დიტო გელოვანი: სევდ(ი)ანარევი მერ(აბიშვილ)ის გადასარჩენად

დიტო გელოვანი: სევდ(ი)ანარევი მერ(აბიშვილ)ის გადასარჩენად

ეგ ამბავი იმაზე საოცარი არ იქნება, მე რომ გუშინწინ ჩემი თვალით ვნახე - ისევ შეაწყვეტინა პეპიმ - მატარებლით ვმგზავრობდი. იგი მთელი სიჩქარით მიჰქროდა. კუპეში ჩემს მეტი არავინ იყო. უცებ, ღია ფანჯრიდან კუპეში ძროხა არ შემოფრინდა?! კუდზე სამგზავრო ჩანთა დაჰკონწიალებდა. დაჯდა ჩემს პირდაპირ და დაიწყო მატარებლის განრიგის ფურცვლა, უნდოდა გაეგო, როდის ჩავიდოდით ფალკეპინგში. მე იმ დროს ბუტერბროდს შევექცეოდი. ქაშაყისა და ძეხვის ბუტერბროდები მქონდა წამოღებული. ვიფიქრე, იქნებ ძროხასაც შია მეთქი და შევთავაზე. ძროხამ დიდი მადლობა გადამიხადა, აიღო ბუტერბროდი და დაიწყო ღეჭვა.

(ასტრიდ ლინდგრენი, "პეპი გრძელიწინდა")

თუ იცით, რატომ აქვს ძროხას სევდიანი თვალები? რატომ და - ყოველდღე ეფერებიან, ეალერსებიან, შთამომავლობის გაგრძელებას კი, მხოლოდ წელიწადში ერთხელ სთავაზობენ. ამის შემდეგ აღარ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ერთ მშვენიერ დღეს ძროხა მატარებლის ან რესტორნის კუპეში შემოგიფრინდება, ქუჩაში სიგარეტს მოგთხოვს, მარკეტის სალაროში ჩეკს ამოგირტყამს, ანაც, საერთოდ, მაღალ ტრიბუნაზე შედგება და მკაცრი ზამთრის პირობებში ბიუჯეტის ხარჯვაზე და მიღებულ ეფექტზე საუბრით წაგჭამს ტვინს. ძროხისთვის კი, რაა მკაცრი ზამთრის პირობებში ბიუჯეტის ხარჯვა და მიღებულ ეფექტი? თივა და ნეხვი.

მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკას მიაშურა, გიგი უგულავას სულ სევდიანი თვალები აქვს, ძაან ბუნჩულა უჭირავს - გაჭირვებული ადამიანის გამწარებულ სვე-ბედზე დაფიქრებული, გულისხმიერი, ყურადღებიანი, მიმნდობი, გამგები ბიჭი, ხალხის კეთილდღეობისთვის არაფერს რომ არ დაიშურებს, ჯანდაბაშიც რომ წავა და იმის იქითაც, ლას-ვეგასშიც და იმის იქითაც. სადღაც მართლაც წავა, ვიღაცას დატოვებს და... წადი, არ დატოვო, თან წაიღე.

წაიღე - კარგია! მაგრამ ეგრე რომ არ გამოდის?

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი თბილისის მერის მოადგილედ დაინიშნება, საკრებულოს წევრი სევდია უგრეხელიძე კი - პირველ ვიცე-მერად. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა" - იუწყებოდა ძმის გული სააგენტო და იქვე იუწყებოდა, თუ რა ნიშნით შეარჩია გიგიმ ვანო და რა ნიშნით - სევდია. ვანოს დიდი პოლიტიკური და სამეურნეო გამოცდილება ჰქონია, ხოლო სევდია "საქართველოს პირველი პრეზიდენტის ყველაზე ერთგული ადამიანია, რომელსაც არასდროს არავისთვის უღალატია და ის თანხმობის კომისიას ხელმძღვანელობდა, მაშინ, როდესაც საქართველოს ყველაზე მეტად თანხმობა სჭირდებოდა".

ისე, მართლა გულწრფელად მაინტერესებს - რატომ არის, რომ ჩემი ნაცნობი თუ უცნობი ზვიადისტებიდან, ერთის გარდა, ყველა მიშისტია?

ეგ იქით იყოს. თან საქმე. საქმე კი ის არის, რომ ავტორი სლოგანისა "საქმე ლაპარაკის ნაცვლად" ძველ საქმეებზე სალაპარაკოდ დაიბარეს, რაც მან ზეწოლად და საფრთხედ შეაფასა: "თუ ჩემი ქვეყნის თავისუფლების გზა გადის ომზე, მე ვიყავი და მზად ვარ კიდევ წავიდე ომში. თუ ჩემი ქვეყნის თავისუფლების გზა გადის ციხეზე, მე ასევე მზად ვარ წავიდე ციხეში. თუ ჩემი ქვეყნის თავისუფლების გზა გადის სიკვდილზე, მე ასევე მზად ვარ წავიდე ამაზე. მაგრამ, შიზოფრენიულ, გიჟურ, ჩანასახოვან დიქტატურას მე ვერ შევეგუები".

უჰ... მთწმინდის პანთეონი დაიკეტა, მაგრამ ლევილში მაინც ხომ დარჩა ერთი-ორი ადგილი? ორი იმიტომ, რომ გაზაფხულს, თუ გაჭირდა, ერთი მერცხალიც მოიყვანს, დიქტატურის დასამარცხებლად კი სულ ცოტა ორი გმირი მაინც არის საჭირო. "ჩვენზე დაპირისპირებულია რუსეთი და მე არ მეშინია! ჩვენზე დაპირისპირებულია ბიძინა ივანიშვილი და არ მეშინია, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი პროვინციული დიქტატურის კარიკატურაა და რა თქმა უნდა, ასეთი კომიკური დიქტატურა XXI საუკუნეში ვერ დამყარდება და ის ვერ შეძლებს საქართველოში დემოკრატიის ჩახშობას" - ამ სიტყვების ავტორმა გასულ კვირაში მერის მოადგილეობა დაითრია და, როგორც ჩანს ლევილს უმიზნებს.

უკვე ვაპირებდი, მეკითხა, რატომ უყვარს ამ ხალხს მაღალი თანამდებობები და პრესტიჟული სასაფლაოები-მეთქი, რომ ერთ ნიუსის ერთი აბზაცის ერთი ნაწილი მომხვდა თვალში - "დღეს, როგორც არასდროს, ისეთი ბედნიერი ვარ. მინდა გაგამხნევოთ ყველანი და გითხრათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. წინ კიდევ ბევრი განსაცდელი გველის. ჭირსაც წაუღია ნებისმიერი სკამი და თანამდებობა". უფრო მეტიც - "დღეს ჩვენ ვაფიქსირებთ და ვიბრძვით იმისთვის, რომ გამარჯვებულმა პარტიამ ხალხს დანაპირები შეუსრულოს, რომ მივაღწიოთ სამოქალაქო თანხმობას, რომ ის ბურუსი, რომელიც ქვეყანას თავს ახვევია, გაიფანტოს, რომ ჩვენ ერთმანეთს გავუსწოროთ თვალი, რომ ჩავკიდოთ ხელი და სამშვიდობოს გავიყვანოთ ქვეყანა".

ძროხისა ვიცოდი, უგულავას ამბავში კი ახლაღა ვხვდები, რატომ აქვს თბილისის მერს სევდიანი თვალები - სამშობლო ყვარებია, ნამეტნავად.

ძველ საქმეებზე სალაპარაკოდ კი, გასულ კვირაში დაიბარეს. არ მოკითხეს, თუ რას აკეთებდა ლას-ვეგასში; არც იმით დაინტერესდნენ, სად მერია და სად - სტრიპტიზ-კლუბი, ჯერ არც მიკროავტობუსების შესახებ უკითხავთ რამე და არც "კავკასუს ონლაინის" კაბელებზე სანადიროდ მოსიარულე ცულიან ცუნცულებზე. უბრალოდ... აი, რიყე შვიდ მილიონად რომ გაყიდე, 17 მილიონად რატომ დაიბრუნეო.

ამ ხალხის გამკვირვებია - დაიბრუნა, მეორედ ხომ არ გადაყიდა?! აი, ახალგორი და კოდორი გაყიდული რომ არის, ამაში ვერავინ გადამარწმუნებს და განა არსებობს ფული, რომელსაც მის დასაბრუნებლად დავინანებთ? რიყის ამბავიც ეგრეა - გიგი უგულავამ თბილისის ტერიტორიული მთლიანობა აღადგინა და რაღაც ჭირიანი 10 მილიონი და ვიღაც უნიჭო "თეატრალური კვარტეტი" რაღა გახდა?

ცუდი დაწვრილმანება ვიცით ქართველებმა, ხოლო "ნაციონალები", როგორც საუკეთესო ქართველები, მართლაც რომ დაწვრილმანების დიდოსტატები არიან.

პრეზიდენტი შენია, თბილისის საკრებულო შენია, მერიაც შენ ხელშია და პარლამენტის ერთი მესამედიც, ამას დავუმატოთ უამრავი ნეიტრალური ენჯეო და თითქმის ყველა მედია=ექსპერტი, ფონდი და ა.შ. გიგი უგულავას მხარდამჭერ აქციაზე კი მხოლოდ ოთხმოცნი შეიკრიბნენ და ეს ოთხმოცი რომ გადავთვალე, მეთქი რაღაც ნაცნობი რიცხვია, სადღაც გამიგია, ვიღაცისგან მსმენია... ჟიულ ვერნი ეგრევე გამოვრიცხე და უცებ არჩილ კბილაშვილი გამახსენდა - ორი-სამი წლის წინ გადაღებული 80-მდე ვიდეო ჩაგვივარდა ხელში, სადაც დღევანდელი სექსუალური უმცირესობები მაშინდელი საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან და მათ მხარდამჭერებთან ერთად ლიბერალურ ღირებულებებზე საუბრობდნენო.

უგულავას მხარდამჭერ აქციაზეც სულ რაღაც ოთხმოცნი იყვნენ შეკრებილნი. არა მგონია, რომ ხუთით მეტს ან ხუთით ნაკლებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. აქვე ვიტყვი: მინუს ხუთი იმას ნიშნავს, რომ იმ ოთხმოციდან ხუთმა ოცნება გაბედა, ხოლო პლუს ხუთი იმის მანიშნებელია, რომ კბილაშვილთან 80 ფაილი ინახება, ან ინახებოდა, ვანოს სეიფში კი - 80-ზე სულ ცოტა ხუთით მეტი.

"გიგი, არ დაუთმო თბილისი ბიძინა ივანიშვილს" - აი, ამ შინაარსის პლაკატით გამოცხადდა უგულავას მხარდამჭერ აქციაზე სეიფის მბრძანებელი... საოცარი ხალხია - კოდორი დაკარგეს, ახალგორი დაკარგეს და რუსთაველზე ერთი ტაშ-ფანდურა ჰქონდათ გამართული - რასაცა გასცემ შენიაო. თბილისი არც არასოდეს ყოფილა მაგათი და სწორედ იმ სავარძელს მისტირიან, რომელიც გიგი უგულავამ "ჭირს გაატანა" და ეს იმდენად ღირსეულად გააკეთა, რომ მოძრაობა "ჩვენი ხმა გიგი უგულავას" 1-ელი მარტიდან ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს, რათა გიგი უგულავას თბილისის მოსახლეობის სახელით "თბილისის ღირსეული მერის" წოდება მიენიჭოს.

"ჩვენი ხმა გიგი უგულავას" - ეს ორგანიზაცია ადგილობრივი არჩევნების წინ შეიქმნა და, თუ არ ვცდები, მისი იდეოლოგიური ლიდერი და ფინანსური ავან-ჩავანი იყო ვინმე კოტიკო თოლორაია. მოკლედ, კოტიკოსა და მისი მეგობრების ხმა - გიგი უგულავას, ოღონდ, ისიც გაითვალისწინეთ, რომ მათი ხმა ჰაერს აფუჭებს.

სხვათა შორის, რა მაინტერესებს - აი, გიგა ნასარიძის "საქართველო არ იყიდება"-ს რომ ამოუქექეს გრეხები, "ჩვენი ხმა გიგი უგულავას"-მა რა დააშავა? თუ, იქნებ, იმ ირანულად "ყოფილ ლამაზ ქალს" - სერგო რატიანს დავუჯეროთ და ძველი გრეხები დავიწყებას მივცეთ? ამიტომაც ხომ არ დაინიშნა თბილისის პირველ ვიცე-მერად სევდია უგრეხელიძე?

მე რომ სევდია უგრეხელიძე ვიყო, გვარს უცოდველიძედ გადავიკეთებდი.

მერია, სევდია... დავაი, რა!!! წერეთელი, ხაჩიძე... თქვენც!!! მაგრამ ჯერ მაკუმბა, ხოლო მაკუმბამდე - ნიუსები.

"მე მინდა ვუთხრა მთელ უმრავლესობას, ხელისუფლებას და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" აღმოჩნდნენ ვირთხები, რომლებიც პირველი დღიდან გაიქცნენ იქ, სადაც გარბიან ხოლმე ვირთხები და შემდეგ გამორბიან ხოლმე", - განაცხადა გოგა ხაჩიძემ. მან კომენტარი გააკეთა ზურაბ გაჩეჩილაძის, იგივე შონზოს მიერ თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალების" დატოვების შესახებ. მისი თქმით, პირადად არ უსაუბრია ზურა გაჩეჩილაძესთან და უჭირს რაიმე კონკრეტული შეფასების გაკეთება. ამასთან, გოგა ხაჩიძე აცხადებს, მან კარგად იცის, როგორი განწყობა ჰქონდა ზურა გაჩეჩილაძეს 8 თებერვალს, რადგან იმ დღეს მასთან ერთად იმყოფებოდა. შესაბამისად, დეპუტატი აცხადებს, რომ ამის შემდეგ გაჩეჩილაძის გადაწყვეტილება საკრებულოს ფრაქციის დატოვების შესახებ მისთვის უცნაური იყო".

ეს ერთი, ახლა მეორე:

"საპარლამენტო უმცირესობის წევრებს კოალიცია "ქართულ ოცნებაში" არსებული გაუგებრობის არ უკვირთ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიგი წერეთელმა განუცხადა. მისი განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის გაუგებრობები მოსალოდნელია, რადგან შეხედულებების თვალსაზრისით, კოალიცია "ქართულ ოცნება" ჭრელია".

მოკლედ, "ქართული ოცნება" ჭრელია, ხოლო "ნაციონალური მოძრაობა" სავსეა ვირთხებით, მაგრამ ეს ვირთხები ნელ-ნელა გარბიან და რჩებიან ისეთი ვაჟკაცები, როგორებიც არიან გოგა ხაჩიძე, გიგი წერეთლი და გურამ დონაძე. ასევე - დიმიტრი შაშკინი, ზურაბ ადეიშვილი და ძმები ახალაიები, რომელთაგან ერთ-ერთის სასამართლო პროცესი გასულ კვირაში დაიწყო და მომავალ კვირაში განახლდება.

"დღეს მეც ბ. ახალაია ვარ" - ამბობდა სასამართლოს ეზოში შეკრებილი 80-მდე პიროვნება. მათ შორის - თეა თუთბერიძე და ნუგზარ წიკლაური.

ბაზარი არ არის (ნოუ მარკეტ) - თუთბერიძეც და წიკლაურის, ორივენი ბ. ახალაიები არიან, ოღონდ, მაგათ რომ ვუყურებ, ბ-სთან წერტილი ზედმეტია და "ბ"-სა და "ახალაიას" შორის არ უნდა იყოს დაშორება. ანუ, თეა თუთბერიძე და ნუგზარ წიკლაური არიან ბახალაიები და მიშა ვინ გამოდის? მიშა არის ყვავი, 300 წლამდე იცოცხლებს, ვირთხები შემოეცლებიან და ერთადერთი მეგობარი - გურამ დონაძე შერჩება. "ჩამქოლე, ჩამქოლეო" - თინა ხიდაშელს ეხვეწებოდა გურამ დონაძე - ბარამიძის, ოქრუაშვილისა და მერაბიშვილის შინაგან საქმეთა სახე, რომელმაც, დღე არ გავა, რომ ფეისბუქზე არმაგედონის ზანგის ბმული არ მოიწონოს.

რაც შეეხება ზეწოლას... "მე ვარ ინტერნეტ-პოლიტიკური პორტალის, "პოლიტიკო.გე"-ს მთავარი რედაქტორი. ამ პორტალზე შაბათს ღამე დაიდო ჟურნალისტური გამოძიება ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, სადაც გამოიკვეთა ბევრი ახალი გარემოება. სწორედ ამ მასალის დადების შემდეგ, რამდენიმე საათში მომივიდა შეტყობინება ფინანსური პოლიციიდან, სადაც ეწერა, რომ დაბარებული ვიყავი დაკითხვაზე... საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჩემი დაბარება მთელი ამ დროის განმავლობაში მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ დავდეთ ჟურნალისტური გამოძიება რაფალიანცის შესახებ და მიმაჩნია, რომ ჩემი დაკითხვა სწორედ თავისუფალ მედიაზე ზეწოლაა", - განუცხადა გასულ კვირაში გიორგი არველაძემ ჟურნალისტებს და საინტერესოა, რომ ამ უკანასკნელთა შორის არც ერთი არ აღმოჩნდა ისეთი, რომელიც არველაძეს ეტყოდა... ისე, არც სააკაშვილისთვის უსროლია ვინმეს ფეხსაცმელი.

ჰუმანური ხალხი ვართ ქართველები. აი, ის სპარსულ-ირანულად "ყოფილი ლამაზი ქალი", სერგო რატიანი და "ნა ვერწელე" კობა დავითაშვილი რომ არა, უფრო ჰუმანურები ვიქნებოდით.

დავითაშვილმა უმრავლესობის დატოვება გადაიფიქრა - ეკა ბესელიამ დაიყოლია. ეკამ იცის დაყოლიება, გულის აჩუყება. აგატირებს. იმ დღეს "პროფილში" მაია ასათიანი აატირა, მალე, ალბათ, ვანო ჯავახიშვილსაც აატირებს, იქიდან "ტაბულამდე" კი სულ ერთი ნაბიჯია. "თუ კობას აქვს განცდა, რომ მას არ უსმენენ, მას ამის საშუალება მიეცემა. ის ჩვენი თანაგუნდელია და არ მინდა თავი უყურადღებოდ და გარიყულად იგრძნოს. როგორც ჩანს, ყურადღება დავაკელით და ამის გამო მე ძალიან შეწუხებული ვარ", - განაცხადა ეკა ბესელიამ" - იუწყებოდა "ინტერპრესნიუსი".

ოღონდ შენ არ შეწუხდე, ეკა, და ჩემი მობილური ტელეფონიდან სულ წავშლი იმ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, რომელიც კობა დავითაშვილის პრეს-მდივანმა ამ ოთხი წლის წინ გამომიგზავნა. აი ისიც: "ბატონმა კობამ გადმოგცათ "ისედაც ვიცოდი, რომ ვანო მერაბიშვილის დაფინანსებით არსებობ, მაგრამ ეხლა მე ვიზრუნებ თქვენს პიარზე მთელი ცხოვრება".

სწორედ, კობა დავითაშვილის პიარი და ეკა ბესელიას ცრემლები მაკლდა გულის სრულად ასაჩუყებლად და კიდევ ეს: "საკრებულოს დეპუტატის, ზურაბ გაჩეჩილაძის, იგივე შონზოს  განცხადებით, გადაწყვეტილება საკრებულოს  ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დატოვების შესახებ ხალხის დაკვეთით მიიღო. ამის შესახებ ზურაბ გაჩეჩილაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მოსახლეობა ითხოვს, რომ ქალაქის პრობლემების მოგვარებაში ჩართული იყოს სხვა ფრაქციებიც და აღდგეს ძალთა ბალანსი" და ეს: "თურქეთში საქართველოს კონსული, რომელმაც თანამდებობა ციხის კადრების გავრცელების შემდეგ პროტესტის ნიშნად დატოვა, თანამდებობას დაუბრუნდა , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა".

არც ამის გარეშე შეიძლება: "საკრებულოში მუშაობას განვაგრძობ, როგორც რიგითი დეპუტატი. ამ გუნდთან ურთიერთობა დიდი ხანია მაკავშირებს, იქ ბევრი კარგი ადამიანი მუშაობს და მახსოვს ბევრი წარმატებული და ბევრი წარუმატებელი დღე მათთან ერთად, თუმცა მაშინ ჩვენს შორის იყო შეხედულებების თანხვედრა, დღეს კი ეს თანხვედრა აღარაა და მეც აღარ ვაპირებ კატა-თაგვობანას თამაშს", - აღნიშნა ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა".

საოცარი ამბები ხდება, საოცარი ამბები იგეგმება.

"გამოვდივართ ინიციატივით, 19 აპრილს, 16:00 საათზე ჩატარდეს დიდი მიტინგი რუსთაველის გამზირზე, ძველი პარლამენტის წინ. მინდა, მოვიწვიო საქართველოს ყველა პატრიოტი, რათა დღევანდელ მთავრობას დავანახოთ, რომ სულ ერთი არ არის ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი, საქართველო არ უნდა დაბრუნდეს ძველ დროში, სადაც არ იყო დემოკრატია და თავისუფლება. ჩვენ გვინდა, შვილებს ჰქონდეს გარანტირებული მომავალი, საქართველო არ იყოს მონობაში", - განაცხადა მერაბიშვილმა.

"იკეთებს" - იტყოდა ზვიად გელაშვილი. "ჭედავს" - დაასკვნიდა გოგიტა ლომაური. "ხელი მოისვი" - ვურჩევ მე.

"ბრალდება ვერ გავიგე " - წუწუნებდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გამოსული გიგი უგულავა.

დიდხანს ეფერებოდნენ, მაგრამ ეს დღეც დადგა.

რატომ აქვს მამალ ძროხას სევდიანი თვალები? იმიტომ, რომ თან მამალია, თან ძროხა და თან ქათმების ეშინია.

ა.კ. (აბა, კაცო) "მართლაც გასაოცარი ამბავია" - გაეღიმა დეიდა ლაურას. "აბა რა, ისეთ უცნაურ ძროხას იშვიათად შეხვდება კაცი - დაემოწმა პეპი - წარმოიდგინეთ, იმდენი ძეხვის ბუტერბროდი მქონდა და იმან მაინცდამაინც ქაშაყი აირჩია"

(ასტრიდ ლინდგრენი, "პეპი გრძელიწინდა")