ბრიუსელი-თბილისი, თბილისი-ბრიუსელი და კვლავ თბილისი...

ბრიუსელი-თბილისი, თბილისი-ბრიუსელი და კვლავ თბილისი...

კრისტიან დანიელსონი საქართველოში ბრუნდება. ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა დანიელსონმა ყველაფერი მოახსენა თავის წარმომგზავნს - შარლ მიშელს და მასთან შეხვედრის შემდეგ კვლავ საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა. დანიელსონი მედიაციის გაგრძელებას აპირებს და, როგორც ჩანს, მთლად უიმედოდ არ თვლის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაგეგმილ მოლაპარაკებებს.

ქართველი ანალიტიკოსები ევროპული მედიაციის ნაკლზე საუბრობენ და მიიჩნევენ, რომ მოლაპარაკების წარმატებით დასრულების ერთადერთი შანსი იყო, თავად ევროპულ მხარეს წარმოედგინა თავისი ვარიანტი და მხარეების იძულება მოეხდინა, თუმცა, როგორც ჩანს, ამისთვის ევროპა მზად არ აღმოჩნდა.

შეეძლოთ თუ არა ევროპელებს ქართველი პოლიტიკოსების იძულება მოეხდინათ და არის თუ არა იძულება ევროპული სტილი?

ანალიტიკოსი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ევროპელები იძულებას ვერ მოახდენდნენ, სიმკაცრეს ვერ გამოამჟღავნებდნენ, რადგან ეს მათი სტილი არაა. ასეთი რამ გამორიცხულია თუნდაც იმიტომ, რომ, საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში სისხლი არ იღვრება, სამოქალაქო დაპირისპირება არ არის, ხალხი ქუჩაში არაა.

„ბოდიში ამ სიტყვაზე, ხალხს სულ ფეხებზე ჰკიდია, რა ხდება პოლიტიკაში. აგერ, ნამახვანჰესის გამო უამრავი ადამიანი ქუჩაში გამოვიდა, იმ რაოდენობით, რომ ვერ იოცნებებს ვერც „ქართული ოცნება“ და ვერც ოპოზიცია და ამდენი ხალხის გამოყვანას ვერ შეძლებს. ეს ნიშნავს, რომ ხალხი დაღლილი არაა, მაგრამ ხალხი ვერ ხედავს პოლიტიკაში თავის როლს. შესაბამისად, ევროპელებიც ხედავენ, რომ ქართული საზოგადოება არ არის ჩართული პოლიტიკურ მოვლენებში. ევროპელებისთვის მთავარია სტაბილურობა საქართველოში, რომლის გარანტორიც ყოველთვის ხელისუფალია. მათთვის საქართველო მაჩანჩალა სახელმწიფოა და ამ ფონზე ევროპა ხელს ვერავის მოუგრეხდა, უბრალოდ, მათ გული დაწყდათ, რომ ხელისუფალი ხელისუფალი არ არის. ოპოზიცია რომ ოპოზიცია არ არის, ეს ოპოზიციის პრობლემაა, მაგრამ ხელისუფალი რომ ხელისუფალი არ არის, ეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ პრობლემა არაა, ეს უკვე სახელმწიფოს პრობლემაა, ეს არის სანდოობის პრობლემა, რისი გამკეთებელია სახელმწიფო, ქმედითუნარიანია თუ არა“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა for.ge-სთან საუბარში.

მანვე განმარტა, როცა სრულწლოვანები ვხდებით, სახელმწიფო გვენდობა და პასპორტს გვაძლევს, მაგრამ პატარა ბავშვს ხომ პასპორტს არ აძლევენ, პატარა ბავშვის პატრონები ხომ მშობლები არიან?! ამდენად, თუ ოპოზიცია არაფერს აკეთებს, ვერც ვერაფერს აფუჭებს, ხელისუფლებას კი შეუძლია, ან გააკეთოს, ან გააფუჭოს. ხელისუფლების უპირატესობა და მინუსიც ესაა, სწორედ ამის გამოა გულგატეხილი ევროპა, რომ საქართველოს ხელისუფლება, „ქართული ოცნების“ სახით, ვერ ხედავს თავის პასუხისმგებლობას სახელმწიფოს წინაშე და ხელისუფლება ჩაჰყვა სამარეში ამ ოპოზიციას.

ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას შეფასებით, სიმკაცრე და სიხისტე ევროპელების სტილი არ არის, ევროპელები არავის არაფერს აიძულებენ, უბრალოდ, ევროპელები ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც მიუდგნენ, როგორც თანასწორ მხარეებს.

„ამერიკელები როგორ მიუდგებიან მხარეებს, ეს არის საინტერესო, რადგან ამერიკელები უფრო ხისტები და მიმწოლები არიან და სხვანაირად შეუძლიათ მსგავსი საკითხების გადაწყვეტა. სხვათა შორის, ევროკავშირმა გარკვეული რბილი სანქცია გამოიყენა, რატომღაც არავინ მიაქცია ყურადღება იმ განცხადებას, რომელიც გააკეთა ევროპული საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა, ანუ ჟან მიშელის მოადგილემ, თუ მხარეები პოლიტიკურ კრიზისს არ მოაგვარებენ, ევროკავშირის ხელმძღვანელობა შეაჩერებს 65-მილიონიანი ტრანშის გაცემასო“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ for.ge-სთან საუბრისას.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ფიქრობს, რომ ევროპელებს მხარეების იძულება არ შეეძლოთ. მათთვის საქართველო კოლონია არ არის, ისინი პატივს სცემენ ჩვენს დამოუკიდებლობას და ყველანაირად ცდილობენ მედიაციას, პოზიციების დაახლოებას საღი აზრისა და სამართლიანობის საფუძველზე.

„ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას ევროპელები საკუთარ თავს არ აკადრებენ. სანქციები მაშინ წესდება, როცა ხელისუფლება გასულია დემოკრატიის ფარგლებიდან, ვთქვათ, ლუკაშენკოს შემთხვევაში. საქართველოში არჩევნები რომ მართლა გაყალბებულიყო, დაგვეშვა ეს სცენარი, ხელისუფლებას ძალმომრეობით თავისი გაეტანა და შეენარჩუნებინა ძალაუფლება, ამას ძალიან ხისტი შეფასებები მოჰყვებოდა, როგორც მოხდა ბელორუსიის შემთხვევაში. მით უმეტეს, საქართველო ევროსაბჭოს წევრი ქვეყანაა და ვალდებულებას კისრულობს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, რომ დემოკრატიულ სტანდარტებს, მათ შორის, საარჩევნო სტანდარტებსაც დაიცავს, უზრუნველყოფს, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი. არჩევნების გაყალბება შეიძლება საკამათო გახდეს მხოლოდ და მხოლოდ „მთავარის“ არხზე, მხოლოდ გვარამიას შეუძლია, ჟოზეფ ბორელის ინგლისურის სწავლება დაუწყოს“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი ჩვენთან საუბარში.

მისივე განმარტებით, არჩევნებზე დარღვევები, რა თქმა უნდა, იყო და ეს ბუნებრივია საქართველოსნაირ ქვეყანაში, რომელსაც დემოკრატიის იმხელა ტრადიციები, რაც დასავლეთს აქვს, არ გააჩნია, მაგრამ საარჩევნო დარღვევები აშშ-იც კი იყო, შესაძლოა, უფრო მასშტაბურიც, ვიდრე საქართველოში, მაგრამ ამის გამო ხომ არავინ ამბობს, ამერიკას სანქციები დავუწესოთო?! საბოლოო ჯამში, ამერიკის არჩევნები მაინც შეფასდა დემოკრატიულად. ასევე, ჩვენი არჩევნებიც, იყო დარღვევები, მაგრამ ამ დარღვევებს შედეგზე გავლენა არ მოუხდენია და ხალხის ნება არჩევნების შედეგებზე ადეკვატურად აისახა.

 

trampi და ...... ისევ ბრიუსელი
არ მოხდება შეთანხმება არა .......... ეხლა მე ავაყირავებ სტოლს, მე დამაბრალეთ
3 წლის უკან