მოლაპარაკება არ შედგა მხარეებს შორის და მხატვრულად რომ ვთქვათ, ოპოზიციას შესაძლოა, ერთადერთი იმედი დარჩა - „გაუმარჯოს რევოლუციას“!
უკვე გაცხადდა კიდეც მათი ზრახვები, რადიკალურმა ოპოზიციამ საპროტესტო აქციები და ქალაქის თუ სოფლის ერთ დიდ გამპროტესტებლად გადაქცევის მიზანი დაისახა.
თუმცა ოპოზიციის არაერთსულოვნება ამ საქმეშიც გამოიკვეთა და რუსთაველის გამზირზე ცალკეული ოპოზიციონერი ლიდერები არ გამოჩნდნენ.
გაბუტულ კოლეგებთან მთავარ გამზირზე დგომა არ ისურვა იაგო ხვიჩიამ. ის ამბობს, რომ „გირჩის“ ღონისძიება ლაპარაკია“, ამდენად, „გირჩი“ ოპოზიციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში არ მიიღებს მონაწილეობას.
რაზე დებს ფსონს ოპოზიცია? ხელისუფლების არაკონსტიტუციურად დამხობის გზაზე?
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია არ გამორიცხავს, ოპოზიცია რევოლუციურ სცენარზე ფიქრობდეს. For.ge-სთან საუბრისას ის აცხადებს, რომ, როცა მხარეები ვერ თანხმდებიან და სერიოზული კრიზისია, რომელიც უკვე სახელმწიფო კრიზისში გადადის, შეიძლება ისინი უფრო მკაცრ პოზიციაზეც გადავიდნენ, თუმცა რომელ გზას აირჩევენ, ამას დრო გვიჩვენებს.
„საქართველოსთვის რევოლუცია ახალი არ არის, თითქმის ყველა ხელისუფლება ასე მოვიდა - შევარდნაძის, სააკაშვილის. გამონაკლისია ზვიად გამსახურდია, რომელიც კანონიერი გზით აღმოჩნდა ქვეყნის სათავეში. დღევანდელი ხელისუფლებაც არაძალადობრივი გზითაა მოსული, არჩევნების შედეგად შეიცვალა სააკაშვილის რეჟიმი, თუმცაღა სააკაშვილი ცდილობდა სამხედრო გადატრიალება მოეხდინა. ამიტომ ვფიქრობ, ოპოზიცია შეეცდება, სიტუაცია კიდევ უფრო ასწიოს დუღილის ტემპერატურამდე, რათა ასეთი ფონი შეუქმნას ამერიკულ მედიაციას, რომელიც, სავარაუდოდ, მოლაპარაკების პროცესში ჩაერთვება. ჩვენ ვნახეთ ჯინ შაჰინის მკაცრი ტონი მმართველი პოლიტიკური ძალის მიმართ და ამ დროს შაჰინი და მისი თანამოაზრეები გამართავენ მოსმენებს“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ, რადგან მოლაპარაკებებით არ ხდება ესკალაციის განმუხტვა, არსებობს საშიშროება, არაკონსტიტუციური გზით განვითარდეს მოვლენები, ამიტომ მთავრობის ვალია, ეს საფრთხე არ დაუშვას.
„ირაკლი კობახიძემ ამის შესახებ განაცხადა კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ჩემი მეგობარია და ძალიან ვგულშემატკივრობ, არ დავეთანხმები ერთ რამეში, რომ ეს ხელოვნური კრიზისი სერიოზულ საფრთხეს ქვეყნისთვის არ წარმოადგენს. პირიქითაა საქმე, როცა ხელოვნურია კრიზისი და არაკონსტიტუციურია, სწორედ ესაა საფრთხე. თორემ ამ კრიზისს რაიმე ობიექტური საფუძველი რომ ჰქონდეს, კონსტიტუციურად რომ იყოს ეს აღწერილი და კონსტიტუციაში გვქონდეს შემთხვევა, ასეთი კრიზისის დროს როგორ მოვიქცეთ, ნაკლებად საშიში იქნებოდა. ესაა დასაფიქრებელი, როცა ოპოზიცია ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ახერხებს სახელმწიფოს საბოტაჟს, პარლამენტში არშესვლა სახელმწიფოს საბოტაჟია. ამ საბოტაჟმა მძიმე შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს, მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნურადაა ინსპირირებული, რადგან არც არჩევნები არ გაყალბებულა, არც პოლიტპატიმრები არ გვყავს“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი ჩვენთან საუბრისას.
ამასთან, განმარტავს, რომ ამ არაკონსტიტუციურობაში სააკაშვილის ხელწერა იგრძნობა. ამავდროულად, ეს ჩვენი სახელმწიფოს სისუსტეცაა, რადგან ვერც ერთი ხელისუფლება თავს უფლებას ვერ მისცემდა, ცხრა წლის განმავლობაში ქვეყნიდან გაქცეულ ამ ავანტიურისტს ასეთი მასშტაბის პრობლემები შეექმნა ქვეყნისთვის.
დავით ზარდიაშვილის თქმით, ამდენს ლაპარაკობენ მიშაზე, მას ყველაფერს ეძახიან - მტერი, ავანტიურისტი, გადარეული, მაგრამ ის ვერ მოუხერხებიათ, ამ ერთ კაცს მიხედონ და მოუარონ. ამაშია ხელისუფლების პასუხისმგებლობა.
„მელიაზე ახლა რომ ლაპარაკობენ, გირაო გადაიხადოს და ციხიდან გამოვაო, ჩემი თვალსაზრისით, ეს სამარცხვინოა. 2019 წელს ასეთი თავხედური დანაშაული ჩაიდინა მელიამ, არც მეტი, არც ნაკლები, პარლამენტის შტურმის ორგანიზება მოახდინა და დღემდე გაუსამართლებელია. აქ გირაოზე კი არაა საუბარი და წინასწარ აღმკვეთ ღონისძიებაზე, არამედ მის დასჯაზე სამართლიანი სასამართლოს გზით. ეს დანაშაული განგრძობადია, დღეს ეს პოლიტიკური ძალა იმავეს აგრძელებს, ანუ სახელმწიფოზე შტურმს, შეტევას. მართალია, ახლა ეს შეტევა ცარიელი კარვებით მიმდინარეობს, მაგრამ ეს ცარიელი კარვები ხილული სახეა იმისა, რაც ხდება მათ სამ ტელევიზიაში. ეს არის პროპაგანდისტული შტურმი დამხობისკენ და ჩვენ ამ პროცესში ვიმყოფებით“, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.
ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძეს ეეჭვება, ოპოზიციისთვის ერთადერთ გზად რევოლუცია რჩებოდეს.
„პირიქით, ოპოზიცია ეცადა, ხელისუფლება ვადამდელ არჩევნებზე დაეყოლიებინა, რაც არ მოხდა. არა მგონია, ოპოზიციას სპეციალურად ეს აზრი ჰქონოდა, მოლაპარაკებები ჩაშლილიყო. მაშინ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ“, - გვითხრა ნიკა ჩიტაძემ.