„ოპოზიციაში საკმაოდ უნიჭო ხალხია, ცდილობენ „ქართულ ოცნებას“ იქ დაარტყან, სადაც ყველაზე ძლიერია“

„ოპოზიციაში საკმაოდ უნიჭო ხალხია, ცდილობენ „ქართულ ოცნებას“ იქ დაარტყან, სადაც ყველაზე ძლიერია“

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის უცხოელი პარტნიორების მედიატორობით გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. კრისტიან დანიელსონმა, რომელმაც ბრიუსელში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, იმედი გამოთქვა, რომ პარტიები სერიოზულად დაფიქრდებიდან ვითარებაზე, გასავლელ გზაზე და ექნებათ საჭირო ნება და სურვილი, წავიდნენ კომპრომისზე.

ქუჩის ოპოზიცია პოზიციას არ ცვლის – ე.წ. პოლიტპატიმრების განთავისუფლება და რიგგარეშე არჩევნები. „ქართული ოცნებისთვის“ კი, ეს ულტიმატუმები მიუღებელია - „იმისათვის, რომ მოლაპარაკება შედგეს, ნიკა მელიას პატიმრობა არ შეიძლება წინაღობად არსებობდეს“, – ასეთია „ქართული ოცენების“ გადაწყვეტილება.

გერმანიის ელჩის განცხადებით, ჯერ არ მოუსმენია ევროკავშირის ოფიციალური განცხადება, რომლითაც ვინმე საქართველოში პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს. ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, პოლიტიკური პატიმრები არიან ახლა ბელარუსში, რომლებიც ევროკავშირმა ოფიციალურად აღიარა პოლიტპატიმრებად. ელჩის განმარტებით, ევროკავშირის პოზიციაა, რომ პოლიტიკური პარტიები უნდა შევიდნენ პარლამენტში.

„ევროკავშირის ყველა ქვეყნისა და თვითონ ევროკავშირის პოზიცია არის, რომ პარტიები, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს, პარლამენტში უნდა შევიდნენ და აქ საუბარი არ არის ახალ არჩევნებზე. ასევე, ახსენეთ პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ჯერ არ მომისმენია ევროკავშირის ოფიციალური განცხადება, რომელშიც ვინმე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

მაშ ასე, „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, ევროკავშირი არ აღიარებს საქართველოში პოლიტიკური პატიმარების არსებობს. დღემდე მსოფლიოში, პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევენ ადამიანებს, რომლებიც გასამართლებულები არიან პოლიტიკური შეხედულებებისთვის ან რომელთა ქმედებებშიც პოლიტიკური მოტივი არსებობდა.

საქართველოს პარლამენტის მიერ 2012 წლის 6 დეკემბერს მიღებული დადგენილების მიხედვით, პოლიტპატიმრის და პოლიტდევნილის სტატუსი მიენიჭა 215 პირს, თუმცა, უკანასკნელი წლების განმავლობაში პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას გაცილებით მეტი ადამიანი დაექვემდებარა, ვიდრე ეს ოფიციალურად არის გამოცხადებული.

ოპოზიციამ კარგად იცის, რომ პოლიტპატიმრებად არ შეიძლება ჩაითვალოს ნიკა მელია, რომელიც ბრალდებულია პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობაში და ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობაში. მათ შორის გიორგი რურუა, რომელიც ბრალდებულია ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა–ტარებაში. შესაბამისად, მელია–რურუას პოლიტპატიმრობის ამბავი ოპოზიციამ სარფიანად დასავლეთში ვერ გაყიდა. ევროკავშირში ღიად აცხადებენ, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.

2012 წელს ოფიციალურად პოლიტპატიმრად აღიარებული ვახტანგ მაისაია, რომელსაც დანაშაული არ დაუდასტურდა, იმიტომ, რომ დანაშაული არ ჩაუდენია, აცხადებს, რომ პოლიტიკური ნიშნით მოხდა მისი დაკავება და შემდეგ წამება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტპატიმრის სტატუსს მხოლოდ იმიტომ ავითარებს, რომ ამით ცდილობს დასავლეთს დაუმტკიცოს ქვეყანაში ტოტალიტარულ და ავტორიტარული რეჟიმის არსებობა.

„მთავარია, დასავლეთმა თქვას, რომ საქართველოში არის ავტორიტარული რეჟიმი, ამის სურვილი და მიზანი აქვს „ნაცმოძარაობას“. გავიხსენოთ, რა ხდებოდა საქართველოში – სასამართლო იყო პოლიტიზირებული, გადაწყვეტილებას იღებდა მიხეილ სააკაშვილი და სამი ადამიანი. ყველა გადაყვეტილების მიღება ხდებოდა პოლიტიკური ნიშნით და ეს იყო მთავარი კრიტერიუმი. იმ დროს ციხეში ხდებოდა ადამიანების ცემა–წამება, გამამართლებელი განაჩენიც არ არსებობდა იმ წლებში.

პოლიტიკური მოტივით მოხდა ჩემი დაკავება და რატომ? – იმიტომ, რომ ვცდილობდი მუხროვანის ე.წ. ამბოხის რეალური ინფორმაციის გატანას, მათ შორის საერთაშორისო დონეზე. სააკაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოიტანა ჩემი განაჩენი. მუხლიც კი პოლიტიკური დანაშაულის ამსახველი იყო. ამას ემატებოდა ის მომენტი, რომ საქმე გაყალბებული იყო და არავითარი მტკიცებულება ჯაშუშობის არ არსებობდა. ასე რომ, ჩემი დაკავება მოხდა პოლიტიკური ნიშნით. რასაც ვერ ვიტყვით მელიას და რურუას შემთხვევაში“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

მელია–რურუას პოლიტპატიმრობის ისტორიის არ სჯერათ არც ქართველ ამომრჩევლებს. ამის მიუხედავად, ოპოზიცია ისევ ულტიმატუმის ენით საუბრობს. „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხები დარჩება საკვანძო თემად ქართული საზოგადოებისთვის და აქედან გამომდინარე - თავისუფალი სამყაროსთვის, მათ შორის ევროკავშირისთვის.

„შთაბეჭდილება დამრჩა, საკვანძო თემებზე, რომელიც გამხსნელია სხვა თემების, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები, ბრძანება ჰქონდათ, რომ ამ კითხვებზე ფიქრის უფლება არ ჰქონდათ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ, განვაახლოთ და გავაფართოვოთ მშვიდობიანი და მწვავე პროტესტი. ეს გაგრძელდება აუცილებლად და ამ ინსტრუმენტებით უნდა მივიდეთ სასურველ ამოცანამდე, ვადამდელ მშვიდობიან არჩევნებამდე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებამდე და შემდეგ, ამ ხელისუფლების ჩამოშორებამდე ძალაუფლებიდან“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიციას დესტრუქციული დღის წესრიგი აქვს – სახელმწიფოს ჩამოშლა და ამ მეთოდით ხელისუფლების ხელში ჩაგდება. ამიტომ, როგორც დეპუტატი აცხადებს, ამ დესტრუქციული ქმედებისთვის სჭირდებათ არაფერზე დაფუძნებული განცხადებები, როგორიც არის პოლიტპატიმრები და არჩევნების გაყალბება, რომლისაც თვითონაც არ სჯერათ, მაგრამ ახირებულად იმეორებენ.

„ასე ახირებულად უნდა იმეორონ, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არიან. აქ რაციონალური, დემოკრატიული და ევროპული ლოგიკა არ არსებობს. რახან ასეთი ლოგიკა არ არის, ამიტომაც არის, რომ ევროპის არც ერთი ოფიციალური ორგანო არ ასახავს მათ დესტრუქციულ მოთხოვნებს. არც ე.წ. პოლიტპატიმრებთან, არც ამ ყბადაღებულ გაყალბებულ არჩევნებთან და რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ევროპის არც ერთი ოფიციალური სტრუქტურა, თუ პირი ყურს არ უგდებს.

სრული ფიასკო არის ამ მიმართულებით, მათ შორის ე.წ. პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით. ახლა, უბრალოდ, უჭირთ ამ მდგომარეობიდან უკან დახევა. ნაწილი შეგნებულად არ იხევს უკან, ნაწილი ხვდება, რომ ცუდ თამაშში მოხვდა მათი ჩათრევა, იციან, ეს დამაზიანებელია, მაგრამ უჭირთ უკან დახევა.

გამოსავალი მათ თვითონ უნდა იპოვონ. მელიას ორი კვირის წინ შეეძლო გარეთ ყოფილიყო, მაგრამ მელია რომ გარეთ გამოვიდეს, რაღა დარჩებათ სალაპარაკო? არ აწყობთ მელია გარეთ, კარვის გაშლის საბაბი ხომ უნდა მოძებნონ. მათი არ სჯერათ არც გარეთ და არც შიგნით, თავის ილუზიებში არიან. საერთოდ, ილუზიების ტყვეობიდან გამოსვლა არ არის ადვილი საქმე“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ირაკლი ქადაგიშვილი.

ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე ამბობს, რომ ოპოზიციაში საკმაოდ უნიჭო ხალხია, რადგან ცდილობენ „ქართულ ოცნებას“ იქ დაარტყან, სადაც ყველაზე ძლიერია. მისი თქმით, „ოცნებამ“ რაც მოახერხა და გააკეთა, არის სწორედ ის, რომ პენიტენციალური დაწესებულებები გადააქცია სანატორიუმებად. მისი თქმით, ქართულ ციხეში არ არის პატიმრების წამება და ქვეყანას არ ჰყავს პოლიტპატიმრები.

„ხელისუფლებას ადანაშაულებენ იმაში, რომ საქართველოში არის პოლიტიკური დევნა, რაც აბსურდია, ისევე როგორც აბსურდია პატიმრების წამებაზე მათი განცხადება. ამბობენ, რომ სიკვდილის ესკადრონები დაქრიან საქართველოშიო, ეს კიდევ უფრო დიდი აბსურდია. ასევე აბსურდია, რასაც ეს უნამუსო უნიჭოები პროპაგანდირებენ, თითქოს საქართველოში სიტყვის თავისუფლებას საფრთხე აქვს. ამ დროს, საინფორმაციო უპირატესობა აქვს ოპოზიურ არხებს.

რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, ეს საერთოდ კომედიაა. იმიტომ, რომ ჟორიკა რურუას და ნიკა მელიას პოლიტპატიმრის როლში გადაყვანა, სასაცილოც აღარ არის. პოლიტპატიმარი იყო მერაბ კოსტავა და პოლიტპატიმარია რურუა? ან ნიკა მელია, რომელიც პარლამენტზე შტურმის გამო არის დაკავებული, პოლიტპატიმარია? პოლიტპატიმრის ცნებას შეესაბამება მისი მოქმედებები? ეს აბსურდი და სისულელე აქვთ ათვისებული, დატრენინგებულები არიან“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძე არ ფიქრობს, რომ ოპოზიციას მოტივად ჰქონდეს რურუას და მელიას გადარჩენა. მათი მიზანია დაამკვიდრონ აზრი, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არიან.

„ეს ის ოპოზიციაა, რომელიც ახალაიებზე ხმას არ იღებეს და თუ ვინმემ იმუშავა ძმებ ახალიებზე, ისევ მისმა ოჯახმა. ვფიქრობ, რომ ძირითადად, აქ პერსონებზე არ არის საუბარი. ეს უფრო მოტივაციის საქმეა და მათი მოტივია მსოფლიოში დაამკვიდრონ აზრი, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არიან, ერთპარტიული პარლამენტია და ა.შ. ამდენად, არიან დაინტერესებული პოლიტპატიმრების სიის გაფართოებაში.

თვითონაც იციან, რომ ჟორიკა რურუა არ გამოადგებათ ასეთ ფიგურად, მელიაც დასაწყისში გირაოსაც იხდიდა, მერე დაიწყო ჭიდაობა ხელისუფლებასთან – ვერ დამიჭერთო. რომ დაიჭირეს, ცდილობენ გაყიდონ როგორც პოლიტიკური დევნა, რაც წამგებიანი ნაბიჯია და რამდენი ასეთი წამგებიანი ნაბიჯი გადადგა ოპოზიციამ? შეცდომებს რომ ითვლიდნენ ამდენ შეცდომას არ დაუშვებდნენ და მხარდამჭერიც ეყოლებოდათ“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.