უშედეგოდ დასრულებული 10-საათიანი მოლაპარაკება - დენიელსონმა პასუხისმგებლობა პოლიტიკურ ლიდერებს დააკისრა

უშედეგოდ დასრულებული 10-საათიანი მოლაპარაკება - დენიელსონმა პასუხისმგებლობა პოლიტიკურ ლიდერებს დააკისრა

მოლაპარაკების მეშვიდე დღე და უშედეგოდ დასრულებული 10-საათიანი დიალოგი. ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის შეთანხმება ვერ შედგა - კრისტიან დანიელსონმა საქართველოში მოლაპარაკებები შეწყვიტა. პოლიტიკურ ოპონენტებს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული შეხვედრა წარუმატებლად დასრულდა.

როგორც კრისტიან დანიელსონმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რიგ საკითხებზე შეთანხმება ვერ შედგა. მისი თქმით, ის ასრულებს მედიაციას თბილისში და ხვალ გაემგზავრება ბრიუსელში. დანიელსონის განცხადებით, ევროკავშირმა და აშშ-მ გულმოდგინედ იმუშავეს იმისთვის, რომ მხარი დაეჭირათ, დახმარებოდნენ პარტიებს შეთანხმების მიღწევაში, რათა საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი დაესრულებინათ.

„დიდი მადლობა იმისთვის, რომ თქვენ ასე გულმოდგინედ იმუშავეთ ამ დღეების განმავლობაში და მოთმინებისთვის, რომელიც ამ დღეების განმავლობაში გამოიჩინეთ. ჩართული ვიყავი ამ ინტენსიურ მოლაპარაკებების პროცესში ამ კვირის განმავლობაში. ევროკავშირმა და აშშ-მა ძალიან გულმოდგინედ იმუშავეს იმისთვის, რომ დახმარებოდნენ პარტიებს, მიეღწიათ შეთანხმებისთვის და დაესრულებინათ პოლიტიკური კრიზისი საქართველოში.

პოლიტიკური კრიზისის დასრულება ნიშნავდა საქართველოს ლიდერებისთვის, რომ მათ შეძლებოდათ კონცენტრაციის მოხდენა და ყურადღების გამახვილება კორონავირუსის პანდემიაზე და მის სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებზე, წინ წასულიყვნენ ევროკავშირის დღის წესრიგით და დაეცვათ საქართველოს უსაფრთხოების ინტერესები რეგიონში. ეს არის რეალური გამოწვევები, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას.

მნიშვნელოვანი პროგრესი ზოგიერთ მონაკვეთში, სხვადსხვა ასპექტში იყო მიღწეული პრეზიდენტ მიშელის მიერ დატოვებულ 6-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით. ეს მისასალმებელია და ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოხდეს კრიზისთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, ამაზე ნაკლები პროგრესი და წინსვლა იყო. მე დავბრუნდები დილით ბრიუსელში და ამ ყველაფრის შესახებ მოვახსენებ პრეზიდენტ მიშელს.

პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტილების პოვნასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს აკისრიათ. ეს არის მნიშვნელოვანი ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის და მისი ევროპული მისწრაფებებისთვის.

იმედი მაქვს, რომ ახლა პარტიები სერიოზულად განიხილავენ და დაფიქრდებიან ამ სიტუაციაზე და იმ გზაზე, რომელიც არის გასავლელი, ექნებათ სურვილი იმისა, რომ წავიდნენ კომპრომისებზე, რომელიც მედიაციის პროცესს წარმატებით განხორციელების საშუალებას მისცემს“, - განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.

მოლაპარაკებიდან გამოსული ოპოზიციის ლიდერები სხვადასხვა სახის განცხადებებს აკეთებენ და ამბობენ, რომ დათმობაზე ხელისუფლება არ წავიდა და მოლაპარაკების ჩაშლაზე მთელ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. მათი თქმით, მედიატორმა ვერც ერთ იმ 6-პუნქტიან გეგმაზე „ოცნება“ ვერ დაითანხმა. ხოლო მოლაპარაკების ჩაშლის მთავარი მიზეზი ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების არდანიშვნა გახდა.

ხელისუფლება კი პირიქით, ბარლდებებს ოპოზიციას უყენებს და ამბობენ, რომ ისინი კიევიდან მიხეილ სააკაშვილის მიერ იმართებიან და მათი მიზანი მოლაპარაკების ჩაშლა იყო, რაც გამოუვიდათ. „ოცნების“ ლიდერები ამბობენ, რომ ოპოზიცია მათ ულტიმარუმის ენით ესუბრებოდა, რაც დიალოგის დროს გამორიცხულია. მოლაპარაკებები შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ სად, როდის და როგორ - ჯერ უცნობია.

„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ძალიან მცირე კომპრომისები იყო, რომლის გამოც შეთანხმება არ შედგა. მისი თქმით, არც ერთ და არც მეორე მხარეს არ ადარდებს ამის შემდეგ რა მოხდება.

„ძალიან ცოტა კომპრომისები იყო. არც ერთ მხარეს არ ადარდებს ამის შემდეგ ქვეყანაში რა მოხდება. ვერაფერს კონკრეტულს ვერ გეტყვით, რადგან პირობა გვაქვს დადებული, რომ არაფერი ვთქვათ. ფაქტი ერთია, რომ შეთანხმება არ შედგა და ჩაიშალა“,-ამბობს შეხვედრიდან გამოსული ელისაშვილი.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, შეთანხმების ჩაშლაში პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ამდენსაათიანი მუშაობის შედეგად, ჩვენ ვერ ვაჩვენეთ მაღალი კულტურა ქართულ საზოგადოებას და ვერც ევროპული სტანდარტი. ღიად მინდა განვაცხადო, რომ ამ ყველაფერში დამნაშავე არის „ქართული ოცნება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ, რომელიც დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის პოზიციას, დღეის შემდეგ ექნება კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა დასავლეთის მხრიდან.

„ღიად მინდა განვაცხადო, რომ არც კი მისულა საკითხი იქამდე, რომ ოპოზიციის მხრიდან იყო რაიმე პრობლემა, ფაქტობრივად, „ქართულმა ოცნებამ“, გაუგებარი მოთხოვნებიდან გამომდინარე, პროცესი ბოლომდე შეაფერხა. დამერწმუნეთ, რომ დასავლეთმა დაინახა, სად დგას ოპოზიცია და სად დგას „ქართული ოცნება“ და ამას ექნება შესაბამისი შედეგები. დღეს შემიძლია ღრმა დარწმუნებით ვთქვა, რომ ჩვენს პოზიციას ექნება კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა დასავლეთის მხრიდან, ამაში ვარ დარწმუნებული, რადგან დესტრუქციული როლი შეასრულა „ქართულმა ოცნებამ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ კრისტიან დანიელსონთან გამართულ 9-საათიან შეხვედრაზე ოპოზიცია იყო კონსტრუქციული, თუმცა ხელისუფლებას შეთანხმების მზაობა არ აღმოაჩნდა.

„ამ პროცესში ოპოზიცია წარმოჩნდა უკიდურესად კონსტრუქციულად განწყობილი თანამშრომლობისთვის, მაგრამ იგივე ვერ მივიღეთ მეორე მხრიდან. ძირითადი საკითხები თქვენთვის ცნობილია, მათზე საერთოდ ვერ მოხდა დაახლოება.

უმნიშვნელოვანესი შემოთავაზებები იყო სხვა მიმართულებითაც, უმნიშვნელოვანესი იყო ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, აქაც იყო ძალიან კარგი იდეები, სამწუხაროდ, აქაც ვერ ვნახეთ „ქართული ოცნების“ მზაობა, რომ ეს შემოთავაზებები გაეთვალისწინებინათ“, - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახო მეგრელიშვილი აცხადებს, რომ სამწუხაროდ, ვერ ილაპარაკებს დეტალებზე და კვლავ არსებობს იმაზე კონსენსუსი, რომ არ ისაუბრონ.

„მოლაპარაკების სტილიც არ მესმის და მეგონა, რომ ეს ხალხი იყო კომპეტენტური. მეგონა შედეგი დადგებოდა, მაგრამ არ დადგა. ველოდები უფლებას, რომ ამაზე ღიად ვილაპარაკო. მოცემული პუნქტები მომწონდა და ამაზე მინდა ღიად საუბარი მოხდეს. ორივე მხარეს ვგულისხმობ, ვერც ერთისგან ვერაფერი გავიგე. ზოგი პოლიტიკოსი ამ პუნქტებს აგდებულად უყურებს. ამიტომ ვითხოვ, რომ ამაზე ღიად საუბრის საშუალება მოგვეცეს. მრჩეველებიც იყვნენ, ძალიან ეცადნენ დაგვხმარებოდნენ, მაგრამ არაფერი გამოდის. ახლა მოსაფიქრებელია ამ უნიკალური კრიზისიდან როგორ გამოვიდეთ. ყველას ცალ-ცალკე გველაპარაკებოდნენ. ამ ხალხს ერთმანეთი იმდენად არ უყვართ, რომ ერთმანეთთან ლაპარაკი არ შეუძლიათ“, - ამბობს მეგრელიშვილი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა, რომ შეთანხმების ჩაშლის გამო, სამოქალაქო პროტესტი გაიზრდება და კიდევ უფრო მასშტაბური გახდება.

აკაკი მინაშვილი დარწმუნებულია, რომ დასავლეთიდან „ქართულ ოცნებაზე“ წნეხი გაიზრდება.

ოპოზიციონერმა აღნიშნა, რომ სანამ ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია დაკავებულია, „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკების სივრცე იქამდე შეზღუდულია.

„დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აინტერესებს არც საქართველო, არც მისი მოქალაქეები, არც ჩვენი ქვეყნის ბედი, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დაუხურა კარი ევროპას. ორი მთავარი საკითხი, რაზეც ვერ შედგა შეთანხმება, იყო პოლიტპატიმრების: ნიკა მელიას, გიორგი რურუას გამოშვება და პოლიტიკური დევნის დასრულება და ვადამდელი არჩევნები. ეს ძალიან მაღალი პოლიტიკური ფასი დაუჯდება „ქართულ ოცნებას“ და, გარდა საერთაშორისო წნეხისა, რომელიც აუცილებლად გაიზრდება, გააქტიურდება სამოქალაქო პროტესტი, რომელიც ახლაც მიმდინარეობს და, რომელიც გახდება უფრო ინტენსიური“, - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სამწუხაროდ, გამართლდა ის, რაზეც ეჭვი ჰქონდათ, რომ რელურად ოპოზიციას მოლაპარაკება არ უნდოდა. მისი თქმით, ოპოზიციის თვითმიზანი შედეგის არმიღწევა იყო, ეს კი იმაში გამოიხატა, რომ კონკრეტულად ულტიმატუმები იყო დაყენებული, მათ შორის ისეთიც, რომლებიც კანონის ფეხქვეშ გათელვას ითვალისწინებდა.

„ბუნებრივია, ასეთი ულტიმატუმები დიალოგის დროს აბსოლუტურად მიუღებელია. აქ კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას ვგულისხმობ. გამოჩნდა, რომ ოპოზიციისთვის მოლაპარაკების ჩაშლა თვითმიზანი იყო. ჩვენ ვიცით, რომ მთლიანობაში ოპოზიცია ერთი ორი გამონაკლისის გარდა, კიევიდან კონკრეტული პოლიტიკოსის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან იმართება. შესაბამისად ასეთ ვითარებაში შეთანხმებაზე წამოსასვლელად არანაირი რესურსი არ ჰქონდათ. ეს იყო მთავარი მიზეზი, რატომაც მათ საბოლოო ჯამში შეთანხმება ჩაშალეს. თქვენ ნახეთ მათი გაღიზიანება და რიტორიკა. ყველამ კარგად დაინახა, რომ ჩამშლელი სწორედ ოპოზიცია იყო. ეს არის მათი გაღიზიანების მიზეზი. ყველა პუნქტი გარდა ერთისა, „ოცნებისგან“ რაღაცეების გაკეთებას ითვალსიწინებდა. ოპოზიციას მხოლოდ პარლამენტში შესვლა ევალებოდა და ისიც დაგვამადლეს“, - აცხადებს კობახიძე.

მისივე თქმით, რაც შეეხება კონკრეტიკას, ამაზე საჯაროდ ვერ ლაპარაკობენ, რადგან პროცესი შეიძლება გაგრძელდეს. კობახიძე აცხადებს, რომ მაქსიმალურად ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ყველაფერი კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართოს.

„ულტიმატუმები უკავშირდებოდა ორ პუნქტს, ერთი პუნქტი პირდაპირ ითვალისწინებდა კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას, ხოლო მეორე პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოს ინტერესებს. ჩვენ ვართ ხელისუფლება და ჩვენი ამოცანაა, ამ ქვეყანაში იყოს დაცული კანონის უზენაესობა და სახელმწიფოს ინტერესები, მათ შორის, იმ ძალებისგან, რომლებიც პირდაპირ მტრობენ სახელმწიფოს, მათ შორის, იმ ულტიმატუმებით, რომელიც იყო დაყენებული. ჩვენ ვხელმძღვანელობდით ამ პრინციპებით“, - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე კი აცხადებს, რომ დღეს „ქართული ოცნებიდან“ მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება შესაძლებელი იყო, ამისთვის კი მათი მხრიდან სრული მზადყოფნა არსებობდა. თალაკვაძე ამბობს, რომ სამწუხაროდ, ოპოზიცია მზად არ აღმოჩნდა. მათ პრიორიტეტი არა საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს მიენიჭა, არამედ იმას, რომელიც მათი რამდენიმე პარტიისთვის მნიშვნელოვანი იყო.

„ჩემს ამ შეფასებას ადასტურებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განცხადება, სადაც მან პირდაპირ თქვა, რომ მათთვის პრიორიტეტი გიორგი რურუას და ნიკა მელიას საკითხი იყო. საზოგადოება სწორ დასკვნებს გააკეთებს იმაზე, ვინ რაზე იყო ორიენტირებული. კიდევ ერთხელ ვამბობ, სახელმწიფოს და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე სრული მზადყოფნა იყო, თუმცა ოპოზიცია ამ ნაბიჯებისთვის მზად არ იყო. მათ პრიორიტეტი მიანიჭეს არა იმ საკითხებს, რომელიც მოქალაქეებს და ქვეყანას სჭირდება, არამედ მათი პარტიული ინტერესის საგანს“, - ამბობს თალაკვაძე.