„კალაძეს საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური ამბიციები აქვს და მეეჭვება მისთვის მომგებიანი იყოს დამხმარე ფიგურად ყოფნა სხვა პარტიაში“

„კალაძეს საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური ამბიციები აქვს და მეეჭვება მისთვის მომგებიანი იყოს დამხმარე ფიგურად ყოფნა სხვა პარტიაში“

მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში აქტიურად საუბრობდნენ, რომ მთავრობის ყოფილი მეთაური ახალ პარტიას ქმნის, რაც პოლიტიკურ ასპარეზზე მესამე, ალტერნატიული ძალა გახდება. გიორგი გახარიამ ერთთვიანი დუმილი 22 მარტს დაარღვია და განაცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებს და არც პოლიტიკიდან მიდის.

შესაბამისად, ის, რაზეც ამ ერთი თვის განმავლობაში საუბრობდნენ, ახდა და გამოიკვეთა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გარკვეულ კონსულტაციებს ატარებს პოლიტიკოსებთან მესამე ძალის ფორმირებისთვის. მთავრობის ყოფილი მეთაურის ოპოზიციაში გადასვლა არცთუ სასარგებლოა თავად „ქართული ოცნებისთვის“. ანალიტიკოსთა ნაწილი აცხადებს, რომ გიორგი გახარიას რეიტინგი საკმაოდ მაღალია და მისი პოლიტიკაში დაბრუნება, როგორც ოპოზიციური სპექტრისთვის, ასევე ხელისუფლებისთვისაც წამგებიანია.

ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ გიორგი გახარია შესაძლოა, ალიანსში შევიდეს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და თბილისის მერთან, კახა კალაძესთან. ვრცელდება ცნობა იმის შესახებაც, რომ გახარია შესაძლოა, ვიხილოთ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერთან, გიორგი ვაშაძესთან. თუმცა, გახარიას კონკრეტული გადაწყვეტილება თუ განაცხადი ჯერჯერობით უცნობია.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ გიორგი გახარიას, როგორც ცალკე გამოკვეთილ ფიგურას, საკმაოდ სერიოზული რეიტინგი აქვს და ფიქრობს, რომ ყოფილი პრემიერი სხვა კონკრეტულ პარტიებთან ალიანსში არ შევა, რადგან, ამ შემთხვევაში, საყვარელიძის თქმით, იგი ასოცირებული იქნება „ნაციონალურ მოძრაობასთან.“

„მე, პირადად დიდი ხანია ველოდებოდი გახარიას ამ ნაბიჯს. არ მჯეროდა, რომ წავიდა მელიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. განსაკუთრებით ბოლო მოვლენების შედეგად ცხადი გახდა, რომ პარტიულ სპექტრში სერიოზული დეფიციტია. პრაქტიკულად, პარტიები აღარ არსებობს. პარტია არის ის, ვისაც ხალხი მიყვება. ე.ი. საჭირო არის რაღაც ახალი. გახარია ჯერჯერობით ძლიერი ფიგურის შთაბეჭდილებას ტოვებს. შემდეგ როგორ მომწიფდება მისი პოლიტიკაში ყოფნა, ამას უკვე დრო გვიჩვენებს.

ამ ჩამონათვალს ვერ დავეთანხმები. კვირიკაშვილი უფრო მეტად გადახრილია „ნაციონალური მოძრაობის“ მხარეს. თუ გახარიამ ის დაიახლოვა, აღარ იქნება მესამე ძალა, გამოვა, რომ შეიქმნა პარტია, რომელიც გადაიხრება „ნაციონალური“ ოპოზიციისკენ.

რაც შეეხება კახა კალაძეს, მას საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური ამბიციები აქვს და მეეჭვება მისთვის მომგებიანი იყოს დამხმარე ფიგურად ყოფნა სხვა პარტიაში. მეეჭვება, რომ კალაძე ამ გზით წავიდეს. მისთვის უფრო ბუნებრივი იქნება, თუ პირველობისკენ დაიძრება, ეს სურვილი დაიკმაყოფილოს „ქართულ ოცნებაში“, რადგან იქ უკვე მაღალი თანამდებობა უკავია. თანაც საკმაოდ კარგი რეიტინგი დააგროვა მერობის პერიოდში. ასე რომ, უმჯობესია ახალგაჩენილ პარტიაზე არ აიღო ორიენტაცია, როდესაც ძველ პარტიაში, „ოცნებაში“ მას საკმაოდ მყარი პოზიცია აქვს.

გიორგი ვაშაძე ასოცირებული არის „ნაციონალური მოძრაობის“ ფრთად. თუკი ვაშაძე აღმოჩნდა გახარიასთან ერთად, ეს უკვე გახარიას გადახრას ნიშნავს. მესამე ალტერნატივად აღარ აღიქმება და ვაშაძის შემთხვევაშიც, მას პირველობა უნდა, რაც მკაფიოდ ჩანს და ორი ხანჯალი ერთ ქარქაშში ვერ ეტევა. რთული სათქმელია, როგორი გუნდი შეიძლება შეკრიბოს გახარიამ. ეს ერთგვარი ტესტი იქნება გახარიასთვის და მისი დამოუკიდებელი პოლიტიკოსობისთვის.

ზოგადად, მაინც მგონია, რომ გახარია ეცდება თავისი გუნდი დააკომპლექტოს აღამსრულებელ ხელისუფლებაში მყოფი ადამიანებით და ადგილობრივ თვითმმართველობაში იმ ადამიანებით, ვისთანაც მას საქმე ჰქონდა მისი პრემიერ-მინისტრობის დროს“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებას მიესალმება, თუმცა, აღნიშნავს, რომ მთავრობის ყოფილი მეთაურის პოლიტიკურ პერსპექტივაზე საუბარი ნაადრევია.

„ძალიან კარგი, თუ არ აპირებს გახარია პოლიტიკიდან წასვლას, გამოცოცხლდება ჩვენი ჩამყაყებული პოლიტიკური სიტუაცია და ამ ველზე საინტერესო ელემენტი გაჩნდება. მართალია, მას აქვს გარკვეული პოლიტიკური წონა, პოლიტიკური პერსპექტივა, მაგრამ მის შანსებზე ნაადრევია ლაპარაკი, დღევანდელ სიტუაციაში გზის გაკვლევა საკმაოდ რთული გასაგებია, მას პირველ ეტაპზე მოუწევს ორმხრივი ცეცხლის გაძლება იმიტომ, რომ ცოტა ხანში „ნაცები“ იტყვიან, ის ბიძინას პროექტია, „ქოცები“ იტყვიან მიშას შეეკრა და მისი პროექტიაო. ვნახოთ, როგორ გაუძლებს გახარია ამ ყველაფერს. ისე, პერსპექტივა აქვს. პრაქტიკულად, რაში გამოიხატება ეს ყველაფერი, ამას დრო გვაჩვენებს. შესაძლოა, ის მესამე ალტერნატიულ ცენტრად ჩამოყალიბდეს კიდეც“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა for.ge-სთან.

გიორგი გახარიამ 22 მარტს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ქვეყანაში პოლარიზაციის აღმოფხვრის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, ამჟამად საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე მუშაობს.

„მე დღეს განვაცხადე, რომ ქართულ პოლიტიკაში ვრჩები. ამჟამად ვმუშაობ ჩემი პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე. საჭიროა პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა და მისი ევროპული მომავლისთვის რეალური დღის წესრიგის შემუშავება“, – წერს გახარია.

ინფორმაციისთვის, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი 18 თებერვალს დატოვა. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.