„კარვებით, სასტვენებით და შეშით სირბილით თანამედროვე პოლიტიკა უკვე აღარ კეთდება“

„კარვებით, სასტვენებით და შეშით სირბილით თანამედროვე პოლიტიკა უკვე აღარ კეთდება“

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში რევოლუციური მუხტი და ქუჩის პოლიტიკის დაკვეთა არ არის, ოპოზიცია ევოკავშირის შუამავლობით ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ, საზოგადოებას კვლავ არწმუნებს, რომ ეს აუცილებელია. ხელისუფლება თუ რიგგარეშე არჩევნებს არ დანიშნავს, მაშინ ისინი, რამდენად პარადოქსულიც არ უნდა იყოს, „ოცნებას“ ხალხის ნების გარეშე, მაგრამ „ხალხის დახმარებით“ ხელისუფლებას ჩამოაშორებენ. რა გეგმა აქვს ოპოზიციას და როგორ აპირებს ის ამის რელობაში განხორციელებას, ცოტა რთულად წარმოსადგენია, მაგრამ მათ თავად სჯერათ, რომ ამას აუცილებლად შეძლებენ - საზოგადოებას 2 თვეში კარდაკარ შემოვლის შემდეგ დაარწმუნებენ, რომ ქუჩაში უნდა გამოვიდნენ.

თუმცა მათ არაერთი მასშტაბური აქცია დაანონსეს და ვერც ერთხელ ქუჩაში იმის მეოთხედიც ვერ გამოიყვანეს, რაც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე ხმების რაოდენობა მიიღეს. მხოლოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 27% აიღო, თუმცა აქციებზე ამ ხალხის მობილიზებას ვერ ახდენენ. მაშინ ჩნდება კითხვები - რატომ არ გამოდის ხალხი ქუჩაში და რატომ ვერ აჯერებს ოპოზიცია ამომრჩეველს, რომ ხმების დაცვა ქუჩით უნდა მოხდეს? რაში მდგომარეობს ოპოზიიცის სისუსტე, რის გამოც ისინი საკუთარი ამომრჩევლის გარეთ გამოყვანას ვერ ახერხებენ?

„დღეიდან ოპოზიცია გადადის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე, რაც თვალისწინებს იმას, რომ ჩავალთ ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, შევალთ ყველა ოჯახში და დავარწმუნებთ ჩვენ მოსახლეობას, რომ ამ ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი. ამ პერიოდის განმავლობაში გაიმართება არაერთი აქცია რეგონებსა და თბილისში. ბოლოს ჩვენ შევიკრიბებით აქ, რუსთაველის გამზირზე, ეს მოხდება 15 მაისს. დიახ, ოპოზიცია გადადის პროტესტის უწყვეტ რეჟიმზე, ეს იქნება ხისტი, უწყვეტი პროტესტი, რომელიც საბოლოოდ მიგვიყვანს იმ გამარჯვებამდე, რომელიც ქვეყანას მოუტანს სასიკეთო ცვლილებებს“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

„გადაწყვეტილება აქციების გამართვაზე, კიდევ ერთხელ აჩვენებს ოპოზიციის დამოკიდებულებას დიალოგის პროცესისა და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ესაა კიდევ ერთი კონტრპროდუქტიული ნაბიჯი, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციას ხალხის შეკრების არავითარი რესურსი არ აქვს. მათ ჰქონდათ დაანონსებული 20 მარტს აქცია, თუმცა მოუწიათ ამ აქციის გაუქმება იმის გამო, რომ ხალხი ვერ იკრიბებოდა. ერთი მხრივ, ამტკიცებენ, თითქოს ხალხი არის აღშფოთებული არჩევნების „გაყალბებით“, მეორე მხრივ, ხალხი ვერ გამოჰყავთ. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ მათი ნებისმიერი მსჯელობა არის მცდარი და ისინი თვითონ ატყუებენ საზოგადოებას. ამ პირობებში მათ არ აქვთ არავითარი რესურსი ხალხის შეკრების, ამის მიუხედავად მაინც აანონსებენ აქციებს ორი თვის თავზე, რაზეც მათ დასცინიან მათივე მხარდამჭერები უკვე. ეს არ წაადგება იმ პროცესს, რომელსაც წარმართავენ საერთაშორისო პარტნიორები ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ“, - განაცხადა კობახიძემ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ მას ოპოზიციის განცხადებებმა, შარშანდელი იდენტური მოწოდებები გაახსენა, როცა იგივე ზაალ უდუმაშვილი ამბობდა, რომ მთელ საქართველოს მოივლიდა და კარდაკარ ყველა ამომრჩეველს დაელაპარკებოდნენ. თუმცა მიიღეს ის, რაც სახეზე უკვე გვაქვს - მათ არჩევნები წააგეს და ამაში ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადებული დასკვნები გვარწმუნებს. აბაშიძე ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, „ნაციონალებმა“ 27%- აიღეს, დესტრუქციული ქცევების და პარლამენტში არშესვლის გადაწყვეტილებამ, დიდი ალაბთობით, ეს მხადაჭერაც დააკარგვინა. ამიტომაც ქუჩაში არ გამოვა იმდენი ხალხი, რამდენმაც მათ არჩევნებზე მხარი დაუჭირა.

„საზოგადეობას ქუჩის პოლიტიკა აღარ აინტერესებს, მოსახლეობას პარლამენტის ჭერქვეშ კონსტრუქციული ბრძოლა უნდა. ნებისმიერ ქვეყანაში ხელისუფლების და ოპოზიციის დაპირისპირება კონსტიტუციის ფარგლებში ხდება. ხოლო კარვებით, სასტვენებით და შეშით სირბილით თანამედროვე პოლიტიკა უკვე აღარ კეთდება. არც ერთი საერთაშორისო აქტორი, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი და გულშემატკვარი პოლიტიკოსებიც კი მათ სასარგებლო განცხადებებს აღარ აკეთებენ. ამიტომაც წარმოუდგენელია, რომ დასავლეთმა და ამერიკამ, საკუთარი ორგანიზაციების კვლევას გადახედონ და თქვან, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. მით უმეტეს რევოლუციური დაკვეთა საზოგადოების მხრიდან არ არის“, - აცხადებს გია აბაშიძე for.ge-სათან.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი for.ge-სთან ამბობს, რომ აქციის მაისისთვის გადადება სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა, თუ 15 მაისს ოპოზიციამ აქციაზე ხალხის საკმაოდ სოლიდური მობილიზება ვერ მოახდინა, შესაძლოა, ოპოზიციის ერთიანობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ასევე მივიღოთ 2011 წლის სცენარი და ოპოზიცია ამომრჩევლის თვალში პოლიტიკურად სრულებით გაკოტრდეს. ეს კი ქვეყნისთვის საკმაოდ მძიმე შედეგის მომტანი იქნება და 2024 წელს „ქართულ ოცნებას“ კვლავ გამარჯვების შანსი ექნება.

„ოპოზიცია ამ გადაწყვეტილებით და განცხადებებით ძალიან დიდი რისკზე მიდის. კი ბატონო, ათვითცნობიერებენ, რომ ახლო მომავალში ისინი მასობრივ აქციებს ვერ მოაწყობენ, მაგრამ თუ ორ თვეში ხალხის ქუჩაში გამოყვანა ვერ შეძლეს, ოპოზიცია იძულებული იქნება დაიშალოს, ან უმეტესობა მათგანი იძულებული გახდება, ხელისუფლებასთან კომპრომისზე წავიდეს და ამ შემთხვევაში „ოცნება“ ბევრს არაფერსაც აღარ დათმობს.

ოპოზიცია საკუთარი მედიებიდან შეეცდება, საზოგადოებას გარკვეული სახის მოლოდინი გაუჩინოს, მაგრამ თუ ამის გამართლებას ვერ შეძლებენ, ისინი როგორც პარლამენტში შესვლის შანსებს კარგავენ, ასევე თვითმმართველობის არჩევნებზე წაგება გარანტირებული აქვთ. არადა, თუკი მოლაპარაკება არ ჩაიშლებოდა, ბევრად მეტი შანსი ექნებოდათ. რატომ აირჩიეს პოლიტიკურად ასეთი სარისკო ნაბიჯი, ჩემთვის გაუგებარია“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, მაშინ ამ ორ თვეში ხელისუფლებამ რამე კატასტროფული შეცდომები უნდა დაუშვას, რომ ერთჯერადი ხალხის ამბოხი ოპოზიციამ გამოიყენოს. ძაბირაძე ამბობს, რომ თუ „ოცნება“ ნიკა მელიას დაკავების მსგავს არასწორ პოლიტიკურ ნაბიჯებს გადადგამს, მაშინ საზოგადოების ნაწილში საპროტესტო მუხტი გაიზრდება. თუმცა ანალიტიკოსს ეჭვი ეპარება, რომ მსგავსი შეცდომა ხელისუფლებამ კიდევ გაიმეოროს. პირიქით, შეეცდება, რომ ასეთი შეცდომები ოპოზიციას ჩაადენინოს და მათ შორის დაპირისპირების მუხტი გააჩინოს.

„ხელსიუფლებამ ოპოზიციას თუ მართლა შესთავაზა, რომ ადგილობრივ არჩევნებში 40%-ზე დაბლა აღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავდა, აქედან შეიძლება ირიბად გაკეთდეს დასკვნა, რომ ეს შეთავაზებული მართლაც იყო და თუ ასეთი შეთავაზებები იყო, დასავლეთიდან ხელისუფლებაზე სერიოზული ზეწოლა არ განხორციელდება. ასევე დიდი მნიშვნელობა ექნება ამერიკის სენატში საქართველოს საკითხის განხილვისას, რა განცხადებები გაკეთდება. თუმცა წინასწარ შემიძლია ვივარაუდო, რომ სენატის მიერ გაკეთებული შეფასება დიდად არ იქნება იმისგან განსხვავებული, რაც ბრიუსელმა ღარიბაშვილის ვიზიტის დროს გააკეთა“, - განაცხადა ძაბირაძემ for.ge-სთან.

ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი კი for.ge-სთან ამბობს, რომ თუ ოპოზიციას მხოლოდ 15 მაისის იმედი აქვს, ძალიან ცუდია, რადგან თუ უნდათ, რომ ხელისუფლება სერიოზულად შეშფოთდეს და შეშინდეს, ასეთი აქციები რეგულარული უნდა იყოს. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნებას“ არ მიაჩნია, რომ ქვეყანაში კრიზისია. ამიტომ ის მშვიდად და ლაღადაა, ოპოზიციას და ევროპას კატა-თაგვობანას ეთამაშება და ადგილობრივი არჩევნებისაკენ მშვიდად მიდის. ამის პარალელურად კი, გზებს, სკვერებს აშენებს და ქალაქებში მშენებლობის ტენდენციას გახსნის. რაც მთავარია, მათი მოკავშირეა საზოგადოების აპათია, რომ ისინი „ქართულ ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობასა“ თუ ოპოზიციას შორის პრინციპულ განსხვავებას ვერ ხედავენ.

„ოცნება“ ყველანაირად ცდილობს, რომ ოპოზიცია ხალხმა მათ ალტერნატივად არ დაინახოს, რაც ამ ეტაპზე კარგად გამოსდის. ამ ფონზე იმედი აქვს, რომ ადგილობრივ არჩევნებზე ბევრ რამეს აჩვენებს, ფულს დახარჯავს და ამის მერე იტყვის - უკაცრავად, რომელ ვადამდელ არჩევნებზეა საუბარი, ნახეთ ხმა რამდენმა ადამიანმა მომცაო. აი, აქ აგებს ოპოზიცია, როდესაც არა ადგილობრივ არჩევნებზე, არამედ მიტინგზე მუშაობს. ამ დროს კი უნდა საუბრობდნენ რა ხდება მუნიციპალიტეტებში, სადაც უამრავი პრობლემაა. ხალხის ხმა ოპოზიციიდან არ ისმის, ამიტომაც ხალხიდან ნაკლები ნდობა აქვთ. თუ ოპოზიცია მიტინგების მაგივრად ადგილობრივ არჩევნებზე არ გადაერთვება, ამასაც წააგებს. ამის მერე კი ყველანაირ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი დასრულდება. აღარც ამერიკას და აღარც ევროპას აღარ ემახსოვრება. 2024 წლამდე იქნება სრული სიმშვიდე, რადგან ხალხი დაინახავს, რომ ხელისუფლება რაღაცას აკეთებს“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, თუ „ქართულ ოცნებაში“ განხეთქილება შიგნით არ მოხდა და არ გასკდა, როგორც გახარიამ შექმნა კრიზისი, მას ოპოზიცია გარედან ვერაფერს უზამს - „იმიტომ კი არა, რომ ხელისუფლება ძლიერია, არა, ძალიან სუსტია, მაგრამ ოპოზიცია კიდევ უფრო სუსტია“. ზაქარეიშვილის აზრით, ერთდღიანი და ორდღიანი გამოსვლები „ქართულ ოცნებას“ ვერ შეაშინებს. ერთადერთი, რისიც ეშინია, თბილისში პერმანენტული მრავალრიცხოვანი აქციებია, როცა რუსთაველზე დღისით 50 ათასი კაცია, ხოლო ღამით 5 ათასი დგას. ასეთ სუსტ ოპოზიციას კი ამდენი ხალხის ქუჩაში გამოყვანა არ შეუძლია.

 

tngh საქართველოს ამომრჩევლებს სამართლიანობა და კანონის აღსრულება სჭირდებათ, და არა თავს მოხვეული, მოგონილი კომპრომისები.
3 წლის უკან
tngh საქართველოს ამომრჩევლებს სამართლიანობა და კანონის აღსრულება სჭირდებათ, და არა თავს მოხვეული, მოგონილი კომპრომისები.
3 წლის უკან
tngh საქართველოს ამომრჩევლებს სამართლიანობა და კანონის აღსრულება სჭირდებათ, და არა თავს მოხვეული, მოგონილი კომპრომისები.
3 წლის უკან
tngh საქართველოს ამომრჩევლებს სამართლიანობა და კანონის აღსრულება სჭირდებათ, და არა თავს მოხვეული, მოგონილი კომპრომისები.
3 წლის უკან
tngh საქართველოს ამომრჩევლებს სამართლიანობა და კანონის აღსრულება სჭირდებათ, და არა თავს მოხვეული, მოგონილი კომპრომისები.
3 წლის უკან