წინა კვირის ქართული სპორტული ცხოვრების ეპიცენტრი გუშინ, რუსეთის ქალაქ სოჭში გახლდათ. სერგო ორჯონიკიძის მიერ თავის დროზე გასხვისებულ ადგილას ჩვენმა მორაგბეებმა ტრადიცია არ დაარღვიეს და ამბიციამოძალებული მასპინძლები კიდევ ერთხელ დაამარცხეს.
ბოლო პერიოდში „ბორჯღალოსნები“ გულშემატკივართა ერთი ნაწილის კრიტიკის ობიექტად გადაიქცნენ. გუნდს გამარჯვების გემო დავიწყებული არ აქვს, მაგრამ უკანასკნელ თამაშებს მძიმე ბრძოლებში იგებს. ეროვნული ნაკრები ახალ სათამაშო ტაქტიკაზე გადასვლას ლამობს, რაც იოლი მისაღწევი ნამდვილად არ გახლავთ. დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი მორაგბეები პროგრესის გზას ადგანან და უახლოეს მომავალში გულშემატკივარი ამას თვალნათლივ დაინახავს.
საქართველოში ახალი საფეხბურთო სეზონი განახლდა და მიხეილ მესხის სპორტულ სარბიელზე სუპერთასის ფინალი ვიხილეთ. წერილში იმ მატჩის პერიპეტიების აღწერას არ შევუდგები, მაგრამ ჩემი ყურადღება ერთმა ფაქტმა მიიქცია.
საიდუმლოს არ წარმოადგენს რომ გულშემატკივრები ეროვნული საფეხბურთო პირველობის შეხვედრებზე დასწრებით თავს არ იკლავენ. სპორტის ეს სახეობა ქართული ტელევიზიების დაინტერესებასაც არ იწვევს. ყოველივე ამისი მიზეზი ქართული ფეხბურთის დაბალი დონეა. ამ მოსაზრებას ვეთანხმები, მაგრამ გააჩნია ხალხს ამ თამაშს როგორ მიაწვდი.
ერთ მაგალითს მოგიყვანთ. რუსეთში ფეხბურთისა და ჰოკეის სპეციალური ტელეარხები არსებობს. იქაური საფეხბურთო ჩემპიონატის ერთი რიგითი მატჩი მაყურებელს იმდაგვარად მიეწოდება, რომ სპორტის თაყვანისმცემელი რომ არ ბრძანდებოდეთ, ტელევიზორს მაინც მიუჯდებით.
ჟურნალისტები მუშაობას თამაშამდე თხუთმეტი წუთით ადრე იწყებენ. თავდაპირველად სტადიონს და მატჩზე მიმავალ გულშემატკივართა საზეიმო სახეებს გვიჩვენებენ, შემდეგ სპორტულ სარბიელზე მობრძანებულ მეტოქე გუნდებს. შესვენებისას ფეხბურთის სპეციალისტები პირველი ტაიმის პერიპეტიებს და მთლიანად რუსული ფეხბურთის პრობლემებს არჩევენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი პირდაპირ ეთერში გუნდების წარმომადგენლებს ესაუბრებიან. ეს რუსეთში, აღარაფერს ვამბობ წამყვან ევროპულ საფეხბურთო ქვეყნებზე.
საქართველოში ანალოგიური რამ ოცნების სფეროს წარმოადგენს. ეროვნულ პირველობას მხოლოდ საზოგადოებრივი არხი გვიჩვებს და იმასაც კვირაში ერთ შეხვედრას. რა სიძნელეებთან არის დაკავშირებული, რომ ის ერთადერთი თამაში საინტერესოდ შეიფუთოს და მაყურებელს ამ სახით მიეწოდოს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ქართული ტელევიზიები ადგილობრივ ფეხბურთს ეთერში მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით გადასცემენ.
ჰოკეი რამდენი წელია არ მინახავს. რამდენიმე დღის წინ რუსეთის პირველობის ერთ-ერთ შეხვედრას გადავაწყდი. რეპორტაჟი თავიდანვე დინამიურად გახლდათ აწყობილი, დავინტერესდი და არ მოგატყუებთ, პირველ პერიოდს სრულად ვუყურე.
ქართული ფეხბურთი მორიგ აღმართს შეუდგა. ეროვნული პირველობა არაერთ საინტერესო მატჩს გვპირდება, გუნდებში მრავალი ახალი ლეგიონერი ჩაირიცხა და ევროთასებზე მოხვედრისთვის დიდი ბრძოლები გველოდება. პროდუქტი - ფეხბურთი საზოგადოების დიდი ნაწილის დაინტერესებას ნამდვილად იწვევს და ბიზნესმენმა - საზოგადოებრივმა ტელევიზიამ ეგებ იზრუნოს და ის ლამაზად შეფუთული სახით მოგვაწოდოს. ამითი ქართული ფეხბურთის დონე ნამდვილად არ გაიზრდება, მაგრამ გულშემატკივრების დაინტერესებას ხელს შეუწყობს. როდესაც ინტერესი გაიზრდება, გუნდების ხელმძღვანელები კლუბების უფრო გაძლიერებასა და განვითარებაზე იზრუნებენ.
ორი დღის წინ დაკითხვაზე დაბარებულმა თბილისის მერმა გიგი უგულავამ ამაყად განაცხადა, - „ჭირსაც წაუღია ნებისმიერი სკამი და თანამდებობაო“. მართალია ბატონი გიგი, მთავარი რეპუტაცია და ხალხის სიყვარულია.
სამწუხაროდ ამ მოსაზრებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელი პირველი პირი ზვიად სიჭინავა არ იზიარებს. „გადადექი, გადადექი“ - მოუწოდებენ, ის კი სანამ ოფიციალური ვადა არ გამივა არ წავალო - აცხადებს.
წინა კვირას სიჭინავას თანამდებობის დატოვება კვლავ მოსთხოვეს. ამჯერად მას „ქართული ფეხბურთის ქომაგთა ლიგის“ წევრებმა შეუტიეს. პრეზიდენტის მიმართ წაყენებულ არაერთ ბრალდებას ამჟამად არ მოვიყვან, მაგრამ თქვენს ყურადღებას ყოფილი ფეხბურთელი დავით უგრელიძეს ერთ მოსაზრებაზე გავამახვილებ:
„ყველაზე მთავარი - რომელ ჩარევაზე ლაპარაკობს სიჭინავა, როდესაც დემეტრაძესა და კალაძეს ყველაზე მძიმე მომენტში გვერდში არ დაუდგა და დახასიათება არ დაუწერა? არ დაუდგა თემურ ჩხაიძეს, რომელმაც ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენაზე ხელის მოწერის გამო სამსახური დაკარგა, ავთო ქანთარიას კომისრად აღარ ნიშნავდნენ, მერაბ მეგრელაძე კი პროკურატურაში დაიბარეს და უზომოდ ინერვიულა. ახლა რომ იძახის, ზეწოლა არისო, ამ ფაქტებზე მაშინ ხმა ამოიღო?“
ალბათ ზვიად სიჭინავა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას ელოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თავმოყვარე ადამიანი ხალხს თავს არ გაალანძღინებდა და თანამდებობას ულაპარაკოდ დატოვებდა.
წერილის მეორე ნაწილი ერთი სახალისო ისტორიით მსურს დავიწყო. დღეს ლონდონის „უემბლის“ სტადიონზე ინგლისის ლიგის თასის გადამწყვეტი შეხვედრა გაიმართება. ერთმანეთს პრემიერლიგის „სუონსი“ და მეოთხე დივიზიონის „ბრედფორდი“ დაუპირისპირდებიან.
გაგიკვირდებათ და რამდენიმე დღის წინ ქვედა ლიგის წარმომადგენელი ბუდისტების სულიერმა ლიდერმა დალაი-ლამამ დალოცა. წერილში ეწერა, რომ ეს პატივი ფეხბურთელებმა განსაკუთრებული წარმატებისთვის დაიმსახურეს. ალბათ გაგახსენდათ ის დრო, როდესაც თბილისის „დინამოს“ დიღმის ბაზაზე, მნიშვნელოვანი შეხვედრების წინ ცხვარს ჰკლავდნენ.
წერილის დასასრულს ორ სახალისო მოგონებას შემოგთავაზებთ. პირველი, ცნობილ ქართველ ფეხბურთელ ლევან კობიაშვილს ეკუთვნის, რომელიც ერთ საინტერესო გერმანულ შემთხვევას გაიხსენებს, მეორე კი მოქანდაკე გიორგი შხვაცაბაიას, რომელსაც თავის დროზე ფეხბურთი ლეგენდარული მიხეილ მესხისთვის მოუგია.
ლევან კობიაშვილი: “2005 წლის 23 ნოემბერი არასოდეს დამავიწყდება. იმ დღეს ევროპის ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში „შალკემ“ ჰოლანდიურ „ეინდჰოვენს“ უმასპინძლა და სამი გოლი გავიტანე.
ის დღე კურიოზით დაიწყო. დილა იყო, სახლში ვიყავი და ვისვენებდი. მეუღლე ბავშვთან ერთად საქმეებზე წავიდა და რაღაც დროის შემდეგ მირეკავს: მანქანაში საწვავი გამითავდა და შუა გზაში ვდგავართო.
თამაშის დაწყებამდე ბევრი დრო არ რჩება, მაგრამ ცოლ-შვილს ასე ხომ ვერ დავტოვებდი. ჩავჯექი მეორე მანქანაში, მივედი უახლოეს ბენზინგასამართ სადგურთან, ჭურჭელში საწვავს ვასხამ და ვგრძნობ, ყველა გაკვირვებული მომშტერებია.
რასაკვირველია უმრავლესობა მცნობს, იციან, რომ იმ დღეს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში მაქვს და ამ დროს მე ბენზინით სავსე ჭურჭლით დავრბივარ. შემდეგ, შუა გზაზე გაჩერებულ მეუღლის მანქანაში საწვავს რომ ვასხამდი, იქაც ვცდილობდი, გამვლელებისთვის როგორმე თვალი ამერიდებინა.“
გიორგი შხვაცაბაია: “მიხეილ მესხი ჩემი საუკეთესო მეგობარი გახლდათ. ერთ დღეს მე და ბორია სიჭინავამ შინ მივაკითხეთ. მიშას სახლი მშენებლობის სტადიაშია, მაგრამ ეზოში აუზი უკვე მოუსწრიათ, ოღონდ წყალი ჯერ არ ჩაუსხამთ.
მესხს სუფრა და დროსტარება ფეხბურთზე არანაკლებად უყვარდა. გაიშალა სუფრა ეზოში. დაიწყო ტრადიციული სადღეგრძელოები. ბუნებრივია, ერთი სფეროს წარმომადგენლები სუფრაზე პროფესიულ თემაზე საუბრობდნენ. ბორია და მიშა მაგრად გაერთნენ. იხსენებდნენ განვლილი მატჩების ეპიზოდებს, როგორ გაექცა ბორიას მოწინააღმდეგე, როგორ მოატყუა მესხმა თავისი ფინტებით მეურვე.
მოულოდნელად „გართობა“ მომინდა და თავში ერთი „ორიგინალური“ აზრი გამიჩნდა. გადავწყვიტე მესხთან ცარიელ აუზში ერთი-ერთზე ფეხბურთი მეთამაშა.
ფეხბურთელს ვუთხარი, რომ თუ ასეთი „მაგარი“ მოთამაშე ბრძანდებოდა ჩემი გამოწვევა მიეღო. უფრო მეტიც, 50 მანეთიანი ნიძლავი შევთავაზე, რომ ვერ დამამარცხებდა. მესხი „ანკესზე“ წამოეგო და სად ვითამაშოთო? - მკითხა. შევთავაზე ერთმანეთს ცარიელ აუზში დავპირისპირებულიყავით. მიზანდასახულმა და ჯიუტმა მიშამ გამოწვევა მიიღო. გავიხადეთ შარვლები და ერთმანეთს აუზში ვეკვეთეთ.
ტანით მაღალი ვარ და დაცვაში ვაჯობე. ვერაფრით ბურთი ვერ გამიტანა. მხოლოდ მე (ისიც შემთხვევით) მოვახერხე მის კარში ერთი ბურთის „შეგზავნა“ და მოწმე მსაჯმა უყოყმანოდ დააფიქსირა ჩემი მოგება.
„რაც შენ მოედანზე თქვა - ჩემი მოგებაც არ დაგავიწყდეს-მეთქი!“ - შევძახე და ქეიფიც გახურდა. ეგრეც ნუ მიყურებთ, მიშა მესხისთვის „აუზში“ მომიგია!“.