არსებობდა, მაგრამ სამართლიანი სასამართლოს არარსებობის პირობებში შესაძლებელი იყო ეს ადამიანები დაეპატიმრებინათ, აიძულებდნენ, ცალკეულ პროექტებში ჩაედოთ თანხები. იმას არ ითვალისწინებდნენ, ამ ადამიანებს ჰქონდათ თუ არა ეს თანხა. ასევე, აიძულებდნენ, ბანკებიდან აეღოთ გრძელვადიანი სესხები და ეს პროექტები დაეფინანსებინათ.
შესაბამისად, მამუკა ნოზაძის თქმით, ეს იყო ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკა - ყველა ადამიანის დასმენა და დაშანტაჟება, რა თქმა უნდა, სააკაშვილის ნებართვის გარეშე არ ხდებოდა. „სწორედ ის იყო ამ სიბინძურის იდეოლოგი“.
ადვოკატი იხსენებს, რომ ხშირად ძველი თარიღით გამოჰქონდა სასამართლოს დადგენილება და ნებისმიერი უკანონობის გაპრავება ხდებოდა კუბლაშვილის სასამართლოში და ან კიდევ, აგენტებად გამოაცხადებდნენ ამ ადამიანებს და სასამართლოს არარსებობის გამო ეს ადამიანები დაუცველები იყვნენ.
„სიმონ კილაძის საქმეც ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია. ადამიანს, რომელიც მხოლოდ პრესის მიმოხილვით შემოიფარგლებოდა, აგენტობასა და სამშობლოს ღალატში დასდეს ბრალი. ასე რომ, სააკაშვილის სინანული, რომელიც უკანონოდ არის პრეზიდენტის სავარძელში მოკალათებული და სულ რამდენიმე თვე დარჩა ამ უკანონობის დასასრულისკენ, გვიანი და არადამაჯერებელია. ეს გათვლილია იმაზე, რომ ქართული საზოგადოება მიმტევებელია და სააკაშვილიც ადამიანის ემოციებზე თამაშობს“, - აცხადებს მამუკა ნოზაძე.
რუს აგენტებზე პრეზიდენტის საუბრისას კი ადვოკატს შემდეგი ფაქტი ახსენდება. კერძოდ, როცა „რამდენიმე რუს ოფიცერს საქართველოს წინააღმდეგ აგენტობა დააბრალეს და სცენარიც დადგეს - ქალბატონ და მამაკაც პოლიციელს პროკურატურიდან გამოჰყავდა რუსი ოფიცრები, ამით აჩვენეს მსოფლიოს, აგენტები დავაკავეთო და ამ დროს ზუსტად 24 საათში გადასცეს ისინი რუსებს“. ამდენად, მამუკა ნოზაძეს აინტერესებს, თუ ეს ადამიანები ასეთი „დამნაშავეები“ იყვნენ, მეორე თუ მესამე დღეს, ყოველგვარი მოლაპარაკების გარეშე, რატომ გადასცეს რუსეთის ხელისუფლებას?! მით უფრო, რომ ასე უბრალოდ, ორ და სამ დღეში არ ხდება ადამიანების გადაცემა.
„სააკაშვილი აცხადებს, დღეს ოთხნახევარჯერ მეტი ტელეფონი ისმინებაო. სინამდვილეში, ასეთი რამ უკვე აღარ ხდება. დიდი რამ თუ არ შეცვლილა საქართველოში, ამ მხრივ მაინც შეღავათია, რომ არ არსებობს შიშის ფაქტორი, პოლიცია აღარ არის პოლიტიზირებული და არ ხდება მოსმენები. ასეთი რამ არ გამოვლენილა და სააკაშვილი ამის ვერცერთ მაგალითს ვერ დაასახელებს. სახელმწიფოს მოვალეობაა, მოუსმინოს იმ ადამიანებს, რომლებიც მომეტებულ საფრთხეს წარმოადგენენ, ნებისმიერი სახელმწიფოს სპეცსამსახური ამას აკეთებს, მაგრამ მასობრივად, რაც ხდებოდა „ნაცმოძრაობის“ დროს, როცა მეუღლე ვეღარ ელაპარაკებოდა მეუღლეს, ასეთი რამ აღარ ხდება“, - აღნიშნა მამუკა ნოზაძემ.
ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ბოლო დროს ნაციონალების რიტორიკა ერთმანეთს ემთხვევა. საერთოდ, მათ სჩვევიათ ერთმანეთის მსგავსი პოზიციების დაკავება და ერთნაირი რიტორიკა. ასეთივე მონანიების ტონი დაინახა რამაზ საყვარელიძემ გიგი უგულავას გამოსვლაშიც - „ჩვენ არ ვთვლით, რომ უშეცდომონი ვართო“.
ექსპერტის აზრით, საკუთარ შეცდომებზე საუბარი უკვე დაიწყო „ნაციონალურმა მოძრაობამ“. სწორედ ამ ზოგადი სტრატეგიის ცვლილების ასახვა იყო სააკაშვილის ეს პასაჟიც, როცა მან სატელეფონო მოსმენების შესახებ ისაუბრა.
„ალბათ, რომელიღაც პიარ-ჯგუფმა მიაწოდა სააკაშვილს ეს რეკომენდაცია, რომ ხალხი კიდევ უფრო ღიზიანდება მოუბოდიშებლობის გამო. ამიტომ საჭიროა, ბოდიშის ელემენტები შეიტანოთ თქვენს რიტორიკაშიო. ეტყობა, ამ რეცეპტის შესრულებაზე არიან ახლა გადასულნი ნაცმოძრაობის სხვადასხვა პირები და მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტიც. თუმცა ჩვენ უკვე იმდენჯერ მოვისმინეთ ასეთი სიცრუე, რომელიც გადამოწმების შემდეგ რეალობა არ არის, რომ მისი ყველა ფრაზის სინამდვილის შემოწმებას აზრი არ აქვს“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
ექსპერტს ამის მაგალითად მოჰყავს ნაციონალებისგან გაპიარებული ხუთსართულიანი სახლის მშენებლობა, რომელზედაც თურმე 5 ათასი კაცი დასაქმდებოდა, ანუ თითო სართულზე - ათასი კაცი.
უფლებადამცველ ნინა ხატისკაცს პრეზიდენტის მხრიდან პირად ხელშეუხებლობაზე საუბარი და ამაზე სინანული კომიკურად ეჩვენება, რადგან წინა ხელისუფლებისადმი ერთ-ერთი მთავარი ბრალდება სწორედ ის იყო, რომ რიგით ადამიანებსაც კი, ჰქონდათ განცდა, რომ მათ უსმენდნენ და მოსმენები არ შეეხებოდა მხოლოდ მნიშვნელოვან პირებს, რომელთა მიყურადებაც, შესაძლოა, კანონმდებლობით იყო განსაზღვრული.
აქედან გამომდინარე, უფლებადამცველს მიაჩნია, რომ ამით ირღვეოდა კანონმდებლობა და პირადი ხელშეუხებლობა. ამიტომ დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს, ეს შეგრძნება საზოგადოებაში ნაკლებადაა, დღევანდელმა ხელისუფლებამ უფრო მეტი უნდა გააკეთოს, რათა საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ის მავნე პრაქტიკა და პირადი ცხოვრების უგულებელყოფა, რაც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა, რეალურად აღარ განმეორდება.
უფრო მეტიც, ნინა ხატისკაცის განმარტებით, როდესაც სატელეფონო კომპანიებსა და მობილურ პროვაიდერებზე ვსაუბრობთ, დღესაც ბევრი რამ არ თქმულა იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიცვალა ამ კომპანიებთან მიმართებით და რამდენად გვაქვს გარანტია, რომ მსგავსი რამ დღესაც არ ხორციელდება.
„სააკაშვილის მიერ დღევანდელ პირობებში მოსმენებთან დაკავშირებული განცხადება, შესაძლოა, ლეგიტიმურიც იყოს და არალეგიტიმურიც. ამიტომ ახალ ხელისუფლებას გაცილებით მეტი ძალისხმევა მართებს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ეს სიმართლეს არ შეეფერება“, - აცხადებს ნინა ხატისკაცი.