პოლიტიკურ ძალთა შეთანხმების გზით საქართველოში შექმნილი მწვავე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ მიმართული ჩვენი დასავლელი პარტნიორების, უწინარესად - ევროკავშირის, თავდაუზოგავი ძალისხმევა, საუბედუროდ, ფუჭი აღმოჩნდა. ქვეყნის პოლიტიკური სპექტრი უძლურია ეროვნული ინტერესებით რაიმე საერთო ენა გამონახოს და მიუხედავად საქართველოს საერთაშორისო მოკავშირეების უაღრესად დასაფასებელი მცდელობებისა, ვერ ხერხდება არსებულ გეო-პოლიტიკურ, თუნდაც - პანდემიურ და თანმდევ სოციალურ-ეკონომიკურ მძიმე გამოწვევათა კრიტიკულ პირობებშიც კი, ქართველთა საერთო ნიადაგის პოვნა.
ასეთი მდგომარეობა შესაძლოა, ქვეყნისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს, თუ დროულად არ მოხდება უკიდურესად პოლარიზებული, ფაქტიურად სამოქალაქო დაპირისპირებათა ზღვრამდე მისული, პოლიტიკური გარემოს სრული „გადატვირთვა“, რაც პარტიულ-პოლიტიკური სისტემის ძირეული ფორმატირების გარეშე პრაქტიკულად წარმოუდგენლად გამოიყურება. დღითიდღე სულ უფრო თვალსაჩინო ხდება საფრთხე: შიდა არეულობის გამო, რის გაღვივებასაც ქვეყნის გარეშე მტრები მუდამ დაჟინებით ესწრაფვიან, ნიადაგი ეცლება საქართველოს სახელმწიფოებრიობას; ირღვევა ქართველთა ერთიანი, საერთო-ეროვნული იდენტობა, რასაც ემყარება როგორც სახელმწიფოებრივი წესრიგი და დემოკრატიის პოლიტიკური სტაბილურობა, ასევე სამოქალაქო თანხმობა და მშვიდობა.
ქვეყანა კიდევ ერთხელ უახლოვდება იმ კრიტიკულ ზღვარს, რომლის იქითაც - უფსკრულია!
ვერასგზით გავიზიარებთ მოსაზრებას, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისი, რადგან იგი ხელოვნურად არის ინსპირირებული და რეალური, ობიექტური საფუძვლები არა აქვს, ქვეყანას სერიოზულ ზიანს ვერ მიაყენებს. პირიქით: მიგვაჩნია, რომ ამ კრიზისის უდავო ხელოვნურობა მომდინარე საფრთხეებს კიდევ უფრო მეტადაც ზრდის, რასაც მკაფიოდ მოწმობს ისტორიაც და მათ შორის - ჩვენი ქვეყნის უახლესი წარსულიც.
კრიზისის განსაკუთრებული სიმწვავე მისი სამართლებრივ-პოლიტიკური შინაარსით არის განპირობებული, რაც პარლამენტისა და ავტომატურად, სახელმწიფოს საბოტაჟით გამოიხატება. ეს შინაარსი - იმთავითვე არაკონსტიტუციურია. საქართველოს კონსტიტუცია არ იცნობს საბოტაჟით გამოწვეულ კრიზისს და არც ასეთი კრიზისის გადაწყვეტის გზებს. იმთავითვე არაკონსტიტუციური და სრულიად ანომალურია მდგომარეობა, როცა პოლიტიკური ძალები, რომლებმაც არჩევნებში ჯამში 600 000-ზე მეტი ამომრჩევლის ხმა მიიღეს, უარს ამბობენ პარლამენტის მანდატებზე, არ ცნობენ საერთაშორისოდ ლეგიტიმურად აღიარებულ არჩევნების შედეგებს და მასობრივი არეულობის ორგანიზებით იმუქრებიან, თუკი ხელისუფლება კონსტიტუციის გვერდის ავლით და სათანადო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე არ დანიშნავს ე.წ. რიგგარეშე არჩევნებს.
ეს კრიზისი, რომელიც იმთავითვე აცდენილია პოლიტიკური პროცესისთვის დადგენილ კონსტიტუციურ ჩარჩოს, დღითიდღე მწვავდება. ვერ ხერხდება მისი დაძლევა ვერც პოლიტიკური მოლაპარაკებების გზით და სულ უფრო მზარდია საფრთხე, მიიღოს მკვეთრად ანტიკონსტიტუციური და ძალადობრივი ხასიათი. სამართლებრივი სახელმწიფოსთვის ამ მდგომარეობიდან სხვა გამოსავალი, გარდა პარლამენტის და შესაბამისად, სახელმწიფოს საბოტაჟის რაც შეიძლება დროულად აღკვეთისა, პრაქტიკულად არ არსებობს.
ამ პრობლემის გადასაჭრელად ქართველ პოლიტვეტერანთა მიერ მომზადებულია საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებებს საარჩევნო კანონმდებლობაში, რათა მანდატების გაუქმების შემთხვევაში დამატებითი კენჭისყრის მეშვეობით, შესაძლებელი გახდეს პარლამენტის შევსება ისე, რომ არ დაირღვეს პროპორციული არჩევნებისთვის კონსტიტუციით დადგენილი მანდატების განაწილების წესი (დეტალურად იხ. ქართველ პოლიტვეტერანთა განცხადება -
https://for.ge/view/204610/qarTvel-politveteranTa-gancxadeba---gaverTiandeT-adgilobriv-arCevnebSi-saTemo-uflebaTa-dasacavad.html)
ეს საკანონმდებლო წინადადება 3 მარტს უკვე წარედგინა პარლამენტს და ამჟამად, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით გადაცემული აქვს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს განსახილველად. ვიმედოვნებთ და მოველით, რომ იურიდიული კომიტეტი უზრუნველყოფს ამ წინადადების უახლოეს მომავალში საჯაროდ განხილვას, რაც ძალზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია არსებული კრიზისის განსამუხტად ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის მისაღწევად.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, თავს უფლებას ვაძლევთ, განვაცხადოთ შემდეგი:
- უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკებები ნათლად მიუთითებს, რომ პოლიტიკურ ძალთა შეთანხმების მისაღწევად ყველა შესაძლო რესურსი, ფაქტიურად ამოწურულია. ქვეყანა ვეღარ იქნება ექსტრემისტულ ძალებთან მოლაპარაკებების იმედად, როცა საერთო ენის გამონახვა და საერთო ნიადაგის პოვნა პრაქტიკულად შეუძლებელია. აუცილებელია უკიდურესად პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს „გადატვირთვა“, რაც მონაწილეობითი დემოკრატიის სწრაფ განვითარებასთან ერთად ქვეყნის პარტიულ-პოლიტიკური სისტემის იმგვარად ფორმატირებასაც გულისხმობს, როცა ექსტრემისტების სანაცვლოდ გზა გაეხსნებათ ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს. ამით პოლიტიკური კონკურენცია მთლიანად მოექცევა კონსტიტუციურობისა და სამართლიანობის ფარგლებში, ხოლო პარტიების განვითარება წახალისდება არა მხოლოდ პატიოსანი ურთიერთ-შეჯიბრის, არამედ, ასევე - მათი კონსტრუქციული თანამშრომლობისა და პარტნიორობის ჩამოყალიბების საფუძველზე. ამ მიზნით აუცილებელია საფუძვლიანად გადაისინჯოს პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონმდებლობა.
- ხელისუფლების უწინარესი ვალდებულებაა ქვეყანაში კონსტიტუციურობის, სახელმწიფოებრივი წესრიგის, დემოკრატიული სისტემის პოლიტიკური სტაბილურობის და სამოქალაქო მშვიდობის უზრუნველყოფა. ამიტომ, უპასუხისმგებლო თვით იმედოვნება იქნება მოლოდინი, რომ, ვინაიდან შექმნილი მწვავე კრიზისი ხელოვნურად ინსპირირებულია, იგი თავისთავად, პოლიტიკურ ექსტრემიზმზე სათანადო რეაგირების გარეშე, მიილევა. პირველ ყოვლისა, აუცილებელია ადეკვატური ზომების გატარება.
- რაც შეიძლება დროულად არის მისაღები სამართლებრივი ზომები, რაც შექმნის პარლამენტის შევსების სამართლებრივ შესაძლებლობას, თუ პარლამენტის პროპორციულად არჩეული წევრების მანდატების გაუქმებისას, პარლამენტის სიითი შემადგენლობა მნიშვნელოვნად შემცირდა და ამით შეიზღუდა როგორც მთლიანად პარლამენტის, ასევე ოპოზიციის ქმედუნარიანობა,
- მიგვაჩნია, რომ ამ მიზნით მომზადებული ჩვენი საკანონმდებლო წინადადება შესაძლებელია გახდეს არსებული კრიზისის დასაძლევად ფართო კონსენსუსის მიღწევის საფუძველი. ექსტრემისტულ, ანტისახელმწიფოებრივ ძალებთან რაიმე შეთანხმების მიღწევა აბსურდულია. ხელისუფლებამ დიალოგი უნდა აწარმოოს მოსახლეობასთან და იმ პოლიტიკურ ძალებთან ვისაც სურთ ამ მძიმე კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლა და ქვეყნის გადარჩენა. დიალოგი უნდა წარიმართოს ღიად და საჯაროდ საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების, საექსპერტო წრეების, არასამთავრობო სექტორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მაქსიმალური ჩართულობით.
ყველას მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ ქართველ პოლიტვეტერანთა წინადადებას, რათა რაც შეიძლება დროულად ვიპოვოთ სამართლებრივი და ეფექტური გზა არსებული კრიზისის დასაძლევად!
ქართველი პოლიტვეტერანები:
გურამ სანადირაძე, პაატა ჩხეიძე, ზურაბ მარშანია, დავით მარღანია, გოგიტა ქერქაძე, სანდრო სვანიშვილი, დავით ზარდიაშვილი, ნოდარ ლაბარტყავა, გია იაკობაშვილი