ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონის მცდელობა „ქართულ ოცნებასა“ და გაერთიანებულ ოპოზიციას საერთო კონსესუსის მიღწევაში დახმარებოდა, უშედეგოდ დამთავრდა. ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა–რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა და „პოლიტიკური პატიმრების“ განთავისუფლების საკითხის დადებითად გადაწყვეტა, ხელისუფლებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. შესაბამისად, შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, რაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.
„ქვეყანაში არანაირი კრიზისი არ არსებობს“, – აცხადებს კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებს კომენტირებისას. ხაინდრავა for.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ე.წ. ოპოზიციის დიდი მცდელობის მიუხედავად, 15 მაისს დაგეგმილ აქციაზე ხალხს ვერ გამოიყვანს, ვინაიდან ოპოზიციას საკუთარი ამომრჩეველი აღარ ენდობა.
გოგა ხაინდრავა: ჩემთვის, როგორც ვიზუალური ხელოვნების წარმომადგენელისთვის, დიდი მნიშვნელობა აქვს სიმბოლოებს. ერთ–ერთი ასეთი სიმბოლო არის ცარიელი კარავი პარლამენტის წინ. ეს ძალიან ნიშანდობლივია იმისთვის, რომ დღევანდელი ვითარება გაიაზროს ქართულმა საზოგადოებამ. ამ ოპოზიციის სიმბოლო არის ცარიელი კარვები, რომელიც დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ანტისანიტარიის ბუდედ იქცა. ის, რომ დღევანდელი პოლიტიკური სიბეცე, რუსული იმპერიალიზმის პირდაპირი გამოვლინებაა, ამაში ვფიქრობ, არავის ეჭვი არ ეპარება. მსოფლიო დიპლომატიას ქარაგმებით ლაპარაკი ახასიათებს, ოპოზიციას პირდაპირ უთხრა შარლ მიშელმაც და დანიელსონმაც, რატომ თამაშობთ რუსულ თამაშსო. ამის მიუხედავად, ჯიუტად განაგრძობენ ღია კარის მტვრევას, ეს მათი არჩევანია.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოება, პოლიტიკური სპექტრისგან განსხვავებით, ამ ოცდაათ წელიწადში გაიზარდა. აკო მინაშვილს და ვაშაძეს ჰგონია, რომ როცა ტყუილებს ილაპარაკებენ, ვინმე მათ ლაპარაკს დაიჯერებს, ეს ასე არ არის, ყველამ ვიცით, რაც ხდება, ყველამ ვიცით, რაც ხდებოდა ამ მოლაპარაკებებზე. წარმოგიდგენიათ, როგორი პოლიტიკური თამასაა საქართველოში, რომ ამ ფონზე „გირჩი“, რომელიც ჩემი აზრით, არის სექტა და არანაირი კავშირი პოლიტიკასთან არ აქვს და ალეკო ელისაშვილი, არიან პოლიტიკური ვარსკვლავები. ერთადერთი, საიდანაც გვაქვს შესაძლებლობა, რომ გავიგოთ რეალურად რა ხდებოდა მაგიდასთან, არის „გირჩი“ და ელისაშვილი. დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს, ოპოზიცია იმის მეათედსაც ვერ აიღებს, რაც აიღო. ამას ყველა ხედავს, მათ საკუთარი ამომრჩევლებიც ვეღარ გამოყავთ აქციებზე.
როგორც მოსალოდნელი იყო, მოლაპარაკება არ შედგა. თავიდანვე ცნობილი იყო ორივე მხარის პოზიცია და მოთხოვნები. სწორედ ამას ამბობს ოპოზიცია, რომ ხელისუფლება თავიდანვე განწყობილი იყო მოლაპარაკების ჩაშლისთვის, რაც მოხდა კიდეც...
– მოლაპარაკებები არ ჩაშლილა, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეთანხმება არასოდეს არ მოხდება. იქ, სადაც სააკაშვილია, არაფერი შედგება. სააკაშვილთან ერთად როგორ შეიძლება, რამე შედგეს? ვერასდროს ვერაფერი შედგა ძალადობის, უკუღმართობის, გარყვნილების გარდა. ამ ქვეყანაში სხვა არაფერი მოუტანია. სააკაშვილი დღეს იმ მოძრაობის სათავეში დგას, რასაც სიბნელე ჰქვია. ასე რომ, მოლაპარაკებები არ ჩაშლილა, მოლაპარაკებებმა ყველაფერი თავის ადგილას დაალაგა. ასჯერ მაქვს ნათქვამი, რომ ყველასათვის მოსაწონი ხელისუფლება არ არსებობს. საერთოდ, მუდმივად მოსაწონი ხელისუფლებაც არ არსებობს. ევროპელები მიხვდნენ, რომ ეს არის განუვითარებელი პოლიტიკური კლასი, რომელთანაც რაიმე ტიპის სერიოზული ურთიერთობა შეუძლებელია. ეს არის ყველაზე ცუდი, რაც აქედან გამოვიდა, ყველამ დაინახა, რომ ამათთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. როგორ შეიძლება, ნინო ბურჯანაძეს, შალვა ნათელაშვილს, აკო მინაშვილის პოლიტიკურ თემებზე ელაპარაკო? – ოპოზიციას რატომ გონია, რომ თუ სხვა დროს არ გამოდიოდა მათ მხარდასაჭერად აქციაზე ხალხი, 15 მაისს გამოვა, დათბება და იმიტომ? ეს მათ ჰგონიათ რომ ხალხი გამოვა, რა უნდა მოისმინონ? გამოვა ბურჯანაძე და იტყვის, რომ ევროპული ღირებულებები უნდა დავიცვათ, სახლში წავა და კასაჩოვს დაურეკავს. ბოკერია გამოვა და იტყვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უვარგისი პარტიაა და „ევროპული საქართველო“ მაგარი და ასე შემდეგ.
ჩვენი მეგობარი ქვეყნებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილიზაციას, ამიტომ, როგორც უკვე ითქვა, დანიელსონი კიდევ ერთხელ შეეცდება ხელისუფლება და ოპოზიცია დასვას მოლაპარაკებების მაგიდასთან, მაგრამ რა გამოვა აქედან?
– დანიელსონი გინდაც ათჯერ დაბრუნდეს აქ, შეცვლის ნინო ბურჯანაძის, ან ნათელაშვილის, ან მინაშვილის აზროვნებას? წარმოიდგინეთ, აკო მინაშვილს რომ დასვამენ მოლაპარაკების მაგიდასთან, იმის ქვემოთ რაღა უნდა იყოს? პლინტუსის ქვემოთაა ეს ყველაფერი. ის იმას გააკეთებს, რაც დავაალეს – დესტრუქციას. ბოკერიაზე რომ ვლაპარაკობთ, ამაზე სამარცხვინო ფიგურა შეიძლება, არსებობდეს საერთოდ? ადამიანმა ყველგან ყოველთვის ყველაფერი წააგო. ნაცისტური რეჟიმის იდეოლოგი იყო, რეჟიმის – რომელიც კაცებს აუპატიურებდა, დღემდე ტივტივებს პოლიტიკურ ზედაპირზე. იმის გამო ტივტივებს, რის გამოც წყალზე გარკვეული ნივთები ტივტივებს ხოლმე. მეტი მას არაფერი გააჩნია, არც პოლიტიკური ალღო, არც ბიოგრაფია, ან წარმატება. რატომ ზის იმ მაგიდასთან, ვის წარმოადგენს, ჩვენთვის გაუგებარია. გინდაც მაგისი ყოფილი თანაპარტიელი, მოლაპარაკებიდან გამოდის და ამბობს, მე პოლიტიკური პარტიის წევრი აღარ ვარო. თუ არ ხარ, მაშინ რა გინდა მოლაპარკების მაგიდასთან? ასე რომ, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს.
მაგრამ, ეს ყველაფერი აფერხებს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების სწორად განვითარებას, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო ვერ მუშაობს გამართულად, ჩვენ გვაქვს პანდემია, ამ ფონზე გაჩერებული ეკონომიკა, უმუშევრობის ზრდა და მას დამატებული ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არსებული გაურკვევლობა, რომელსაც საბოლოოდ პოლიტიკურ კრიზისამდე მივყავართ...
– საქართველოს პარლამენტი იმ შემადგენლობით გააგრძელებს მუშაობას, რა შემადგენლობაც არის, იმიტომ, რომ ეს შემადგენლობა აირჩია ქართველმა ხალხმა. ვინც მზად არის, რომ თავის ხალხს ემსახუროს, ის უკვე პარლამენტშია და ამას აკეთებს. არანაირი კრიზისი საქართველოში არ არის.
ბიუჯეტი მიღებულია, მთავრობა, პარლამენტი ფუნქციონირებს, საერთაშორისო ურთიერთობები გრძელდება. ნატო-ს ოთხი გემია შემოსული. ბრიუსელში პრემიერ–მინისტრის ვიზიტი ძალიან წარმატებული იყო. საგარეო ურთიერთობები დღის წესრიგშია. შიგნითაც ცხოვრება მიდის. არანაირი კრიზისი არაა ქვეყანაში. ვფიქრობ, გადამეტებული ყურადღებაა ამ სიბნელეზე, უნდა დავანებოთ მაგათ თავი. როცა მათ ხსენებას თავს დავანებებთ, იმ წუთში გაქრებიან. არაფერს წარმოადგენენ, მათ უკან არაფერი დგას, ერთადერთი რაცაა, ეს არის ეკრანი - ეკრანი აცოცხლებს მათ. სინათლე რომ ჩაქრეს ორი კვირით საქართველოში და ეკრანზე არ დაინახო, ყველას დაავიწყდება ესენი. იმაზე დიდი ფარისევლობა რა უნდა იყოს, როდესაც უდუმაშვილი დგას, ევროპულ არჩევანზე ლაპარაკობს და გვერდზე ბურჯანაძე უდგას, რომელმაც ორი დღის წინ, მთელს მსოფლიოს აუწყა, პუტინის მეტი ამ ქვეყანას ვერავინ გადაარჩენსო. შეხედეთ, ვინ დგანან და ლაპარაკობენ. ისინი არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენენ. მათი ფასეულობაა კარვების ქალაქი. წადით და ნახეთ, რა ხდება. ეს არის მათი ზნე, სახე, პოლიტიკური გზა. თავის აქტივისტებს საპირფარეშოს ხმარება მაინც ასწავლონ, ქალაქის ცენტრი რომ ააყროლეს. ყველა, ვინც აქ ჩამოდის, ხომ ხედავს ამას. რატომ მოუნდება მეორედ ამ საქართველოში ჩამოსვლა? ტურიზმზე, ეკონომიკის განვითარებაზე ვლაპარაკობთ. მთელი მსოფლიო ცდილობს, რომ საქართველოში სტაბილიზაცია შეინარჩუნოს. ყველა გვირჩევს, ნუ აურევთ საკუთარ ცხოვრებას, ძალინ დიდი საშიშროებააო. გაიხედეთ რა ხდება, როგორი დაძაბულია მსოფლიო, როგორი დაძაბული პოლიტიკური სიტუაციაა. ცივი ომის შემდეგ ამერიკასა და რუსეთს შორის ასეთი დაპირისპირება არ მახსოვს. ამერიკის პრეზიდენტს რუსეთის პრეზიდენტზე ეთქვა მკვლელიაო, არ მახსოვს ასეთი რამე. ნახეთ, რა დაპირისპირებაა ეგეოსის ზღვაში თურქეთსა და საბერძნეთს შორის, აქეთ თურქეთსა და ევროკავშირს შორის, აქეთ ყარაბაღის ომი. გავეშებულია რუსეთის იმპერია, მომდგარია ჩვენს საზღვრებთან. ცოტა ჭკუა ხომ უნდა გვქონდეს, რაღაცნაირად ხომ უნდა მივხვდეთ, ეგრე არ არის ეს ცხოვრება, რომ კარვები გავშალოთ. ურდოები ასე მოდიოდნენ. ახლაც ურდოა. ოღონდ – შიდა ურდო. შიდა ურდო დგას, რყვნის და აყროლებს ამ ქვეყანას, აქაც და საზღვარგარეთაც. ან ეს სამარცხვინო ქმედება რასაც დათა პაპას გასვენებაში, ცხინვალის რეგიონის მისადგომებთან ვხედავთ, ეს ხომ სამარცხვინოა, რაც ხდება. ხოშტარია თავის ბაბუის გასვენებაში არ დადის და დათა პაპას გასვენებაში წავიდნენ, ისე დარდობენ?! ხალხს რომ აწამებდნენ, ვაზაგაშვილის მამას რომ საფლავზე აფეთქებდნენ და გირგვლიანს რომ ქუჩაში კლავდნენ, კაცებს რომ აუპატიურებდნენ, მაშინ არ განიცდიდნენ ქართული საზოგადოების ტრაგედიას? 26 მაისს, სახურავებზე რომ ყრიდნენ გვამებს, მაშინ იმ ადამიანების გასვენებაში დადიოდნენ? დარდობდნენ ქართული საზოგადოების ტკივილს? ეს ხომ ფარისევლობაა.
ფარული ჩანაწერები, რომელიც ბოლო დროს ძალიან აქტიურად ვრცელდება, ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ქვეყნის ძალოვან სტრუქტურებში, რომელის პირდაპირ ფუნქციაა თითოეული მოქალაქის პირადი უსაფრთხოების დაცვა, ამ ფუნქციას ვერ ასრულებს? მიუთითებს თუ არა ეს სერიოზული პრობლემების არსებობაზე?
– ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით, როდის არის ეს კადრები გადაღებული. სუსმა ჩაიწერა ღარიბაშვილის და ბერა ივანიშვილის ლაპარაკი? ეს ხომ ვიცით, ვისი არქივიდან გამოდის. ამას აკეთებდა სააკაშვილი, მერაბიშვილი, ბოკერია. ვანო მერაბიშვილი თავისი კაბინეტიდან რომ გავიდა, სეიფში ასობით ჩანაწერი დატოვა „შემთხვევით“, არ ახსოვდა რომ იქ ედო ეს ჩანაწერები? მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხაზარაძე და ვიღაცეები, ყველანი დაშანტაჟებულები არიან. ეგეთი უგუნურება და კრეტინიზმი მე ვერ წარმომიდგენია, რომ ამხელა ბანკი ააშენეს, ამხელა ფული იშოვეს ამ გაძვალტყავებულ ქვეყანაში და ის, რასაც ახლა ისინი აკეთებენ, ეს ხომ სრული სიბეცეა. სააკაშვილმა პირდაპირ თქვა, რომ ისინი ყველაფერს იწერენ და ყველა მათგანზე უდევთ ჩანაწერი. როცა საჭიროა, გამოაგდებენ. იმიტომაც დგანან იქ. აბა გამაგებინეთ, კობა ხაბაზთან ერთად ხაზარაძეს რა უნდა, რა აკავშირებს იმათთან შიშის გარდა? სხვა, მაგათი ერთობის ლოგიკა არ არსებობს. ერთმანეთს შავი ჭირივით ვერ იტანენ ეს ფანჩატურის ხალხი, რაც მაგათ ერთმანეთი ნალანძღი ჰყავთ, რამ გააერთიანა ისინი? იმიტომ, რომ ეშინიათ იმ არქივის, რომელიც ვანოს და მიშას აქვს.
გიორგი გახარიას პოლიტიკაში შემოსვლაზეა ლაპარაკი, საუბარია გარკვეულ პოლიტიკურ ძალებზე ვისთან ერთადაც სავარაუდოდ, აპირებს პოლიტიკურ აქტიურობას. ფიქრობთ, რომ გახარია დაიჭერს იმ ნიშას, რომელიც რეალურად ჩაანაცვლებს დღევანდელ ოპოზიციურ სპექტრს და იქნება სამომავლოდ ხელისუფების ალტერნატივა?
– ეს არის ჭორი. გახარია კრიმინალური დაჯგუფების შექმნას ხომ არ აპირებს. თუ პარტიის შექმნას აპირებს, გამოვა და იტყვის ხომ? გახარია არის ადამიანი, რომელსაც ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს საზოგადოებაში დღემდე. რა აქვს დასამალი, არ ჩანს ჯერ ის არსად. ამას ლაპარაკობს გვარამია. ხან ვაშაძე–მშენებელი ლაპარაკობს ამაზე, თვითონ არაფრის გამკეთებელი არ არის და იქნებ გახარიას როგორმე მიეწებოს. რა თქმა უნდა, ოპოზიციური ძალა აუცილებელია. პოლიტიკურ ველზე „ქართული ოცნება“ არის მარტო, ეს ცუდია ქვეყნისთვის, რადგანაც ქვეყანა ვერ ვითარდება თუ პოლიტიკური პაექრობა არ არსებობს. მე იმედი მაქვს, რომ გამოჩნდება, რეალური ოპოიცია, რადგან ასე გაგრძელება არ შეიძლება.
რა იქნება ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის როლი?
– ბიძინა ივანიშვილი წავიდა და აღარც მოტრიალდება. კიდევ კაი ხანს გაუძლო მაგ კაცმა ყველაფერს. ეგეთი უმადურობა და სამარცხვინო დამოკიდებულება, რაც ჩვენ ვნახეთ, კარგად გაუძლო იმ ადამიანმა. ყველაფრისთვის მადლობა იმ ადამიანს, რაც ამ ქვეყნისთვის გააკეთა.
კი მაგრამ, მიშას შეთანხმება რო არ აწყობს?/..........ხო გაიგეთ რაც თქვა............ ევროპა არა ტოროლაო .........
ხოოოდა..... ეგრეც იქნება
იმას ყველაზე აქვს ზაპისები ...მარტო .გირჩზე და ალეკოზე არ ჰქონდა და კიც შევიდნენ ისინი პარლამენტში
ისე.... ამათ ვინუჟდენზე ამ ევროპელმა კაცმა შეიძლება მართლა ,,რაღაცა,, დაუწესოს...... მაგრამ მშვიდობა დიდი ხანი არ გასტანს ---- ნაცები მაინც მალევე აყირავდებიან......