„საქართველოში, როგორც წესი, მმართველი პარტიიდან ამოიზრდება მმართველი პარტიის მეორე ნაწილი - ოპოზიცია“

„საქართველოში, როგორც წესი, მმართველი პარტიიდან ამოიზრდება მმართველი პარტიის მეორე ნაწილი - ოპოზიცია“

გიორგი გახარიამ დააანონსა, რომ ქართულ პოლიტიკურ ველზე ბრუნდება. ამბობს, რომ პოლიტიკიდან არც წასულა და რეალურად მიყვება გეგმებს, დღის წესრიგს, რაც აძლევს იმის საშუალებას, რომ უახლოეს მომავალში ყველაფერი დეტალურად გაუზიაროს ქართულ საზოგადოებას. საწყის ეტაპზე ცნობილია ის, რომ გახარიას გუნდი, რომელიც წარმოდგენილია პარლამენტში „ქართული ოცნებიდან“ გავა და პარლამენტში როგორც ახალი პოლიტიკური გუნდი, ისე დარეგისტრირდება. ექს–პრემიერი პოლიტიკურ კონსულტაციებს მართავს, მაგრამ ცნობილია, რომ გახარიას გუნდში ვერ იქნებიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც ქუჩის ოპოზიციასთან ასოცირდებიან.

როგორი იქნება გახარიას გუნდი – ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ანალიტიკოს სოსო მანჯავიძეს ესაუბრა.

„არსად წასვლას არ ვაპირებ, არც პოლიტიკიდან“, – ექს–პრემიერმა პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა. გახარია პოლიტიკაში შემოდის როგორც მესამე პოლიტიკური ძალა?

სოსო მანჯავიძე: რატომ მესამე? შეიძლება მეორე გახდეს, ან პირველი - რატომ მაინც და მაინც მესამე?

მაგრამ საკმაოდ სკანდალურად წავიდა. უარი თქვა იმ პასუხისმგებლობის აღებაზე, რაც ნიკა მელიას დაკავებას უნდა მოჰყოლოდა...

– მისი ხედვა ასეთი იყო მოვლენების მიმართ და გადადგა. გარკვეული კონფლიქტი ჰქონდათ და გადადგა. ისიც გასაგებია, რომ ტრადიციულად, საქართველოში როგორც წესი, მმართველი პარტიიდან ამოიზრდება მმართველი პარტიის მეორე ნაწილი - ოპოზიცია, რომელიც ყველაზე მეტ რესურსს ფლობს, როგორც საინფორმაციოს, ასე საკადროს, ფინანსურს და გარდა ამისა, ცნობადობას ხალხში, გარკვეულწილად - სიმპათიებსაც.

ჩვენს საზოგადოებაში მეტ სიმპათიას და მიზიდულობას იწვევს ის ადამიანი, ვინც ადრე ხშირად იყო ეკრანებზე, თან იყო დიდ თანამდებობაზე. გარკვეულწილად ეს არის გახარიას უპირატესობა ოპონენტებთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, გასაგებია, რომ გახარიას პოლიტიკაში სერიოზული შანსები აქვს. თუ, რა თქმა უნდა, შექმნის პარტიას.

გიორგი მარგველაშვილი თვლის, რომ ეს იქნება „ქართული ოცნება 2“. ანუ გიორგი გახარიას მიერ დაფუძნებული პარტია მართვადი იქნება ისევ ბიძინა ივანიშვილის მიერ. როგორ ფიქრობთ, არის აქ ჭეშმარიტების მარცვალი?

– თვითონ მარგველაშვილი საიდან აღმოცენდა, საინტერესოა, თუ ახსოვს? საერთოდ, ამ ადამიანის გამონათქვამები და მოქმედება უკვე ყოველგვარ ლოგიკას ცდება. თვითონ სად იყო? ვინ გახადა პრეზიდენტი? საკუთარი რეიტინგით მოვიდა? ეს ის მარგველაშვილი არ არის, ბიძინა ივანიშვილი ხელჩაკიდებულს რომ დაატარებდა და ქართველ ხალხს ეუბნებოდა, ეს კაცი გახადეთ პრეზიდენტიო?

„ქართული ოცნება–2“ რას ნიშნავს? მმართველი პარტიის შიგნით არსებული დაპირისპირების შედეგად წარმოიშვება მეტი შანსის მქონე პარტია, რომ შეცვალოს ხელისუფლება. ეს გულისხმობს გარკვეული ტიპის მოლაპარაკებებს. ძალაუფლების ტრანზაქციის შესახებ მოლაპარაკებებს შიგნით, რომელიც გარეთ არ ჩანს. ასე ხდებოდა საქართველოში ყოველთვის. აქ წმინდა ელექტორალური გზით გამარჯვება ცოტა რთული ამბავია. გავიხსენოთ იგივე კოაბიტაცია, შევარდნაძის შეცვლა ე.წ. რევოლუციით...

ახლაც ამ ტენდენციას ვხედავთ, მაგრამ არ მჯერა, რომ რაიმე ტიპის მოლაპარაკება შედგება და ბოლომდე გააზრებულად გააკეთებენ. მოლაპარაკებებიც იქნება, მაგრამ იქნება არაპროგნოზირებადი მოქმედებებიც. შესაბამისად, მივიღებთ იმას, რასაც თავის დროზე ამბობდა ჩერნომირდინი – „გვინდოდა კარგი, მაგრამ გამოვიდა როგორც ყოველთვის“.

რა ჯგუფი წარმოგიდგენიათ გახარიას გარშემო? მას ჰყავს თავისი გუნდი პარლამენტში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა გახარიასთან მოქმედ მერს, კახა კალაძეს. დასახელდა გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა, მაგრამ მათ შორის არსებული დაპირისპირება თავშივე გამორიცხავს პარტიულ თანამშრომლობას...

– გასაგებია, რომ მის გარშემო იქნება ის გუნდი, ვინც შეიყვანა პარლამენტში. ადვილი შესაძლებელია და მოსალოდნელია, რომ მასთან ერთად იყოს კალაძე. რაც შეეხება კვირიკაშვილს, არ მგონია, გახარიასთან ერთად ვნახოთ. თუმცა საქართველოში ყველაფერია მოსალოდნელი. ისეთი ალიანესები გვინახავს, ისეთი ადამიანები დადგნენ ერთად, რომ აქიდან გამომდინარე, არც ეს არის გასაკვირი.

გახარიას განცხადება ადასტურებს, რომ მისი წასვლაც და შემოსვლაც შეთანხმებული იყო „ოცნების“ დამფუძნებელთან. „ნაციონალური მოძარაობის“, როგორც მეორე ოპოზიციური ძალის დასასრული, შეიძლება ვუწოდოთ გახარიას შემოსავლას ოპოზიციურ ველზე?

– „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი სექტა ჰყავს და ეყოლება. ასე რომ, „ნაცმოძრაობის“ გაქრობას არ უნდა ველოდოთ, უნდა ველოდოთ მისი გავლენის შემცირებას, რაც ისედაც შემცირებულია მათი არანორმალური მოქმედებების შედეგად. თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ გათვლა აბსოლუტურად გასაგებია, ხედავენ ქაოსს „ქართული ოცნების“ მმართველობაში, ხედავენ სახელმწიფოში მიმდინარე არაჯანსაღ პროცესებს და ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი დამთავრდება სახელმწიფო ორგანოების ჩამოშლით, რასაც აქტიურად უწყობენ ხელს. ფიქრობენ, რომ ამ ჩამოშლის შემდეგ ისინი იქნებიან კონსოლიდირებული ძალა, რომელიც მოვა ხელისუფლებაში. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის მათი გათვლა და ამას გარკვეული საერთაშორისო ძალები მხარს უჭერენ. მათ აქვთ საკმარისი ფინანსები, მედია აქვთ, ცნობადობ აქვთ... ეს გათვლა აქვთ, ამ წარმოდგენაში ცხოვრობენ და არ უნდა ველოდოთ, რომ დაიშლებიან. პირიქით, ხელს შეუწყობენ იმ ქაოტურ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს და რომელშიც გახვეულია „ქართული ოცნება“.

საინტერესოა, რა საგარეო კურსს დაიკავებს გახარია, რომელსაც ოპოზიცია რუსეთის კადრს უწოდებს. გახარიას წარსული დაკავშირებულია რუსეთთან, თუმცა დასავლეთში იცნობენ, როგორც პროდასვურ ლიდერს. რომელ ფლანგზე ვიხილავთ გიორგი გახარიას?

– დეკლარირებულად პრორუსული ვერც ერთი ძალა ვერ იქნება საქართველოში. ეს არის ერთ–ერთი ყველაზე დიდი პრობლემა. ეს ანტირუსული რიტორიკა ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად არის გადაქცეული. მიღებულია, რომ ლანძღო რუსეთი და გამოჩნდე ანტირუსი. აქედან გამომდინარე, დეკლარირებულად ვერც ერთი ქართველი პოლიტიკოსი ვერ იქნება პრორუსი, იმ ცნობილი მოვლენების გამო, რაც მოხდა. ელემენტარულად, როგორ უნდა იყოს პრორუსი, როდესაც ეთნიკური წმენდა აქვთ მოწყობილი, საქართველოს ტერიტორიები აღიარებული აქვს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და რუსული სახელმწიფო არ აპირებს ამის შედეგები გამოასწოროს.

რუსული ხაზი ხორციელდება საქართველოში, თუმცა, რა თქმა უნდა, შეფარულად. ამიტომ გახარია ქართულ პოლიტიკაში აუცილებლად გამოიყენებს იმ რიტორიკას, რომელსაც იყენებს „ქართული ოცნება“ – პროევროპული, პროდასავლური რიტორიკა. სხვა საკითხია, რომ რუსეთი თავის ინტერესებს ახორციელებს გავლენის აგენტების მეშვეობით, მაგრამ რუსეთშიც არიან პატრიოტები და არანაკლები გავლენები აქვთ გლობალისტურ ძალებს. ეს რაც შეეხება გახარიას მოსალოდნელ საგარეო პოლიტიკურ ვექტორს.

რუსეთთან მიმართებაში რაიმე ცვლილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება გარკვეული ტიპის ცვლილებები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით. ის პოლიტიკოსი, რომელიც ამას მოახერხებს რაღაცა ფორმით, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის იქნება ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე, მაგრამ ასეთი რამ ჯერჯერობით რეალობაში არ ჩანს. ის, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა არ დალაგდეს, ამით ძალიან დიდი ძალებია დაინტერესებული, რომელთაც საამისოდ შესაბამისი ინსტრუმენტები გააჩნიათ.

დასავლეთის მიერ, ალბათ, მხარდაჭერილი იქნება გიორგი გახარია, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი გახარიას შემთხევაში რამდენად იქნება გადამწყვეტი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე? გავიხსენოთ იავნიშვილის განცხადება – 2024 წელს „ქართულ ოცნებას“ ეყოლება კონკურენტი და ეს იქნება ისევ „ქართული ოცნებიდან“ წამოსული გუნდი, რომელიც უმცირესობაში გადაიყვანს „ქართულ ოცნებას“...

– 2024 წლამდე კიდევ ბევრი მოვლენაა მოსალოდნელი. ის ფაქტორები, რომელიც ჩვენ გვგონია რომ მუდმივია, შეიძლება განულდეს. რაც შეეხება ივანიშვილის და გახარიას ალიანსს, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს. შეიძლება არ არსებობდეს, ან შეიძლება სხვა ფორმით არსებობდეს, ვნახოთ. პრინციპში ბიძინა ივანიშვილმა რაც თქვა, ის ტენდენციები სრულდება. სამი რამ თქვა თავის ინტერვიუში: პირველი – მე, მივდივარ, ფული არ მაქვს და არ მთხოვოთო; მეორე – ესენი კარგი ბიჭები არიან, მაგრამ იჩხუბებენო და მესამე – ამდენი ხანი რაც შემეძლო გავაკეთე, ომი და ძალადობა არ ყოფილაო, თუ თქვენ მოიყვანთ „ნაციონალურ მოძრაობას“ მე რა ვქნა, თქვენზე იყოს პასუხისმგებლობაო. „ქართულ ოცნებას“ კონკურენტები გამოუჩნდებაო და ასე მიმდინარეობს პროეცესები.

სავარაუდოა, რომ გახარია გათვლას გააკეთებს პოლიტიკის მცოდნე გუნდზე და აქ ნაკლებად იქნებიან წარმოდგენილი კულტურის და სპორტის წარმომადგენლები. ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე, როგორც თვალსაჩინო ფიგურა იქნება გიორგი გახარიასთან?

– არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია.

 

trampi მართველი პარტიიდან ამოვა ოპოზიცია და ისიც ისეთივე ჩათლახი იქნება, როგორი ხელისუფლებიდანაც ამოვა
3 წლის უკან