ირაკლი ალასანია სტუდენტებსა და თავდაცვის აკადემიის კურსანტებს შეხვდება

ირაკლი ალასანია სტუდენტებსა და თავდაცვის აკადემიის კურსანტებს შეხვდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ხვალ, ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებსა და თავდაცვის ეროვნული აკადემიის კურსანტებს შეხვდება. შეხვედრაში თსუ-ის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილიც მიიღებს მონაწილეობას.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თსუ-დან აცნობეს, შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრი საქართველოს დამოუკიდებლობაზე, 1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციასა და კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებში ქართველი იუნკრების ერთკვირიან თავდადებულ ბრძოლაზე ისაუბრებს.

ამასთან, ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით თსუ-ის მუზეუმი ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიის ამსახველ ფოტომასალას, თსუ-ის რეპრესირებული პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ფოტოებს გამოფენს.

მნახველს საშუალება ექნება გაეცნოს ივ. ჯავახიშვილის სიტყვას, რომლითაც მან 1921 წლის 23 თებერვალს უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილ სტუდენტობას მიმართა: "შვილებო, ჩემი მოვალეობაა მე თქვენ წიგნისა და კალმისაკენ მოგიწოდოთ, მაგრამ ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როცა საჭიროა ყველაფერი განზე გადადო და იარაღით ხელში მტერს მიეგებო და აი, მე დღეს თქვენ იარაღისკენ მოგიწოდებთ".

ასევე, თსუ-ის ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზში ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილ გამოფენასთან ერთად, თსუ-ის პროფესორის, მალხაზ მაცაბერიძის წიგნის, "უნივერსიტეტი 1921 წლის თებერვალში" პრეზენტაცია გაიმართება.