ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას - „საქართველო გახდება ნატო–ს წევრი“, ნატო კვლავ მხარს უჭერს - „ნატო აგრძელებს საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას, რომ იგი გახდეს ნატო–ს წევრი“, – ასეთია გზავნილი ბრიუსელიდან. ნატო–ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის ნატოს კარი ღია რჩება.
იენს სტოლტენბერგი ალიანსში გაწევრიანებისთვის აუცილებელ წინაპირობას ასახელებს – ორივე ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს ნატოს სტანდარტები. მთავარი მესიჯია, რომ ფოკუსირებულნი იყვნენ რეფორმებზე, დემოკრატიული ინსტიტუტების მოდერნიზაციასა და კორუფციასთან ბრძოლაზე.
ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. შეხვედრისას ხაზი გაესვა ნატო–საქართველოს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას და განახლებულ არსებით პაკეტს, რომელიც დაეხმარება საქართველოს მდგრადობის გაძლიერებაში და ალიანსთან თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის.
მხარეებმა ისაუბრეს შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და საქართველოს როლზე ამ მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა რეგიონში შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებასა და რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებზე, როგორც ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის ერთ–ერთ მთავარ გამოწვევაზე. მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები. საუბრისას, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს განსაკუთრებულ როლს ნატო–ს სამშვიდობო მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობის კუთხით, რისთვისაც ნატოს გენერალურმა მდივანმა პრემიერ–მინისტრს მადლობა გადაუხადა.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ეფექტურობაზე დაფუძნებული მიდგომა კვლავ რჩება ნატოს ღია კარის პოლიტიკის მთავარ ასპექტად.
„მადლობას ვუხდი ყველა მოკავშირეს აქტიური მხარდაჭერისთვის. იმედი გვაქვს, რომ ნატო–საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი მომავალში კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას მიიღებს. მიუხედავად შიდა და გარე უსაფრთხოების გამოწვევებისა, ეფექტურობაზე დაფუძნებული მიდგომა კვლავ რჩება ნატოს ღია კარის პოლიტიკის მთავარ ასპექტად, ამიტომ საქართველოს წვლილის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ საქართველოს დაწინაურების დრო დადგა. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება სრულად შესრულდება, რაც გამოიწვევს კონკრეტულ და ხელშესახებ ნაბიჯებს, რომლებიც ევროატლანტიკურ ოჯახში საქართველოს სრულ გაწევრიანებას ისახავს მიზნად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის განცხადებით, ნატოსთან მაქსიმალური თავსებადობის მიღწევით, ქვეყანა ტერიტორიულ მთლიანობას დაიცავს. შესაბამისად, საქართველოს სიძლიერე მდგომარეობს აღებული ვალდებულებებისადმი ერთგულებაში, თანამიმდევრულობასა და მდგრადობაში.
„ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, რომელშიც ჩვენ მზარდ შესაძლებლობებთან ერთად დინამიურად და მრავალმხრივ იზრდება უსაფრთხოების გამოწვევებიც, რაც მუდმივ ყურადღებასა და საპასუხო რეაგირებას მოითხოვს. ვაცნობიერებთ რა, მსოფლიო დინამიკაში არსებულ მნიშვნელოვან ცვლილებებს, პასუხისმგებლობით ვეკიდებით აღნიშნულ გამოწვევებს და ვმუშაობთ, რათა გავაღრმავოთ ცნობიერება ცვალებადი გლობალური გარემოს შესახებ, რომელიც თავისთავად მოიცავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო სფეროებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თავის მხრივ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ბოლო პოლიტიკური მოვლენები საქართველოში შემაშფოთებელია და ნატო ელოდება, რომ საქართველო შეინარჩუნებს დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელზეც ასე გულმოდგინედ მუშაობდა ბოლო წლებში. როგორც გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ეს მოიცავს პოლიტიკური უთანხმოების დაძლევას დიალოგის გზით და აარიდებს თავს განხეთქილების რიტორიკას და ქმედებებს.
„ნატო მხარს უჭერს ევროკავშირის მედიაციის ძალისხმევას. პრემიერ-მინისტრო, მე მოგიწოდებთ, იმუშაოთ ოპოზიციასთან, რათა საერთო ენა და გამოსავალი მოიძებნოს. ჩვენ ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო–ს წევრი, ამ გადაწყვეტილებას კვლავ მხარს ვუჭერთ და ვიცავთ, ვაგრძელებთ საქართვლოს ძალისხმევის მხარდაჭერას, რომ იგი გახდეს ნატო–ს წევრი.
ჩვენ ვაფასებთ საქართველოსა და ნატო–ს შორის თანამშრომლობას, ეს ჩვენთვის ნამდვილად ღირებულია. ნატო–სა და საქართველოს პარტნიორობა ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვერიდებით და არ გვრცხვენია რთული დისკუსიებისაც. მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები შემაშფოთებელია და ნატო მოელის, რომ საქართველო შეინარჩუნებს დემოკრატიულ სტანდარტებს, როგორც ეს ხდება ბოლო წლების განმავლობაში. ბატონო პრემიერ–მინისტრო მე მოგიწოდებთ, რომ განაგრძოთ ოპოზიციასთან მოლაპარაკებები, რათა იპოვოთ საერთო ენა და გამოსავალი. საქართველო ნატოს–სთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი გახლავთ“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
ნატო–ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილის, როუზ გოტმიოლერის განცხადებით, ნატო–საქართველოს თანამშრომლობის პირველი და ყველაზე მთავარი საფუძველი ალიანსში საქართველოს გაწევრიანების მისწრაფებაა. როგორც გოტმიოლერმა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, საქართველო კიდევ უფრო უახლოვდება ნატოს წევრობას, ამ პროგრესს კი ყველა მოკავშირე მხარს უჭერს.
„საქართველო გახდება ნატოს წევრი! წლების განმავლობაში ერთობლივი მუშაობით საქართველო კიდევ უფრო უახლოვდება ნატო–ს წევრობას და ამ პროგრესს ყველა მოკავშირე უჭერს მხარს. საქართველო უწყვეტ პროგრესს რამდენიმე მექანიზმის საშუალებით განაგრძობს, რაც ჩვენი თანამშრომლობის მეორე მიმართულებაა. ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტის მიღებიდან 5 წლის შემდეგ საქართველოს შესანიშნავი წარმატება აქვს. ურთიერთთავსებადობა გვეხმარება ავღანეთის მისიაში, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის მესამე მიმართულება“, – აღნიშნა როუზ გოტმიოლერიმ.
ბრიუსელიდან გზავნილები და დაპირება ისევ მივიღეთ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, მაგრამ არიან სკეპტიკური ქვეყნები, რომლებიც რუსული ფაქტორის გათვალისწინებით მხარს არ უჭერენ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა გენერალურ მდივანს მოუწოდებს, იგივე პოზიცია გააჟღერებინოს გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის და რამდენიმე ევროპული ქვეყნის ლიდერებს. როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, სამწუხაროდ, ეს ქვეყნები მხარს არ უჭერენ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. შესაბამისად, რიტორიკა, რომელიც წლებია მიდის, რეალურ შედეგს არ იძლევა.
„ევროპის ზოგიერთი ქვეყანა თვლის, რომ გაწევრიანების შემთხვევაში რუსეთთან კონფლიქტი ევროპაში გარდაუვალია. მათ აქვთ თავისი თანამშრომლობის ხაზი რუსეთთან, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები, ამის გამო თავს იკავებენ. ეს არის რეალური მიზეზი. საქართველოს სამუშაო აქვს ევროპის ქვეყნებთან, ნატოს წევრ ქვეყნებთან. მათი პოზიცია ჯერ არ არის ჩამოყალიბებული საქართველოს და უკრაინის ნატოში წევრობაზე. ფუჭი რიტორიკა არაფრის მომტანია, გარდა იმისა, რომ ჩრდილოელ მეზობელს გავაღიზიანებთ“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ირაკლი გოგავამ.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ გეოპოლიტიკური ვითარება უკიდურესად იძაბება. რუსეთმა ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტა ნატოსთან. რუსეთსა და ნატოს შორის ცივი ომი გადადის ცხელ ფაზაში. რაც შეეხება ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ნატო–ს წევრი, როგორც მაისაიამ აღნიშნა, 2008 წელს სულ სხვა ვითარება იყო და არა მარტო რუსეთის ფაქტორი. ძალიან სერიოზული კითხვები იყო საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ნატოში აღშფოთებული იყვნენ მიხეილ სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის გამო.
„მიხეილ სააკაშვილის ავტორიტარულ რეჟიმს არავინ არ შეიყვანდა ნატოში. აქიდან გამომდინარე, მაშინდელი საქართველოს მიმართ ნდობის საკითხი იყო ძალიან დაბალი. ვითარება შეიცვალა, ივნისში აშშ–ში გაიმართება ნატოს სამიტი. ამ სამიტზე გამოჩნდება რჩება თუ არა გაფართოების პოლიტიკა ნატოს დღის წესრიგში. ამ სამიტზე, რომელიც აშშ–ში გაიმართება, მიიღება ახალი სტრატეგიული კონცეფცია.
ეჭვი მეპარება სამიტამდე ალიანსმა ეს საკითხი გადაწყვიტოს. სამწუხაროდ, შებამისი მუშაობა არ ხდება ევროპის ქვეყნებში, ნატოს შტაბ–ბინაში და განსაკუთრებით სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებში. ასე, ტყუილუბრალოდ არავინ არ მოგვცემს გაწევრიანების სამოქმედო გეგმას – MAP–ს“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.