მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კახა კალაძე აღარ უნდა „ქართულ ოცნებას“, არც კახა კალაძეს სურს „ქართულ ოცნებაში“ ყოფნა. ამიტომაც, ზოგიერთების ვერსიით, კალაძე მილანში გეგმავს დაბრუნებას, ან სულაც ოპოზიციურ ძალას შეუერთდება პოლიტიკიდან ახლად წასულ და პოლიტიკაში უკვე მობრუნებულ გიორგი გახარიასთან ერთად.
ცალკეული ანალიტიკოსები კალაძის, გახარიას, კვირიკაშვილის გაერთიანებას არ გამორიცხავენ და მათ მესამე პოლიტიკური ცენტრის სავარაუდო შემქმნელებად მოიაზრებენ.
გადაიკვეთება თუ არა გახარია-კალაძის გზები ოპოზიციაში, ან პოზიციაში?
ანალიტიკოსი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ გახარია -კალაძის ალიანსი ძალზე ეფექტური იქნება. ამით ისინი გადაარჩენენ როგორც „ქართული ოცნების“ რეპუტაციას და მომავალს, ისე ქვეყანაში ახალ რეალობას შექმნიან.
„გიორგი გახარიას ხელახლა გამოჩენამდე კახა კალაძე იყო მთავარი ღერძი, წამყვანი ფიგურა, ერთადერთი პოპულარული ადამიანი „ქართულ ოცნებაში“, ყველა დანარჩენს აქვს უაღრესად უარყოფითი რეიტინგი, მხოლოდ კალაძეს ჰქონდა დადებითი რეიტინგი. საინტერესოა, რომ გახარიას წასვლის შემდეგ კალაძე გაჩუმდა, ანუ, როცა ყველამ გადაუარა გახარიას, ის ჩუმად იყო და გვერდზე იდგა. კალაძის წასვლა ყველაზე საშინელი სიზმარი იქნება დღევანდელი „ქართული ოცნებისთვის“ და კობახიძის გუნდისთვის“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან საუბრისას.
მისივე განმარტებით, თუ სად იქნება კახა კალაძე, ამაზე ბევრი რამეა დამოკიდებული. თუ კალაძე დარჩება კობახიძესთან, ამით უფრო ჩაძირავს საკუთარ თავს, ვიდრე კობახიძეს გადაარჩენს და, პირიქით, თუ კალაძე წავა გახარიასთან, ორივე ერთად ახალ ძალას შექმნის, რომელსაც ვერავინ ვერ ჩაძირავს. პლუს ამას, თუკი არჩევნები არ გაყალბდება, საკმაოდ სერიოზულ სიმპათიებს დაიმსახურებს მოსახლეობაში გახარია-კალაძის ალიანსი.
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ კახა კალაძის პოზიციები აშკარად შესუსტდა მმართველ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში. კალაძე არ არის ჩართული მოლაპარაკებების პროცესში, ის საერთოდ არ ინტერესდება მოლაპარაკებებით, კალაძის პოზიციაა, რომ არ აპირებს მეორედ კენჭი იყაროს თბილისის მერის პოზიციაზე, ეს კიდევ უფრო მეტ ეჭვს ბადებს. ამას ემატება კიდევ ერთი საეჭვო დეტალი, რომ ნაჩქარევად გამოვიდა კალაძე და თქვა, არსად წასვლას არ ვაპირებო, ესეც იძულებით ნაბიჯს ჰგავდა.
„ძალიან მიკვირს, რომ კალაძე, რომელსაც გააჩნია საკმაოდ დიდი პოზიცია მმართველ პოლიტიკურ პარტიაში, ელემენტარულად, არ იყო წარმოდგენილი მოლაპარაკებათა მაგიდასთან. არადა, კახა კალაძე უფრო უნდა ყოფილიყო ამ პროცესში, ვიდრე თალაკვაძე, რადგან ეს მოლაპარაკებები იმართებოდა პარტიათა დონეზე. ამ შემთხვევაში, პარტიაში კალაძეს უფრო მეტი სტატუსი ჰქონდა, ვიდრე თალაკვაძეს. ამიტომ ლოგიკური იქნებოდა, მოლაპარაკებისას ყოფილიყო კალაძე და კობახიძე, ვიდრე თალაკვაძე, კობახიძე და მდინარაძე. სხვათა შორის, მოლაპარაკებათა საწყის ეტაპზე კალაძე იყო კიდეც მხარე, ესწრებოდა ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს, ახლა კი გაჩუმდა და ამასთან დაკავშირებით არც აკეთებს განცხადებებს. ეს ნიშნავს, რომ კალაძესა და პარტიას შორის, რბილად რომ ვთქვათ, რაღაც გაურკვევლობაა“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.
მისივე მოსაზრებით, კახა კალაძეს თავისუფლად შეუძლია პარტიის გარეშე ისულდგმულოს. ვერ ვიტყვით, გახარიასთან გადაიკვეთება თუ არა მისი გზები, მაგრამ, თუკი მესამე ძალაზე ვიმსჯელებთ, ორივეს გააჩნია სერიოზული პოტენციალი: გახარიას გააჩნია თავისი პოლიტიკური გუნდი, რომელიც დარჩა, იატაკქვეშეთში გადავიდა და როდის გამოსწევს გახარია თავის პოლიტიკურ გუნდს, ეს დროის ფაქტორია. რაც შეეხება კალაძეს, მას გააჩნია ფინანსები, სტატუსი, ის არის ერთადერთი არჩეული პოლიტიკური ფიგურა, მას თავისი გუნდი და კარგი პოლიტტექნოლოგიური ჯგუფი ჰყავს. აქედან გამომდინარე, კალაძეს თავისუფლად შეუძლია შექმნას დამოუკიდებელი პოლიტიკური მოძრაობა, პოლიტიკური გაერთიანება.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ ვარაუდით ყველაფერი შეიძლება ვივარაუდოთ, ისიც კი, რომ სააკაშვილი გამოვა, საჯაროდ ბოდიშს მოიხდის და „ქართული ოცნების“ წევრი გახდება. თუმცა არავინ იცის, კალაძე რას იზამს.
„იყო თითიდან გამოწოვილი სპეკულაციები კახა კალაძესთან დაკავშირებით, მაგრამ ამის დამადასტურებელი მონაცემები უნდა გვქონდეს. რაც შეეხება გიორგი გახარიას, ცხადია, მისასალმებელი იქნება, თუ ის საქართველოს პოლიტიკაში დაბრუნდება, მას გააჩნია ძალიან მძლავრი პიროვნული რესურსი, ის იყო ყველაზე უფრო დასაფასებელი და გამორჩეული პრემიერ-მინისტრი, საქართველოს დასაკარგი პოლიტიკოსები არ ჰყავს. თუ ის პოლიტიკაში დაბრუნდება ნებისმიერი ალიანსით, ეს მისასალმებელია, თუგინდ ოპოზიციაში იყოს. პოლიტიკური კაპიტალი მას იმდენად დიდი არ აქვს, რადგან საკუთარი პოლიტიკური პარტია არ აქვს, არც რაიმე სტრუქტურებში არ არის წარმოდგენილი მაინცდამაინც, პიროვნულად კი გახარიას რესურსი გამოსაყენებელია. ვისთან ერთად იქნება გახარია, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს და არა მგონია, ვინმეს ჰქონდეს“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.
ამასთან, ანალიტიკოსი გამოეხმაურა გიორგი ვაშაძის კვლევას და მის განსაკუთრებულ დაინტერესებას გიორგი გახარიას ფაქტორით და აღნიშნა, რომ ვაშაძე მეტ-ნაკლებად რაციონალური პოზიციის მქონე პოლიტიკოსად ითვლებოდა, თუმცა მისი ბოლო კომენტარი იყო აბსოლუტური უტიფრობა. კერძოდ, მოლაპარაკებები უშედეგოდ რომ დასრულდა, პირველი გამოიყვანეს ვაშაძე, რომელიც განსაკუთრებულად რადიკალური და აგრესიული პოზიციით გამოვიდა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, მან საოცარი სიტყვები თქვა, რომ ხელისუფლებას ყურებს აახევენო.
„რას ჰქვია, ყურებს აახევენ? შენს ხელისუფლებას თუ ვინმე ყურებს აახევს და შენ ეს გიხარია, გათავებულია შენი, როგორც პოლიტიკოსის კარიერა. ეს ქვეყნის მტრობაა. ამ სიტუაციიდან გამოსავალი ძალიან მარტივია - მთელი ამ ოპოზიციური სპექტრის თავიდან ბოლომდე ფორმატირება, ან ისინი, ან ჩვენ. ეს უნდა შეიცვალოს, სრულიად ახალი პოლიტიკური კონფიგურაციის ოპოზიცია უნდა გაჩნდეს. როგორ და რანაირად, ამის შესახებ ჩვენ, პოლიტვეტერანებს გვქონდა ჩვენი შეხედულება. ამ ოპოზიციის მანდატები უნდა გაუქმდეს მათივე განცხადებების საფუძველზე, სამაგიეროდ, 51 მანდატი უნდა გადანაწილდეს დამატებითი კენჭისყრით, რადგან არ შეიძლება, 600 ათასამდე ამომრჩეველი წარმომადგენლის გარეშე დარჩეს პარლამენტში. ევროპელების შეფასებაც ასეთი იყო, რომ ეს არის დემოკრატიის ძირის გამოთხრა“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.